დარგებიმემარცვლეობა

საქართველოში სიმინდის სელექციის ისტორია, სიმინდის სელექციის ძირითადი მეთოდები

სიმინდის სელექციაში ძირითადად გამოიყენება გამორჩევის მეთოდები. თავის დროზე ყურადღება ექცეოდა მასობრივ გამორჩევას. ამ მეთოდის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ტაროს ნიშნებით გამორჩეული ნიმუშები ერთიანდებოდა და ყოველგვარი იზოლაციის გარეშე ითესებოდა შემდგომი თაობის მისაღებად. ამ მეთოდით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მაინც იქნა მიღებული გაუმჯობესებული ნიშანთვისებების მქონე ფორმები. შემდგომ პერიოდში, სელექციური მუშაობის პრაკტიკული გამოცდილების საფუძველზე, დამუშავდა და გამოყენებულ იქნა ხელოვნური გამორჩევის ინდივიდუალური მეთოდი. ამ მეთოდის დროსაც მიღებული თესლი, გამორჩეული ტაროს მარცვლები, ცალცალკე მწკრივებად ითესებოდა, რომელიც შესაძლებლობას იძლეოდა შერჩეულიყო სელექციისთვის აუცილებელი ნიშანთვისების მქონე ფორმები. ამ ფორმების თესლები ცალცალკე, იზოლირებულად ითესებოდა, რომელიც იძლეოდა შანსს ახალი ჯიშების მისაღებად. ორივე მეთოდი ნაკლებ სელექციური აღმოჩნდა, როგორც თვისობრივი, ასევე ოდენობრივი ნიშნების ცვალებადობის საქმეში.


მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა ჰიბრიდიზაცია და მათ შორის, ჯიშთა შორისი ჰიბრიდიზაცია. ამ მეთოდის გამოყენებისას გამოირიცხება ინბრიდინგის დეპრესიული თვისებები. ამ გზით მიღებული ჰიბრიდები, მშობლიურ ფორმებთან შედარებით ხასიათდებიან 15_20 %იანი გადიდებული მოსავლიანობით. სიმინდის სელექციაში, მე-19 საუკუნის ბოლოს, გამოყენებულ იქნა ინცუხტის, ანუ იძულებითი თვითდამტვერვის მეთოდი, რომელმაც შესაძლებელი გახადა ჰეტეროზისის გამოვლენა შთამომავლობაში, რომელსაც საფუძვლად დაედო წმინდა ხაზების შეჯვარება. მიღებული ჰიბრიდები, ჰეტროზისული ფორმები მოსავლიანობით საწყის ფორმებს აღემატებიან 40-50 და მეტი პროცენტით.

სიმინდის სელექციაში თანდათანობით დამკვიდრდა კუმულიატურ -ბეკროსული მეთოდი. ეს მეთოდი გაუმჯობესებული ხაზების მიღების საშუალებას იძლევა, რომლის დროსაც, ზემოთ ხსენებული მეთოდით მიღებულ ხაზებს ამოწმებენ კომბინაციური უნარიანობის მიხედვით. მე-3, მე-5 თაობაში უკეთეს გამორჩეულ ფორმებს ერთმანეთს უჯვარებენ და აწარმოებენ თვითდამტვერვას 3-5 თაობის განმავლობაში. მათ შორის უკეთესებს კი უჯვარებენ ტესტერს, კომბინაციური უნარიანობის შესასწავლად. ეს შეჯვარება რამოდენიმეჯერ მეორდება, რის გამოც ზოგიერთ ინდივიდში თავს იყრის ერთნიშნა გენები, რომლებიც განაპირობებენ მაღალმოსავლიანობას.

ამერიკელმა გენეტიკოსმა, შეელმა, პირველმა დაამუშავა სიმინდის სელექციაში ჰაპლოიდების მიღების მეთოდი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს წმინდა ხაზების
მისაღებად. შემდგომ პერიოდში დამუშავებულ იქნა ჰაპლოიდების დიპლოიდად გადაყვანის გენეტიკური მეთოდები, რომელმაც შესაძლებელი გახადა ჰეტეროზისის დამემკვიდრება შთამომავლობაში.

