აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმემცენარეობა

საშემოდგომო თავთავიანების წარმოების ტექნოლოგია ჭარბტენიან ზონაში

დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებით მის ჭარბტენიან ზონაში პურეული კულტურების წარმოება არათუ შეზღუდულია, არამედ თითქმის მთლიანად მივიწყებულია, არადა აქ ამ კულტურების წარმოებისთვის კარგი  პირობებია.
თავთავიანი პურეული კულტურებისათვის ჭარბტენია ზონაში კარგი წინამორბედია სათოხნი კულტურები (სასილოსე და სამარცვლე სიმინდი), მრავალწლოვანი ბალახების კორდი, ერთწლოვანი პარკოსანი კულტურებით მოთესილი ანეული, შუალედურ კულტურებად. შესაძლებელია საგაზაფხულო თავთავიანების გამოყენება.

თავთავიანი პურეული კულტურები შეიძლება აგრეთვე დაითესოს საშემოდგომო თავთავიანების ნაწვერალზეც. ნიადაგის დამუშავება უნდა ჩატარდეს მისი თვისებების, წინამორბედი კულტურის თავისებურების, ნაკვეთის დასარევლიანებისა და ეროზიისაგან ნიადაგის დაცვის ღონისძიებებების გათვალისწინებით. საშემოდგომო თესვის ოპტიმალური ვადის უზრუნველსაყოფად, წინამორბედი სათოხნი კულტურის მოსავალი აღებულ უნდა იქნეს შემჭიდროებულ ვადებში. იმ ვარაუდით, რომ ნიადაგი თესვამდე 10-15 დღით ადრე მაინც დამუშავდეს.

ნასიმინდარი მინდორი უნდა მოიხნას 22-25 სმ სიღრმეზე, ან დამუშავდეს მინიმალური დამუშავების წესით – დაიდისკოს მძიმე დისკოებიანი ფარცხით 10-12 სმ სიღრმეზე. სარწყავებში და ჭარბტენიან პირობებში ნაიონჯარი კორდი უნდა მოიხნას არა უგვიანეს აგვისტოს პირველი დეკადისა, ხოლო ურწყავებში ესპარცეტის კორდი – პირველი გათიბვისთანავე. ამ დროს მოხვნა იმიტომ არის საჭირო, რომ საშემოდგომო თესვამდე ხნულმა მოასწროს „დაჯდომ“` და, რაც მთავარია მაღალი ტემპერატურის ზეგავლენით ნორმალურად მოხდეს ნიადაგში ჩახნული ორგანული მასის მინერალიზაცია. ხვნა უნდა ჩატარდეს 25-27 სმ-ზე წინმხვნელიანი გუთნით.

ნასიმინდარი, ნასოიარი და ნაბალახარი ხნულის თესვისწინა დამუშავება ტარდება მხოლოდ დისკოებიანი იარაღით. ამ შემთხვევაში თათებიანი კულტივატორის გამოყენება დაუშვებელია, ვინაიდან მას ნიადაგის ზედაპირზე ამოაქვს ჯერ კიდევ დაუშლელი ბელტები და მცენარეული ანარჩენები, რაც ხელს უშლის თესვის მაღალხარისხოვნად ჩატარებას.

საგაზაფხულო კულტურები, აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც წესი, ითესება მზრალად ხნულზე. მრავალწლოვანი ბალახების კორდი უნდა მოიხნას ყინვების დადგომამდე 25-27 სმ-ზე წინმხვნელიანი გუთნით, ხოლო ნასიმინდარი და ნასოიარი ერთწლოვანი პარკოსნებისაგან – განთავისუფლებული მინდორი და თავთავიანი კულტურების ნაწვერალი მუშავდება ნახევრად ანეულის წესით და შემდეგ იხვნება მზრალად.

ფერდობებზე ნიადაგი უნდა დამუშავდეს დახრილობის გარდიგარდმო: 3-6º-იან ფერდობებზე კარგ შედეგს იძლევა 2-3 წლის ხანგამოშვებით ღრმად (32-35 სმ) ხვნა, ყოველი 10-15 -მეტრიანი ზოლის შემდეგ 3-5 მეტრის სიგანის ზოლის ღრმად გაფხვიერება ან ხნულის დაბაზოება. გაზაფხულზე მზრალის დამუშავება უნდა დავიწყოთ ხნულის დაფარცხვით. მისი დანიშნულებაა შემოდგომა-ზამთრის განმავლობაში დაგროვილი ტენის დაკავება ნიადაგში და ახლად აღმოცენებული და გაღივების პროცესში მყოფი სარეველების მოსპობა.

თესვისწინა კულტივაცია ტარდება 6-8 სმ სიღრმეზე. ნასიმინდარი და ნაბალახარი უნდა დამუშავდეს მხოლოდ დისკოებიანი იარაღით. ნიადაგის თესვისწინა დამუშავება უნდა ჩატარდეს ხვნის მიმართულებისადმი დახრილი კუთხით.

თესლის დასათესად მომზადება და თესვა

უნდა დაითესოს პირველი კლასის კონდიციური თესლი. გუდაფშუტოვანი დავადებებისა და ფესვის სიდამპლის წინააღმდეგ თესვის წინ თესლი უნდა შეიწამლოს თესლის დასამუშავებელი ერთ-ერთი პრეპარატით (კონილი 150გრ ან ტობიკური 50გრ; 200-250კგ/ჰა თესლზე ან დივიდენდ-სტარით 1ლ/ტ-ზე ან გიზმოთი 0.4-0.5ლ/ტზე და ა.შ.). შეწამვლა უნდა მოხდეს წყლის სუსპენზიით ან დატენიანდეს (10 ლ წყალი 1 ტონა თესლზე), მოებნეს პრეპარატი და ყველაა შემთხვევაში კარგად აირიოს ნიჩბით.

თუ ოპტიმალურ ვადებში ვერ მოესწრო საშემოდგომო ხორბლის თესვა, უარი უნდა ვთქვათ საშემოდგომო ჯიშების გვიან თესვაზე და აქცენტი გადავიტანოთ ორთესელა ჯიშებზე (კოპერი, შავფხა და ა.შ.), რომლებიც უნდა დაითესოს გვიან შემოდგომაზე, ყინვების დაწყების შემდეგ. თესლი გამოიზამთრებს ნიადაგში და ადრე გაზაფხულზე ხელსაყრელი პირობების დადგომისთანავე აღმოცენდება. თუმცა მათ საწარმოო გამოყენებამდე ჯერ უნდა დაითესოს.

თავთავიანი პურეული კულტურები ითესება მწკრივად და მობნევით. არჩევენ მწკრივად თესვის რამდენიმე სახეს: ჩვეულებრივ მწკრივად, ვიწრომწკრივად და ჯვარედინად თესვას. აქედან უპირატესობა უნდა მიეცეს თესვის ბოლო ორ წესს, რადგან ამ შემთხვევაში თესლი უფრო თანაბრად ნაწილდება ფართობის ერთეულზე. მაგრამ თესვის ამ ორი წესიდან უკეთესია ვიწრომწკრივად თესვა, რადგან ჯვარედინად თესვის დროს ორჯერ მეტი დრო და ენერგია იხარჯება, ნიადაგი მეტად იტკეპნება, მწკრივების გადაკვეთის ადგილზე მეტი მარცვალი ხვდება და მცენარეები ჯგუფ-ჯგუფად ამოდის.

ვიწრომწკრივად და ჯვარედინად თესვას, როგორც ქარისმიერი ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მდ. რიონის ხეობაში.

 ფერმერების მცირე ზომის ნაკვეთებზე თესვა ხელით (მობნევით) უნდა ჩატარდეს, რისთვისაც ზუსტად უნდა განისაზღვროს დასათესი თესლის რაოდენობა, იგი თანაბრად უნდა განაწილდეს ნაკვეთზე და ჩაკეთდეს ნიადაგში ოპტიმალურ სიღრმეზე.

