საკვები ელემენტების დანაკარგები ნიადაგში შეტანამდე და შეტანის შემდეგ
ნიადაგში და სასუქში შემავალი საკვები ელემენტებიდან ყველაზე მეტად აზოტი იკარგება, იგი საშუალოდ ყოველი მესამე ქიმიური ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობას უტოლდება.
ჩეხი მეცნიერების გამოთვლებით, აზოტის დანაკარგმა 36 შეიძლება 30-50% შეადგინოს. მცენარე სასუქიდან იყენებს 35-60% აზოტს; 20-30% შეიძლება დაიკარგოს გაზისებრი ფორმით, ნიტრიფიკაციის და დენიტრიფიკაციის პროცესის შედეგად, ხოლო 20-30% მაგრდება ნიადაგში, რომლის ნაწილის გამორეცხვა შეიძლება მოხდეს ფესვთა სისტემის ცხოველმყოფელობის ზონიდან.
ფოსფორი პრაქტიკულად არ გადაადგილება ნიადაგის პროფილში, ამიტომ მისი დანაკარგი არ აღემატება შეტანილი სასუქის 5%-ს. ნიადაგის ზედა ფენაში ფოსფორმჟავას 90 % უერთდება კალციუმს, რკინას, ალუმინს და წარმოიქმნება მცირედ ხსნადი შენაერთები, რომლებიც იცავენ მას ჩარეცხვისაგან. მაგრამ თუ ნაკვეთი მცენარეებით არ არის დაკავებული, შთანთქმული ფოსფორის დიდი რაოდენობა შეიძლება დაიკარგოს მზრალად ნახნავიდან ზედაპირული ჩამონადენებით და ქარისმიერი ეროზიით. ფოსფორიანი სასუქების მაღალი ნორმების შეტანისას დანაკარგები 1,5 ჯერ იზრდება გაუნოყიერებელ ნაკვეთებთან შედარებით.
კალიუმიანი სასუქები ძირითადად იკარგება ეროზიით, მსუბუქ ნიადაგებზე ეს ელემენტი ექვემდებარება ჩარეცხვას.
სამეურნეო და ბიოლოგიურ წრებრუნვაში საკვები ელემენტების დიდი რაოდენობით დანაკარგები განპირობებულია სასოფლო-სამეურნეო წარმოების დაბალი კულტურით, სასუქების არაწესიერი შენახვით, გადაზიდვითა და უყაირათო გამოყენებით. სასუქების დანაკარგების სრული ლიკვიდაცია შესაძლებელია ქიმიური მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ვაგონმშენებელი, ტრანსპორტისა და სახალხო მეურნეობის სხვა დარგების ერთობლივი მეცადინეობით.
მინერალური სასუქების დანაკარგები ქარხნიდან მინდვრამდე
მინერალური სასუქების ეფექტურობის გადიდების საქმეში მთავარ როლს ასრულებს საკვები ელემენტების დანაკარგების შემცირება ყველა ეტაპზე, მათ შორის ქარხნიდან მინდვრამდე გადაზიდვის დროს.
ვ. გ. მინაევის მონაცემებით, მინერალური სასუქების დანაკარგი ქარხნიდან მინდვრამდე შეადგენს 10-15%, რაც გამოწვეულია გადაზიდვისა და შენახვის ცუდი ორგანიზაციით, სასუქების ცუდი ფიზიკური თვისებებით. კერძოდ, მაღალი ფხვიერებით, შებელტვის უნარითა და ჰიგროსკოპულობით, წვრილმარცვლიანობით. თხევადი სასუქების გადაზიდვისას 2-2,5-ჯერ ნაკლებია დანაკარგები.