სიმინდის სელექციაში თვისობრივი და ოდენობრივი ნიშნების გაზრდასა და დამემკვიდრების საქმეში ფართოდ გამოიყენება შორეული ჰიბრიდიზაცია, რომლის დროსაც სიმინდის სხვადასხვა ჯიშები, შეჯვარებულ იქნა სიმინდის მონათესავე ფორმებთან თეოსინტე და ტრიფსიკუნთან შეჯვარების შედეგად, რამაც განაპირობა სიმინდის მარცვალში ცილის შემცველობის ზრდა 11-25 %. ჩვენს მიერ გამოყენებულ იქნა ზემოთხსენებული მეთოდების ზოგიერთი ფორმები.

ასევე გამოყენებულ იქნა სელექციურ_გენეტიკური მეთოდი; ჰიბრიდიზაცია_მუტაგენეზი. ამ მეთოდით მუშაობისას ჰიბრიდული ფორმები, გაღივებული თესლები და ახალი აღმონაცენი მუშავდებოდა სხვადასხვა კონცენტრაციის ქიმიური მუტაგენით ცვალებადობის სიხშირის გადიდების მიზნით. ზოგიერთ შემთხვევაში კი მუტაგენის გარკვეული დოზა გამოიყენებოდა სტიმულაციის და ცვალებადობის სპექტრის გაზრდაში.


სიმინდის სელექციის ძირითადი მეთოდები 

სელექციაში გარდატეხის პერიოდი მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრიდან იწყება, როდესაც საფუძველი ჩაეყარა სელექციაში წმინდა ხაზების მიღებას. მის პიონერად ითვლება ამერიკელი მეცნიერი შეელი (1909 წ.). მან პირველმა დაადგინა, რომ სიმინდის ნათესებში ზოგიერთი ინდივიდები ხასიათდებიან მაღალი ჰეტეროზიგოტურობით, რომელთაც საფუძვლად თვითდამტვერვა დაედო. ეს კი იწვევს ჰომოზიგოტური ფორმების წარმოშობას, მათ გამოთანაბრებას და მოსავლიანობის დაცემას. შეელმა ამ მიზნით განახორციელა სიმინდის ზოგიერთი ფორმების თვითდამტვერვა და წმინდა ხაზების მიღება. მის მიერ მიღებულ იქნა მარტივი ჰიბრიდები, ამით საფუძველი ჩაეყარა ჰეტეროზისული ჰიბრიდების მიღებას. საქართველოში, მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გადარჩევისა და ჰიბრიდიზაციის გზით, სიმინდის სელექციაში წარმატებას მიაღწიეს ლ. დეკაპრელევიჩმა და ო. ლიპარტელიანმა.

ლ. დეკაპრელევიჩის მიერ მიღებულ იქნა მაღალმოსავლიანი ჯიში იმერული ჰიბრიდი. რაც შეეხება ლიპარტელიანს მან საფუძველი ჩაუყარა სიმინდის სელექციისათვის საწყისი მასალის მიღებას ინცუხტის მეთოდით, რომელმაც დაადგინა, რომ წმინდა ხაზები წარმოადგენენ საუკეთესო სელექციურ მასალას ჯიშთა წარმოშობაში. ამავე პერიოდში ლ. დეკაპრელევიჩის, ი. ბახტაძის, ე. წულუკიძის და ო. დგებუაძის მიერ მიღებულ იქნა სიმინდის ჯიში “ქართული კრუგი”. მათ მიერვე გაუმჯობესებულ იქნა დასავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებული აჯამეთის თეთრი და აბაშის ყვითელი.

სელექციონერებმა: გ. აბესაძემ და მ. სიხარულიძემ (1938 წ.) საქართველოში გავრცელებული აბორიგენული და ინტროდუქციული სიმინდის ჯიშებიდან მიიღეს ჯიშთაშორისი ჰიბრიდები, რომლებიც არ ჩამოუვარდებოდნენ დარაიონებულ ჯიშებსა და ფორმებს. მომდევნო პერიოდში ძირითადი ყურადღება გადატანილ იქნა ხაზთაშორისი ჰიბრიდების მიღებაზე, რომელიც ეყრდნობოდა ადგილობრივი და შემოტანილი ფორმების, წმინდა ხაზების მიღებას და ამის საფუძველზე ხაზთაშორისი და ჯიშთაშორისი ჰიბრიდების შექმნას. ეს საქმე 1955 წლიდან განახორციელეს ლ. დეკაპრელევიჩმა, ვ. ჩხიკვაძემ, ო. ლიპარტელიანმა, ი. საათაშვილმა, ზ. ჯინჯიხაძემ და სხვებმა.

მე-20 საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში გავრცელდა სიმინდის ისეთი ჯიშები და ჰიბრიდები, როგორიცააივერია”, “ქართული-52”, “ენგური”, “მცხეთადა პაპალაშვილის მიერ მიღებული მრავალღეროიანი და მრავალტაროიანი სიმინდის ჯიშები.

თანამედროვე სიმინდის სელექცია ძირითადად ბაზირებულია ჰეტეროზისული და ჰიბრიდული ფორმების მიღებაზე, რომელიც ხორციელდება წმინდა ხაზების სელექციურ თავისებურებაზე.

1955 წ. ჯორჯ შეელმა პირველად განახორციელა სიმინდში ოდენობრივი ნიშნების დამემკვიდრების შესწავლა და აღმოაჩინა, რომ იძულებითი თვითდამტვერვის დროს სიმინდში ეცემა მოსავლიანობა და ვეგეტატიური ორგანოების ზრდის ხარისხი, რომელსაც ინბრიდინგი ეწოდება. მიუხედავად ამისა, ამ ფორმების გამოყენებით მან შეძლო მაღალმოსავლიანი, გამოთანაბრებული, ერთგვაროვანი ჰიბრიდული ფორმების მიღება.

ხაზების საფუძველზე შესაძლებელი გახდა მარტივი და რთული ჰიბრიდების მიღება, რომელიც რამოდენიმე ციკლს მოიცავს. ინცუხტის მეთოდის რამოდენიმე ფორმა არსებობს, რომელიც მოითხოვს მცენარეთა იზოლაციას და თვითდამტვერილი ხაზების მიღებას 5-6 წლის განმავლობაში. შედარებით ნაყოფიერი გამოდგა თვითდამტვერილი ხაზების მიღების საქმეში ხელოვნური მუტაგენეზი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა კიდევ უფრო ავამაღლოთ ფორმათა წარმომქნის და გამორჩევის ეფექტიანობა. წმინდა ხაზებისა და ჰიბრიდების მიღება უშუალო კავშირშია შეჯვარებაში მონაწილე ფორმების კომბინაციურ შესაძლებლობასთან, რომელიც სიმინდის სელექციაში დამკვიდდრდა მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან. დღეისათვის ყველაზე ეფექტურია სიმინდის სელექციაში სელექციურ-გენეტიკური მეთოდების კომბინირება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მიღებულ იქნას მრავალტაროიანი, მრავალღეროიანი, მრავალმწკრივიანი სიმინდის პერსპექტიული ჯიშები. ჩვენს შრომაში წარმოდგენილია მრავალმწკრივიანი ტაროს მქონე სიმინდის მიღების მეთოდიკა, მრავლობითი ალელიზმის საფუძველზე.

საწყისი მასალა და ცდის მეთოდიკა 

სიმინდის მარცვალი, ისევე როგორც სხვა პურეულები, სამი ნაწილისგან შედგება: კანი, ენდოსპერმი და ჩანასახი. ენდოსპერმი შედარებით დიდია, რომელზედაც მოდის მარცვლის მასის 80-82%. მარცვლის გამოსავალი არსებული ჯიშების მიხედვით საშუალოდ ხმელი ტაროს 78-80%. სიმინდის მარცვლისთვის დამახასიათებელია ფქვილისებრი და რქისებრი კონსისტენცია, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს. რქისებრი ენდოსპერმი მეტ ცილებს შეიცავს. ასეთი ენდოსპერმი გააჩნია კაჟა სიმინდს. ფქვილისებრ, ენდოსპერმიანი ჯიშები შედარებით მაღალმოსავლიანია. სიმინდის მარცვლის ფორმა სხვადასხვაგვარია და ძირითადად სამ ფორმად იყოფა: A_ როდესაც მარცვლის სიგანე მეტია ვიდრე სიგრძე, B _ როდესაც სიგრძე და სიგანე თანაბარია და C როდესაც სიგრძე მეტია ვიდრე სიგანე. ასევე მრავალფეროვანია მარცვლის შეფერილობაც: თეთრი, ყვითელი, წითელი, შინდისფერი, ყავისფერი, იისფერი, ლურჯი და შავიც კი.

