რუბრიკებისტატიები

საქართველოს აგრარულ სექტორში არსებული პრობლემების მოგვარების ზოგიერთი ასპექტი

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან საქართველოს სოფლის მეურნეობამ ტრანსფორმაციის რამდენიმე ეტაპი გამოიარა. მემკვიდრეობით მიღებული ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურების მიზანმიმართულად მყისიერი დაშლა-დანგრევის (და არა დემონტაჟი) შედეგად დარგი აღმოჩნდა კრიზისულ მდგომარეობაში.

გარდამავალ პერიოდში გაჩანაგდა აგროკომპლექსის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მოიშალა მისი ორგანიზაციის მეცნიერული საფუძველი, საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურა. სოფლის მეურნეობა არაკონკურენტუნარიანი ნატურალური მეურნეობის პრინციპით ფუნქციონირებს. გლეხი მეურნეობის გაძღოლის თანამედროვე ცოდნას (ჩვევებს) ვერ იძენს.

ქვეყანაში განვითარების ერთ-ერთი ეტაპი დაიწყო 2013 წლიდან. ახალმა ხელისუფლებამ საერთოდ შეცვალა დამოკიდებულება ეკონომიკის მიმართ. გამოიკვეთა სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტი. 2012-2014 წლებში სოფლის მეურნეობაში გამოვლინდა ზოგიერთი პოზიტიური სიმპტომი. გარკვეულწილად ამაღლდა ორგანიზებულობის დონე, უფრო განვითარდა ინტეგრაციული პროცესები. აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის მეცადინეობა აგროსექტორის განვითარებისათვის ევროკავშირთან, აშშ-სთან, ყველა მეგობარ ქვეყნებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასაყვანად. ფასდაუდებელია ევროკავშირის დახმარება, რაც სასურსათო უზრუნველყოფის პროგრამებით დაწყებული, სასოფლო-სამეურნეო პროექტებით განხორციელდა. ამ მიზნით შემოსული თანხები მილიონობით ევროს ფარგლებს გასცილდა, რამაც ხელი შეუწყო დარგის განვითარებას.

ცნობილია, რომ მიწების პრივატიზაციის მოუმზადებლად ჩატარებამ გამოიწვია სავარგულების ფრაგმენტაცია, რის შედეგად გართულდა მათი დამუშავება და პროდუქციის მიღება. სწორედ ასეთმა სიტუაციამ დააყენა დღის წესრიგში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბების აუცილებლობა. დაქსაქსული მიწების გაერთიანება კოოპერატივების სახით უფრო რეალურ პერსპექტივას ბადებს მიწების დამუშავებისა და მათი ეფექტურად მწყობრში ჩასაყენებლად.

მთავრობის მიერ არჩეული გზა (პირველი ნაბიჯები) სწორად მიგვაჩნია, მაგრამ ამ მიმართულებით მუშაობის დახვეწაა საჭირო. ფაქტია, რომ ათიათასობით წვრილ გლეხურ (ოჯახურ) მეურნეობას არც გამოცდილება და არც ფინანსური საშუალება არ გააჩნია დამოუკიდებლად ფეხზე დასადგომად. სწორედ ასეთ ვითარებაშია სახელმწიფო ვალდებული ქმედითი დახმარება გაუწიოს გლეხთა კოოპერატიულ გაერთიანებებს და იზრუნოს მათი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. საყურადღებოა, რომ აგროსამრეწველო ინტეგრაციისა და კოოპერაციის მრავალი წარმატებული მაგალითი გვიჩვენებს, რომ კოოპერატიული შრომის უკუგების ხარისხი გაცილებით მაღალია ინდივიდუალურ შრომასთან შედარებით. ამ მიზნის რეალიზაცია შესაძლებლი იქნება მხოლოდ მიწის წვრილ მესაკუთრეთა ნებაყოფლობითი კოოპერატიული გაერთიანებების შექმნისა და მათი გადამმუშავებელ საწარმოებთან ინტეგრირების გზით. ასეთი სისტემის ფორმირებით გლეხებს მიეცემათ აგრონედლეულის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი საწარმოო ციკლის შექმნის შესაძლებლობა, სადაც პროდუქციის ღირებულება ყოველ სამეურნეო საფეხურზე იზრდება და აგრონედლეულის მწარმოებლები დაინტერესებულნი იქნებიან საბოლოო პროდუქციის რეალიზაციიდან მნიშვნელოვნად გაზრდილი მოგებით. უფრო დაწვრილებით თუ შევეხებით არსებულ სიტუაციას უნდა დავინტერესდეთ პრობლემით, თუ რატომ არის ასეთი ძვირი გლეხის მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება. თუ ჩვენ გვინდა პრაქტიკულად განხორციელდეს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მაშინ სახელმწიფო რეგულაციების ამოქმედებაა საჭირო. უნდა გაანალიზდეს და გაირკვეს რა ჯობია, ხმაურიანი მოთხოვნა წარმოებულ პროდუქციაზე დანამატების გაცემაზე, თუ თავიდან შეღავათების დაწესება (საწვავი, შხამქიმიკატები და ა.შ), რაც საგრძნობლად შეამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას, შესაბამისად ხელს შეუწყობს პროდუქციის რეალიზაციის პრობლემის დარეგულირებას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის საქმიანობა სახელმწიფოსთან ერთად ორიენტირებული უნდა იყოს სასოფლო ტერიტორიებზე სადღეისოდ არსებული სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული, სამეურნეო და სხვა პრობლემების მოგვარებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში რთული იქნება სოფლად მოსახლეობის შენარჩუნება. ამასთან გლეხს უნდა გავაგებინოთ და თვითონაც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა პროდუქციის ხარისხის საგრძნობლად ამაღლებაზე ევროსტანდარტების შესაბამისად, სხვანაირად შეუძლებელია რაიმე პროგრესის მიღწევა აგროსამრეწველო სექტორში.

კოოპერაციული წარმოების ორგანიზაციული ფორმა უნდა უზრუნველყოფდეს სასოფლო პროდუქციის მწარმოებელთა მიმზიდველობას, სასოფლო კოოპერატივების გაფართოებას და ემსახურებოდეს მათი პრობლემების გადაწყვეტას. განსაკუთრებული ყურადღება სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა დაუთმონ წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის მოგვარებას. თუ საჭიროება მოითხოვს ამ მიმართულებით შესაძლოა განხორციელდეს სტრუქტურული ცვლილებაც.

ბოლო წლების განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში მიღწეულია გარკვეული წარმატებები, განსაკუთრებით მეღვინეობაში. აშენდა ღვინის ახალი ქარხნები, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა არსებულ ქარხნებს, დაინერგა მოწინავე ტექნოლოგიები, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა პროდუქციის ხარისხი და, რა თქმაუნდა, სახელმწიფოს დახმარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა რეალიზაციის მოცულობა. პროგრესია მარცვლეულის წარმოებისა და რეალიზაციის საქმეში, რაც ნამდვილად არ ითქმის დასავლეთ საქართველოზე, სადაც თითქმის მივიწყებას აქვს მიცემული მეჩაიეობა და მეციტრუსეობა. ამ მიმართულებით ქმედითი ღონისძიებების გატარება სახელმწიფოს უმთავრესი მოვალეობაა. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება გავხდეთ მოდას აყოლილი საზოგადოება, ბევრი ვილაპრაკოთ, მრავალი პროგრამა შევიმუშაოთ და ამასობაში არ ავამაღლოთ მოთხოვნები მათი პრაქტიკული განხორციელების მისაღწევად. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ენიჭება საკადრო პოლიტიკას, სათანადო გამოცდილების პირების ჩართვას საქმიანობაში და მკაცრი პერსონალური პასუხისმგებლობის დაწესებას.

ცალკე თემად უნდა ჩაითვალოს ქვეყანაში წლების მანძილზე დაუმუშავებელი მიწების პრობლემა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მიწების პრივატიზაციის ქაოტურად ჩატარების შედეგად სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები გადაეცა კერძო საკუთრებაში და რა მოხდა? ერთჯერადად შეივსო სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო ხელშეკრულებაში სათანადო პირობების გაუთვალისწინებლობის შედეგად დღეს ამ ფართობებზე არ იწარმოება სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. ცხადია ამ საქმეში საჭიროა რადიკალური ზომების მიღება.

ვფიქრობ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის გლობალური პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებას ნაწილობრივ მოემსახურება რამდენიმე წინადადების დაყენება:

— ქვეყნის მასშტაბით უნდა ჩატარდეს სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო მიწების ინვენტარიზაცია. უნდა არსებობდეს მიწის კადასტრი. ვიცით, რომ ეს პროცესი დაწყებულია, მაგრამ ვადების გაწელვა (3-4 წელიწადი) ნამდვილად საფუძველს მოკლებულია.

— იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის სტრატეგიული განვითარების პროგრამაში არ არის გათვალისწინებული არასასოფლო მიწების გამოყენება, მაშინ რატომ უნდა იყოს თითქმის შეუძლებელი მათი გადაყვანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულად?

— ბენეფიციარების აუცილებელი ცოდნით აღჭურვის მიზნით უნდა მოეწყოს სწავლება და ტრენინგები, ვინაიდან დღეს არსებული ცოდნა აბსოლუტურად არ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.

— დიდი ხანია ვრცელდება მოსაზრება და აუცილებლობა, რომელიც ეყრდნობა რეალობას ქვეყანაში აგრობანკის ჩამოყალიბების შესახებ. აგრობანკი უნდა იყოს ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ბანკის პრიორიტეტი უნდა იყოს სოფლის მეურნეობის საწარმოების დაფინანსება დაბალპროცენტიანი (3%) გრძელვადიანი და მოკლევადიანი სესხებით.

— სოფლის მეურნეობის უფრო ეფექტურად მართვის მიზნით აუცილებელია სასოფლო-სამეურნეო მიწების მართვის სადავეები გადაეცეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურებით და საერთოდ თუ უცხოელი ექსპერტები და საკუთარი მოსახლეობა თვლის, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა სასურველია სოფლის მეურნეობის მინისტრი იყოს ვიცე-პრემიერი. ეს ხელს შეუწყობს მთელი რიგი პრობლემური საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტას.

— რაც შეეხება თვითმმართველობას რეგიონებში, განსაკუთრებით სასოფლო რაიონებში სოფლის მეურნეობის მართვის რგოლი (სტრუქტურა), უნდა ითქვას სიმართლე, უსუსურად გამოიყურება. მათი უფლებები მკაფიოდ უნდა იყოს გამოყოფილი, რათა რეალურად შეძლონ ადგილზე ოპერატიულად ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება და ფინანსური რესურსების მიმართვა სოფლის მეურნეობაში სათანადო უკუგებისა და ეფექტიანობის გათვალისწინებით, რაც ნამდვილად აამაღლებს მათ ავტორიტეტს.

— და ბოლოს ჩვენს მოსაზრებებს სჭირდება სპეციალისტების მხრიდან ღრმა ანალიზი დარგის მეცნიერების აქტიური მონაწილეობით და კვალიფიციური დასკვნის მომზადება.

გიგლა ძანძავა,

აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის განყოფილების უფროსი