სასუქების დანაკარგები ქარხნებში და გადაზიდვის დროს
საკვები ელემენტების დანაკარგების შესამცირებლად ქარხანამ სასუქი უნდა დაამზადოს სტანდარტების შესაბამისი პარამეტრების მიხედვით. არასტანდარტული სასუქიდან ცუდი გრანულირებისას, ზედმეტად წვრილად დაფქვისას, დანაკარგი შეადგენს 0,3%, რაც გამოწვეულია მტვრის წარმოქმნით, გადაზიდვის და დატვირთვაგადმოტვირთვის სამუშაოების წარმოებისას. გადაზიდვის პროცესში გრანულების დანაწევრება იწვევს ჰიგროსკოპიული სასუქის ძლიერ შებელტვას, რის გამოც აუცილებელი ხდება მათი დაქუცმაცება, ეს კი იწვევს გრანულების დაშლას და აგრონომიული ეფექტურობის შემცირებას. თუ თხევადი სასუქების მომზადებისას მისი PH მეტია 7-ზე, ასეთი სასუქი არ ინახება.
სასუქების ხარისხსა და ეფექტურობაზე დიდ გავლენას ახდენს პირდაპირი დანაკარგები. საჭიროა სასუქების ხარისხის მიხედვით შერჩეულ იქნეს სატრანსპორტო საშუალებები და დატვირთვა- გადმოტვირთვის ხერხები. 2,5 ჯერ მეტი დანაკარგი მიიღება სასუქების შეუფუთავი გადაზიდვისას, ამიტომ, ამჟამად მარტივ აზოტიან და რთულ სასუქებს უშვებენ ცელოფნის ტომრებში შეფუთული სახით, რაც მათი მექანიზებული დატვირთვა-გადმოტვირთვის საშუალებას იძლევა. ღია ვაგონით გადაზიდვისას დანაკარგმა შეიძლება 7-8% შეადგინოს, თვითმცლელების და მისაბმელების გამოყენებისას _ 1,5-2%; თვითმცლელი ვაგონებით გადაზიდვისას _ 0,5- 1,0%.
საკვები ელემენტების დანაკარგები სასუქების შენახვისას
სასუქების მნიშვნელოვანი რაოდენობა იკარგება ლიანდაგიან და ჩაღრმავებულ საწყობებში, აგრეთვე მინდორში შენახვისას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს არა მარტო სასუქების დაბალი ხარისხით, არამედ არსებული საწყობების არასწორი გამოყენებით და საწყობის შიგნით არასრულყოფილი მექანიზაციით. სასუქების საწყობებში შეუფუთავი შენახვისას ადგილი აქვს მის შრეებად დაშლას. მსხვილი გრანულები ექცევა კონუსის ქვემოთ, წვრილი – ზემოთ. ეს იწვევს არათანაბარ განაწილებას მათი შეტანისას. აღნიშნულის თავიდან ასაცილებლია სასუქების გრანულები უნდა იყოს სტანდარტული, 1-3 მმ სიმსხოსი. ამასთან. გადატვირთვის სამუშაოები უნდა მოხდეს სექტორებად, რაც თავიდან აგვაცილებს კონუსის წარმოქმნას და შრეებად დაშლას. კარგად მოწყობილ ტიხრებიან საწყობში დანაკარგები 4-5-ჯერ მცირდება.
შეფუთულ სასუქებს საწყობში აწყობენ ფრთხილად რათა ტომრები არ დაზიანდეს. ტომრების დაზიანებისას საჭიროა სასუქი ხელახლა შეიფუთოს.
საწყობის შიგნით დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულებისას, თანამედროვე მანქანებისა და მოწყობილობების გამოყენებისას, მნიშვნელოვნად მცირდება დანაკარგები. საწყობში სასუქი შეიძლება დაიკარგოს მისი იატაკზე, საწყობის კედლებზე შეწებებით, მანქანის თვლებით და ქარით გატანა-გამოტანით.
შენახვისას მყარი სასუქების დანაკარგი შეადგენს 2%, თხევადის – 0,5%. მაგრამ თხევადმა სასუქმა შეიძლება დააზიანოს სპეციფიკური საცავის შედუღებული ადგილები და ამით შესაძლებელია დანაკარგებმა 100 %-ს მიაღწიოს.
მინერალური სასუქების დანაკარგები მათი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ქვეშ შეტანისას
სასოფლო-სამეურნეო კულტურების ქვეშ შეტანისას დანაკარგმა შეიძლება 2-3% შეადგინოს. ამ მომენტში სასუქი, არაჰერმეტული გადასაზიდი საშუალებებიდან იკარგება ტრანსპორტირებისას წარმოქმნილი მტვრის ჩამოცვენით. მნიშვნელოვანი რაოდენობის სასუქი რჩება მინდვრად, გროვებად დაყრის ადგილზე. სასაწყობო მეურნეობის არსებობისას დანაკარგები ბევრად ნაკლებია. მნიშვნელოვნად იზრდება დანაკარგები ქარიან ამინდში სასუქის შემტან აპარატებში ჩატვირთვისას და თვითმფრინავით ხრამებში და აუთვისებელ ნაკვეთებზე შეტანისას.
სასუქი იკარგება შემტანი აპარატით არათანაბარი შეტანით, რაც შეიძლება გამოიწვეული იყოს არა მარტო მომბნევი მანქანის კონსტრუქციით, არამედ სასუქის ხარისხით, პირველ რიგში კი მისი გრანულომეტრული შედგენილობით. ტენიანი და მტვრის მაღალი შემცველობის მქონე სასუქი არ იძლევა თანაბარი განაწილების საშუალებას, რადგან ეწებება აპარატის მუშა ორგანოებზე, ამიტომ დანაკარგები 3%-ს აღწევს.
არათანაბარი შეტანისას ხორბლის მოსავალი შეიძლება შემცირდეს 6,3%_ით; შაქრის ჭარხლის – 10,5%; კარტოფილის – 12,5%. გერმანიაში ამონიუმის გვარჯილის არასწორი შეტანისას 5-10 ც შემცირდა ხორბლის მოსავალი.
სასუქების შეტანის ხარისხი და დანაკარგები არსებითადაა დამოკიდებული გამოყენებულ ტექნიკასა და სასუქების ტენიანობაზე. ამჟამად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოიყენება პნევმატური მომბნევები, რომლებიც ჩვენთან გავრცელებულ ცენტრიდანულთან შედარებით, გამოირჩევიან მაღალი მწარმოებლობით, სასუქების თანაბარი განაწილებით და მცირე დანაკარგებით. სასუქების დანაკარგები დიდად არის დამოკიდებული მათი შეტანის ხერხებზე. ლოკალურად შეტანისას მცირდება დანაკარგები, რადგან სასუქი თავსდება მცენარის ფესვთა სისტემის ახლოს, ნიადაგის ტენით უზრუნველყოფილ სიღრმეზე, ამასთან ერთად, მცირდება სასუქის ნიადაგთან შეხების ფართი და მისი წყალხსნადი ფორმის ძნელადხსნად ფორმაში გადასვლა. აზოტის გამოყენების კოეფიციენტი ლოკალური შეტანისას შეადგენს 60%-ს, დანაკარგი მცირდება 9,2 % _ მდე. მობნევით შეტანისას დანაკარგი შეადგენს 20-30 %, აზოტის გამოყენების კოეფიციენტი კი არ აღემატება 50%-ს.
სასუქები შეიძლება დაიკარგოს ნიადაგში არასწორი შეტანისას. მაგ. აზოტიანი და ორგანული სასუქების ნიადაგში ჩაკეთების გარეშე დატოვებისას, დანაკარგმა შეიძლება საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწიოს.
სასუქიდან საკვები ელემენტები იკარგება ნიადაგში შეტანის შემდეგაც აგროტექნოლოგიური ღონისძიებების ვადებისა და მათი შესრულების ხარისხის დარღვევისას, რაც აპირობებს საკვები ელემენტების შეუთვისებელ ფორმაში გადაყვანას, აქროლებას, ჩარეცხვას და გადარეცხვას იწვევს.
„სოფლის მეურნეობის ქიმიზაცია და გარემოს დაცვა“
ა. თხელიძე, რ. ლიპარტელიანი, ნ. მუმლაძე, ხ. ხომასურიძე, გ. დანელია.