აგრარული განათლებადარგებიმევენახეობა-მეღვინეობა

რთვლისათვის წინასწარ სამზადისი

მომავალი ღვინის ჯანმრთელობა და ხარისხი დამოკიდებულია რთვლის დაწყების წინ ჩასატარებელი წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოების სწორად და ხარისხიანად შესრულებაზე. ამ დროს საჭიროა მარანი და მარანში გამოსაყენებელი ყველა ინვენტარი გასუფთავდეს და ჩაუტარდეს მაღალხარისხიანი დეზინფექცია.

ყურძნის გადამუშავების წინ სასურველია მარნის კედლები კირის წყალხსნარით შეთეთრდეს (2-3 წელიწადში ერთხელ მაინც), კარგია ხსნარში 1%-ამდე შაბიამნის დამატება. ტკბილის დუღილის დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი, რომელიც ცუდად მოქმედებს მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობაზე, ამიტომ უნდა შემოწმდეს და საჭიროების შემთხვევაში გარემონტდეს მარნის სავენტილაციო სისტემები.

მარანს რთვლის დაწყებამდე უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია, რომელიც რთვლის შემდეგ დაზამთრებამდე კვირაში ერთხე მაინც უნდა გაიმეოროთ. დღემდე მარანს დეზინფექციას გოგირდის ხრჩოლებით უტარებენ, ეს კი არც ისე უვნებელია მარანში მომუშავე კოლექტივისათვის, რადგან ის ნაშთად რჩება და რამდენიმე დღე კიდევაა აქტიური. დღეს გვაქვს დეზინფექციის უებარი საშუალება ოზონაირი, რომელიც მაღალხარისხიან დეზინფექციას აკეთებს, ერთი საათის შემდეგ კი უკვალოდ ქრება.

მარანში ჰიგიენური პირობების დაცვისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს წყლის ხარისხს, ამიტომ უნდა შემოწმდეს, როგორც წყლის გაყვანილობის საიმედოობა, ისე საკანალიზაციო სისტემები.

ცნობილია, რომ რკინა და თუჯი ყურძნის წვენის მჟავეებში ადვილად იხსნება და წარმოშობილი მარილები რკინით ამდიდრებს ღვინოს, რის შედეგადაც მასში იზრდება რკინის შემცველობა და ღვინო შავდება, მის მოსაშორებლად კი საჭირო ღვინის გამწები საშუალებებით დამუშავება, რაც ზედმეტ შრომით დანახარჯებთან ერთად დაბლა სწევს ღვინის ხარისხს, ამიტომ სამარნე იარაღების რკინის და თუჯის ნაწილები მჟავათგამძლე ლაქით, მინანქრით ან სხვა საშუალებით უნდა დაიფაროს, რათა ყოველგვარი გაუგებრობა თავიდან იქნას აცილებული. ყველა ამ უხერხულობის თავიდან აცილებისთვის კარგია თუ მარნის იარაღებში რკინისა და თუჯის შემადგენელს, უჟანგავი ფოლადის ან ხისგან დამზადებული ნაწილებით შეცვლით.

დღეს არის საშუალება, რომ მარანში სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად გოგირდისა და სხვა მადეზინფიცირებელი საშუალებების (ადუღებული წყალი, წყლის ორთქლი) ოზონაირით, ოზონირებული წყლით და წყალბადის ზაჟანგის 05%-იანი ხსნარით ჩაანაცვლოთ. ჯერ ერთი, ყველა ეს მადეზინფიცირებელი საშუალება დიდი ეფექტით გამოირჩევა, მეორე, სადეზინფექციო პროცედურის ჩატარებაა იოლი და მესამე, ამ საშუალებებით დეზინფექცია გაცილებით იაფი ჯდება.

მარანში გამოყენებული რეზინის შლანგების გაწმენდა-დეზინფექციას დღემდე მდუღარე წყლით და წყლის ორთქლით ახდენენ. ცხელი წყალი და ორთქლი ცუდად მოქმედებს შლანგების შიდა კედელზე, ჩნდება ფორები და რეზინა ზიანდება, შემდგომ ამ ფორებში რჩება ღვინის ნაშთი, რომელიც ძნელი გამოსარეცხია ეს კი ღვინის დამასნებოვნებელი ბაქტერიების განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ყველა ამ პრობლემას თავიდან აიცილებთ თუ შლანგში წყალბადის ზეჟანგის 03-05%-იან ხსნარს გაატარებთ, რაც იოლიცაა, საიმედოც და იაფიც.

 რთვლისთვის წინასწარ მოსამზადებელ სამუშაოთა შორის ერთ-ერთი ძირითადი ყურძნის წვენის დასადუღებელი, ღვინის დასავარგებელი და შესანახი ჭურჭლის გასუფთავებაა. ქართულ ტრადიციულ მეღვინეობაში გარდა ქვევრისა ქართველ მეურნე კაცს სხვა ჭურჭელი არასდროს გამოუყენებია, ამიტომ ქვევრების სისუფთავეზეა დამოკიდებული მომავალი ღვინის ხარისხი. ქვევრის რეცხვა-ჰიგიენა ჩვენ უკვე განვიხილეთ, ამიტომ აქ ამას აღარ გავიმეორებთ.

ჟორა გაბრიჭიძე /ნახევარგამტართა ფიზიკის ს/კ ინსტიტუტის                             

უფროსი მკვლევარი. საქ ეროვნული აკადემიის

ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი/,

ტელ. 551 333 155