აგროსიახლეები

რთველი 2026 _ სახელმწიფოს სტრატეგია და ფასების ახალი დიფერენციაცია

ქართული მეღვინეობისთვის 2026 წლის სეზონი ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების ზღვარზე იწყება. მთავრობის მიერ დამტკიცებული განკარგულების პროექტი იმაზე მიანიშნებს, რომ სახელმწიფო აგრძელებს „უსაფრთხოების ბადის“ პოლიტიკას, რათა მოსავლის რეალიზაციის პროცესში მევენახეების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული.

წლევანდელი მიდგომა განსაკუთრებით საინტერესოა ხარისხობრივი მაჩვენებლების, კერძოდ, შაქრიანობის მიხედვით ფასების  დიფერენციაციით, რაც სექტორს ხარისხზე ორიენტირებული წარმოებისკენ კიდევ უფრო მეტად უბიძგებს.

სახელმწიფოს გარანტია _ ფასები და ხარისხის კონტროლი

იმ შემთხვევაში თუ კერძო სექტორი ჭარბი მოსავლის შესყიდვის ინტერესს არ გამოხატავს, სახელმწიფო თავად ერთვება პროცესში. 2026 წლის რთვლისთვის დადგენილი შესასყიდი ფასები პირდაპირ არის მიბმული ყურძნის ხარისხთან/კონდიციასთან:

ზოგადი ჯიშები (შაქრიანობის მიხედვით):

  • 20%-ზე მეტი: 1,30 ლარი;

  • 17%-დან 20%-მდე: 0,80 ლარი;

  • 17%-ზე ნაკლები: 0,30 ლარი.

საფერავი (შაქრიანობის მიხედვით):

  • 22%-ზე მეტი: 1,50 ლარი;

  • 17%-დან 22%-მდე: 0,90 ლარი;

  • 17%-ზე ნაკლები: 0,30 ლარი.

რაჭა და „ხვანჭკარას“ მიკროზონა _ სუბსიდირების მოდელი

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს. აქ სახელმწიფოს მიზანი კერძო სექტორის მაქსიმალური სტიმულირებაა.

ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე სუბსიდიას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც მევენახეს 1 კგ. ყურძენში არანაკლებ 8 ლარს გადაუხდიან. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდია ყოველ კილოგრამზე – 4 ლარი იქნება.

ოპერატიული მართვა

პროცესის შეუფერხებლად წარსამართად ტრადიციულად შეიქმნება რთვლის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24-საათიის განმავლობაში იმუშავებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ლოგისტიკური შეფერხებები და მყისიერი რეაგირება მოახდინოს მევენახეთა საჭიროებებზე.

2026 წლის რთვლის ორგანიზების გეგმა აჩვენებს, რომ სახელმწიფო ყურძნის ბაზარზე აქტიურ როლს ინარჩუნებს, თუმცა წახალისების მექანიზმები უკვე ხარისხზე ორიენტირებული ხდება.

შაქრიანობის მიხედვით ფასების დაყოფა მნიშვნელოვანი გზავნილია ფერმერებისთვის: მაღალი ხარისხის მოსავალი გარანტირებულად მაღალ შემოსავალს ნიშნავს. ეს მიდგომა გრძელვადიან პერსპექტივაში ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.