საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატურ-ნიადაგური პირობების დახასიათება
ტენიანი სუბტროპიკული რაიონებიდან, განსაკუთრებით ხელსაყრელი პირობები აქვს საქართველოს შავი ზღვისპირეთს, სადაც ზამთარი სითბოს მომთხოვნი და ნაკლებად ყინვაგამძლე მრავალწლიან კულტურულ მცენარეთა მოყვანის საშუალებას იძლევა.
ზომიერი სარტყლისაგან განსხვავებით, სუბტროპიკული ზონისათვის დამახასიათებელია ორი სავეგეტაციო პერიოდი – ზაფხულისა და ზამთრის. ზაფხულში მოჰყავთ ტროპიკული ქვეყნების ერთწლიანი მცენარეები ზამთარში კი სუბტროპიკული სარტყლის შედარებით ყინვამძლე კულტურები. ამ ზონაში შედის აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონები. მისი სიგრძე სამხრეთიდან-ჩრდილოეთის მიმართულებით 400 კმ-დეა და ამ ზონაში მოქცეული ტერიტორიის ფართობი შეადგენს 1.400.000 ჰექტარს, აქედან კოლხეთის დაბლობს 300 ათასი ჰექტარი უჭირავს.
საქართველოს ტენიანი სუბტროპიკული ზონა ხასიათდება რელიეფისა და მიკროკლიმატური პირობების მრავალფეროვნებით, ამიტომაც ამ საკითხმა მეცნიერთა შორისაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მაგალითად, ბათუმის ბოტანიკური ბაღის პირველი დირექტორი, ბოტანიკოს-გეოგრაფი ა. კრასნოვი, სუბტროპიკულ ზონას მიაკუთვნებდა მხოლოდ ბათუმის შემოგარენს, ვ. მარკოვიჩი-აფხაზეთსაც; პროფ. ი. ქურდიანი გამოთქვამდა ეჭვს, შეიძლება თუ არა, სუბტროპიკულ ზონად მივიჩნიოთ ქუთაისის გუბერნიაც. პროფ. ი. ფიგუროვსკი სუბტროპიკულ ზონებს მიაკუთვნებდა აზეირბაიჯანს და სომხეთს, ხოლო ზოგიერთი ავტორი – მთელ შუა აზიას.
შავი ზღვის სანაპირო სუბტროპიკული ზონა ჩრდილო განედის 410301 და 430201 შორის მდებარობს, სადაც საშუალო წლიური ტემპეატურა თითქმის უცვლელია და 14,30 С უდრის. შავი ზღვის გავლენა, რომელიც ზაფხულში ნელა თბება და ზამთარში თანდათანობით ცივდება, იწვევს ტემპერატურის რეგულირებას სანაპირო ზოლში. ტემპერატურის რეჟიმი სანაპიროდან დაშორებით სწრაფად იცვლება. ე.ი. ზღვიდან დაშორებით კლიმატის კონტინენტურობა მატულობს.
მიუხედავად იმისა, რომ სუბტროპიკული ზონა საკმაოდ უხვნალექიანია (წლიურად 1345-2621 მმ), მათი არათანაბარი განაწილების გამო ცალკეულ პერიოდში, სუბტროპიკული კულტურები ტენის ნაკლებობას განიცდიან. მრავალწლიანი დაკვირვება ცხადყოფს, რომ საქართველოს სუბტროპიკებში ნალექიანი დღეების რაოდენობა წელიწადში არ აღემატება 180-ს, ანუ საშუალოდ ნალექები მოდის დღეგამოშვებით. წლის განმავლობაში ტემპერატურის ცვალებადობა ზუსტად ექვემდებარება შემდეგ კანონზომირებას: გაზაფხულზე ტემპერატურა თვიდან-თვემდე მატულობს და ივლის-აგვისტოში მაქსიმუმს აღწევს, ხოლო სექტემბრიდან თანდათან იწყებს კლებას და იანვარში ეცემა მინიმუმამდე.
თოვლის საფარის სისქეს დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარეთა გადაზამთრებისათვის. იგი იცვლება ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით. სანაპირო ზოლში თოვლის საფარი დაბალია და ცვალებადი; ასევე იცვლება მზიანი საათების წლიური რაოდენობაც.
