აგროსიახლეები

„საგზაო რუკა“ სახელმწიფოს პოსტკრიზისული განვითარებისათვის

(მარინა ტაბატაძე. „სახელმწიფოს პოსტკრიზისული სტრატეგია“. –

თბილისი, თსუ, 2024, 432 გვ).

საბაზრო ეკონომიკისთვის პერიოდული კრიზისები იმანენტური და „ბუნებრივი“ მოვლენაა. შესაბამისად, ნებისმიერი სახელმწიფოს, ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა:
ა) მათი მასშტაბების, ეკონომის ვარდნის რაოდენობრივი, სივრცითი და სექტორალური პარამეტრების რაც შეიძლება შეზღუდვა;
ბ) კრიზისული პერიოდის ხანგრძლივობის შემცირება;
გ) მოსახლეობისათვის ეკონომიკური კრიზისით  მიყენებული მატერიალური და ფსიქოლოგიური ზარალისა და დისკომფორტის მინიმიზაცია.

Screenshot 20240809 112343 Yahoo Mail (1)

თუ როგორ უნდა მოახდინოს ყოველივე ეს სახელმწიფომ, რა სტრატეგიები შეიმუშაოს, მმართველობის, გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების რა სტანდარტებს უნდა დაეყრდნოს და სტაბილური, მდგრადი განვითარების რა ინსტრუმენტები, გზები და საშუალებები გამოიყენოს, ამაზე სრულყოფილ პასუხს იძლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მარინა ტაბატაძის ზემოხსენებული მონოგრაფია. სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველოს სამი ათწლეულის მანძილზე არსებული გამოწვევები, კრიზისები, მათი დაძლევისათვის გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობა თუ გაშვებული შესაძლებლობები და შეცდომები, აგრეთვე კრიზისებთან ბრძოლის მსოფლიო გამოცდილების მაგალითების ანალიზი და მათი ჩვენს რეალობაში გამოყენების გზები და შესაძლებლობები, ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს საქართველოს ხელისუფლებას. ამ ასპექტით აღნიშნული მონოგრაფია, მიუხედავად მისი თეორიული და აკადემიური დანიშნულებისა (იგი წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამხმარე სახელმძღვანელოდ ეკონომიკური პროფილის ფაკულტეტებისა და სპეციალობების სტუდენტებისათვის, მათ შორის  „ეკონომიკური პოლიტიკის“, „საქართველოს ეკონომიკის“, „რეგიონული ეკონომიკის“, „სახელმწიფოს ანტიკრიზისული მართვისა“ და სხვა დისციპლინის სწავლებისას), უნდა იქცეს ხელისუფლების უმაღლესი და საშუალო დონის წარმომადგენლების სახელმძღვანელოდ. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყნის მდგრადი და დინამიური განვითარების სტრატეგიის რეალიზაციის პროცესში, რომელიც გულისხმობს ქვეყნის შიდა, ენდოგენური რესურსების რაც შეიძლება სრულად და რაციონალურად გამოყენების სტრატეგიას.

აღნიშნული მონოგრაფია არ არის მხოლოდ „წმინდა“ აკადემიური სფეროს წარმომადგენლის  შრომის შედეგი.  ავტორს ასევე აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება, იგი არაერთი საერთაშორისო სახელისუფლებო ღონისძიებების მონაწილეა, საქართველოს განვითარების სტრატეგიის სახელმწიფო პროგრამის სამუშაო ჯგუფის წევრი და სხვ. შესაბამისად, მისი შეხედულებები და რეკომენდაციები განსაკუთრებით ფასეულია.

პოსტკრიზისული სტრატეგიის მრავალი ასპექტიდან (მონეტარული, ორგანიზაციული, ტექნიკური, რეგიონული, სექტორალური და ა.შ.), რომელთაგან თითოეული სერიოზული შესწავლისა და გამოყენების საგანს წარმოადგენს, მე ამჟამად გამოვყოფდი მხოლოდ ერთს – სასურსათო უსაფრთხოებას, როგორც საზოგადოების, მოსახლეობის აუცილებელი დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, ინტელექტუალური განვითარების უზრუნველმყოფ პირობას და რომელიც ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად  ნაწილს, ქვაკუთხედს წარმოადგენს.   ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელი საქართველოსათვის, სადაც სოფლის მეურნეობა, აგრარული სექტორი  რჩება ეროვნული ეკონომიკის ყველაზე „სუსტ რგოლად“ და ამგვარი „სისუსტის“ დაძლევაზე გადის ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისა და დაძლევის მაგისტრალური ხაზი.

ნაშრომში აქცენტი გაკეთებულია საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა:

ა) კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების ჩამოყალიბება;

ბ)  ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება, ეკოსისტემების შენარჩუნება, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და გ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეფექტური სისტემები. ამასთან, ნაშრომს წითელ ზოლად გასდევს სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაძღოლაში მართვის კორპორაციულ მეთოდებზე გადასვლის და სოფლის მეურნეობაში არსებული სავარგულების გამოყენების ინტენსიფიკაციის აუცილებლობის თეზა. შემოთავაზებულია აღნიშნულ სფეროში  მომსახურების სერვის-ცენტრებისა და ლოგისტიკური სტრუქტურების შექმნა პროდუქციის შენახვის, დახარისხების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის, ლაბორატორიული კვლევისა და სასაწყობო სტრუქტურების სახით.

ამასთან, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას ავტორი განიხილავს  ეროვნული ტრადიციების დაცვისა და მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ასპექტში და თვითკმარი გლეხური მეურნეობის ნაცვლად მის ორიენტირად საექსპორტო პროდუქციის წარმოებას გვთავაზობს.

აღნიშნული საკითხები მხოლოდ ნაწილია იმ მიმართულებებიდან რომლებსაც ავტორი გვთავაზობს საქართველოს ეროვნული მეურნეობის დაჩქარებული განვითარების, კრიზისების დაძლევისა და მათი თავიდან აცილებისათვის. ამიტომ ფრაზას: „ნაშრომს აქვს მაღალი გამოყენებითი ღირებულება“,  აღნიშნულ მონოგრაფიასთან მიმართებაში აქვს მაქსიმალურად რეალური დატვირთვა და მნიშვნელობა ინსტიტუციური აღმშენებლობისა და განვითარების პროცესში მყოფი ქართული სახელმწიფოსა და მისი ხელისუფლებისათვის.

იოსებ არჩვაძე, პროფესორი