დარგებიმეფუტკრეობაფერმერი ფერმერს

საფუტკრის მართვა ბიოსტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით

 ბიომეფუტკრეობის სწორად წარმართვისთვის აუცილებელია შემდეგი ფაქტორების გათვალისწინება:
  • ფიჭა დამზადებული უნდა იყოს ბიომეთოდით მიღებული ცვილისაგან;
  • სკები დამზადდეს ნატურალური ხის მასალისაგან;
  • სკა უნდა იყოს ბუნებრივ მდგომარეობაში (დაშვებულია სკის შეღებვა ბიოსაღებავით ან ცვილით);
  • ჩარჩოს აწყობისას აუცილებელია უჟანგავი ლითონისაგან დამზადებული მავთულის გამოყენება;
  • ფუტკრის პროდუქციის აღების პროცესში აკრძალულია ფუტკრების განადგურება ფიჭებზე;
  • აკრძალულია დედა ფუტკრისათვის ფრთების მოჭრა;
  • აკრძალულია თაფლის ამოღებისას ქიმიური რეპელენტების (დამაფრთხობლების) გამოყენება;
  • შებოლების გამოყენება მინიმუმამდე უნდა იქნეს დაყვანილი;
  • შესაბოლებელი საშუალებები უნდა იყოს ბუნებრივი წარმოშობის;
  • თაფლის ან მეფუტკრეობის სხვა პროდუქციის ექსტრაქციისა და გადამუშავების პროცესის ჩატარება რეკომენდებულია შეძლებისდაგვარად დაბალ ტემპერატურაზე;
  • თაფლის ექსტრაქციისთვის აკრძალულია ბარტყიანი ჩარჩოს გამოყენება;
  • დამტვერვითი სამუშაოების ჩასატარებლად მეწარმეს შეუძლია აწარმოოს ბიო- და არაბიომეფუტკრეობა ერთი საწარმოო ერთეულის ფარგლებში, იმის გათვალისწინებით, რომ ბიოწარმოების ყველა მოთხოვნა არის დაცული, გარდა ბიოსკების განლაგების საკითხისა – თუ ბიოსკები განლაგებულია არაბიო გარემოში, ამ შემთხვევაში მიღებული პროდუქცია არ უნდა გაიყიდოს როგორც ბიო.

გამონაკლისი წესები ფუტკრის ნაწარმი შეიძლება გაიყოდოს როგორც ბიოპროდუქტი, თუ ბიოტანდარტში მითითებული მოთხოვნების შესრულება ხდება მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში. გარდამავალი პერიოდის განმავლობაში არსებულ ფიჭა უნდა ჩანაცვლდეს ბიოფიჭით. იმ შემთხვევაში, თუ ფიჭის ჩანაცვლება მთლიანად ვერ ხერხდება ერთი წლის განმავლობაში, რისი მიზეზიც ბაზარზე ბიოფიჭის ხელმიუწვდომლობაა, მაშინ სერტიფიცირების ორგანოს შეუძლია გაზარდოს კონვერსიის პერიოდი. როდესაც ბიოფიჭა ხელმიუწვდომელია, სერტიფიცირების ორგანომ შეიძლება გამონაკლისის სახით დაუშვას არაბიოფიჭის გამოყენება, იმ პირობით, თუ ფიჭა მიღებულია სკებიდან, რომლებიც განლაგებულია ისეთ ადგილებში, სადაც არ გამოიყენება აკრძალული ნივთიერებები.

კატასტროფული შემთხვევების დროს, სერტიფიცირების ორგანომ დროებითი ღონისძიების სახით შეიძლება დაუშვას:

  • დაავადებებით ან კატასტროფული მოვლენების შედეგად გამოწვეული ფუტკრების მაღალი სიკვდილიანობისას, საფუტკრის თავიდან შექმნის ან განახლებისათვის არაბიო სკების გამოყენება, თუ ბიოსკები არ არის ხელმისაწვდომი;
  • ფუტკრების გამოკვება ბიოთაფლით, ბიოშაქრით ან ბიოშაქრის სიროფით, როდესაც იშვიათი ხანგრძლივი არახელსაყრელი კლიმატური პირობების ან კატასტროფული მოვლენების გამო ფუტკრებისათვის არ არის მისაწვდომი მცენარეული ნექტარი.

მსგავსი ნებართვის მიღებისას მეწარმეს უნდა ჰქონდეს სტანდარტის მოთხოვნების შესრულების დამადასტურებელი ჩანაწერები და დოკუმენტაცია.

წყარო: „ელკანას“ რჩევები ბიომეურნეებს