საგაზაფხულო წაყინვების მოლოდინში
ბოლო ათწლეულში გლობალური კლიმატური ცვლილებების უარყოფითი ზეგავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე და ზოგადად ცოცხალ გარემოზე აშკარად ვლინდება. მიმდინარე წლის დასაწყისიც სიურპრიზებით იყო სავსე. მაშინ როდესაც იანვრის დასაწყისში ამერიკის კონტინენტზე ფლორიდისა და კაროლინის შტატში ყინვამ -30ºC მიაღწია და 57-წლის შემდეგ ნიაგარის ჩანჩქერი ისევ გაიყინა, ხოლო ავსტრალიის კონტინენტზე ამ პერიოდში უჩვეულო სიცხე 47-50-ºC აღწევდა და იტალიაში თებერვლის ბოლოს თოვლი და ყინვა მძვინვარებდა, ჩვენთან საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში ზამთრის პერიოდი მრავალწლიან საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით გაცილებით თბილი და ზომიერი იყო. დეკემბერში დღის საშუალო ტემპერატურა +10 -15ºC, ხოლო ღამის +3 – 5ºC ფარგლებში მერყეობდა. მთებზე შეინიშნებოდა ნალექი თოვლის სახით, ხოლო ბარში თოვლი და ყინვა არ დაფიქსირებულა. დაახლოებით ანალოგიური გამოდგა იანვრის თვეც, კლიმატი რბილი შედარებით ნალექიანი თოვლისა და ყინვის გარეშე. რაც შეეხება თებერვალს – ის ნაკლებადნალექიანი და თბილი კლიმატური მაჩვენებლებით ხასიათდებოდა, დღისით +13-15ºC, ღამით +4-6ºC სითბო. იყო დღეები, როდესაც +20-22 გრადუსს მიაღწია.
რა სიურპრიზებს გვიმზადებს გაზაფხული ასეთი რბილი ზამთრის შემდეგ? ალბათ ბევრი არასასურველი კლიმატური მოლოდინების მოწმე გავხდებით. ნათქვამია, თუ ზამთარი მკაცრია – გაზაფხული და ზაფხული სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის წარმატებულიაო. მკაცრი ზამთარი მინიმუმამდე ამცირებს ჩვენთვის არასასურველ დაავადებებს, ამასთან ასვენებს ნიადაგს, თოვლიანი ზამთარი ქმნის ნიადაგში ტენით უზრუნველყოფის ბალანსს. რაც შეეხება თბილ და უთოვლო ზამთარს აქ ეს პროცესები მინიმუმშია და რაც მთავარია ქმნის ხეხილოვან კულტურებში წვენთა მოძრაობის გააქტიურებისა და ყვავილობის დაჩქარების საშიშროებას.
რთულია პროგნოზი გააკეთო მიმდინარე წლის გაზაფხული-ზაფხულის პირობებისადმი, თუმცა მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგად, რბილი ზამთრის შედეგად შესაძლებელია მარტი-აპრილი იყოს უხვნალექიანი, ცივი, ზოგიერთ შემთხვევაში თოვლიანიც კი. თებერვლის თბილმა კლიმატურმა პირობებმა უკვე პროვოცირება გაუკეთა კურკოვნებს, აყვავდა ტყემლები, ატმები, დაიბერა სხვა კულტურების (აქტინიდია, ვაზი) კვირტები. თუ მარტის პირველი დეკადა თბილი გამოდგა, მასიურად გაიღვიძებს კვირტები ყველა კულტურაზე, ხოლო ნაზი ყლორტები და მითუმეტეს ყვავილი ხომ უძლურნი არიან მოსალოდნელი წაყინვების მიმართ რომლის დროს ტემპერატურამ შესაძლოა -1-2ºC დაიწიოს, რაც სერიოზულ საშიშროებას შეუქმნის ბაღების მოსავლიანობას.
ამიტომ გლეხმა, ფერმერმა უნდა იცოდეს რომ განსაკუთრებით ყინვასაშიშ დაბლობ ადგილებში მიმდინარე თბილი ზამთრის შემდეგ თავი შეიკავოს ხეხილოვნების და ვაზის ნაადრევი განსხვლისაგან. თუ მცენარეებს ადრე გავსხლავთ, მაშინ როგორც წესი მათში კიდე უფრო გაძლიერდება წვენთა მოძრაობა, დაიწყება ნაადრევი ვეგეტაცია. ხოლო საგაზაფხულო წაყინვების შემთხვევაში ნაადრევად გასხლული კულტურები ძლიერ ზიანდებიან. წლევანდელი ამინდის პროგნოზებიდან გამომდინარე ამ კულტურების გასხვლა 15-20 მარტის შემდეგ უფრო შედეგიანი იქნება. რაც შეეხება თხილისა და ციტრუსების ბაღებს აქ ამ პერიოდში მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ ნიადაგის ზედაპირის გასუფთავებას, ამონაყრების გამოჭრას და რაც მთავარია ვარჯის ჩახშირებული ღერო-ტოტებისაგან გასხვლა ფორმირებას, რადგან ვარჯში მაღალი აერაცია მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებელი ღონისძიებაა, ამასთან აუცილებელია მცენარეთა დროული გამოკვება და ნარგაობის მითითებულ ვადებში წამლობა, რაც მოსავლის მიღების მაღალი გარანტია იქნება. ყველას გვახსოვს გასული 2017-წლის სავეგეტაციო პერიოდი, მიუხედავად თოვლიანი ზამთრისა და დაბალი ტემპერატურებისა, საგაზაფხულო წაყინვებს მაინც ქონდა ადგილი, აპრილის თვეში სერიოზულად დაზიანდა ვაზის, აქტინიდიის, სხვა ხეხილოვანი კულტურების ყლორტები და ყვავილები, შედეგიც არასახარბიელო დაგვიდგა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა საგაზაფხულო წაყინვებმა აღმოსავლეთ საქართველოს შიდა ქართლის მეხილეობის ზონას.
მიმდინარე წელს კი საგაზაფხულო წაყინვების ალბათობა შესაძლებელია მეტი იყოს, ამიტომ აქედანვე უნდა გავატაროთ ის აუცილებელი და პრევენციული ღონისძიებები რაც დანაკარგებს შეგვიმცირებს. ამ მიმართებით აუცილებელია ნარგაობისათვის მაღალი აგროტექნიკური ფონის შექმნა (კვება, ვარჯის ფორმირება, მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა). რაც ძლიერია მცენარე მით ნაკლებია დაზიანება და პირიქით. ასევე მაღალეფექტურია შტამბის შეთეთრება და წაყინვების მოლოდინის პერიდში ღამით თქვენს ბაღებში წინასწარ მომზადებული თივის, ნამჯის, ანასხლავი ტოტების ან ძველი საბურავების და სხვა საშუალებების დაწვა – აბოლება.
გახსოვდეთ! გაზაფხული უმტკივნეულოდ არ ჩაივლის, თუ ბაღებს დავეხმარებით და გავატარებთ პრევენციულ ღონისძიებებს მოსავალსაც მივიღებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წლის დანარჩენ პერიოდებში მოჭარბებული ზრუნვაც კი ბევრი ვერაფრის მომტანი იქნება.
ზაურ გაბრიჩიძე, სმმ დოქტორი