აგრარული განათლებამედია ფერმერებისთვის TVრუბრიკებიფერმერი ფერმერს

საძოვრებზე სარეველა და შხამიან მცენარეებთან ბრძოლის ღონისძიებები

 მთის სათიბ-საძოვრების სხვადასხვა სარეველა, მავნე და შხამიანი მცენარეებით (შხამა, ფრინტა, ტილჭირი, რძიანა, ნარი, სატილია, ფუტკარა და სხვ.) ძლიერი დასარევლიანება აუცილებელს ხდის მათ წინააღმდეგ ბრძოლის თანამედროვე მეთოდების გამოყენებას. ბუნებრივ საკვებ სავარგულებზე სარეველებთან ბრძოლის მეთოდები  პროფილაქტიკური ბრძოლის პირდაპირ და არაპირდაპირ ღონისძიებების ჩატარებას მოიცავს.
პროფილაქტიკურია ისეთი ღონისძიებები, რომელთა მიზანი სავარგულის  სარეველა მცენარეთა თესლის გარედან შემოტანისა და გავრცელებისაგან დაცვაა, აგრეთვე ბალახეულობაში არსებული სარეველების თესლის მომწიფების არდაშვება. ამ ღონისძიებებს მიეკუთვნება:  მდელოებზე, გზისა და არხების პირას თესლის ჩაცვენამდე სარეველების მოთიბვა; ორგანულ სასუქად გადამწვარი ნაკელის გამოყენება; საძოვრის ოპტიმალური დატვირთვა; სარეველა მცენარეების თესლებისაგან გაწმენდილი საკვები ბალახების თესლის თესვა და შეთესვა.

 შხამიანი მცენარეების წინააღმდეგ ბრძოლის პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებისას აუცილებელია აგრეთვე, აიკრძალოს მშიერი, დაავადებული და არაადგილობრივი პირუტყვის ძოვება შხამიანი მცენარეებით დასარევლიანებულ ნაკვეთებზე; დაუშვებელია გაზაფხულზე ისეთ საძოვარზე ადრეული ძოვება, სადაც ბალახეულობა დასარევლიანებულია სხვადასხვა შხამიანი, ძალზე ადრე აღმოცენების უნარის მქონე მცენარეებით (შხამა, რქათავა და სხვ.).

ბრძოლის არაპირდაპირი მეთოდები გამოიყენება საკვებად ძვირფასი მრავალწლიანი ბალახების ზრდა-განვითარების ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად. ასეთი ღონისძიებებია: სასუქების შეტანა, წყლისა და საჰაერო რეჟიმების გაუმჯობესება, საძოვრისა და სათიბი ბალახეულის სწორი გამოყენება, მოვლა-გაუმჯობესება და სხვ.

სარეველა მცენარეების შემცირებასა და ბალახეულიდან მოცილებაზე დადებითად მოქმედებს საკვები სავარგულის გამოყენების შეცვლა, ე.ი. სათიბის გარკვეული დროით საძოვის ფუნქციით გამოყენება და საძოვრის გადაყვანა სათიბად. საძოვრებზე დიდი რაოდენობითაა გავრცელებული ზოგიერთი სარეველა (მარმუჭი, ფესვმაგარა, ნიახურა, მრავალძარღვა და სხვ.). ასეთი სავარგულის სათიბად გამოყენება აღნიშნული სარეველების მოსპობის ეფექტიან ხერხს წარმოადგენს. ასევე სათიბებზე ფართოდ გავრცელებული ისეთი სარეველები, როგორებიცაა: მდელოს ნემსიწვერა, ჩვეულებრივი ღოლო, ანგელოზა, ფარსმანდუკი და სხვ., რომელთა მოსპობას ხელს უწყობს სათიბის დროებით საძოვრად გამოყენება.

 ბრძოლის პირდაპირი ღონისძიებები ორგვარია: მექანიკური და ქიმიური. საქართველოს სამეცნიერო ორგანიზაციების მიერ დამუშავებული, აპრობირებული და რეკომენდებულია ბუნებრივ სათიბ-საძოვრებზე გავრცელებულ ძირითად სარეველა მცენარეებთან ბრძოლის მეტად ეფექტიანი როგორც მექანიკური, ასევე ქიმიური ბრძოლის მეთოდები. ბრძოლის მექანიკური ხერხები, მცირე გამონაკლისის გარდა, წარმატებით შეიძლება იქნეს გამოყენებული მთაში გავრცელებული სარეველა მავნე და შხამიანი ბალახების მოსასპობად. დადგენილია, რომ სამი წლის მანძილზე სისტემატური წათიბვით ვეგეტაციის ადრეულ ფაზებში, არა უგვიანეს ფოთლების გაშლისა, მთლიანად ისპობა ისეთი აბეზარი შხამიანი მცენარე, როგორიცაა ლობელის შხამა. ასევე გამართლებულია სეზონის მანძილზე მინერალური სასუქების ფონზე მსხვილთავთავა ნარის ორჯერ წათიბვა – პირველი ფესვთანურა როზეტის ფაზაში და მეორე – აგვისტოს ბოლოს. კარგ შედეგს იძლევა ფრინტას წინააღმდეგ ადრეული წათიბვა 2-3 წლის მანძილზე ზედიზედ და მინერალური სასუქების შეტანა.

ზოგჯერ პრაქტიკაში იყენებენ გადამხმარი ბალახეულის გადაწვას, მაშინ, როდესაც ბალახეულში ჭარბობს სარეველები. ცდებით დადგენილია, რომ გადაწვა განაპირობებს მოსავლის შემცირებას, თუმცა ეს ძირითადად არასასურველი სარეველა ბალახების ხარჯზე ხდება. ამ მექანიკური ღონისძიების ეფექტიანობა საკმაოდ დიდ ფარგლებში მერყეობს, რაც დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა: ბალახეულის ბოტანიკური შედგენილობის, გადაწვის ინტენსივობა, ვადები, კლიმატური პირობები, ადგილმდებარეობის რელიეფი და სხვ.

სარეველების მოსპობის ეფექტიანი და ნაკლებად შრომატევადი მეთოდებია ბრძოლის ქიმიური მეთოდები, რაც გულისხმობს შერჩევითი მოქმედების სხვადასხვა ჰერბიციდის შესხურებას. 

ჰერბიციდებით შესხურებულ ნაკვეთებზე პირველ ორ წელს ბალახეულის მოსავლიანობა კლებულობს, ძირითადად, საჭმელად გამოუსადეგარი მცენარეების ბიომასის შემცირების ხარჯზე, ამ მიმართულებით კარგ შედეგს იძლევა ადრე გაზაფხულზე, ჰერბიციდების შესხურებამდე, სასუქების შეტანა.

 ავშნიან, მლაშობ-ავშნიან და დამლაშებულ საძოვრებზე ჰერბიციდების გამოყენება არ არის რეკომენდებული. ამ დროს ჰერბიციდები აზიანებენ და სპობენ არა მარტო სარეველებს, არამედ საკვებად ვარგის მცენარეებსაც.

აუცილებელია ჰერბიციდების ხმარების ყველა წესის დაცვა, ამასთან, ჰერბიციდით დამუშავებულ ნაკვეთებზე პირუტყვის ძოვება უნდა დავიწყოთ მხოლოდ 20-25 დღის შემდეგ.

სათიბ-საძოვრების ზედაპირული გაუმჯობესება