სოხუმში იგი შეადგენს 2055, ბათუმში – 1722, აქედან ივნისსა და აგვისტოში სოხუმში – 270, ბათუმში – 210, ხოლო დეკემბერ – იანვარში შესაბამისად – 57 და 54 დღე.
ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სხვადასხვაა. იგი შედარებით მაღალია აჭარა-გურიაში, საშუალოდ 80-82 %, აფხაზეთსა და იმერეთში კი 75-78%. ჰაერის შეფარდებითი ტენიანობა ცხელი ქარების გავლენით ზოგჯერ 20 %-მდე ეცემა, რაც ზიანს აყენებს მცენარის ზრდა-განვითარებას. ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 1969 წლის ივნისში, როდესაც ცხელი ქარებისა და მაღალი ტემპერატურის გავლენით მკვეთრად დაეცა ჰაერისა და ნიადაგის ტენიანობა. ამან გამოიწვია მცენარეთა ზრდის შეჩერება, ფოთლისა და ნაყოფის აწვა და მოსავლის მნიშვნელოვნად შემცირება.
ზონის აგროკლიმატური დახასიათებისას დიდ ყურადღებას უთმობენ მცენარეთა ყინვაგამძლეობის შესწავლას. და ფიქსირებულია იშვიათი შემთხვევები, როდესაც ჰაერის ტემპერატურა ციტრუსების გავრცელების ზონაში მინუს 7-90 C, ზოგიერთ ადგილებში კი 150C-მდე დაეცა. ტემპერატურის ასეთი მკვეთრი დაწევა აზიანებს ციტრუსებს.
თოვლიანი დღეების რაოდენობა ტენიან სუბტროპიკებში უმნიშვნელოა: აჭარაში იგი წელიწადში 15-17 დღეა, ხო ლო აფხაზეთში 8-10 დღე. ზოგჯერ თოვლი საერთოდ არ მოდის, ცალკეული წლები უხვთოვლიანობით გამოირჩევა და მისი საფარი აჭარაში და გურიაში 1,5-2 მეტრს, აფხაზეთში 0,5-0,6 მეტრს აღწევს. ამასთან ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად თოვლიანი დღეების რაოდენობაც იზრდება.
დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში ჭარბობს სამხრეთ-დასავლეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარები. ზამთარში გაბატონებულია აღმოსავლეთის (ხმელეთიდან) ხოლო ზაფხულში – დასავლეთის (ზღვიდან) ქარები, რასაც აქვს მკვეთრად გამოხატული მუსონური ხასიათი. მათი სიჩქარე ზოგჯერ იმდენად მაღალია, რომ სასოფლო-სამეურნეო მცენარეებს – კერძოდ, სუბტროპიკულ კულტურებს, აზიანებს. ძლიერი ქარიანი დღეები ჭარბობს შემოდგომა-ზამთარსა და ზაფხულის პირველ ნახევარში.
ნიადაგები. საქართველოს ტერიტორია არ აღემატება 70 ათას კვადრატულ კილომეტრს, ანუ 7 მილიონი ჰექტარია, იგი მრავალფეროვანია ბუნებით, ფიზიკურ-გეოგრაფიული, ნიადაგობრივი და კლიმატური თავისებურებით, რესპუბლიკის ტერიტორიის მესამედი ტყითაა დაფარული. სოფლის მეურნეობის სავარგულებისათვის მთელი ფართობის მხოლოდ 40 %-მდეა ათვისებული, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და თითოეულ კაცზე სახნავი ფართობი 0,16 ჰა-ს შეადგენს.
საქართველოს ტენიანი სუბტროპიკული ზონის თავისებურმა ბუნებრივმა და გეოგრაფიულმა პირობებმა განსაზღვრა სპეციფიკური ტიპის ნიდგების წარმოქმნა. ნიადაგთმცოდნეობის ფუძემდებელი პროფ. ვ. დოკუჩაევი დაინტერესდა და ჩაატარა პირველი მეცნიერული გამოკვლევები სუბტროპიკული ნიადაგების გენეზისსა და თვისებებზე. მისი მტკიცებით: ,,ნიადაგი წარმოადგენს ბუნებრივ-ისტორიულ სხეულს დედამიწის ზედაპირზე, რომელსაც უნარი აქვს უზრუნველყოს მცენარის მოთხოვნილება და წარმოშობილია ნიადაგწარმომქმნელი 5 ძირითადი ფაქტორის ერთობლივი მოქმედებით”, მათ მიეკუთვნება მთის ქანები, რელიეფი და ხნოვანება. თავისებურებათა ერთობლიობაა განაპირობა ტენიან სუბტროპიკებში ნიადაგის ისეთი ტიპების წარმოქმნა, როგორიცაა: წითელმიწები, ყვითელმიწები, სუბტროპიკული ეწერები და მათი სახესხვაობები.
წითელმიწებს უჭირავს დასავლეთ საქართველოს ტენიანი სუბტროპიკული ზონის გორაკ-ბორცვიანი ზოლი და შედარებით დიდ მასივებად გვხვდება ხელვაჩაურის, ქობულეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხოლო მცირე მასივების სახით-ოჩამჩირის, გალის, ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის, მარტვილის, წყალტუბოს, ქედისა და ხონის მუნიციპალიტეტებში. წითელმიწებს უკავია დასავლეთ საქართველოს ჭაობიანი და ეწერი ნიადაგების გავრცელების ზედა ზოლი, ზღვის დონიდან 50-300 მ სიმაღლემდე და საუკეთესოა ჩაისა და სხვა სუბ ტროპიკული კულტურების გასაშენებლად. ამ მიზნით ასეთ მიწებს ყურადღება დაინტერესებულმა პირებმა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მიაქციეს.
ტიპიური წითელმიწა გამოირჩევა ღრმა პროფილით, რომლის აკუმულაციურ-ალუვიური ჰორიზონტის სისქე მერყეობს 20-50 სმ-ის ფარგლებში, სიღრმის მიხედვით თანდათან გადადის გამოფიტვის ქერქში, რომლის სისქე ჩაქვი-ციხისძირის მიდამოებში ზოგჯერ 7-10 მ-ს აღწევს. ეს ქერქი ფხვიერია, ახასიათებს კარგად გამოსახული მიკროაგრეგატულობა, ატარებს წყალს და ფესვებისათვის ადვილი შესათვისებელია, რაც ტიპური წითელმიწების ერთ-ერთი დადებითი თვისებაა.
ამრიგად, ჰუმუსი წითელმიწა ნიადაგის ზედა ფენაში 0-10 სმ სიღრმეზე 7%-ს აღწევს, აზოტის შემცველობაც მეტია და სიღრმის მიხედვით მკვეთრად კლებულობს. მ. ბზიავას (1958) მონაცემებით, წითელმიწა ნიადაგების ჰუმუსოვანი ნივთიერების შედგენილობაში ჭარბობს ფულვომჟავები და ჰუმუსი მკვეთრად გამოხატული ფულვატური ტიპისაა, გაკულტურების პროცესში მკვეთრად იზრდება ჰუმინის მჟავების შემცველობა და შეფარდება, სადაც ჰუმინომჟავები-ფულვომჟავები ერთის ტოლია ან ერთზე მეტია. წითელმიწა ნიადაგების ჰუმუსში აზოტის შემცველობა 5-6 %-ს აღწევს. რაც უფრო მდიდარია ნიადაგი ორგანული ნივთიერებებით, მით უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს აზოტს, მაგრამ წითელმიწა და ეწერი ნიადაგების მაღალი მჟავიანობისა და ფუძეებით გაღარიბების გამო მათში მიკრობიოლოგიური პროცესები მეტად შეზღუდულია და ამის გამო ორგანული აზოტის მინერალიზაცია კი ძალზე შენელებულად მიმდინარეობს. ამით აიხსნება სუბტროპიკულ ზონაში აზოტიანი სასუქების ეფექტიანობა ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურის ქვეშ ჰუმუსის მდიდარი ნიადაგების პირობებშიც.
