აგრარული განათლებარუბრიკებისტატიები

საქართველოში ნიადაგის დეგრადაციის ზოგიერთი პრობლემა და მისი აღმოფხვრის გზები

ნიადაგი ცოცხალი ბუნების მთავარი კომპონენტია, რომლის გარეშე ვერც ადამიანს და ვერც დანარჩენ ცოცხალ სამყაროს არსებობა არ შეუძლია.

1962 წელს ცნობილმა ნიადაგმცოდნემ ფერმან ბეარმა გამოსცა წიგნი: „დედამიწა — სიცოცხლის წყარო“. ეს მართლაც ასეა, ჩვენს მშვენიერ პლანეტაზე, მრავალი ცივილიზაცია სწორედ იმის გამო გადარჩა, რომ ისინი განსაკუთრებულად ეპყრობოდნენ პროდუქტიულ და მაღალნაყოფიერ ნიადაგებს, თუმცა, ზოგიერთმა ცივილიზაციამ, იმიტომ შეწყვიტა არსებობა, რომ უდიერად ეპყრობოდა და ანადგურებდა ძვირფას რესურსებს. ნიადაგი მხოლოდ მცენარეთა საზრდო როდია — ის ყველაფრის საწყისია, ისაა ბიოლოგიური მრავალფეროვნების განმაპირობებელი და მასზეა დამოკიდებული გამოკვებავს თუ არა დედამიწა თავის სწრაფად მზარდ მოსახლეობას.

ბუნებაში არსებული მრავალი კომპონენტის ცვლილება თუ თვალსაჩინოა და მასზე დაკვირვება შესაძლებელია, ნიადაგში უმთავრესად ფარული პროცესები მიმდინარეობს და ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შევიტყობთ, როცა მცენარეებს და ცხოველებს საფრთხე დაემუქრებათ ან სულაც გადაშენდებიან. უდიდეს კატასტროფებს, ხშირად სწორედ ნიადაგების განადგურება ახლავს თან, ამის უარყოფას კი გამოუსწორებელ შედეგებამდე მივყავართ, რადგან ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება.

ნიადაგების დაცვა და შემდგომი მისი გაუმჯობესება ისეთი მცირემიწიანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სახელმწიფოებრივი პრობლემაა. ბუნებრივი და ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად ქვეყანაში მიმდინარეობს ნიადაგების დეგრადაციის პროცესები. იმისათვის, რომ ეფექტურად გამოვიყენოთ ნიადაგური რესურსები, აუცილებელია ვფლობდეთ სათანადო ცოდნას თვით ნიადაგის შესახებ, უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ იგი.

მიუხედავად იმისა, რომ კლიმატური ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული გაუდაბნოება ბუნებრივი მოვლენაა, ანთროპოგენური ფაქტორის უშუალო გავლენა ამ პროცესზე საკმაოდ შთამბეჭდავია. კერძოდ ეს არის არამდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა, ტყის უკონტროლო ჩეხვა, გადაჭარბებული ძოვება, არასწორი ირიგაცია, ხელოვნური ხანძრები, სამელიორაციო სისტემების მოშლა, ნიადაგების დაბინძურება, ეროზიული პროცესები, ნიადაგების მეორადი დაჭაობება და დამლაშება, სასარგებლო წიაღისეულის და საშენი მასალის ღია წესით მოპოვება და სხვა.

მიწების დეგრადაციის პროცესს აძლიერებს ფერმერების მიერ ინტენსიური სოფლის მეურნეობის წარმოება მაშინ, როდესაც მოსავლის მოყვანა ხდება გვალვიან პერიოდში და მაღალი მოსავლის მოყვანის მიზნით მცირდება მიწის დასვენების პერიოდი, რასაც თან ერთვის მოსავლის აღების შემდგომ ნიადაგის არაადექვატური განოყიერება. ასეთი ინტენსიური სოფლის მეურნეობის შედეგად ნიადაგი თვითაღდგენის უნარს კარგავს, რადგან ნიადაგიდან მინერალური თუ ორგანული ნივთიერებების გამოტანა მცენარის მიერ მნიშვნელოვნად აღემატება მისი ბუნებრივი რეგენერაციის უნარს.

გარემოს დეგრადაცია შესაძლებელია მრავალი ფორმით იყოს გამოხატული, მათ შორისაა გაუდაბნოება, ტყეების განადგურება, სახეობათა გადაშენება, ნიადაგის დაბინძურება.

მიწების დეგრადაციის კუთხით გაუდაბნოება და გვალვა გლობალური მასშტაბის პრობლემას წარმოადგენენ. ისინი აზარალებენ მსოფლიოს ყველა რეგიონს, მასთან ბრძოლა საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივ მოქმედებას საჭიროებს. გაუდაბნოება დედამიწის მოსახლეობის ერთ მესამედს ემუქრება, რაც დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს ტოვებს შემოსავლის წყაროს და საცხოვრებელი პირობების გარეშე. დღეს მსოფლიოში გაუდაბნოების შედეგად 24 მილიონი ეკომიგრანტია. სტატისტიკური გათვლებით, 2050 წლისთვის მათმა რაოდენობამ შეიძლება 200 მილიონს მიაღწიოს.

და მაინც, რას ნიშნავს გაუდაბნოება? გაუდაბნოება არის დეგრადაცია არიდულ, სემიარიდულ და მშრალ სუბჰუმიდურ ტერიტორიებზე. დეგრადაცია შეიძლება გამოწვეული იყოს კლიმატური და სხვა ბუნებრივი ფაქტორებით, მაგრამ ადამიანის საქმიანობა პირდაპირ და მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ამ პროცესებზე.

გაუდაბნოება დღეს გაცილებით სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ოდესმე დედამიწის ისტორიაში. ჩვეულებრივ, ეს ხდება მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, ინტენსიური მიწათმოქმედების და ვრცელი საძოვრების გამო. გაუდაბნოების შედეგად მცირდება ან საერთოდ იკარგება ბიომრავალფეროვნება, ხოლო ნიადაგის ნაყოფიერება ქვეითდება. მრავალფეროვანი ბუნებრივი ეკოსისტემები იცვლება ერთგვაროვანი ეკოსისტემებით.

ამ მხრივ არც საქართველოშია სახარბიელო მდგომარეობა. მიწის დეგრადაციის პრობლემა ყველაზე მწვავედ დგას კახეთში, ქვემო და შიდა ქართლში.

გაუდაბნოების პროცესს განიცდის დაახლოებით 3000კმ2, რომელიც მოიცავს შირაქის, ელდარის, ივრის, ტარიბანას, ნაომარის, ოლეს, ჯეირან-ჩოლის ველებს, მათ გამყოფ ქედებს, ზეგნებს. გაუდაბნოების ზონა საქართველოში იწყება ზღვის დონიდან 300-400 მ და მჭიდროდ ესაზღვრება მეჩხერებს „ჩრდილოეთის სავანეებს“. გაუდაბნოების პროცესი კარგად არის გამოხატული დედოფლისწყაროს რაიონის 119 041,5 ჰა მიწის ფართობზე, სიღნაღის რაიონის 46700,0 ჰა, საგარეჯოს რაიონის 47000, ჰა, გარდაბნის რაიონის 32000,0 ჰა და მარნეულის რაიონის 30561,0 ჰა მიწის ფართობზე. გაუდაბნოების პროცესის გააქტიურება შეიმჩნევა აგრეთვე სამხრეთ საქართველოშიც (ახალციხის ქვაბული) და შიდა ქართლში (კასპის რაიონი), სადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქარსაცავი ზოლების თითქმის მთლიანად განადგურების, გვალვების სიხშირის გაზრდის და ნალექების დეფიციტის პირობებში მომატებული ტემპერატურის ფონზე გაძლიერდა ქარისმიერი ეროზიის პროცესი.

ტყეების განადგურება გარემოს დეგრადაციის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და მზარდი კომპონენტია. ტყიანი მასივების ადგილს იკავებენ უტყეო სივრცეები: ნაკაფები (გაჩეხილი ტყეები), სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ნარჩენებით დაბინძურებული პოლიგონები და სხვ. ტყის საფარის განადგურება უარყოფით ეფექტს ახდენს გარემოზე, კერძოდ ტყე მონაწილეობს ნახშირბადის და ჟანგბადის ბრუნვაში, მათი შემცირება კი იწვევს ატმოსფეროს დაბინძურებას.

ტყეები გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებით, ისინი წარმოადგენენ საბინადრო გარემოს გარეული ცხოველების მრავალი პოპულაციისთვის. ტყეების განადგურების და დეგრადაციის შედეგად გადაშენების საფრთხის წინაშე დადგა ცხოველთა უამრავი პოპულაცია, არაერთი სახეობა კი საერთოდ გაქრა. ტყე ნიადაგის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ტყის ნიადაგი ფესვთა მძლავრი სისტემის მეშვეობით კარგად აკავებს თოვლისა და წვიმის წყალს. გრუნტის წყლების შევსება აქ თანდათან და რეგულარულად ხდება, რაც ხელს უწყობს ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნებას მთელი წლის მანძილზე.

დაჩქარებული ეროზიის მიზეზი, ტყეების ჭრასთან ერთად პირუტყვის გადამეტებული ძოვებაცაა. ერთის მხრივ, ისპობა მცენარეული საფარი და მისი აღდგენა ჭიანურდება, ამავე დროს პირუტყვის ჩლიქებით ზიანდება ნიადაგი. შედეგად მრავალწლიანი მცენარეები ერთწლიანებით იცვლება, რომლებიც სუსტად განვითარებული ფესვთა სისტემის გამო ცუდად იცავენ ნიადაგს. დაკვირვებები აჩვენებს, რომ ეროზირებულ საძოვრებზე სადაც ერთწლიანი მცენარეები ჭარბობს, ძლიერი წვიმების დროს ჰექტრიდან რამდენიმე ტონა ნიადაგი ირეცხება.

ზემოაღნიშნულ დეგრადაციის პრობლემებს ემატება ქვეყნის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში მიმდინარე ზოგჯერ ბუნებრივი და უფრო ხშირად ანთროპოგენური მოვლენები, რომლებიც კიდევ უფრო აუარესებენ და დაბალნაყოფიერს ხდიან ჩვენს ნიადაგებს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან საკმაოდ დიდი ფართობები უკავია დაბალნაყოფიერ ნიადაგებს: — დამლაშებული და ბიცობი ნიადაგები — 205,0 ათ. ჰა (მთლიანი სავარგულების 6,7%) — მჟავე ნიადაგები — 300,0ათ.ჰა (11%) —დაჭაობებული ნიადაგები — 210,0 ათ.ჰა (7,3%) — ეროზირებული ნიადაგები 1მლნ.ჰა (33%) ამას ემატება ნიადაგის გაღარიბება მცენარისათვის საჭირო საკვები ნივთიერებებით და ნაყოფიერების ძირითადი მაჩვენებლის ჰუმუსის შემცირების ტენდენცია თითქმის ყველა სახის ნიადაგში. ამდენად, მიწების დეგრადაცია საკმაოდ დიდი პრობლემაა თითქმის მთელი საქართველოსთვის, დასავლეთ საქართველოსა და მაღალმთიანი რეგიონების ჩათლით. ჲუკანასკნელი მონაცემებით დეგრადირებულია სასოფლო-სამეურნეო მიწების დაახლოებით 35%. მიწის დეგრადაციის პრობლემიდან ყველაზე მასშტაბურად ნიადაგის ეროზიაა წარმოდგენილი, რომელიც უკანასკნელ წლებში ძალიან გააქტიურდა. სულ ეროზირებულია 1 მილიონ ჰექტარზე მეტი. აქედან სახნავი მიწები 380 ათასი ჰა, საძოვრები და სათიბები 570 ათასი და შავი ზღვის სანაპირო ზოლის 87 ათასი ჰა. აღმოსავლეთ საქართველოს არიდულ და ნახევრად არიდულ ზონებში ქარისმიერ ეროზიას განიცდის 105 ათასი ჰა სახნავ-სათესი სავარგული 18 ადმინისტრაციულ რაიონში. ძლიერ დამლაშებულია ნიადაგების 59220 ჰა, საშუალოდ — 54340 ჰა. ნეშომპალა-სულფატური ნიადაგების საერთო ფართობი, რომელსაც მელიორაცია ესაჭიროება, 15 ათას ჰა-ს შეადენს.

ნიადაგების დეგრადაციასთან და გაუდაბნოებასთან ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანია მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვა, ტრადიციული გამოცდილების გათვალისწინება და აღნიშნული პრობლემის მუდმივი მონიტორინგი, სოფლის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

მუდმივად ზრუნვა იმაზე, რომ მოხდეს დაბალნაყოფიერი ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენა მინერალური და ორგანული სასუქების შეტანის შესაბამისი დოზების და ვადების გათვალისწინებით.

ნიადაგის ეროზიისგან დაცვის მიზნით მოხდეს ქარსაფარი ზოლების გაშენება და ისეთი მცენარეების დარგვა, რომელთა მძლავრი ფესვთა სისტემა უზრუნველყოფს ნიადაგის შეკავებას და ტყის საფარის აღდგენას.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დაინერგოს ადრე არსებული თესლბრუნვების სისტემა, რეგიონალურმა საკონსულტაცო სამსახურებმა იზრუნონ ფერმერებისთვის ამ მიმართულებით რეკომენდაციების ჩამოყალიბებაზე.

მოხდეს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების მიერ სარწყავი სისტემებიდან წყლის ეფექტური მოხმარების კონტროლო, რაც გამორიცხავს სარწყავი წყლის გადაჭარბებულ ხარჯვას და გრუნტის წყლების რეზერვების შემცირებას.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარემოს დეგრადაცია გლობალური პრობლემაა, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად დიდი ძალისხმევაა საჭირო თითოეული ჩვენგანის მხრიდან, რაც უდიდეს ცოდნას, გამოცდილებას და ფინანსებს მოითხოვს. ამასთან აუცილებელია მთავრობის მხრიდან აქტიური მხარდაჭერა, შესაბამისი სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების შემუშავება, სადაც აქტიურად ჩაერთვება არასამთავრობო სექტორი, ადგილობრივი ფერმერები და ზოგადად მოსახლეობა.

ნათია მაჭავარიანი,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სმ დოქტორი, პროფესორი;

ნატო კაკაბაძე,

ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის უფროსი. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, სმ დოქტორი;

მარიამ მოსაშვილი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, უფროსი სპეციალისტი