ნაკვეთზე თესლის თანაბრად განაწილებისათვის მობნევა ისე უნდა ჩავატაროთ, რომ მობნევის დამთავრების შემდეგ თესლის რაღაც რაოდენობა დაგვრჩეს. დარჩენილი თესლი ისევ თანაბრად უნდა გავანაწილოთ მთელ ფართობზე და ა.შ. საშემოდგომო ხორბალი და ქერი უნდა დაითესოს 5,0-6,0 მილიონი მარცვალი ჰექტარზე, რაც წონითი ნორმით უდრის ხორბლისათვის 220-250 კგ-ს, ქერისათვის 200-220 კგ-ს, იმ რაიონებში, სადაც ქარისმიერი ეროზიის საშიშროებაა, სასურველია თესვის ნორმის 10-15%-ით გაზრდა.

ნარევში შუალედური კულტურის სახით თესვისას შვრიის, ქერისა და ჭვავის თესვის ნორმა უნდა შემცირდეს 70-80 კგ-მდე, მობნევით თესვის დროს კი ნორმა იზრდება 10-15%-ით. თესლის ჩათესვის სიღრმე ნიადაგის კონკრეტული მდგომარეობის კვალობაზე მერყეობს ხორბლისა და ქერისათვის 5-7 სმ-ის ფარგლებში.

ნათესის მოვლა

ვეგეტაციის მანძილზე  ნათესის მოვლის შემდეგი ღონისძიებები უნდა ჩატარდეს

ჯეჯილის აზოტიანი სასუქით გამოკვება გაზაფხულზე

საშემოდგომო და საგაზაფხულო თავთავიანების ნათესებში, ჩვეულებრივ, გავრცელებულია შემდეგი ორლებნიანი სარეველები: ბოლოკა, ბირკა, ნარი, ყაყაჩო, ჯიჯლაყა და სხვა, რომელთა წინააღმდეგ გამოიყენება ნათესების ქიმიური მარგვლა, შემდეგი პერბიციდებით: 2,4-დ ამინის მარილის 40%-იანი წყალხსნარი კონცენტრატი 1,5-2,0 ლ/ჰა, ან ბაზაგრანი – 2-4 ლ/ჰა. 2,4 დ ამინის მარილის მიმართ გამძლე, შვრიუკის წინააღმდეგ კი ხორბლის ნათესებში უნდა გამოვიყენოთ ტოპიკი (0,5 ლ/ჰა), ან ილოქსანი 2,5-3 ლ/ჰა, ტრეზორი 1-1,3 კგ/ჰა. ჰერბიციდები უნდა შევასხუროთ ბარტყობის ფაზაში, მაშინ როცა ჰაერის ტემპერატურა 12-15°-ს მიაღწევს. შვრიუკას წინააღმდეგ გამოიყენება ავადექსი ბვ, თესვამდე და თესვის შემდეგ ნიადაგში დაუყოვნებელი ჩაკეთებით (1,5 კგ/ჰა-დან 25 კგ/ჰა-მდე პრეპარატული ფორმის მიხედვით).

ˆ საშემოდგომო ჯეჯილის დაფარცხვა გაზაფხულზე. ფარცხვა შლის ნიადაგის ქერქს, სპობს სარეველებს და ამცირებს ნიადაგიდან წყლის აორთქლებას. მძიმე ნიადაგზე, ძლიერი ჯეჯილის დაფარცხვა შეიძლება მძიმე კბილებიანი ფარცხით. მსუბუქ ნიადაგზე მიზანშეწონილია მსუბუქი ფარცხის გამოყენება. ფარცხვა უნდა ჩატარდეს მწკრივების პერპენდიკულარულად ან დიაგონალზე. სუსტი, შემოდგომაზე დაუბარტყებელი, აგრეთვე ამოჩრილ მცენარეებიანი ნათესები არ იფარცხება. ისინი უნდა დაიტკეპნოს.

ˆ საგაზაფხულო პურეულების დათესვისთანავე მოტკეპნა. ნათესის დატკეპნა, როგორც ქარისმიერი ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიება, სასურველია მდ. რიონის და მისი შენაკადებისხეობაში.

ˆ ნათესის მორწყვა. პირველი სავეგეტაციო მორწყვა ტარდება მცენარის აღერების ფაზაში, ხოლო მომდევნო საჭიროების მიხედვით დათავთავება-ყვავილობის ან მარცვლის შევსების დროს.

განოყიერება

თავთავიანი პურეული კულტურებისათვის მინერალური სასუქების საორიენტაციო დოზებია: მაღალნაყოფიერ ნიადაგებზე N60P60K45, ანუ ფიზიკური წონით ამონიუმის გვარჯილა 180 კგ, სუპერფოსფატი 330 კგ, კალიუმის მარილი 100 კგ/ჰა-ზე. საშუალო ნაყოფიერების ნიადაგზე – N90P90K60, ანუ ფიზიკური წონით ამონიუმის გვარჯილა 265 კგ, სუპერფოსფატი 500 კგ, კალიუმის მარილი 140 კგ/ჰა-ზე. დაბალნაყოფიერ ნიადაგზე – N120P120K60, ფიზიკური წონით ამონიუმის გვარჯილა 360 კგ, სუპერფოსფატი 660 კგ, კალიუმის მარილი 140 კგ/ჰა-ზე. მინერალურ სასუქებთან ერთად რეკომენდებულია ორგანული სასუქების (ნაკელი) გამოყენებაც. სავარაუდო დოზებია: ურწყავებში 10-15 ტ/ჰა; სარწყავში და ტენით უზრუნველყოფილ პირობებში 20-25 ტ/ჰა. ნაკელის გამოყენების შემთხვევაში მინერალური სასუქების ნორმები უნდა განახევრდეს. იქ სადაც გადამწვარი ნაკელის დეფიციტია შესაძლებელია ტორფის გამოყენება ნახევარი ნაკელით და მეორე ნახევარი ტორფით ჩანაცვლება, ანდა სულაც მთლიანად ტორფის გამოყენება. ურწყავებში სამივე სახის სასუქი უნდა შევიტანოთ ერთჯერადად ხვნის ან თესვის წინ, ხოლო სარწყავებში და ტენიან პირობებში ფოსფორი და კალიუმი ხვნის წინ, აზოტის 1/3 – თესვის წინ, 2/3 – ფესვურ გამოკვებაში, რომელიც ტარდება ბარტყობის ფაზაში აღერების დაწყებამდე.

მოსავლის ხარისხის ანუ ტექნიკური და პურცხობის თვისებების ფორმირებაში, რომლებიც იქმნება მარცვლის ჩასახვის დროს, მთავარი როლი ეკუთვნის აზოტს, ამიტომ ხორბლის მარცვლის ხარისხის ასამაღლებლად უნდა გამოვიყენოთ ფესვგარეშე გამოკვება (ნათესზე შესხურება).

 აზოტიანი სასუქის უკეთეს ფორმად ამ შემთხვევაში მიჩნეულია შარდოვანა. ერთ ჰექტარზე უნდა შესხურდეს 30-40 კგ შარდოვანა, გახსნილი 300-400 ლიტრ წყალში. 1000 მ²-ზე საჭირო იქნება 3-4 კგ შარდოვანა, გახსნილი 30-40 ლიტრ წყალში, 100 მ²-ზე 0,3-0,4 კგ გახსნილი 3-4 ლ. წყალში.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ თავთავიანები შეუცვლელია თესლბრუნვაში და ამასთან იგი გვევლინება იმ ძირითად კულტურად, რომლის მოსავლიანობაზეა დამოკიდებული მეცხოველეობის პროდუქგტიულობა მაშინ გასაგები გახდება თუ რა ადგილი უნდა ეკავოს მას ჩვენს მინდვრებში. განსაკუთრებით ურწყავი მიწათმოქმედების პირობებში, მომავალში კი ჭარბტენიან რეგიონებშიც.

გ. გოდერძიშვილი; დ. კილაძე; მ. დანელია