აგროსიახლეები

სამცხე-ჯავახეთში მცენარეთა გენეტიკური რესურსები შეგროვდა 

 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ადგილობრივების საკარმიდამო ნაკვეთებიდან, 106 ნიმუში შეაგროვეს.
ექსპედიციაში ჩართულმა სპეციალისტებმა 30 ადგილიდან სიმინდის 22, ლობიოს 70, ძაძას 1, მუხუდოს 1 და ცულისპირას 1 ნიმუში შეაგროვეს, რომლებიც შრობის პროცესს გაივლის და გენბანკში შესანახად მომზადდება.

ნიმუშების შეგროვება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საგრანტო დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში განხორციელდა. პროექტი 4 წლის განმავლობაში საქართველოს 8 რეგიონში განხორციელდება. 

ექსპედიციის მთავარი მიზანი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კულტურების კოლექციების არსებული მდგომარეობის შესწავლა, მცენარეთა გენეტიკური ბანკის კოლექციის გამდიდრება და საქართველოს სხვადასხვა დროს გატანილი და უცხოურ გენბანკში განთავსებული სამიზნე კულტურების გენეტიკური რესურსების დაბრუნებაა.