ყვითელმიწები ფართოდაა გავრცელებული აფხაზეთში, სამეგრელოში, ხონში, ტყიბულსა და ვანში. ამ ნიადაგებს თავიანთი ფიზიკო-ქიმიური თვისებებით გარდამავალი ადგილი უჭირავთ წითელმიწებსა და ტყის ყომრალ ნიადაგებს შორის. მათ ახასიათებთ მოყვითალო ფერი, ნაკლები სისქე, სუსტი განვითარება და მძიმე მექანიკური შედგენილობა. წითელმიწები და ყვითელმიწები ზღვის დონიდან 400-500 მ სიმაღლემდეა გავრცელებული, უფრო ზევით კი ტყის ყომრალი ნიადაგებია.
ნეშომპალა–კარბონატული ნიადაგები დასავლეთ საქართველოს ბორცვიან და მთის წინა ზონაში – აფხაზეთში, ურთასა და ეკის მთებზე, ჩხოროწყუში, მარტვილში, წყალტუბოში, ტყიბულსა და სხვა მუნიციპალიტეტებში გავრცელებულია ნიადაგები, რომლებიც ან კირქვაზეა განვითარებული ან მერგელებზე. უფრო მეტი გავრცელება აქვს კირქვებზე განვითარებულ ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებს.
ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები საშუალო სისქისაა, ხირხატიანი, მძიმე თიხნარი ან თიხიანი, ზედა ფენაში ჰუმუსის შემცველობა 9-10%-მდე აღწევს, ახასიათებს კარგი სტრუქტურა და მაღალი ნაყოფიერებით ხასიათდება, ამ ნიადაგებზე აშენებენ: ციტრუსებს, დაფნას, ვაზს, ზეთისხილს, თამბაქოს და სხვა. აღნიშნული ნიადაგების ნაყოფიერება ჰუ მუსის მაღალი შემცველობის, სტრუქტურიანობის, საკვები ნივთიერებების სიმდიდრის, კარგი წყალმართავ-ჰაეროვანი და სითბური თვისებების შედეგია.
ეწერი – ნიადაგები. ამ ნიადაგებს დიდი ტერიტორია უჭირავს შავი ზღვის სანაპირო სუბტროპიკული ზონის დაბლობ ადგილებში, უმეტესად კოლხეთის დაბლობის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში. ეწერი ნიადაგები ძირითადად გამოყენებულია ჩაის კულტურისათვის, ხოლო უფრო ნაკლებად-ციტრუსებისა და სხვა კულტურებისათვის. საკვები ნივთიერების სიღარიბით, ძლიერი გამორეცხვით და ცუდი ფიზიკური თვისებებითაა განპირობებული ამ ნიადაგების დაბალნაყოფიერება. ამიტომ, საჭიროა მინერალური და ორგანული სასუქების და სიდერატების გამოყენება, მოკირიანება, წყლის რეჟიმის მართვა, ღრმა დამუშავება და სხვა აუცილებელი აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება.
ალუვიური ნიადაგები. ალუვიური ნიადაგები გავრცელებულია მდინარეების: ბზიფის, კოდორის, ენგურის, რიონის, ცხენისწყლის, სუფსის, ჭოროხის და სხვა გასწვრივ ქვეტერასებზე. განასხვავებენ კარბონატულ და უკარბონატო ალუვიურ ნიადაგებს, რომელთაგან უფრო მეტი ტერიტორია უჭირავს კარბონატულს. ალუვიური ნიადაგები გამოირჩევა საშუალო და მსუბუქი მექანიკური შედგენილობით, სუსტად დიფერენცირებული პროფილითა და ჰუმუსის ძალზე დაბალი შემცველობით (1,5-2,5%), ამ ნიადაგებში აზოტის შემცველობა 0,1-0,15%-ია, ხოლო ფოსფორისა – 0,15-0,2%-ი. კოლხეთის დაბლობის დასავლეთ ნაწილში გავრცელებულია მდელოს ალუვიური დაჭაობებული ნიადაგები, რომელთა დაჭაობებას იწვევს მძიმე მექანიკური შედგენილობა და ჭარბი ტენიანობა. ასეთი ნიადაგები გამოყენებულია სიმინდის, ბოსტნეულის, ჩაის (უკარბონატო), ეთერზეთების, ციტრუსოვნებისა და სხვა კულტურებისათვის.
რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი