საქართველოს თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის კალენდარი და თაფლპროდუქტიულობა
საქართველოს ტერიტორიის მიხედვით შედარებით პატარა ქვეყანაა, მაგრამ მცენარეული საფარის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც განპირობებულია ქვეყნის სხვადასხვა რაიონებში რელიეფის, ადგილის სიმაღლის, ჰავისა და ნიადაგის განსხვავებულობით.
საქართველოს მცენარეული საფარის ხასიათზე უდიდესი გავლენა მოახდინა ადამიანის სამეურნეო საქმიანობამ, რამაც განაპირობა ყველაზე უფრო დასახლებულ და ეკოლოგიურად ათვისებულ რაიონების ვრცელ ფართობებზე ბუნებრივი მცენარეული საფარის შეცვლა კულტურული მცენარეებით.
საქართველოს ბუნებრივი რესურსების ერთ-ერთ მთავარ ტიპს ტყეები წარმოადგენს. დღეისათვის ტყე საქართველოს ტერიტორიის მესამედსაც ვერ ფარავს. წარსულში ტყის ფართობი ბევრად უფრო ვრცელი იყო, მაგრამ ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად, ხეების უმოწყალოდ გაჩეხვამ, ნიადაგის ეროზიიის ზრდამ, სასოფლო-სამეურნეო მიწების არენდით გაცემამ, ფუტკრისა და მეცხოველეობის საკვებად თაფლოვანი მცენარეების ნათესების შენცირებამ. სათიბ-საძოვრების გამოფიტვამ და სხვა ეკოლოგიურ ფაქტორთა გავლენამ თაფლოვანი რესურსების დღევანდელი მდგომარეობა რეალურად შეცვალა. ისე როგორც ბუნების სხვა ელემენტები, საქართველოს მცენარეულობაც გავრცელების არეალის მიხედვით ემორჩილება ვერტიკალურ ზონალობას.
საქართველოში ჩვენს მიერ შესწავლილია 110 სახეობის თაფლოვანი მცენარე, რომლებიც გავრცელებულია როგორც დაბლობ, ისე გარდამავალ და მაღლობ ზონაში, განსაზღვრულია თითოეული მათგანის თაფლპროდუქტიულობა (მინიმალური და მაქსიმალური), კლიმატურ პირობებთან დაკავშირებით (ხელსაყრელ და არახელსაყრელ ამინდის პირობებში).
დღეისათვის საქართველოს მეფუტკრეობის პროდუქტიულობა ბუნებრივ სავარგულებზეა გათვლილი. მცირეა ისეთი ადგილები, სადაც ფუტკრის ოჯახების ყოლა შეიძლება სტაციონარში, თუმცაღა მათითაფლპროდუქტიულობა საგრძნობლად დაბალია.
ღალიანობის დროს არახელსაყრელი კლიმატური პირობები უარყოფით გავლენას ახდენს ნექტრის გამოყოფაზე, რამაც შეიძლება ფუტკრის ოჯახების შიმშილი გამოიწვიოს.
ბოლო ათწლეულში ქვეყანაში საგრძნობლად შეიცვალა კლიმატური პირობები. არასტაბილურია გაზაფხულისა და ზაფხულის დადგომა რის გამოც ძნელდება ამა თუ იმ თაფლოვანი მცენარის ყვავილობის დაწყების კონკრეტული რიცხვის ზუსტად განსაზღვრა. სასოფლო-სამეურნეო თაფლოვანი მცენარეების ყვავილობა დამოკიდებულია თესვის ვადებზე, რის გამოც ყვავილობა ამ თაფლოვნების ხშირად ცვალებადობს, ამიტომ სხვადასხვა ზონაში ყვავილობის დაწყება ცვალებადია და უდრის 10-15 დღს.
ჩვენი მრავალწლიური ფენოლოგიური დაკვირვებით თაფლოვან მცენარეებზე და მეფუტკრეთა მონაცემების დახმარებით, შევადგინეთ თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის კალენდარი.
ყველა მეფუტკრე ვალდებულია იცოდეს თავისი სამოქმედო ზონის თაფლოვანი მცენარეების ყვავილობის კალენდარული ვადები (მთავარი ღალიანობის ტიპები) ყვავილობის ფაზები გეგმაზომიერი გამოყენებით არის შესაძლებელი მაღალპროდუქტიული მეფუტკრეობის წარმოება.
ლიზა ბალიაშვილი,
ნანა მაისურაძე