სადაც არ ცხოვრობს ფუტკარი, იქ ადამიანსაც არ ეცხოვრება

მეფუტკრე აგრარულ და ეკოლოგიურ სფეროს წარმატების ერთ-ერთი ფუძემდებელია. სოფლის და აგრარული ბიზნესის სფეროს წარმატება დამოკიდებულია მეფუტკრეობის განვითარებაზე, რადგან მეფუტკრეობა – ეს უპირველესად ნიშნავს დამტვერვას, ეკოლოგიას, ფუტკარი გარემოსთვის ბიოინდიკატორია

სადაც არ ისმის ფუტკრის ზუზუნი, იქ ცხოვრებისათვის გარემოც არასახარბიელოა, იქ, სადაც არ ცხოვრობს ფუტკარი, ადამიანისთვისაც არ ეცხოვრება…

საქართველოში დღევანდელი საფუტკრეების უდიდესი ნაწილი, მცირე საოჯახო მეურნეობებია, რაც უფრო სამოყვარულო სფეროს მიეკუთვნება. საფუტკრეების მხოლოდ 3% თუ წარმოადგენს სოლიდურად აღჭურვილ და ბიზნეს ოპერატორად აღრიცხულ მეურნეობებს.

_ არსებობს კი დღეს დიალოგი სახელმწიფოსა და მეფუტკრეებს შორის?!

_ არანაირი _ მხოლოდ მცდელობებია…

_ არსებობს კი დღეს მეფუტკრეობის როგორც დარგის განვითარების რამე სტრატეგია?!

_ არანაირი…

_ სახელმწიფოსგან მხოლოდ ფორმალური მიდგომებია: არ მუშაობს რეგულაციები; არ არსებობს განვითარების პროგრამა; არ არსებობს დიალოგი მემცენარეებთან; ეკოლოგებთან; მედიცინის წარმომადგენლებთან; არ არსებობს მეფუტკრეობის როგორც სოფლის მეურნეობის სხვა დარგების კომპლექსური განვითარების ერთიანი გეგმა.

არც ერთ მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობა არ მიუღიათ დარგის ექსპერტებს, არც მეფუტკრეობის მცოდნე სპეციალისტებისთვის და მეფუტკრეთა საზოგადოებისთვის უკითხავს ვინმეს რამე.

კი ბატონო, საჭიროა რეგულაციები, არსებობს რეგლამენტი, მაგრამ აუცილებელია მათში შესწორებების და დამატებების შეტანა.

გამოვყოფ პირველი რიგის, სასწრაფოდ გადასაწყვეტ პრობლემებს:

1. ფუტკრის ოჯახების დაღუპვა, რომელიც გამოწვეულია სასოფლო სამეურნეო ნაკვეთების პესტიციდებით დამუშავებით. ამ მხრივ ინსტრუქციას წამლობის შესახებ არ იცავენ ფერმერები, აგრარიკოსები. ტოქსიკოზის შემთხვევაში მეფუტკრე ეული რჩება პრობლემის წინაშე, რადგან თუნდაც ყურადღების მიპყრობა ძნელია, აღარაფერს ვამბობ ზარალის ანაზღაურებაზე;

2. ჯიშობრივი და სელექციური მუშაობა. პრობლემაა სუფთა სისხლის გენოფონდის შენარჩუნება, არაა შექმნილი ლოკალური საჯიშე (სადედე) მეურნეობები; არსებობს „მუხურიზაციის“ საფრთხე.

3. ვეტერინარული მომსახურება და ვეტერინარული პრეპარატები. ვეტერინარების მომზადების მხრივ საერთოდ პრობლემა დგას, მეფუტკრეობა სპეციფიკური დარგია და ამ მხრივ იმის მიუხედავად, რომ ფუტკარი (საზოგადოებრივი მწერი) ცხოველთან არის გაიგივებული სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ, ჩემი აზრით მიზანშეწონილია ამ დარგის მეცხოველეობიდან გამოყოფა და ცალკე ქვე-სტრუქტურად ჩამოყალიბება, ასევე აუცილებელია ცალკე მეფუტკრე ვეტერინარების გადამზადება, ვინაიდან მეცხოველეობის მცოდნე ვეტერინარები ვერ გამოგვადგებიან, ვერ უპასუხებენ იმ გამოწვევებს, რაც მათ წინაშე დგას;

4. თაფლის რეალიზაცია (შიდა და გარე ბაზარი) და ასევე სხვა მეფუტკრეობის პროდუქტების. მცირე და საშუალო მწარმოებელი – უნდა გახდეს დამოუკიდებელი ბიზნესოპერატორი _ საერთაშორისო ბაზრების მიმწოდებელი;

5. პრობლემა დგას თაფლოვანი მცენარეების განადგურების და ასევე შეიმჩნევა ტენდენცია მონოკულტურების გაშენების, რაც ასევე უარყოფითად იმოქმედებს დარგზე.

აუცილებელი თაფლოვანი კულტურების ბაზის გაუმჯობესება, კონვეიერული თაფლოვანი სისტემის შექმნა, და ფერმერების დაინტერესება თაფლოვანი კულტურების გაშენების, თუნდაც ქარსაფარი ზოლებისთვის და თუნდაც დამამტვერიანებელი მწერების მოზიდვისთვის;

6. დამტვერვა ეს მთავარი საქმიანობაა ფუტკრის. ურთიერთანამშრომლობა აგრარიკოსთა და მეფუტკრეებს შორის, მოგვცემს მოსავლიანობის და ასევე ხარისხიანი პროდუქტის მიღების ზრდას, ასევე ფინანსური მხარის გაუმჯობესებას ორივე მხარისთვის;

7. აუცილებელია საქართველოს მეფუტკრეობის ინტეგრაცია ევროპულ გარემოში, იურიდიული და ეკონომიკური ასპექტების გათვალისწინებით ინტეგრაციის პროცესში. ევროკავშირის მიერ რეგულაციების შემოღებისას აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას ნაციონალური წარმოების ინტერესების დაცვა და ასევე შიდა ბაზრის დაცვა უხარისხო თაფლის ან სხვა მეფუტკრეობის პროდუქტების შემოტანისგან;

8. ვფიქრობ შესაქმნელია რეგულაციები ან თუნდაც შესაქმნელია კანონი – მეფუტკრეობაზე, თუნდაც ადგილობრივი „ქართული ფუტკრის“ დაცვისათვის, ამისათვის შეგვიძლია ავიღოთ სლოვენიის მაგალითი;

9. აუცილებელია შეიქმნას მეფუტკრეობის დარგის როგორც გრძელვადიანი ასევე მოკლე დროში გაწერილი განვითარების პროგრამები;

10. აუცილებელია შეიქმნას ფინანსური და საწარმოო, კვლევითი პირობები მეფუტკრეობის როგორც მეცნიერების დარგის განვითარებისათვის. უნდა ტარდებოდეს კვლევები როგორც აკადემიურ ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მხედველობაში მაქვს ასევე ადამიანური რესურსების გამოვლენა, ახალგაზრდობის დაინტერესება და ჩართვა დარგში…

11. სოფლის შენარჩუნება და სოფლის მოსახლეობის დასაქმება პირდაპირ დაკავშირებულია მეფუტკრესთან, ასევე აუცილებელია „აპიტურიზმის“ განვითარება, რომელიც დამატებით შემოსავალს მისცემს სოფელს;

12. მეფუტკრეობის პროდუქტების დაბალი მოხმარება მოსახლეობის მიერ, განპირობებულია შემეცნებითი პროგრამების არ არსებობით, ასევე ადგილობრივი მედიის უყურადღებობით დარგის მიმართ; არ კმარა ის მცირე სიუჟეტები რასაც ვუყურებთ ტელევიზიებით…, ადგილობრივი პროდუქტების რეკლამირებაში უნდა ჩაერთონ მედიკოსებიც;

13. აუცილებელია აპითერაპიის განვითარება და შესაბამისი სამედიცინო სფეროს მუშაკების მომზადება – გადამზადება;

14. უდიდესი პრობლემაა მეფუტკრეების როგორც დარგის დაბერება (მეფუტკრეობით დაკავებული პირების ასაკი). აუცილებელია ახალგაზრდობის გათვითცნობიერება და მათი მოტივირება, რომ დაკავდნენ მეფუტკრეობით, პრაქტიკით, მეცნიერებით, ბიზნესით, მეფუტკრეობის ინდუსტრიის პოპულარიზაციით და ასევე აუცილებელია შეიქმნას ბაზა სამეცნიერო ადამიანური რესურსის (დღეს არსებული არ კმარა, საერთოდ თუ არსებობს);

15. აუცილებელია საგანმანათლებლო ღონისძიებების გატარება მეფუტკრეობის სფეროში პროფესიონალიზმის ასამაღლებლად და ასევე მეფუტკრეების მუშაობის კულტურის ამაღლება უსაფრთხო პროდუქტის მიღების მიზნით;

