აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკები

თხევადი მანდარინის, მანდარინის პასტის, მანდარინის ჰიდროლატის და საწებლების წარმოება 

 ცნობილია, რომ მანდარინის ნაყოფების დამზადებისას არასტანდარტული ნაყოფების რაოდენობა შეადგენს 40-50%-ს. დღეისათვის აღნიშნული ნაყოფების ნაწილი გამოიყენება არაპერსპექტიული  მანდარინის კონცენტრირებული წვენის მისაღებად. პროდუქციის გამოსავალი მინიმალურია, რის გამო ნედლეულის 80% არ გამოიყენება, იყრება და აბინძურებს გარემოს.

კვების მრეწველობის ს/კ ინსტიტუტში დამუშავდა და სამრეწველო მასშტაბით გამოიცადა მანდარინის ნაყოფებიდან „თხევადი მანდარინის“ მიღების რაციონალური ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ნედლეულის უნარჩენო გამოყენებას. თხევადი მანდარინი გამოიცადა პურის ქარხნებში როგორც ნატურალური დანამატი, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პურისა და პურპროდუქტების სამკურნალო-პროფილაქტიკურ თვისებებს და გამორიცხავს იმპორტირებული ხელოვნური პურის გამაუმჯობესებლის გამოყენების აუცილებლობას.

კგ „თხევადი მანდარინის“ ღირებულება საშუალოდ შეადგენს 70 თეთრს. ის  შეიძლება დაემატოს  პურსა და  პურპროდუქტებს  10 – დან 20-%-მდე რაოდენობით. „თხევადი მანდარინის“, როგორც ნატურალური საკვები დანამატის, გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირებს პურის თვითღირებულებას.

შემოთავაზებული ახალი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა სრულად ავითვისოთ გამოუყენებელი რეზერვის მდგომარეობაში არსებული მანდარინის არასტანდარტული ნაყოფების არსებული რესურსები (დაახლოებით  40 ათასი ტონა).

 მოსალოდნელი შემოსავალი: 30-35 მლნ. ლარი.

მანდარინის კომპლექსური გადამუშავების ტექნოლოგია. დარგის შესაბამისი გადაიარაღების შემდეგ მანდარინის არასტანდარტული ნაყოფების გამოყენებით შეიძლება ვაწარმოოთ  2 პროდუქტი: 900 კგ/ტ მანდარინის პასტა (1 კგ-ს ღირებულება 10 აშშ დოლარი) და 100 კგ/ტ მანდარინის ჰიდროლატი (1 კგ-ს ღირებულება შეადგენს 40 აშშ დოლარს) ანუ, 1 ტ მანდარინის  ნაყოფის გადამუშავებით მიიღება 13 000 დოლარის ღირებულების საექსპორტო პროდუქცია. სულ საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ გროვდება 40 ათასი ტონა მანდარინის არასტანდარტული ნაყოფი.

მოსალოდნელი შემოსავალი: 520 მლნ აშშ დოლარი.

ქართული საწებლების წარმოება

კვების მრეწველობის ს/კ ინსტიტუტში ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც გამოყვანილ იქნა ტყემლის სამრეწველო ჯიშები და მათი ნაყოფი გამოიყენება საწებლების დასამზადებლად. უცხოეთში (ბულგარეთი, რუსეთი, იტალია, საფრანგეთი) ჩატარებული დეგუსტაციებით დადგინდა, რომ ქართულ საწებელს – „ტყემალს“ გააჩნია დიდი პერსპექტივები  საექსპორტო პროდუქციის სახით.

პირველად იქნა დამუშავებული ეთერზეთოვან ნატურალურ არომატიზატორებზე  დამზადებული ქართული საწებლების წარმოების ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაფართოვდეს წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი, გაიზარდოს მათი კონკურენტუნარიანობა მსოფლიო ბაზარზე.

  მოსალოდნელი  შემოსავალი: 20  მლნ აშშ დოლარი.

ნუგზარ ბაღათურია

    კვების მრეწველობის / ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი