დარგებიმევენახეობა-მეღვინეობასტატიები

გადაგდებული განძი, ანუ ქვევრის ხარისხი რატომ არ არის ქვეყნის პრობლემა?

ამ წერილის დაწერა თამარ გელაშვილის სატელევიზიო გადაცემამ მაიძულა, რომელიც ჩემს მეგობარ ზურაბ ქორთუას უნახავს და ტელეფონში გადმომიგზავნა. საქმე ეხება, იმ უგნურებას, რომელსაც იჩენს საქართველოში დღემდე არსებული ყველა ხელისუფლება, ჩვენი ეროვნული საუნჯის ქვევრის მიმართ.

მართალია, ქვევრი, ჩვენი ეროვნული საუნჯეა, მაგრამ ის ბუნებრივი ღვინის დასაყენებლად ერთადერთი ჭურჭელია მსოფლიო მეღვინეობისთვის, ასევე, საქართველო, ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც აქვს ტრადიცია და შესაფერისი სახის თიხები ხარისხიანი ქვევრი აშენოს და მიაწოდოს მსოფლიო მეღვინეობას. ანუ ქვევრი, არის, საქართველოში წარმოებული ერთადერთი პროდუქცია, რომელსაც ნებისმიერი რაოდენობით ითხოვს ღვინის ჭურჭლის მსოფლიო ბაზარი. ხარისხიან ქვევრი, არის, ის პროდუქცია, რომელიც ქართულ მეღვინეობასაც დიდი რაოდენობით, რომ სჭირდება. ქვევრი, არის ის წარმოება, რომელიც ათიათასობით კაცს, რომ დაასაქმებს და ასობით მილიონს რომ შემოიტანს ქვეყანაში. ისმის კითხვა რას უნდა აკეთებდეს ამ დროს ქვეყანაზე და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება? რა თქმა უნდა, დღე და ღამ უნდა ფიქრობდეს თუ როგორ და რა საშუალებებით აწარმოოს ბევრი და მაღალხარისხიანი ქვევრი და მიაწოდოს, როგორც საშინაო, ისე მსოფლიო ბაზარს.

მოდით განვიხილოთ დღეს, რა დღეშია ქვეყნის დამსაქმებელ-გამამდიდრებელი დარგი, ანუ ქვევრის წარმოება. ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ამ მიმართულებით ძალიან ცუდად გვაქვს საქმე, რადგან, შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში აშენებული ქვევრი, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ანუ ქვევრის სტანდარტის უქონლობამ, მექვევრეთა მხრიდან თავისი პროფესიის უპატივისცემლობამ, ქვევრის დეფიციტმა, მექვევრეთა მხრიდან, მხოლოდ დღეის დღეზე ზრუნვამ და ფიქრმა, რაც შეიძლება მეტი ქვევრი გაჰყიდონ, ანუ მათი მხრიდან ქვევრის ხარისხისადმი ზერელე დამოკიდებულებამ, ქვევრის ხარისხის კატასტროფული დაცემა გამოიწვია. მოდით ვთქვათ დღეს აშენებული ქვევრების ძირითადი ნაკლი და შემდეგ გავაანალიზოთ ამ ნაკლოვანებათა მიზეზები და მათი აღმოფხვრის გზები.

დღეს ქვევრის ძირითადი ნაკლი, მეტისმეტად თხელი და მაღალფორიანი კედელია, ანუ ქვევრის კედელი, ისეთი თხელია, რომ დაცემენტების გარეშე მასში ჩასხმული ღვინის წონას ვერ უძლებს და სკდება, ხოლო ამ თხელ კედელს ისეთი გამჭლევებული თიხისგან აშენებენენ, რომ კარგი გასანთვლის გარეშე, ღვინო გასდის.

მართალია, ჩვენს წინაპარს ქვევრის შენების სტანდარტი ქაღალდზე დაწერილი არ ჰქონდა, მაგრამ ეს სტანდარტი, ყველა მათგანს მამა-პაპისგან მიღებული თავში ედო და თავს უფლებას არ აძლევდა ამ ცოდნიდან გადაეხვია. მას ამის უფლებას საკუთარი ხელობის პატივისცემა და საკუთარ ნამზადზე პასუხისმგებლობის მოვალეობა არ აძლევდა. ასევე, ქვევრის ყიდვის დროს ფხიზლობდა ქვევრის რაობაში კარგად გარკვეული მყიდველი, ანუ ადრე მექვევრე, თვითონ უდგენდა თავის თავს ქვევრის შენების სტანდარტს და ასრულებდა კიდეც. დღეს კი ამ მხრივ სულ სხვა ვითარებაა: გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან ბევრი, მიზეზის გამო, საქართველოში ფაქტიურად შეწყდა ქვევრის შენება. ამ 40-50 წლიანი იძულებითი წყვეტის პერიოდში კი ორი თაობა გაიზარდა, ანუ ორი წინა თაობა, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან შემდეგი თაობისათვის ძველი ცოდნის გადაცემა ვერ მოასწრო. ახალი თაობა კი ამ დროს, სხვა უფრო სუფთა საქმით იყო დაკავებული, ანუ დაიკარგა ათობით საუკუნის მანძილზე დაგროვილი ცოდნა. დღეს კი მექვევრეთა ახალი თაობა აშენებს ქვევრს, რომელთა ცოდნა წინაპართა ცოდნის გაგრძელება კი არაა, არამედ, ბებია-ბაბუის მოგონებებით აღგენილი ცოდნაა, რაც ეტყობა კიდეც მათ ნახელავს.

ახალმა საუკუნემ ახალი გაქანება მოუტანა მექვევრეობას. ევროპასთან კავშირის აღდგენის შემდეგ სიახლით დაინტერესებულმა დასავლეთმა ქვევრი მოითხოვა, ანუ იმ ქვევრს გაეხსნა ევროპის ბაზარი, რომლის შენების კულტურა რამდენიმე ათეული წლის დაკარგული იყო. შექმნილ ვითარებაში დროულად გაერკვა ქვევრის შენების ძველ ცენტრებში მცხოვრები ტრადიციული მექვევრე ოჯახების ახალგაზრდა თაობა. მათ ოჯახის წინა თაობის მოგონებებით მოკლე დროში აითვისეს ქვევრის შენების ზოგიერთი საიდუმლო. სამწუხაროდ, ზოგიერთი და არა ძირითადი, კერძოდ: ისინი, წინაპრებს, მხოლოდ ქვევრის გარეგნული ფორმის შენებაში მიუახლოვდნენ, რაც შეეხება ქვევრის შენების ძირითად შემადგენელს, კერძოდ: ქვევრის თიხების შერევნის ნორმას, კედლის სისქეს, საკუთარი ხელობის პატივისცემას და საკუთარ ნამზადზე პასუხისმგებლობის აღებას, ეს ყველაფერი მათ, ჯერჯერობით მეორეხარისხოვან საქმედ მიაჩნიათ. არადა უამისოდ, არც ხარისხიანი ქვევრი შეიძლება იყოს და არც მექვევრე ტრადიციული სინდის-ნამუსით.

ჩვენმა წინაპარმა, ქვევრის შენების ყველა წვრილმანი ათასობით წლის განმავლობაში ზედმიწევნით ზუსტად შეისწავლა, დახვეწა და დაგვიტოვა. საიდან, როგორ და როდის დამკვიდრდა ქართულ მექვევრეობაში ქვევრის კედლის გახიზვის (გასანთვლა, ქონით დამუშავება), მავნე ტრადიცია, უცნობია (არის ვარაუდი, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოდან, ასე ფიქრობს მეღვინეობის ისტორიკოსი ბატონი გიორგი სარაჯიშვილი). არადა მანამდე ჩვენს წინაპარს ქვევრიდან ღვინის გაჟონვის აღსაკვეთად ორი უებარი საშუალება ჰქონდათ, კერძოდ: ქვევრის საამშენებლო კაზმში ცხიმიანი თიხის დამატებით ქვევრის კედლის ფორებს ავიწროებდა და მეორე, ქვევრის გარშემო შემოყრილი მიწა, მუდამ დანესტიანებული ჰქონდათ, რასაც ქვევრის თავის გარშემო დატოვებულ საწყლე ორმოებში წყლის ჩასხმით აღწევდა. სამწუხაროდ, დღეს ორივე ეს ხერხი, დავიწყებულია და ქვევრის კედლიდან ღვინის გაჟონვის აღსაკვეთად კედლის გახიზვა დამკვიდრდა. როცა ღვინოს კედელგასანთლულ ქვევრში ვაყენებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ღვინო, მართალია ქვევრში ასხია, მაგრამ ის გამომწვარ თიხაში კი არ ზის, არამედ, სანთლის სარკოფაგშია, ანუ იზოლირებულია ქვევრის თიხის კედლისგან, ასეთ ღვინოს კი არაფერი აქვს საერთო ქვევრის ღვინოსთან. ის, ისეთივე ღვინოა, როგორიც შუშის და მეტალის ჭურჭელში დგება. გამოდის, რომ კედელგასანთლული ქვევრი და მისი ამშენებელ-გამსანთლავია დამნაშავე იმაში, რომ დღეს, ქვევრის ღვინის მაგიერ საქართველოში ღვინის „სუროგატს“, რომ ვაყენებთ.

შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი ასეთია: მექვევრემ უნდა ისწავლოს თიხის ისეთი კაზმის გაკეთება, რომლით აშენებული ქვევრის კედლიდან უმიზეზოდ ღვინო, რომ არ გაჟონავს, ხოლო ქვევრებით გაწყობილი მარნის პატრონმა უნდა ისწავლოს წესის და რიგის მიხედვით ქვევრის მიწაში ჩადგმა, ანუ მარანში ჩადგმულ ყველა დიდი ზომის ქვევრს თავის გარშემო უნდა დაუტოვოს 3-4 ორმო, წყლის ჩასასხმელად და ქვევრის გარშემო შემოყრილი მიწის დასანესტიანებლად.

ქვევრის მეორე დიდი პრობლემა, მისი არასათანადო ტემპერატურაზე გამოწვაა. დღეს ქვევრის გამოწვა, არც სათანადო ტემპერატურაზე ხდება და არც თიხის გამოწვის წესების დაცვით, კერძოდ: ჰომოგენური მასის მისაღებად ქვევრის თიხა 1100-1150 გრადუს ტემპერატურაზე უნდა გამოიწვას, ანუ არა ნაკლებ 1100 გრადუსისა, შეშა კი რომლითაც დღეს და ყოველთვის ქვევრებს წვავდნენ 800-850 გრადუსზე მეტს არ იძლევა. მართალია, წაბლისა და წიფელას შეშა, საჭირო ტემპერატურას იძლევა, მაგრამ ამ ჯიშის ხეთა მოჭრა, კანონითაა აკრძალული. ასევე, შეუძლებელია კუსტარული მეთოდით გამოწვისას თიხის დუღილის ცხობისა და გაქვავების ტემპერატურების დაჭერა და ამ პროცესების სათანადო დროით დაყოვნება.

ქვევრის მესამე დიდი პრობლემა, ქვევრის კედლის დაკირვა-დაცემენტებაა. ქვევრის დაკირვის კულტურა ჩვენმა წინაპარმა მიწისძვრის საწინააღმდეგო ღონისძიებად დაამკვიდრა და მიზანსაც მიაღწია, რადგან ქვევრის 4-6 სმ. სისქის კედელს ამდენივე სისქის კირის დუღაბი დაამატა, რომელიც 7-8 ბალიან მიწისძვრასაც კი უძლებდა. დღეს კი მექვევრე იმ იმედით, რომ მყიდველი ქვევრს დააცემენტებს და მისი ხალტურა რამდენიმე ათეული წელი შეუმჩნეველი დარჩება 2-3 ტონიან ქვევრს 5 სმ. სისქის ნაცვლად 3 სმ. სისქით აშენებს. ეს რა თქმა უნდა, დიდი დარღვევაა, რადგან ასეთი კედელი, ღვინის დაწოლასაც კი ვერ უძლებს და სკდება. საქმე ისაა, რომ ასეთი ქვევრებით თვითონ დავზარალდი და ახლოს ვიცნობ ამ პრობლემას, ანუ 7 ქვევრიდან სამი წყლის პირველივე ჩასხმაზე გასკდა (ქვევრები დაცემენტების გარეშე იყო მიწაში ჩადგმული). სამწუხაროდ, ჩემი შემთხვევა გამონაკლისი არაა და ასე ფიქრობს ქვევრის თითქმის ყველა მშენებელი, ანუ დღეს ქვევრის გახიზვა-დაცემენტება გადაქცეულია მექვევრის „ხალტურის“ გადასაფარ ღონისძიებად. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ქვევრის შენების სტანდარტი, რომლის დამრღვევი პასუხს აგებს თავის ნამზადზე, ეს კი გაზრდის, როგორც ქვევრის ხარსხს, ისე მექვევრის პასუხისმგებლობას. ქვევრს დაკირვა (და არა დაცემენტება, რადგან სისველეში ცემენტი რამდენიმე ათეული წლის შემდეგ იწყებს დაშლას), შემდეგაც შეიძლება გამოვიყენოთ ქვევრის გასამაგრებელ საშუალებად, მაგრამ არა ხალტურის გადასაფარად.

საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, დღეის მდგომარეობით საქართველოდან საზღვარგარეთ რამდენიმე ათასი ქვევრია გატანილი, გატანის დროს მათი ხარისხი არავის შეუმოწმებია, რაც შეეხება სანთელს, რომლითაც ქვევრის კედლის ფართო ფორებია დაგმანული 12-15 წლის შემდეგ კედლიდან მოშორდება, ასევე, ის ცემენტი, რომლითაც ქვევრის სუსტი კედელია გამაგრებული, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ შეწყვეტს კედლის გამაგრებას, მერე რა იქნება? ფიქრობს ვინმე ამაზე?!

ქვევრი, ღვინის ის ჭურჭელია, რომელშიაც მაღალი ხარისხის ღვინის დაყენება 2-3-ჯერ იაფად, რომ შეიძლება, ვიდრე ღვინის სხვა ნებისმიერ ჭურჭელში, ხოლო ღვინის მუდმივ დაბალ ტემპერატურაზე შენახვა, წლების განმავლობაში ყოველგვარი დანახარჯის გარეშე რომ შეიძლება, ამიტომ ქვევრს აქვს პოტენციალი ხარისხიანი ღვინის დასაყენებლად მსოფლიო მეღვინეობის ძირითადი ჭურჭელი გახდეს და ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში დამკვიდრდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო, ყოველწლიურად ათიათასობით ქვევრს გაიტანს ექსპორტზე, ეს კი ქვეყნისთვის არა მარტო ასობით მილიონი უცხოური ვალუტის შემოსავალია, არამედ, ამით ქვეყანა, ათასობით მაღალ-ანაზღაურებად სამუშაო ადგილსაც მიიღებს. ქვეყნისთვის ყველა ამ პერსპექტივის დაკარგვა კი რამდენიმე უხარისხო ქვევრის ექსპორტზე გატანას შეუძლია. ამიტომაა აუცილებელი ქვეყნის ხელისუფლებამ დროზე გაათვითცნობიეროს ქვევრისა და ქვევრის მეღვინეობის პერსპექტივა ქართული ეკონომიკისათვის და ქვევრის ხარისხის პრობლემა, ქვეყნის პრობლემის „რანგში“ აიყვანოს.

რაც შეეხება იყალთოს აკადემიას, ის მართლაც აკადემია, ანუ სასწავლო დაწესებულება უნდა იყოს და არა ქვევრების მშენებელი საწარმო და ფულის სამჭედლო. ვფიქრობთ ის ასეთად არ იყო ჩაფიქრებული. თუ ვინმე სხვაგვარად ფიქრობდა ძალიან შემცდარა. როგორც ცნობილია, ქვევრი, სათანადოდ დღემდე არავის უკვლევია, აუცილებელი კია, რადგან ქვევრი, ღვინის ჭურჭლის მსოფლიო ბაზარზე უნდა გავიდეს და სამრეწველო მეღვინეობაში თავისი ნიშა დაიჭიროს. იქ კი პროდუქციას „ინსტრუქცია“ უნდა ახლდეს, საიდან გადახვევაც დიდი ჯარიმებით ისჯება. ის ენთუზიასტები, რომლებიც დღემდე ჩვენი კლიენტურა იყო და დიდი მოთხოვნები არ ჰქონდათ (ასეთია ენთუზიაზმის ბუნება), უნდა დავივიწყოთ და მსოფლიო ბაზარზე კონკურენციულ ბრძოლაში უნდა ჩავებათ. ამიტომ თუ ჩვენ ქვევრს არ შევისწავლით, ან რა ჩავწეროთ ინსტრუქციაში და ან რის მიღწევას დავპირდეთ ქვევრის მყიდველს? ამიტომ იყალთოს ქვევრის აკადემიას ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გამოუყოს დაფინანსება და აქციოს ის სასწავლო/კვლევით დაწესებულებად. ასეთი დაწესებულება კი საპატრიარქოს ხელში უკეთ შეასრულებს თავის ფუნქციას.

ქვეყანის იმ რეგიონებში კი სადაც შესაფერისი თიხებია სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ ქვევრის საამშენებლო ქარხნების მშენებლობა და ქვეყანამ 2-3 წელიწადში ათი ათასზე მეტი მაღალხარისხიანი ქვევრის აშენება უნდა შეძლოს. ანუ ქვეყანამ ქვევრის წარმოების კუსტარული მეთოდი, სასწრაფოდ უნდა გადაიყვანოს ინდუსტრიულ ლერსებზე.

ჟორა გაბრიჭიძე,

სტუ უფროსი მეცნიერთანამშრომელი,

შეკითხვებისათვის ტელ. 551 333 155.