16. ფინანსური თუნდაც კრედიტული მხარდაჭერა მწარმოებელი მეფუტკრეების, დაზღვევის ინსტიტუტის შექმნა;

17. აუცილებელია ლაბორატორიულ ანალიზებთან ხელმისაწვდომობა და ანალიზების (ლაბორატორიის) სუბსიდირება;

18. აუცილებელია დიდი საფუტკრეებისთვის გამოიყოს ტერიტორიები მეფუტკრეების პასუხისმგებლობის ქვეშ, სადაც გაშენდება სხვადასხვა თაფლოვანი მცენარეები, შენარჩუნდება ადგილობრივი ფლორა და ფაუნა;

19. აუცილებელია მთა-ბარობის სიტემის დარეგულირება და ინფრასტრუქტურის განვითარება-მოწყობა, მეფუტკრეებს შეუძლიათ ჩაერთონ მთიანი სოფლების გამოცოცხლებაში სეზონურად მაინც.

არ ვიცი, რას ფიქრობს მკითხველი ყოველივე ამის წაკითხვისას, მაგრამ მაინც ვსვამ კითხვებს და თავადვე ვპასუხობ:

_ შეუძლია კი ამ გამოწვევებს უპასუხოს დღევანდელმა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ?

_ ჩემი აზრით არ შეუძლიათ.

_ რადგან მათ ამის რესურსი არ გააჩნიათ, არ ხდება ან ვერ ხერხდება შეხვედრები მეფუტკრეებთან, არ არსებობს მეფუტკრეობის ბაზა, მხოლოდ კოოპერატივების მონაცემები არ არის საკმარისი, თუმცა იქაც დიდი ცდომილებებია; წარუმატებელია ფალსიფიკაციასთან ბრძოლა, გზის პირას თუ სხვა ადგილებში ჯერ კიდევ იყიდება გაუგებარი წარმომავლობის „თაფლი“.

_ კანონმდებლობის შექმნა და რეგულაციები მხოლოდ არ კმარა!

_ საჭიროა ჩვენი მეფუტკრეების მონაწილეობა!

_ აუცილებელია მეფუტკრეობის სექტორის და ჩამოყალიბება, მთლიანი ერთიანი მომგებიანი სისტემის შექმნა , მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოხერხდეს მეფუტკრეების ნდობის მოპოვება, მაგრამ პირველ რიგში აუცილებელია თაფლის რეალიზაციის ხელშეწყობა.

შიდა ბაზარზე მეფუტკრე მყიდველებს „ნაცნობთა ბაზით“ უკავშირდება, ხოლო გარე ბაზარზე რაც თაფლი ხვდება ეს ძირითად „შუამავლების“ მეშვეობით ხერხდება.

ფურტკრის პროდუქტების გაყიდვების დღევანდელი სქემა ასეთია: მეფუტკრე _ შუამავალი _ ექსპორტი.

ევროკავშირიდან გვაქვს 1 400 ტონა თაფლის მოთხოვნა, მაგრამ რისთვის გვინდა ამ მხრივ მხოლოდ მინიმალური პარტიებია ევროკავშირში გატანილი. საქართველოში სადღაც ჩემი გათვლებით 2 000 ტონამდე თაფლი იწარმოება და შესაბამისად დარგის მოწესრიგების პირობებში შესაძლებელია მისი (თაფლის) 4 000 ტონამდე გაზრდა, მაგრამ არის ქართულ მეფუტკრეობის აქილევსის ქუსლს ანტიბიოტიკებით „პროფილაქტიკა“ ჰქვია, და ამ მანკიერი მხარის აღმოფხვრას მეფუტკრეობის ავტორიტეტებიდან არავინ ცდილობს, პირიქით ზოგმა ავტორიტეტმა ეს შემოსავლის წყაროდაც გაიხადა და ხელსაც უწყობენ ანტიბიოტიკებით თაფლის დანაგვიანებას. შესაბამისად ზარალდებიან ის მეფუტკრეებიც, რომლებიც თავიანთ საფუტკრეებში არ იყენებენ ანტიბიოტიკების შემცველ პრეპარატებს (დანაგვიანების წყარო ამ შემთხვევაში ცვილი ხდება).

სახელმწიფო ორიენტირებულია კოოპერირების სისტემის განვითარებაზე, და ნაკლები ყურადღება ეთმობა სხვა ორგანიზაციებს, რაც ასევე გარკვეულწილად დარგის განვითარებისათვის საფრთხის შემცველია, ხაზი მინდა გავუსვა ადგილობრივი ცენოზის ნიშან-თვისებების დამახასიათებელი თაფლის დაკარგვას, ვინაიდან ჰომოგენიზირებულ თაფლში ყველა ერთმანეთთან არეულია და შეუძლებელია წარმოშობის ადგილმდებარეობის გარკვევა…, თანაც ამ თაფლის დიდი მასის ერთად თავმოყრა სხვადასხვა მეფუტკრეებიდან უდიდესი საფრთხის შემცველია თუნდაც აკრძალული ნივთიერებებით დანაგვიანების მხრივ…, ყურადღება უნდა მიექცეს მცირე და საშუალო საფუტკრეების განვითარება – აღჭურვას, ან კოოპერირებისას დაიყოს ზონები, სადაც მაინც ბოტანიკურად ერთგვაროვანი თაფლის მიღება იქნება შესაძლებელი.

_ რა არის ექსპორტის მთავარი მოთხოვნა?

_ ეს უსაფრთხო პროდუქტია, წერტილი!

მცირე და საშუალო საფუტკრეების მეპატრონეებისთვის უნდა შემუშავდეს მინიმალური მოთხოვნების ზღვარი, რომლებიც უნდა შეძლონ, აწარმოონ უსაფრთხო პროდუქტი, მიიღონ თაფლის ექსპორტის ნებართვა (საფუტკრის კეთილსაიმედობაზე ვეტერინარის დასკვნა თუნდაც), არ აქვს მნიშვნელობა ეს მონოფლური, ორგანული თუ ექსკლუზიური პროდუქტი იქნება. აი ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ბაზარი გამოსწორდება, არ იქნება საფრთხე ბაზრის მონოპოლიზაციის (თუნდაც შუამავლების მხრიდან). ასე მუშაობს მთელი მსოფლიო. მეფუტკრეები გაწევრიანებული არიან ასოციაციებში, რომლებიც კონტროლს უწევენ მათი წევრების საქმიანობას და შესაბამისად მათ პროდუქტზე დასმულია ასოციაციის ლოგო, როგორც კეთილსაიმედოობის მიმანიშნებელი.

ვფიქრობ, მსგავსი ექსპორტის პრაქტიკის დანერგვა მეფუტკრეებს სტიმულს მიცემს აწარმოონ ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქტი. მახსენდება სამინისტროში შეხვედრა სადაც ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენლებმა მოითხოვეს ადგილობრივი მეფუტკრეების ასოციაციებთან კონტაქტი, რომ თაფლის შესყიდვა მოეხდინათ, სამწუხაროდ ჩვენთან ასოციაციები ქაღალდზეა შექმნილი ან ვიღაცის (თუნდაც მცირერიცხოვანი გუნდის) მიზნებს ექვემდებარება. ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ: ჩემი აზრით აუცილებელია მცირე და საშუალო საფუტკრე მეურნეობების განვითარება. იყოს კოოპერატივებიც, მაგრამ ქართველი კაცის ბუნებაში ეგ არ ჯდება.

2018 წელს დაფუძნდა „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“ (ქოლგა ორგანიზაცია), რომელმაც რაღაც ნაბიჯები გადადგა, ცდილობს ასევე შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყურადღება მიაპყროს სამთავრობო ინსტიტუტებს დარგის გამოწვევებზე, მაგრამ გაერთიანებას მეტი შესაძლებლობები აქ აქვს და მოქმედებს არსებული საშუალებებით.

რაც შეეხება „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებას“ მისი ძირითადი შექმნის მიზანი მეფუტკრეებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის ხიდის გადებაა, გაერთიანებაში წარმოდგენილია იურიდიული ორგანიზაციები (გამგეობის ანუ გადაწყვეტილების ხმის უფლებით) რომლებიც დარგში ასე თუ ისე ატმოსფეროს ქმნიან.

მეფუტკრეთა გაერთიანება აქტუალურად იყო ჩართული რუსული თაფლის შემოტანის საკითხშიც, აქტიურად მუშაობს მეფუტკრეთა ბაზის შექმნაზე, ჩაბმული ქართული თაფლის პოპულარიზაციის საკითხში ექსპორტის მხრივ და დონორი ორგანიზაციის დახმარებით.

ასევე მუშავდება საკითხები რომელიც წაადგება დარგის პოპულარიზაციას და თაფლის ექსპორტს, ჩვენი პროდუქტის ცნობადობას და გარკვეული ნიშის დაკავებას.

ალეკო პაპავა, მეფუტკრე