საღებავი სარეველა მცენარეები
მცენარეული საღებავების გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს. საერთაშორისო ბაზარზე მცენარეული საღებავებით შეფერილ პროდუქციას დიდი უპირატესობა ენიჭება სინთეტიკური საღებავებით შეფერილ პროდუქციასთან შედარებით. მცენარეული საღებავები შედგება სხვადასხვა ნივთიერებებისგან, რომლებიც წარმოადგენს რთული საღებავი პიგმენტების ნარევს.
მცენარეთა სამყაროში საღებავი პიგმენტები ფართოდაა გავრცელებული. მოსახლეობის მიერ ქსოვილებისა და ტყავის შესაღებად გამოიყენება სხვადასხვა მცენარე, მათ შორის სარეველებიც. საღებავად გამოყენებული მცენარეები იყოფა სხვადასხვა ჯგუფებად ფერის მიხედვით (წითელი, ყვითელი, ლურჯი, იისფერი, შავი, ყავისფერი, მწვანე ფერის მომცემი სარეველა მცენარეები).
ორკბილა – Bidens tripartita L.
ერთწლიანი, ბალახოვანი სარეველაა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან. ფესვი – მთავარღერძა, ძლიერ დატოტვილი, წვრილი; ღერო – ერთეული, სწორმდგომი, მოწითალო, 60-90 სმ; ფოთლები – მოპირდაპირე, მოკლე ყუნწით, სამნაკვთიანი, ლანცეტისებური, კიდედაკბილული, შიშველი მუქი მწვანე; ყვავილედი – კალათა, 1.5 მმ დიამეტრის, ყვავილი ყვითელი, ყვავილობს ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე; თესლურა – უკუკვერცხისებრი, ყავისფერი, 2 ქაცვით, ჭიპი შეჭყლეტილი, ოვალური, სიგრძე ქაცვების გარეშე 5-8 მმ, სიგანე 2-3 მმ, ქაცვების სიგრძე 3-4 მმ, თესლი მწიფდება სექტემბრის ბოლოს ოქტომბერში, ერთ მცენარეზე ვითარდება 250 თესლი. შესაღებად გამოიყენება ღერო და ფოთლები, მიიღება ყვითელი და ნარინჯისფერი.
ბირკავა – Agrimonia eupatoria L.
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან; აქვს სქელი, მოკლე ფესურა; ღერო – მარტივი, მსხვილი, მცირედ დატოტვილი, სიგრძე 30-100 სმ; ფოთლები – რთული, კენტფრთისებრი; ყვავილედი – თავთავისებური მტევანი, ყვავილი მოკლეყუნწიანი, ყვითელი, ყვავილობს ივნის-აგვისტოში; თესლურა – უკუკონუსისებრი, დაღარული, დაფარული ბუსუსებით, ყავისფერი ან მონაცრისფრო-მწვანე, ბუსუსები ღია ყვითელი ფერის, თესლის სიგრძე 4-6 მმ, სიგანე 3-5 მმ, ერთ მცენარეზე ვითარდება 200 თესლი. პრაქტიკაში მოსახლეობა იყენებს, როგორც ტყავის გამოსაქნელ ყვითელ საღებავს.
დიყი – Heracleum dissectum L.
მრავალწლიანი, მსხვილბალახოვანი მცენარეა ქოლგოსანთა ოჯახიდან, დაფარულია უხეში ბუსუსებით. ფესვი – მთავარღერძა, ვრცელდება 2 მ-მდე; ღერო – მსხვილი, დაღარული; ფოთლები – ღეროს ძირში გრძელყუნწიანი და ფრთისებრდანაკვთული, ზედა ფოთლები ზოგჯერ მარტივია; ყვავილი – თეთრი, მსხვილი, დიამეტრით 50-80 სმ; ნაყოფი – უკუკვერცხისებრი, ორნაწილიანი თესლურა, სიგრძე 10-12 მმ, სიგანე 8 მმ, მომწიფებისას ორ ნაწილად იყოფა. დიყის ფოთლებსა და ყვავილებს იყენებენ სამღებრო საქმეში, როგორც შალეულის, ასევე ბამბეულის ქსოვილების ყვითლად შესაღებად, ღებავენ აბრეშუმსაც.
ონტკოფა, დუდღუბო – Physalis alkekengi L.
მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან. ღერო – სწორმდგომი, ზედა ნაწილში დატოტვილი, შიშველი ან შებუსული, სიმაღლით 20-100 სმ სიმაღლის; ფოთლები – გულისებრი, ყუნწიანი, მორიგეობით ან მოპირდაპირედ განლაგებული, საკმაოდ დიდი ზომის; ყვავილი – მარტოული, იღლიური, მოთეთრო; ნაყოფი – სფეროსებრი, კაშკაშა ნარინჯისფერი, პრიალა კენკრაა, თესლი თირკმლისებური.
სამღებრო საქმეში ონტკოფას ნაყოფს ხმარობენ აბრეშუმის ქსოვილების ყვითლად და ნარინჯისფრად შესაღებად.
ენდრო – Rubia iberica (Fisch.) C. Koch
მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ენდროსებრთა ოჯახიდან; ფესურა – გრძელი, ჰორიზონტალური, დატოტვილი, ცილინდრული, გარედან მოწითალო – წაბლისფერი, ფესვები – ზედაპირული, დატოტვილი, ცილინდრული; ღერო – ოთხწახნაგოვანი, წიბოებზე ეკლებით, სიმაღლით 30 სმ – 1.5 მ-ს აღწევს; ფოთლები – ღეროზე რგოლებადაა განლაგებული, თითო რგოლში 4-6 ცალია განლაგებული, სიგრძე – 10 სმ, სიგანე – 3 სმ, ლანცეტა; ყვავილები – წვრილი, მომწვანო – ყვითელი, ფოთლების იღლიებში ამოსულ დატოტვილ ნახევრად ქოლგა ყვავილედადაა შეკრებილი, ყვავილობს ივნისიდან; ნაყოფი – წვნიანი, მრგვალი, 1-2 კურკით, დანაოჭებული, მუქი ყავისფერი, შავი, ზემოდან – ამობურცული, ქვედა მხრიდან – შეჭყლეტილი, დიამეტრით 2.5-4 მმ, მწიფდება აგვისტოში.
ენდრო შეიცავს ანილინის ჯგუფის საღებავებს, ინას, ალიზარინს, ამზადებენ ალიზარინის მელანს – ლითოგრაფიისთვის; ღერო-ფოთლებისგან მიიღება ყვითელი საღებავი, ფესვებიდან – წითელი; იხმარება ქსოვილების – შალეულის, აბრეშუმის შესაღებად, იღებავენ თმასაც, საღებავს იყენებენ მეცნიერული მიზნისთვისაც, ძვლის ზრდაზე დასაკვირვებლად, რისთვისაც ღებავენ ძვალოვან ქსოვილებს.
პატარძალა – Anchusa italica Retz.
ორ ან მრავაწლიანი ბალახოვანი მცენარეა ლაშქარასებრთა ოჯახიდან; მთელი მცენარე უხეში ჯაგრითა შებუსული; ღერო დატოტვილი, 20-100 სმ სიმაღლის; ფოთლები ოვალური ან მოგრძო-ლანცეტაა, ქვედა ფოთლები ყუნწიანია, ზედა – მჯდომარე; ყვავილი მეწამული-მოლურჯო ფერისაა, შეკრული მტევან ყვავილედად, ყვავილობს მაის-აგვისტოში; კაკლუჭა – მოღუნული კვერცხისებური, ნაოჭიანი ზედაპირით, მწიფდება ივნისიდან. სამღებრო საქმეში გამოიყენება ფესვები, მიიღება წითელი ფერის საღებავი.
ყანის ჩიტისთვალა – Asperula setosa Jaub. Et Spach. (=Asperula arvensis Grossh.)
ერთწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ენდროსებრთა ოჯახიდან. ღერო სწორი ან ფუძესთან დატოტვილი, ოთხწახნაგიანი, შეუბუსავი, 20-40 სმ სიმაღლს; ფოთლები ლანცეტისებრი ან მოგრძო ხაზურა; ყვავილები ცისფერი, იშვიათად თეთრი; ნაყოფი მომრგვალო, ორბუდიანი, მშრალი კაკლუჭა, მოყავისფრო, ბორცვიანი ზედაპირით, დიამეტრი 1.75-2.25 მმ, თესლი ნაყოფის ფორმის. ფესვები გამოიყენება სამღებრო საქმეში, მიიღება წითელი ფერის საღებავი.
თავსისხლა – Sanguisorba officinalis L.
მრავალწლიანი, ბალახოვანი მცენარეა ვარდისებრთა ოჯახიდან; ფესურა – სქელი, ჰორიზონტალური, სიგრძე 12 სმ, ხისმაგვარი, მრავალი გრძელი, წვრილი ფუნჯა ფესვებით; ღერო – სწორმდგომი, დატოტვილი, ღრუიანი, სიმაღლით 20-100 სმ; ფოთლები – კენტფრთართული 7-25 ფოთოლაკით, ფოთოლაკები წაგრძელებულია, ხერხისმაგვარად დაკბილული ფოთლები ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან – ღია მწვანე ფერისაა, ღეროს ფოთლები მჯდომარეა, მუქი წითელი; ყვავილები – მუქი წითელი, წვრილი, ოვალურ თავაკებშია შეკრებილი, ყავილობს ივნის-აგვისტოში; ნაყოფი – 3-3.5 მმ სიგრძის, ყავისფერი, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ფესვები გამოიყენება სამღებრო საქმეში, მიიღება შავი ფერის საღებავი.
კურდღლისცოცხა – Genista tinctoria L.
ბუჩქისებური, შხამიანი, ფესურიანი სარეველაა პარკოსანთა ოჯახიდან; ფესურა – დატოტვილი, ხისებური; ღერო – დატოტვილი, სწორმდგომი, ტოტები ზემოთ მიმართული; ფოთლები – ხაზურა ან ლანცეტისებური, მორიგეობით განლაგებული, კიდემთლიანი; ყვავილედი – მტევნისებური, ყვითელი ფერის, ყვავილობს ივნის-ივლისში; ნაყოფი – ბრტყელი, ოდნავ მოხრილი პარკი, სიგრძე 3 სმ, თესლი მოშავო-ყავისფერი, ელიფსური, პრიალა, მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ფოთლები და ყლორტები გამოიყენება სამღებრო საქმეში მწვანე ფერის მისაღებად.
ძაღლის ქინძი – Aethusa cynapium L.
ქოლგოსანთა ოჯახის წარმომადგენელია; ფესვი – მთავარღერძა, თითისტარისებური; ღერო დატოტვილი, 20-100 სმ-მდე სიმაღლის, ზოგჯერ 200 სმ-მდე; ფოთოლი 2-3 ფრთისებრდანაკვთული; ყვავილები თეთრი, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრის ბოლომდე; თესლი მომრგვალო-კვერცხისებური, ქვედა მხრიდან ბრტყელი, ზემოდან რკალისებური გვერდებით, ერთ მცენარეზე ვითარდება 500 თესლი, აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 8 წელს, თესლს იძლევა ივლის-ოქტომბერში. სამღებრო საქმეში იყენებენ ზრდასრულ ფოთლებს, ღებავენ შალისა და აბრეშუმის ქსოვილებს, მიიღება მწვანე ფერის საღებავი.
ნინო დათუკიშვილი,
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი
მაია გიორბელიძე,
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის
ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი