აგროსიახლეები

საქართველოში იმპორტირებული კიტრი სულ მცირე _290%-იანი, ხოლო პომიდორი 340%-იანი ფასნამატით იყიდება

საქართველოში კიტრის იმპორტი 21%-ით, ხოლო პომიდვრის 22%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში კიტრის იმპორტმა 1.235 მლნ დოლარი (3 261 ტონა) შეადგინა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში – 1.022 მლნ დოლარი (2 701 ტონა). ამასთანავე, 2024 წლის პირველ ორ თვეში 1.853 მლნ დოლარის ღირებულების 4 453 ტონა პომიდორი ვიყიდეთ, გასული წლის იმავე პერიოდში 1.515 მლნ დოლარის ღირებულების _ 3 610 ტონა.
საქართველოში კიტრის იმპორტიორი ქვეყნები თურქეთი და ირანი არიან. აღნიშნული ქვეყნებიდან იმპორტირებული 1 კგ კიტრი ქვეყანას დაახლოებით 0.38 დოლარი (კურსით 1.02 ლარი) უჯდება.

პომიდორი საქართველოში თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან შემოდის.

1 კილოგრამი იმპორტირებული პომიდვრის ფასი საშუალოდ 0.42 დოლარია (1.13 ლარი).

„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს საქართველოს ბაზარზე კიტრი და პომიდორი. ფასები რამდენიმე სუპერმარკეტში გადავამოწმეთ და შევადარეთ ერთმანეთს. შედეგი ასეთია: იმპორტირებული კიტრის ფასი 4 ლარიდან 7 ლარამდე მერყეობს, ხოლო პომიდვრის ფასი 5 ლარიდან 9 ლარის ფარგლებში.

აღნიშნული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში იმპორტირებული პომიდორი საშუალოდ 340-700%-იანი, ხოლო კიტრი – 290-590%-იანი ფასნამატით იყიდება.

წყარო: https://www.bpn.ge