აგრარული განათლებამედია ფერმერებისთვის TVფერმერი ფერმერს

სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა (GAP), ზოგადი პრინციპები

სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის (GAP) ცნება დაინტერესებულ მხარეთა ფართო სპექტრის მიერ კვების პროდუქტების წარმოებასა და უსაფრთხოებაზე, სურსათის უვნებლობასა და ხარისხზე, სოფლის მეურნეობის ეკოლოგიურ მდგრადობაზე ზრუნვის მიზნით ჩამოყალიბდა. ამით დაინტერესებული არიან მთავრობები, კვების პროდუქტების გადამმუშავებელი და საცალო ვაჭრობის სექტორები, ფერმერები და მომხმარებლები. მათი მიზანია, სასურსათო უსაფრთხოების, სურსათის ხარისხის, წარმოების ეფექტიანობის, საარსებო წყაროებისა და გარემოს დაცვის გაუმჯობესება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.
GAP ამ ამოცანების გადაჭრის საშუალებაა.

ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური მდგრადობის მისაღწევად საჭირო ცოდნას GAP-ით ფერმერულ მეურნეობაში სოფლის მეურნეობის უსაფრთხო, ჯანსაღი საკვები და არასაკვები პროდუქციის მისაღებად სარგებლობს. მრავალი ფერმერი GAP-ს იყენებს ისეთი მდგრადი სასოფლოსამეურნეო წარმოების მეთოდების მეშვეობით, როგორიცაა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლა, საკვები ნივთიერებების ინტეგრირებული მართვა და კონსერვაციის პრაქტიკა. ეს მეთოდები გამოიყენება სასურსათო უსაფრთხოებაშიც, რასაც მხარდამჭერი სამთავრობო პოლიტიკა და პროგრამებიც უწყობს ხელს. საზოგადოებრივი და პროფესიული ჯანმრთელობის, გარემოსდაცვითი და უსაფრთხოების გათვალისწინებით, დღეისთვის GAP პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირების საშუალებად არის აღიარებული.

საქართველოს სანიმუშო სასოფლოსამეურნეო პრაქტიკის კოდექსი 2007 წელს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გამოიცა. 2015 წელს „სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების“ პროექტის ფარგლებში სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსადმი მეგობრული სოფლის მეურნეობის პროექტის განხორციელებასა და სასოფლოსამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის გაიდლაინების განახლებაში დაეხმარა. FAO-მ კონკრეტული პროდუქტების (ვაშლი, ატამი, ვაშლატამა (ნექტარინი), მანდარინი, ხურმა, თხილი,) წარმოებისთვის სპეციფიკური სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის სახელმძღვანელოები (GAP) შეიმუშავა. მომხმარებლების მხრიდან ჯანსაღ საკვებზე მოთხოვნის საპასუხოდ, კერძო სექტორი კვების პროდუქტების გადამამუშავებელი კომპანიებისა და საცალო გამყიდველების მიერ შემუშავებული არაფორმალური პრაქტიკის კოდექსებისა და ინდიკატორების მეშვეობით სულ უფრო მეტ რეკომენდაციას უწევს GAP-ის გამოყენებას. შესაძლოა, ეს ტენდენცია ფერმერებისთვის GAP-ის ათვისების სტიმულად იქცეს, რადგან მათ წინაშე ახალი საბაზრო შესაძლებლობები გაჩნდება.

ევროპის ქვეყნებში სავაჭრო ქსელის გაყიდვების 60 პროცენტი მოდის პროდუქტებზე, რომლებიც წარმოებულია GLOBALGAP (გლობალგაპი), BRC (ბრიტანეთის საცალო მოვაჭრეთა კონსურციუმის სტანდარტი) და IFS (სურსათის საერთაშორისო სტანდარტები) შესაბამისად. თუმცა, სხვა ქვეყნებში, შესაძლოა, მოქმედებდეს სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის სხვა სტანდარტები: ASEANGAP – აზიური ქვეყნებისათვის, JGAP – იაპონიისათვის, India GAP – ინდოეთისათვის და ა.შ. ხილისა და ბოსტნეულის მწარმოებლებისათვის GLOBALGAP-ის მოთხოვნების ნუსხას ქართულად ნახავთ საიტზე https://www. globalgap.org/uk_en/documents/ #  (მარცხენა ველში ბოლომდე ჩამოფურცვლით მონიშნეთ „Language” ველში ქართული – „Georgian”).

კვების პროდუქტების მიკვლევადობის ჯაჭვის განვითარება სურსათის უვნებლობასა და ხარისხთან მიმართებაში სერიოზულ გავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებაზე, გვთავაზობს რესურსების მდგრადი გამოყენების საშუალებას. GAP-ის წესების მიხედვით, ბოსტნეულის მოყვანა სათანადო აგრონომიულ შეფასებებს წარმოების დაწყებისთანავე საჭიროებს. ეს კი, თავის მხრივ, ბაღის მართვისთვის აუცილებელ ცოდნას მოითხოვს. იგულისხმება გარემოს დაცვის გათვალისწინებით სასუქების, წყლისა და ტექნიკის რაციონალური გამოყენება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად.

დაბოლოს, სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკა (GAP) თვითრეგულირების წესების ერთობლიობაა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებითა და გადამუშავებით ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად გამოიყენება. ეს უნდა განხორციელდეს ბუნებრივი ბიოლოგიური ციკლის გათვალისწინებით. ამ ამოცანის შესასრულებლად საჭიროა ვიცოდეთ მიწის დამუშავება და მექანიზმები, რომლებიც მცენარესა და ნიადაგს შორის ურთიერთქმედებას არეგულირებენ; აუცილებელია მოვიმოქმედოთ ყველაფერი, რაც თავიდან აგვაცილებს პროდუქციის დაბინძურებას და საშუალებას მოგვცემს, მომხმარებლებს მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტი შევთავაზოთ.

GAP იწყება სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის ადგილის სწორად შერჩევით. სასოფლო-სამეურნეო კულტურის მოყვანის ადგილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსავლის ხარისხზე. მაგალითად, მზიან ადგილას მოყვანილი ბოსტნეული კულტურების ნაყოფი უფრო შეფერილია; ნისლიან ხეობაში მოყვანილ ნაყოფს სოკოვანი დაავადებები ემუქრება; ცივ ადგილას ნაყოფი შედარებით გვიან მწიფდება და ყინვების დადგომის შემთხვევაში, მაღალია ჩითილების დაზიანების რისკი.

სასურველია, დასარგავი ადგილი 4-8 პროცენტით იყოს დაქანებული. იმ შემთხვევაში, თუ დაქანება მეტია (25 პროცენტი), არსებობს მექანიზაციის გადაბრუნების რისკი. უნდა მოვერიდოთ ადგილებს, სადაც სატრანსპორტო საშუალებები ინტენსიურად მოძრაობენ, რადგან გამონაბოლქვის შედეგად წარმოქმნილი სმოგის ნაწილაკები 100 მეტრის რადიუსზე ვრცელდება.

უნდა დავიცვათ უსაფრთხო დისტანცია სამრეწველო ობიექტებისაგან, რომლებიც ატმოსფეროში მავნე ნივთიერებებს აფრქვევენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მეტალურგიული ინდუსტრიის ობიექტები, რომლებიც ჰაერში კადმიუმსა და ვერცხლისწყალს გამოყოფენ. უნდა მოვერიდოთ ნაგავსაყრელებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი რეაბილიტირებულია.

საუკეთესოა კარგად დრენაჟირებული, პარაზიტებისა და სოკოვანი დაავადებების პოტენციური წყაროებისგან თავისუფალი ლამიანი თიხნარი ნიადაგი. აუცილებელია მოვიკვლიოთ ინფორმაცია ჩვენთვის საინტერესო ნიადაგში სასუქის გამოყენების, თესლბრუნვისა და წყლის წყაროების შესახებ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ დაბინძურებული წყალი ვერ აღწევს მიწის ნაკვეთამდე; ვიზრუნოთ, რომ ნაკვეთი დაშორებული იყოს პირუტყვის სადგომებისა და საძოვრებისაგან.

ბოსტნეული კულტურების წარმოებისას რეკომენდებულია პირუტყვის ნაკელის, როგორც განოყიერების ღირებული წყაროს, გამოყენება. თუმცა, არასწორი მართვის შემთხვევაში, ეს ორგანული ნივთიერება შეიძლება დაბინძურების წყაროდ იქცეს. მიკრობული დაბინძურების რისკის შესამცირებლად მნიშვნელოვანია ნაკელის სათანადოდ კომპოსტირება, დარგვამდე მისი ნიადაგში გარევა და მცენარეებთან მისი უშუალო შეხების თავიდან აცილება. არსებობს საშიშროება, რომ ფეკალური მასა მოხვდეს ნაყოფზე ან ნაკელში არსებული პათოგენები (მაგ., E. coli O157: H7, Salmonella და Campylobacter) ნაყოფში წყალმა გადაიტანოს. ორივე შემთხვევა მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის. ნაკელის ხსნარსა და ნიადაგში პათოგენები შეიძლება სამი ან მეტი თვის განმავლობაში შენარჩუნდეს. ამიტომ ნიადაგის გასამდიდრებლად ექვსი თვის კომპოსტირებული ნაკელი გამოიყენება. მისი შეტანა რეკომენდებულია შემოდგომაზე ან სეზონის დასასრულს, როდესაც ნიადაგი ჯერ კიდევ თბილია. მაღალ ტემპერატურას, რომელიც სათანადოდ შერეული, აერობული კომპოსტით მიიღწევა, ყველაზე მავნე პათოგენების განადგურება შეუძლია. აქედან გამომდინარე, მაღალი ხარისხის სტაბილური კომპოსტის მისაღებად ტემპერატურის ოპტიმიზაცია სასუქის დროულად გადაბრუნებით უნდა განვახორციელოთ.

ბოსტნეულის მოყვანის სანიმუშო
სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა