სარწყავი სეზონი და ბიუროკრატიული ლაბირინთები, სერვისი თუ დამატებითი ზღუდეები ფერმერისთვის
სარწყავი სეზონის მოახლოებასთან ერთად, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ფერმერებს მომსახურების ხელშეკრულებების დროული გაფორმებისკენ მოუწოდებს. კომპანიის განმარტებით, ეს წყლის მიწოდების გრაფიკის სწორად დასაგეგმად აუცილებელია.
ქართველი ფერმერისთვის ყოველი სეზონი ბრძოლაა მოსავლის გადასარჩენად, სადაც მთავარ დაბრკოლებად ხშირად არა ბუნებრივი კატაკლიზმები, არამედ ბიუროკრატიული მექანიზმები გვევლინება.
იმ დროს როდესაც სახელმწიფო აგრარული სექტორის განვითარებას პრიორიტეტად აცხადებს, გაუგებარია, რატომ უწევთ ფერმერებს ელემენტარული რესურსის – სარწყავი წყლის მისაღებად დამატებითი ბარიერების გადალახვა.
სერვისცენტრებში სიარული და ხელშეკრულებების წინასწარ გაფორმება ხშირად აღიქმება როგორც ზედმეტი ტვირთი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც წყლის საფასურის შესაძლო ზრდაზე საუბარიც კი ფერმერებში სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.
„საქართველოს მელიორაციის“ პოზიცია მკაფიოა: ხელშეკრულება არის გარანტი იმისა, რომ წყალი დათქმულ დროს მივა ადრესატამდე.
„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის, გიგლა თამაზაშვილის განცხადებით, ფერმერებმა მომსახურების საფასური მხოლოდ ფაქტობრივი მორწყვის შემდეგ უნდა გადაიხადონ, რაც ერთი შეხედვით სამართლიანი მიდგომაა, თუმცა, ანალიზისას რამდენიმე პრობლემური მხარე იკვეთება, კერძოდ:
-
დაგეგმვის ეფექტიანობა: როგორ ახერხებს სისტემა რეალურად გრაფიკის დაცვას იმ ფერმერებისთვის, ვინც კეთილსინდისიერად გააფორმა ხელშეკრულება? პრაქტიკა მიწოდების ჯაჭვში ხარვეზებს ხშირად ავლენს;
-
ინფორმაციული ვაკუუმი: ბევრმა წყალმომხმარებელმა, განსაკუთრებით მცირე მეურნეებმა, შესაძლოა დროულად ვერ შეიტყონ ხელშეკრულების აუცილებლობის შესახებ, რაც მათ სეზონის პიკში წყლის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე აყენებს;
-
ტარიფის საკითხი: ნებისმიერი საუბარი საფასურის ზრდაზე, მაშინ როდესაც სერვისის ხარისხი ჯერ კიდევ დასახვეწია, სერიოზულ დარტყმას აყენებს ფერმერის ჯიბეს და პროდუქციის თვითღირებულებას ზრდის.
საირიგაციო სისტემის მართვა რთული ლოგისტიკური პროცესია, რომელიც მართლაც საჭიროებს წინასწარ დაგეგმვას. თუმცა, „საქართველოს მელიორაციამ“ მხოლოდ ხელშეკრულებების რაოდენობაზე კი არა, ბიუროკრატიული ბარიერების მაქსიმალურ გამარტივებაზე უნდა იზურნოს, ციფრული სერვისების თუ სხვა მეთოდების დანერგვით, რათა ფერმერებმა დრო სერვისცენტრებში სირბილში კი არა, საკუთარ მეურნეობაში დახარჯონ.
საბოლოო ჯამში, სარწყავი წყალი ფერმერისთვის არა ფუფუნება, არამედ წარმოების განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, სახელმწიფო სტრუქტურების მთავარი ამოცანა საფასურის ამოღების ახალი მექანიზმების ძიება კი არა, „ზედმეტი“ ზღუდეების გარეშე, შეუფერხებელი და ხელმისაწვდომი სერვისის, ამ შემთხვევაში წყლის, მიწოდება უნდა იყოს.

