აგროსიახლეები

საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სათემო ფორუმი გაიმართა

ფორუმის მონაწილეებმა კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობებზე, საფრთხეების პროგნოზირებაზე, აგრომეტეოროლოგიური სერვისების განვითარებაზე, ასევე, კლიმატის ცვლილებების მიმართულებით საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.
ფორუმს ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში ნილს ქრისტენსენი, ასევე, სახელმწიფო რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების და უწყებების ხელმძღვანელები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სააავტომობილო გზების დეპარტამენტის, სათემო ორგანიზაციების, სკოლების და საბავშვო ბაღების წარმომადგენლები.

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. პროგრამის „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, 11 მდინარის აუზში ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის დამონტაჟება, რაც უზრუნველყოფს წინასწარი შეტყობინებისა და პრევენციის შესაძლებლობებს. პროექტის მთავარი ამოცანაა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. სწორედ ამ მიზნით, პროექტში აქტიურად ჩართული არიან მუნიციპალიტეტები, მათ, შორის, საკრებულოს წარმომადგენლები და მოსახლეობა“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

სათემო ფორუმის ფარგლებში გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ აღნიშნული  პროგრამის ფარგლებში ჩატარებული გარემოსდაცვითი კონკურსების გამარჯვებულები. კონკურსის „უსაფრთხო თემი“ გამარჯვებული 2 სათემო ორგანიზაცია გახდა,  რომლებსაც 4000 აშშ დოლარი გადაეცათ; საგრანტო კონკურსის „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ პირველ ადგილზე გასულ სკოლას 1200 აშშ დოლარი, მეორე ადგილზე გასულს კი, 800 აშშ დოლარი გადაეცა. გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის და გაეროს განვითარების პროგრამის გადაწყვეტილებით, კონკურსში მონაწილე რვავე სკოლამ, სამადლობელი ჯილდოს სახით, 600 აშშ დოლარი მიიღო. კონკურსში „შექმენი კლიმატგონივრული ბაღი“ გამოვლინდა ექვსი გამარჯვებული საბავშვო ბაღი, რომლებიც ტექნიკის ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.

გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ნილს ქრისტენსენმა გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრს მადლობა გადაუხადა პროექტში აქტიური ჩართულობისთვის.

„საქართველო მაგალითია, რომელსაც უნდა მივბაძოთ, რათა კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება კიდევ უფრო წინ წავწიოთ. ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ საქართველოს პარტნიორი ამ მიმართულებით. მადლობას ვუხდით შვედეთის, შვეიცარიის და, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობებს შესანიშნავი თანამშრომლობისთვის. ვიყავი როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში და ვნახე ამ პროგრამის პრაქტიკული განხორციელება. 154 ფერმერს გადაეცა აგრომეტეოროლოგიური მონიტორინგის გაჯეტი, რაც მათ საშუალებას აძლევს, სწორად დაგეგმონ აგროსამუშაოები და მაქსიმალურად თავიდან აირიდონ შესაძლო რისკები“, – განაცხადა ნილს ქრისტენსენმა.

პროგრამის „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ მიზანია საქართველოს მოსახლეობაზე, საარსებო გარემოსა და ინფრასტრუქტურაზე კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების უშუალო ზემოქმედების შემცირება. შვიდწლიანი პროგრამა ხორციელდება საქართველოს მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 74 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.