საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია – 60 (1957-2017)
წლეულს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას დაარსებიდან 60 წელი უსრულდება. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია არის თვითმართვადი სამეცნიერო დაწესებულება, სრული ავტონომიური უფლებებით და სახელმწიფოს დაფინანსებით, ქვეყანაში აგრარულ მეცნიერებათა პრიორიტეტული მიმართულებების განმსაზღვრელი, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კოორდინატორი, მთავრობის მეცნიერული მრჩეველი აგრარულ საკითხებში.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ჩამოყალიბდა 1957 წლის 12 დეკემბერს და მისი პირველი პრეზიდენტი იყო აკადემიკოსი მიხეილ ნიკოლოზის-ძე საბაშვილი (1900-1979 წწ).
1957 წელს აკადემია აერთიანებდა 14 ნამდვილ წევრსა და 8 წევრ-კორესპონდენტს.
შემდგომში ქვეყნის აგრარულ მეცნიერებას 1971 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სოფლის-მეურნეობის განყოფილება. 1971 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა სრულიად საკავშირო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის რეგიონალური განყოფილება, რომლის აკადემიკოს-მდივნად დაინიშნა აკადემიკოსი ივანე ხოხლოვი (1908-1983). 1983 წელს განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, ხოლო შემდეგ თავმჯდომარე გახდა აკად. ვალერიან მეტრეველი.
საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1990 წლის 29 ოქტომბრის №615 დადგენილების საფუძველზე შეიქმნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და მის პრეზიდენტად აირჩიეს აკადემიკოსი ვალერიან მეტრეველი (1917-2004). შემდეგ წლებში აკადემიის პრეზიდენტები იყვნენ აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე (2004-2005), აკადემიკოსი შოთა ჭალაგანიძე (2007-2012); 2013 წლიდან აკადემიის პრეზიდენტია აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.
1991 წლისათვის აკადემიის სისტემაში ფუნქციონირებდა: სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი — 14, სამეცნიერო ცენტრი — 6 და საცდელი სადგური — 3;
1992 წლის 1 იანვრისათვის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში დასაქმებული იყო 1007 მეცნიერ-თანამშრომელი, მათ შორის 33 — მეცნიერებათა დოქტორი (3,7 %) და 516 — მეცნიერებათა კანდიდატი (51,2 %); ასპირანტურაში ირიცხებოდა 92 ასპირანტი, მათ შორის — 40 დასწრებულ სწავლებაზე, 52 — დაუსწრებელ სწავლებაზე.
დღეისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაშია აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი) — 30, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი — 3.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერთა მონაწილეობით საქართველოში შექმნილია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და პირუტყვის ახალი ჯიშები, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ათეულობით ახალი, კონკურენტუნარიანი პროდუქცია; საქართველო ჩაის მოვლა-მოყვანის, კრეფის და გადამუშავების სამანქანო ტექნოლოგიების სამშობლოა, ამ მიმართულებით შექმნილია 50-მდე ახალი მანქანა და ტექნიკური საშუალება, რომელთა ავტორები აკადემიის წევრები გახლდნენ;. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში ხორბლის არსებული 23 ჯიშიდან საქართველო 14 ჯიშის სამშობლოა. ასევეა მევენახეობაში, მეხილეობაში (ვაზის, ხილის ჯიშები) და სხვა, რასაც მსოფლიოში შეიძლება ანალოგიც არ გააჩნდეს.
აკადემია წევრია და თანამშრომლობს 20-მდე საერთაშორისო ორგანიზაციასთან. აკადემია არის ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათის და ბუნებათსარგებლობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირის წევრი; მნიშვნელოვნად გაფართოვდა თანამშრომლობა უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებთან. აკადემია წევრია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩგჳაღ, გფაღ, ფაჴ, ჳჩაღდა, ჩაჩააღჳ, ჩჳმმჱთ, ჳჩღჳშათ, ბჳჴვჶღჩჳთჱ, ჩჳჵ, ბაჩშა და აქტიურად მონაწილეობს მათ მუშაობაში.
აკადემიის წევრები მონაწილეობენ და მოხსენებით გამოდიან აშშ-ში, იტალიაში, საბერძნეთში, ბულგარეთში, ჩეხეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, თურქეთში, საფრანგეთში, იორდანიაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, თურქმენეთში, რუსეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში მოწყობილ საერთაშორისო კონგრესებზე, სიმპოზიუმებზე, კონფერენციებზე და გამოფენებზე, ხოლო აკადემიაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სისტემატურად ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, რომლებშიც მონაწილეობენ ღებულობენ 20-მდე საზღვარგარეთული ქვეყნის გამოჩენილი მეცნიერები.
აკადემიის მიერ გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებები ბელარუსის რესპუბლიკის, ჩინეთის და კორეის რესპუბლიკის ეროვნულ და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებთან, პოლონეთის, უკრაინის, მოლდოვას, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს აგრარული მიმართულების სამეცნიერო ცენტრებთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან, უნივერსიტეტებთან და სასოფლო-სამეურნეო საწარმოებთან, ჟურნალ „ახალ აგრარულ საქართველოსთან“ და ტელევიზია „საფერავი ტვ“-თან.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას თავისი არსებობის მანძილზე აკადემიკოსებისა და წევრ-კორესპონდენტების მიერ სულ გამოქვეყნებული აქვს 7790-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 203 მონოგრაფია და 155 სახელმძღვანელო, 380 გამოგონება და პატენტი; აკადემიის მეცნიერთა მიერ მემცენარეობასა და მეცხოველეობაში გამოყვანილია 25 ახალი ჯიში, მიღებული აქვთ 131 სერთიფიკატი რაციონალიზატორულ წინადადებაზე.
აღნიშნულის გარდა, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ჩატარებულ იქნა მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომელთა შედეგებმა სახელმწიფოსთან თანამშრომლობის მყარი საფუძველი შეუქმნა მას, რათა აგრარული მეცნიერების თანამედროვე მიღწევები წარმატებით იქნეს რეალიზებული პრაქტიკაში.
მიმდინარე ეტაპზე აკადემიაში ფუნქციონირებს შვიდი სამეცნიერო განყოფილება, რომლებიც ამუშავებენ შემდეგ პროგრამებს პრიორიტეტების მიხედვით:
აგრონომიული დარგის ეფექტიანობის ამაღლება ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების საფუძველზე;
მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების ახალი პროგრესული ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების დამუშავება და დანერგვა ფერმერულ მეურნეობებში ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისათვის;
სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის რესურსდამზოგი პროგრესული, ეკოლოგიურად გამართლებული სამანქანო ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების დამუშავება და დანერგვა ფერმერულ მეურნეობებში;
ადგილობრივი მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ნედლეულის გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების დამუშავება კვების პროდუქტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით;
ინსტიტუციონალური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებისა და მათი შედეგების ანალიზის საფუძველზე წარმოების ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების მეცნიერული უზრუნველყოფა;
რისკის შეფასების პროცედურების მეცნიერული არსი;
ბუნებრივი და ხელოვნური ტყის ეკოსისტემის გავლენა ნიადაგის ძირითადი თვისებების დინამიკასა და კლიმატის ფორმირებაზე.
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აკადემიაში მომზადებულია “სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020 წლებში”, “საქართველოს მეაბრეშუმეობის განვითარების კონცეფცია 2012-2025 წლებში”, სამთავრობო პროგრამები: “მარცვალი”, “მეხილეობა, თანამედროვე მდგომარეობა, პერსპექტივები”, “აგრარული სექტორის საინჟინრო-ტექნიკური მომსახურების სრულყოფა”, 80 პრაქტიკული ხასიათის რეკომენდაცია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგისათვის; თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების განსახორციელებლად აკადემიაში მომზადებულია 22 მოკლევადიანი და 3 გრძელვადიანი საინვესტიციო პროექტი, რომლებიც შესაძლებელია ინვესტორების ძალისხმევით დაინერგოს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში.
აკადემიაში ფუნქციონირებს ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრები, აგრარული მეცნიერების განვითარების ხელშემწყობი ფონდი, გამომცემლობა “აგრო”, სამეცნიერო ბიბლიოთეკა და სამეცნიერო მიღწევების ამსახველი და ექსპონატების გამოფენა.
გივი ჯაფარიძე, სსმმ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი;
ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიკოსი, სსმმ აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი.