აგროსიახლეები

      საქართველოს სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობის აღორძინება გადაარჩენს!

 დღესდღეობით ჩვენი ქვეყნისათვის, სადაც სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სისტემური კრიზისია, პირველი რიგის ამოცანა, რომ მოსახლეობის ჯანმთელობის დაცვა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაა,  მადლობა ღმერთს! სადავო აღარ არის.

ჩვენდა საუბედუროდ, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღიდან მოყოლებული, აგრარული სფეროს მიმართ დამოკიდებულება ყოველწლიურად მკვეთრად უარესდებოდა, თავიდან უგუნურებით, შემდგომ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, მაგრამ  ბენდუქიძის პოლიტიკამ _  „საქართველოში სოფლის მეურნეობა არ არის კონკურენტუნარიანი, ამიტომ ფეხებზე დავიკიდოთო“ _ საქართველო საბოლოოდ უფსკრულში გადაჩეხა. დღეს მოხმარებული სასურსათო პროდუქციის 80%-ზე მეტი იმპორტულია, რაც დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და საფრთხეს უქმნის ჩვენ ქვეყანას, მის მომავალს.

გაეროს რეზოლუციით იმ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას, თუ მოხმარებული სურსათის 20 %-ზე მეტი იმპორტულია. საუბედუროდ ეს ხდება მაშინ,  როდესაც საქართველოს აქვს ხელსაყრელი ბუნებრივი, კლიმატური პირობები და ინტელექტუალური პოტენციალი, რათა ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ შექმნილი ახალი მაღალი ხარისხის ჯიშებით და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით არა მარტო დააკმაყოფილოს საკუთარი მოსახლეობის მზარდი მოთხოვნები ეროვნული წარმოების, ბიოლოგიურად სუფთა სასურსათო პროდუქციით, არამედ უზრუნველყოს მისი ექსპორტიც და ექსპორტ-იმპორტის სალდოს მნიშვნელოვნად გაუმჯობესება, როგორც ეს შეძლო  ჩვენსავით მცირე, ჩრდილოეთის  ქვეყანამ  ნიდერლანდებმა,  მსოფლიოში  აგრარული პროდუქციის უმსხვილესი  ექსპორტიორი გამხდარიყო. 

ჩვენ, „საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის აღორძინების კავშირმა“, (ს/კ400177651,08.06.2016), რომელიც დაფუძნებულია ყოფილი სოფლის მეურნეობის პროფილის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერმუშაკთა, დარგის ცნობილ მეცნიერთა, პროფესიონალ-პრაქტიკოსთა, ფერმერთა და ეკონომისტთა სამივე თაობის წარმომადგენლების მიერ, რომლის მიზნები და ამოცანები გამომდინარეობს არსებული გამოწვევებიდან, მივიღეთ გადაწყვეტილება დავაფუძნოთ-„საქართველოს აგრარული აღორძინების პარტია“, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის კომპლექსურ აღორძინებას,  შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

მთავრობამ მნიშვნელოვანი სუბსიდირება და მკაცრი რეგულირება უნდა განახორციელოს სოფლის მეურნეობის იმ სტრატეგიული დარგების ასაღორძინებლად, როლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას, რისთვისაც პარლამენტს და მთავრობას წარვუდგენთ იმ ცვლილებების ნუსხას კანონმდებლობაში და სამთავრობო სტრუქტურებში, რაც აუცილებელი იქნება ამ დარგების სისტემური კრიზისისგან თავის დასაღწევად. დასაფუძნებელი პარტიის პროგრამული დასკვნები და დებულებები საჯაროდ არის გამოცხადებული მასმედიისა და ელექტრონული ქსელების მეშვეობით. პირადად გავაცანით: საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს პარლამენტის თავმჯდომარეს, მმართველ პარტიას.   ვიმედოვნებთ, რომ ჯეროვან ყურადღებას დაგვითმობენ.

საქართველოს აგრარული აღორძინება განხილული უნდა იქნეს, როგორც ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სოციალურ- ეკონომიკური პროგრამა, რათა საქართველო ჩამოყალიბდეს აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად, რომლის განხორციელების შედეგად მიიღწევა ჩვენი უმთავრესი მიზნები: სოფლის აღორძინება, მიგრაციის შეჩერება, სასურსათო თვითუზრუნველყოფა, ქალაქსა და სოფელს შორის ცხოვრების ხარისხის დაახლოება, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, ეროვნული ვალუტის დასტაბილურება, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება და რაც მთავარია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ხელისუფლებას პოლიტიკურ პარტიებს,სამეცნიერო და აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის, მასმედიის წარმომადგენლებს, ფართო საზოგადოებას, მხარი დაუჭირეთ წარმოდგენილ ღონისძიებებს და დაუყონებლივ დავიწყოთ მათი განხორციელება, რათა შეჩერებული იქნეს სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის სისტემური კრიზისი, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის.

სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის აღორძინება გადაარჩენს საქართველოს     

ველით თქვენ მხარდაჭერას!!!

კავშირის თავმჯდომარე ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი. მურმან ქურიძე,
მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი.

კავშირთან თანამშრომლობენ:

აკადემიკოსები: ნოდარ ჭითანავა, პაატა კოღუაშვილი, თამაზ კუნჭულია, ზურაბ ცქიტიშვილი.

მეცნიერებათა დოქტორები: რამაზ გახოკიძე (სახელმწიფო პრემიების ლაურეატი), მიხეილ ჯიბუტი, პაატა გიორგაძე, ანზორ მესხიშვილი, ნიკოლოზ სულხანიშვილი, თამაზ კობაიძე:

გოჩა ცოფურიშვილი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის ექსპერტი.

ირაკლი გოგავა _ ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში.

გურამ საღარაძე _ პენსიონერთა საერთაშორისო ალიანსის „არიერგარდის“ თავჯდომარე.

დიმიტრი კოსტაროვი _ ტელეკომპანია „საფერავი ტვ“-ის დამფუძნებელი.

ირინე ფხოველიშვილი _ საქართველოს ფერმერთა პროფკავშირების პრეზიდენტი.