სიმინდი კილიანობის, მარცვლის გარეგნული და შინაგანი აგებულების მიხედვით 7 ჯგუფად, ანუ ქვესახეობად იყოფა: კბილა, კაჟა,ტკბილი სიმინდი, ბუშტარა, ცვილა, რბილტკბილი და კილებიანი. სიმინდის ამ ჯგუფებიდან სამეურნეო პირობებში კბილა და კაჟა სიმინდის ჯიშებია გავრცელებული.

კბილა სიმინდი_Z.M. indentata. პირველი ადგილი უჭირავს გავრცელებით, ძირითადად საგვიანოა, მისი მარცვალი C ტიპისაა, მოგრძოა, თავჩაჭყლეტილია კბილის მსგავსად, ენდოსპერმი უფრო მეტად ფქვილისებრია. რქისებრი ენდოსპერმი მოთავსებულია მხოლოდ მარცვლის გვერდებზე. ახასიათებს ძლიერი ზრდა, დიდი ზომის ტარო. ფართოდ გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ბარის სარწყავ პირობებში. მისი სავეგეტაციო პერიოდი 130150 დღეს არაღემატება.

კაჟა სიმინდი Z.M. indurata მარცვალი მომრგვალოა, მაგარი, თავამოვსებული, ძირითადად B ტიპისაა, მარცვლის თავისა და პერიფერიის ფენაში მოთავსებულია რქისებრი ენდოსპერმის სქელი ფენა, ფქვილისებრი ენდოსპერმი კი მარცვლის შუაგულში ჩანასახის გარშემოა განლაგებული. კაჟა სიმინდი უფრო მდიდარია ცილებით ვიდრე კბილა, სიმინდების ეს ჯგუფი ძირითადად საადრეო ფორმებითაა წარმოდგენილი,რომლებიც კმაყოფილდებიან სითბოსა და ტენის შედარებით ნაკლები რაოდენობით. ამის გამო მისი გავრცელების არეალი უფრო ფართოა მაღალ ზონაში. შორს მიდის ჩრდილოეთით და ყველაზე მაღლა მთებშიც. საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ურწყავ ზონაში და მთიან ადგილებში. მისი სავეგეტაციო პერიოდი დაახლოებით 100-120 დღეს უდრის.

ბუშტარა სიმინდი. Z.M. everta ანუ ტკაცუნა სიმინდი. მისი მარცვალი თითქმის მთლიანად რქისებრი ენდოსპერმისგან შეგება. ფქვილისებრი ენდოსპერმი მხოლოდ ჩანასახთან არის მოთავსებული. ბუშტარა სიმინდი ამის გამო ცილებით მდიადრია, მისი მარცვლისგან მზადდება მაღალხარისხოვანი ბურღული. ცეცხლზე გახურებით კი მოხალვის დროს ერთბაშად სკდება ტკაცუნით, ენდოსპერმი ხლეჩს მარცვლის კანს და გარეთ გამოიშლება თეთრი ფაფუკი მასის სახით, რასაც პრაქტიკაში ბატი ბუტს ეძახიან.

ამ ჯგუფის სიმინდისთვის დამახასიათებელია მრავალტაროიანობა, პატარა ზომის ტარო, წვრილი მარცვალი, მარცვლის მოყვანილობით აქ კიდევ გამოყოფენ ორი ჯგუფის სიმინდს.

ა) ბრინჯა სიმინდს, რომლის მარცვლის თავი წვეტიანია და

ბ)მარგალიტა სიმინდს, რომელსაც მომრგვალო და თავგადალესილი ბრჭყვიალა მარცვალი აქვს. სიმინდის ეს ჯგუფი არ არის ფართოდ გავრცელებული, საქართველოში გვხვდება მხოლოდ საკარმიდამო ნაკვეთებზე.

