აგრარული განათლებადარგებიმეცხოველეობა

სასაკლაოს მოწყობის ძირითადი პრინციპები

ადგილი, სადაც ცხოველთა სასაკლაო უნდა აშენდეს, სასურველია საცხოვრებელი სახლებიდან, კომუნალური და სამრეწველო ნაგებობიდან დაშორებული იყოს. სასაკლაოს ასაშენებლად მშრალი, ოდნავ დაქანებული, ნაწვიმარი წყალი რომ არ დაგუბდეს, ისეთი ადგილი უნდა შეირჩეს.

სასაკლაოს მშენებლობისათვის ნაკვეთის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ:

 მისასვლელი გზების ინფრასტრუქტურა;

 ელექტრო ენერგიითა და წყლით მომარაგების საკითხები;

 საკანალიზაციო სისტემის მდგომარეობა.

დაგეგმარება

სასაკლაოს ტერიტორია პირობითად უნდა დაიყოს ერთმანეთისაგან იზოლირებულ 3 ზონად:

  1. ცხოველთა (ფრინველის) მისაღები ბაზა. ცალკე სადგომი დაავადებაზე საეჭვო ცხოველებისთვის.
  2. საწარმოო კორპუსი.
  3. ადმინისტრაციული ზონა.

საწარმოს ტერიტორია უნდა იყოს შემოღობილი, კეთილმოწყობილი და იზოლირებული, რათა გამოირიცხოს საკლავი პირუტყვის კონტაქტი სხვა ცხოველებთან.

საწარმოო კორპუსში დასაკლავ-დასამუშავებელი დარბაზი იზოლირებურად უნდა იყოს განლაგებული შემდეგი დამხმარე განყოფილებებისაგან:

  1. ტყავის დასამარილებელი,
  2. ნაწლავების სათავსები,
  3. სუბპროდუქტების სათავსები,
  4. მაცივარი,
  5. ლაბორატორია.
ჰიგიენური პირობები დაკვლის პროცესის დროს

საქართველოს კანონის ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ”, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 იანვრის #173 დადგენილების ,,სურსათის, ცხოველთა საკვების მწარმოებელი საწარმოს/დისტრიბუტორის ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ზედამხედველობის, მონიტორინგისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ” და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის #2-218 ბრძანების ,,ცხოველთა სასაკლაოს ტიპობრივი წესის დამტკიცების შესახებ” შესაბამისად სასაკლაოში:

 უზრუნველყოფილი უნდა იქნას პირუტყვის იდენტიფიცირება მიკვლევადობის მიზნით.

აუცილებელია, საწარმოს ჰქონდეს შესასვლელი და გასასვლელი.

საწარმოს შესასვლელ და გასასვლელ კარებთან ეწყობა სპეციალური სადეზინფექციო ბარიერი, აგრეთვე ავტოტრანსპორტის სადეზინფექციო – გამრეცხი მოედანი.

ცხოველების გასაჩერებლად ღია და დახურული შესარეკი ბაკები ყოველდღიურად უნდა გასუფთავდეს ნაკელისა და წუნწუხისაგან, რომლებიც გააქვთ სპეციალურად მოწყობილ ნაკელსაცავში.

 სასაკლაოს ტერიტორიაზე მაწანწალა ცხოველების ყოფნა დაუშვებელია.

ცხოველების დასაკლავ-დასამუშავებელი დარბაზის სიმაღლე უნდა იძლეოდეს ცხოველების ვერტიკალურ მდგომარეობაში თავისუფლად დაკიდების საშუალებას. ცხოველების დაკვლა უნდა წარმოებდეს ვერტიკალური მეთოდით და უნდა გაიჭრას ვერტიკალურად ხერხემლის გასწვრივ ელექტროხერხით. კიდულა ხაზი დასაკლავი დარბაზიდან უნდა შედიოდეს სამაცივრე განყოფილებაში, ხოლო მაცივრიდან — ექსპედიციაში.

დასაკლავ დარბაზში მოეწყოს ცხოველის გასაბრუებელი ბოქსი.

სასაკლაოს იატაკი უნდა იყოს წყალგაუმტარი მასალისაგან – ბეტონის ან მოპირკეთებული მეთლახის ფილებით, დახრილი შემკრები ტრაპებისაკენ ისე, რომ იძლეოდეს წყლის ბუნებრივი გადინების საშუალებას. დარბაზის კედელი მოპირკეთდეს ადვილად რეცხვად-დეზინფიცირებადი მასალით (კაფელი, პლასტიკატი).

სამაცივრე განყოფილებაში ცალკე უნდა მოეწყოს კამერა-იზოლატორი პირობით ვარგისი ხორცის შესანახად.

საწარმო უნდა იყოს უზრუნველყოფილი ცივი და ცხელი წყლით. მის ტერიტორიაზე აუცილებლად უნდა მოეწყოს ნაგებობა ჩამდინარე წყლების გასაუვნებლად. გასაუვნებლად შეიძლება გამოყენებული იყოს, როგორც ბიოლოგიური მეთოდი, ასევე სადეზინფექციო საშუალებები.

ტექნოლოგიური მოწყობილობებისა და ინვენტარის ზედაპირი უნდა ადვილად სუფთავდებოდეს, ირეცხებოდეს და ექვემდებარებოდეს დეზინფექციას.

ცხოველთა დაკვლის დროს ტექნოლოგიური ციკლი უნდა აეწყოს იმგვარად, რომ მუშაობა მიმდინარეობდეს სასაკლაოს უსუფთაო ნაწილიდან სუფთა ნაწილის მიმართულებით.

უსუფთაო ნაწილში შედის:
  1. ცხოველთა მისაღები;
  2. ცხოველთა სადგომი;
  3. ცხოველთა გათიშვა, გაბრუება;
  4. მათი დაკვლა;
  5. სისხლგართმევა;
  6. გატყავება (გაფუფქვა, გატრუსვა);
  7. გამოშიგვნა.
სუფთა ნაწილში შედის:
  1. ტანხორცის ჰიგიენა;
  2. ხორცის ინსპექტირება (ვეტ-სანიტარული ექსპერტიზა);
  3. აწონვა;
  4. გაგრილება;
  5. დანაწევრება;
  6. გადამუშავება;
  7. შეფუთვა;
  8. შენახვა.

სასაკლაოს უნდა ჰქონდეს დანერგილი მიკვლევადობის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP ) სისტემა.

თუ ტექნოლოგიური დანადგარები და საწარმოო დაგეგმარება იძლევა საშუალებას, დასაშვებია ძროხის, ღორის და ცხვრის ხორცის გადამუშავება ერთი და იგივე საწარმოში.

ეწყობა ლაბორატორია ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის სამსახურისათვის.

ეწყობა სპეციალური ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვილი გასახდელი, საშხაპე და ტუალეტი მომსახურე პერსონალისათვის.

სასაკლაო უნდა იყენებდეს ისეთი ხარისხის წყალს, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 4 ივლისის №2-101 ბრძანების ,,ვეტერინარულ-სანიტარიული უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ” შესაბამისად:

სახორცედ დასაკლავად დაიშვება ჯანმრთელი ცხოველი;  ავადმყოფი ან გადამდებ სნეულებაზე საეჭვო ცხოველის დაკვლა დასაშვებია მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს უფლებამოსილი პირის თანხმობით;  უფლებამოსილი ვეტერინარის მიერ უნდა ჩატარდეს ცხოველის დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარული შემოწმება.

 ყველა სახის ცხოველის ხორცი და სუბპროდუქტები ექვემდებარება სავალდებულო დადამღვას ვეტერინარული დამღებითა და შტამპებით.

ხორცის დადამღვა ხდება მხოლოდ ვეტერინარული შემოწმების შემდეგ.

ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის მიხედვით:

უნდა ტარდებოდეს სამუშაო იარაღების დეზინფიცირება ცხელი წყლით (არანაკლებ 820C) ან ალტერნატიული სხვა საშუალებებით.

ცხოველის გაბრუების, სისხლგართმევის, გატყავების, გამოშიგნვისა და შემდგომი დამუშავების დროს თავიდან იქნას აცილებული ხორცის დაბინძურება.

სასაკლაოზე დასაკლავად დაიშვება მხოლოდ ჯანმრთელი ცხოველი. ავადმყოფი ცხოველის დასაკლავად (რომლის დაკვლაც ვეტერინარული წესებით დასაშვებია) უნდა გამოიყოს ცალკე დღე ან/და მისი დაკვლა მოხდეს სამუშაო დღის ბოლოს. ავადმყოფი ცხოველის დაკვლის შემდეგ ტარდება სავალდებულო დეზინფექცია.

დაკვლის შემდგომი შემოწმებისთანავე ხორცი უნდა გაგრილდეს და აღნიშნული ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს შენახვის მთელი პერიოდის განმავლობაში.

სასაკლაოს ხორცისა და სუბპროდუქტების ტრანსპორტირებისათვის უნდა გააჩნდეს სპეც. ავტოტრანსპორტი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ჰიგიენის დადგენილ ნორმებს.

თუ ტრანსპორტირების ხანგრძლივობა აღემატება 2 საათს, გადაადგილების განმავლობაში შენარჩუნებული უნდა იქნას არაუმეტეს 100C ტემპერატურა.

გასაყინად  განკუთვნილი ხორცი დაუყოვნებლად უნდა გაიყინოს.

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“