საქართველო ორმაგ ტვირთს ატარებს: არასაიმედო რუსულ ხორბალზე დამოკიდებულებას და ფქვილში მაღალი ფასის გადახდას
ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი სურსათის გლობალური უსაფრთხოების მიმართულებით დოქტორი კერი ფაულერი აცხადებს, რომ საქართველო წელიწადში დაახლოებით 100 ათას ტონა ხორბალს აწარმოებს, მაგრამ ხუთჯერ მეტის იმპორტს ეწევა და ეს რაოდენობა თითქმის მთლიანად რუსეთიდან შემოდის.
როგორც ფაულერი „ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, უკრაინაში ომის ფონზე რუსეთმა საქართველოს ხორბლის მიწოდება შეუზღუდა, რის გამოც ქვეყანას ფქვილის ყიდვა სხვა ბაზრებიდან და უფრო ძვირად უწევს. მისივე განმარტებით, ამის გამო როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, ქვეყნის რუსულ მარცვლეულზე დამოკიდებულების შესამცირებლად, საქართველოში შიდა წარმოების გაზრდის ხელშეწყობას ცდილობენ.
„ახლახან მქონდა ძალიან სასიამოვნო შეხვედრა საქართველოს საკმაოდ შთამბეჭდავ დელეგაციასთან, რომლის წარმომადგენელი სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრიც იყო. საქართველოსთვის ერთ-ერთი საკითხი ხორბლის იმპორტზე დამოკიდებულებაა. საქართველო თავად აწარმოებს წელიწადში დაახლოებით ასი ათას ტონა ხორბალს, მაგრამ ხუთჯერ მეტის იმპორტს ეწევა და ეს რაოდენობა თითქმის მთლიანად რუსეთიდან შემოდის.
ცხადია, ამ სიტუაციაში საქართველოს, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ბევრ ქვეყანას, რომელიც რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული, სურს ამას თავი დააღწიოს და იყოს მასზე ნაკლებად დამოკიდებული“, – აცხადებს ფაულერი.
მისივე განმარტებით, საქართველოს შემთხვევაში საჭირო იქნება ხორბლის შიდა წარმოების გარკვეულწილად გაზრდა.
„ბოლო წლებში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოსთვის ხორბლის მთავარი წყაროა… უბრალოდ მინდა აღვნიშნო, რომ ამ მომენტში არსებობს შეზღუდვები რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. ამან რამდენიმე ქვეყანა აიძულა ხორბლის ნაცვლად ფქვილის იმპორტი აწარმოონ, რასაც უფრო მაღალი ფასი აქვს და განსაკუთრებით ახლა, როცა ფასები ჩვეულებრივზე მაღალია. ასე რომ, საქართველო, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, დგას იმ ფაქტის წინაშე, რომ ორმაგი ტვირთი აქვს სატარებელი: ერთია ის, რომ დამოკიდებულია რუსეთზე, რაც არ არის საიმედო, და მეორე ის, რომ ხორბალი უნდა ჩაანაცვლოს კიდევ უფრო ძვირი იმპორტირებული ფქვილით“,- აცხადებს კერი ფაულერი.
მისვე განმარტებით, ფქვილის შემოტანა ხდება სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის, სხვათა შორის, უკრაინიდანაც მაგრამ ძირითადად, თურქეთიდან, ყაზახეთიდან და ასევე რუსეთიდან, საიდანაც ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვებია, ფქვილზე კი – არა.
კერი ფაულერმა უპასუხა შეკითხვას, თუ როგორ არის შეერთებული შტატები და სახელმწიფო დეპარტამენტი ჩართული საქართველოში ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაში.
„ეს არის კონკრეტული მრავალწლიანი პროგრამები, რომლებსაც შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი საქართველოში ხორბლის წარმოების გაზრდის მიზნით ახორციელებს. პროგრამები ასევე ცდილობს, ე.წ. ღირებულების ჯაჭვის შექმნას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს გადამუშავების ისეთი პროცესების ხელშეწყობას, რომლებიც უკვე არსებულ პროდუქციას ღირებულებას გაუზრდის, რაც ფაქტობრივად, დაეხმარება საქართველოს მომავალში იმპორტი საკუთარი პროდუქციით ჩაანაცვლოს.
ასევე არსებობს პროგრამა, რომელშიც შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოა ჩართული. ესეც მრავალწლიანი პროგრამაა, რომელიც კონკრეტულად მავნე მწერების პრობლემის გადაჭრაზე მუშაობს მთლიანად სასოფლო-სამეურნეო სისტემაში, როგორც მინდორში, ასევე მოსავლის აღების შემდეგ. ჩვენ ასევე განვიხილავთ კიდევ სხვა რამდენიმე ინიციატივას, რომელთა ხელშეწყობა შესაძლებელია თავად საქართველოსა და ზოგიერთი საერთაშორისო ინსტიტუტის დახმარებით, რათა ხორბლის წარმოება საქართველოში კიდევ უფრო გაიზარდოს“, – განაცხადა კერი ფაულერმა.
მისი თქმით, ისტორიულად, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 6 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია. სასოფლო-სამეურნეო პროგრამები, რომლებიც ახლა დაასახელა 4-5 წლიანი მიმდინარე პროგრამებია და მათთვის დაახლოებით, 23 მილიონი დოლარია გამოყოფილი.
„ ასევე, 5 მილიონი დოლარია გამოყოფილი პროგრამაზე, რომელიც მავნე მწერების ზემოქმედების შემცირებას ისახავს მიზნად. ჩვენ ამ პროგრამებს ვაკვირდებით ეფექტურობის შესაფასებლად და საქართველოს დახმარების გზების გასაუმჯობესებლად“,- აცხადებს კერი ფაულერი.