ტკბილი სიმინდი Z.M. Sacharata უწოდებენ შაქრის სიმინდს, რქისებრი სიმწიფის ფაზაში მისი ენდოსპერმი შეიცავს შაქრების დიდ რაოდენობას. მომწიფების დროს კი ეს თვისება ეკარგება. იყენებენ საკონდიტრო მრეწველობაში, კარგია ნედლად მოსახმარად. მისი მარცვალი რქისებრი ენდოსპერმით მდიდარია. თითქმის სრულებით არა აქვს ფქვილისებრი ენდოსპერმი. მარცვალი მომწიფების შემდეგ ძლიერ ჩაჭყლეტილ დანაოჭებულია. მის მოყვანას მისდევენ სამრეწველო დანიშნულებით. საქართველოში იშვიათად გვხვდება.

რბილტკბილი სიმინდი Z.M. amylata _ უწოდებენ სახამებლიან სიმინდს. მის მარცვლებში თითქმის სრულებით არა არის რქისებრი სახამებელი და მარცვლის ენდოსპერმი მთლიანად თეთრი ფერის ფხვიერი ფქვილისებრი სახამებლისგან შედგება. ამის გამო ის დიდხანს ინარჩუნებს სირბილეს. ამ ჯგუფის სიმინდებს იყენებენ სახამებლის და სპირტის წარმოებაში. უმნიშვნელოდ არის გავრცელებული საქართველოში, იშვიათად თუ სადმე გვხვდება.

ცვილა სიმინდი Z.M. ceratina _ მისი ენდოსპერმის გარეგანი შრე წააგავს გამაგრებულ ცვილის სანთელს. კონსისტენციით კი საკმაოდ მაგარია და ამ მხრივ ემსგავსება კაჟა და ბუშტარა სიმინდის ფორმებს, ენდოსპერმის კარგი მონელების გამო მისი გამოყენება შეიძლება პირუტყვის საკვებად. გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, საქართველოში არ გვხვდება.

კილებიანი სიმინდი Z.M. tunicata _ სიმინდის სხვა ჯგუფებისგან მკვეთრად განსხვავდება. მისი მარცვალი ჩასმულია თავთუნისა და ყვავილის კილებში და ძნელად გამოსაფშვნელია, ამასთან მარცვალი დაბალი ხარისხისაა, ამის გამო ის არც შეიძლება ჩაითვალოს სიმინდის კულტურულ ფორმად, წარმოებაში ვერსად ვერ მოიკიდა ფეხი, მისი ცალკეული ეგზემპლიარი იშვიათად თუ გვხვდება სადმე.

საქართველოში ძირითადად დარაიონებულია სიმინდის შემდეგი ჯიშები და ჰიბრიდები:

“აბაშის ყვითელი” ადგილობრივი ჯიშია. წარმოშობილია კაჟა და კბილა სიმინდის ფორმების ბუნებრივი ჰიბრიდიზაციის შედეგად. ეს ჯიში შემდეგ ააუმჯობესა საქართველოს სასელექციო სადგურმა. მცენარე მაღალია, იზრდება 2-3,5 მეტრამდე, ფოთლების რიცხვი 18-22, ტარო დიდი ზომისაა 15-21 სმ სიგრძის, მწკრივების რიცხვი ტაროზე 10-ია. ტაროს ქვედა ნაწილში მარცვლები უწესრიგოდაა მოთავსებული. ნაქუჩი თეთრია, მარცვალი კბილა ყვითელი ფერისაა, 1000 მარცვლის მასა 350-500 გ-ს უდრის, მარცვლის გამოსავალი 82-85% -ა. საგვიანო ჯიშია,მისი საგევიტაციო პერიოდი 130-140 დღე გრძელდება, მაღალმოსავლიანია, კარგია სასურსათოდ, დარაიონებულია კოლხეთში.

აჯამეთის თეთრი ადგილობრივი ჯიშია, გააუმჯობესა საქართველოს სასელექციო სადგურმა, მასობრივი გადარჩევის მეთოდით. აჯამეთის თეთრი უფრო მაღალი იზრდება, ვიდრე აბაშის ყვითელი, მიეკუთვნება კბილა სიმინდების ჯგუფს. მცენარე მაღალია 2-5 მ-მდე. ინვითარებს 22 ფოთოლს, ტარო მსხვილი სიგრძით 18-24 სმ. მწკრივების რიცხვი ტაროზე 10-12-ია, მარცვალი თეთრია, მსხვილი. 1000 მარცვლის მასა 340-520 გ-მდეა, საგვიანო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი 140-150 დღე, მაღალმოსავლიანია. დარაიონებულია კოლხეთში, აგრეთვე იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ბარის ზონაში. აღმოსავლეთ საქართველოში მდ. ალაზნის მარცხენა სანაპიროს ველზე, ახმეტის და თელავის რაიონებში.

ქართული კრუგი გამოიყვანა საქართველოს სასელექციო სადგურმა გამორჩევის გზით ამერიკიდან შემოტანილი ჯიშის კრუკორნიდან. ეკუთვნის კბილა სიმინდების ჯგუფს, მცენარე მაღალია 3,5 მ-მდე. ფოთლების რიცხვი 15-20, ტარო დიდი ზომის 20-25 სმ-მდე, ცილინდრული ფორმისაა. ნაქუჩი წითელია, მარცვალი ყვითელი, 1000 მარცვლის მასა 300-450 გრ, საშუალო საგვიანო ჯიშია, საგევეტაციო პერიოდი 135-140 დღე, დარაიონებულია ქართლში, მდ. ალაზნის სარწყავებში.

ქართული 1” ჰიბრიდული ჯიშია, გამოიყვანლია საქართველოს სასელექციო სადგურში, მცენარე მაღალია- 2,5-3,0 მ-მდე, ფოთოლთა რიცხვი 18-23, საგვიანო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდი 140 დღე, ტარო 22-29 სმ-ია, მწკრივების რიცხვი 14-18. ნაქუჩი თეთრია, მარცვალი თეთრი, 1000 მარცვლის მასა 300-400 გრ-ია. დარაიონებულია ქვემო ქართლის სარწყავ ზონაში.

გეგუთის ყვითელი ადგილობრივი ჯიშია, გაუმჯობესებულია ქუთაისის ჯიშთა გამოცდის ნაკვეთზე. მცენარე 2-2,5 მ სიმაღლისაა საშუალო ვეგეტაციის_პერიოდი 120-130 დღე, ტაროს სიგრძე 16-20 სმ-ია, მწკრივების რიცხვი 8-10, ნაქუჩი თეთრია, მარცვალი _ მუქი ყვითელი, ნახევრადკბილა, 1000 მარცვლის მასა 400-500 გ-ია, დარაიონებულია ქვემო იმერეთის დაბლობში.

ადგილობრივი ყვითელი კაჟა—ადგილობრივი ძველი ჯიშია, მცენარე საშუალო სიმაღლისაა 1,5-2,0 მეტრამდე. ხასიათდება საკმაოდ მაღალი გვალვა გამძლეობით, ფოთოლთა რიცხვი 10-17-მდე, ტარო მოკლეა, მსხვილი, სიგრძით 11-15 სმ, კონუსის ფორმის, მწკრივების რიცხვი 14. მარცვალი მუქი ყვითელი ფერისაა, ნაქუჩი თეთრი, წვრილი. 1000 მარცვლის მასა 210-300 გრ-ია, საადრეო ჯიშია, დარაიონებულია ზემო იმერეთის, მესხეთის, სამხრეთ ოსეთის, ქართლის ურწყავებსა და კახეთის მთაგორიან ზონაში, სავეგეტაციო პერიოდი 110-120 დღე.

ადგილობრივი თეთრი კაჟა-ძველი ჯიშია, მცენარის სიმაღლე 1,5-2,5 მ-მდეა ფოთლების რაოდენობა 15-18, ტარო 15 სმ ზომისაა, კონუსისებრი, მწკრივების რიცხვი 816, ნაქუჩი და მარცვალი თეთრია, 1000 მარცვლის მასა 300-გრ-მდეა, საადრეო ჯიშია, დარაიონებულია ზემო იმერეთის, მესხეთის, შიდა ქართლის, ქართლის ურწყავების, მთავარი კავკასიონისა და თრიალეთის მთა ტყიან ზონისსთვის. სავეგეტაციო პერიოდი 115-125 დღე.

იმერული ჰიბრიდი-სიმაღლით 3 მ-მდეა, შეფოთვლა ძლიერი, ტარო ოდნავ კონუსისებრი 20-24 სმ-მდე, ნაქუჩი თეთრია, მარცვალი ყვითელი, კაჟა, მწკრივების რიცხვი ტაროზე 12-16. 1000 მარცვლის მასა 310-330 გრ-ია. მარცვლის გამოსავალი ტაროდან 75-78%-ია, მაღალ მოსავლიანი, საუკეთესოა სასურსათოდ, იძლევა დიდ სასილოსე მასას. დარაიონებულია ქართლისა და სამგორის სარწყავებში და ალაზნის ველში. სავეგეტაციო პერიოდი 150-160 დღე.

სტერლინგი ამერიკული ჯიშია, მცენარის სიმაღლე 2,5 მ-მდეა, ფოთლის რიცხვი 16-18, საშუალო საადრეოა, ტარო ცილინდრულია, მწკრივის რიცხვი 14-16, მარცვალი კბილა, თეთრი, 1000 მარცვლის მასა 300 გ. დარაიონებულია შუა ქართლის სარწყავი პირობებისთვის. საშუალო საგვიანოა, სავეგეტაციო პერიოდი-115-120 დღე.

ქართული კაჟოვანა თეთრი”- ქართლში გავრცელებული ჯიშია. დაბალმოსავლიანია, შეიძლება მე-2 მოსვლის მიღება. მცენარის სიმაღლე 150-250 სმ-ს უდრის. ფოთოლთა რაოდენობა მცენარეზე 15-17; ტარო პატარა ზომისაა 15-სმ-მდე, კონუსისებური, მწკრივები 8-10. საადრეო ჯიშია, სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 115-125 დღეა.

დასავლეთ საქართველოს ტენიან პირობებს ყველაზე უკეთ შეგუებულია აჯამეთის თეთრი, აბაშის ყვითელი და ჰეტეროზისული ფორმები. მიუხედავად ამისა “აჯამეთის თეთრი” ძველი ჯიშია და დიდი რაოდენობითაა დანაგვიანებული სხვადასხვა უარყოფითი პოპულაციებით, თავისი სამეურნეო თვისებებით და თესლის ქიმიური შემცველობით სასურველი ფორმებია, რაც შეეხება აბაშის ყვითელს ის შედარებით კონსტანტურია, მაგრამ მაინც წარმოდგენილია არა სასურველი პოპულაციებით, ის 20-25 დღით უფრო ადრე მწიფდება ვიდრე აჯამეთის თეთრი, შეიცავს ამინომჟავა ლიზინს, მაგრამ სამეურნეო თვალსაზრისით მაინც ნაკლებად ეტანებიან და ამ ჯიშით დაკავებულია მცირე ფართობი. რაც შეეხება ჰეტეროზისულ ფორმებს დასავლეთ საქართველოს პირობებში მოკლე ვეგეტაციით ხასიათდებიან, იძლევიან დიდი რაოდენობით მოსავალს, განსაკუთრებით ნაკლებნალექიან წელიწადში და მოითხოვენ მცირე რაოდენობით მინერალურ სასუქებს. სოფლის მეურნეობის მუშაკები ჰეტეროსიზული ფორმების მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენენ. თესლი ხასიათდება ყვითელი ანდა წითელი შეფერილობის ნაქუჩით და მას ძირითადად საფურაჟედ, ანდა სასილოსედ იყენებენ. მისი ჩალა ჩამოუვარდება აჯამეთის თეთრის ჩალას, გარდა ამისა, ჰიბრიდული თესლი ყოვეწლიურად მოითხოვს მიღებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსავლიანობა 2-3 ჯერ ეცემა.

თამარ ზარანდია, სოფლის მეურნეობის მეცნიერების დოქტორი