აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმემცენარეობა

სასუქების სახეები

 სასუქი არის ნივთიერება, რომელსაც იყენებენ სოფლის მეურნეობაში მცენარეების კვების გაუმჯობესებისათვის. მას ათავსებენ ნიადაგში/ნიადაგზე, რის შემდეგაც მცენარე გამოიყენებს მას და მიიღება უხვი მოსავალი.

სასუქების მრავალნაირი ნაირსახეობა არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან წარმოშობის მიხედვით: სასუქები არსებობს მინერალური და ორგანული, თხევადი, ნახევრადთხევადი, მყარი, მოქმედების თვისებებით და სხვ.

სასუქის სახეებია: მინერალური (ერთკომპონენტიანი, კომპლექური), ორგანული (ნაკელი, ტორფი, ვერმიკულტურა, მდინარის შლამი), მწვანე სასუქი (სიდერატი), ბაქტერიული (ნიტრაგინი, აზოტობაქტერინი, ფოსფორბაქტერინი).

მინერალური სასუქი ეწოდება ისეთ სასუქებს, რომლებიც მცენარისათვის საჭირო საკვებ ელემენტებს შეიცავენ მინერალურ შენაერთებში. მინერლურ სასუქებს მიეკუთვნება აზოტიანი, ფოსფორიანი, კალიუმიანი, მიკრო და კომპლექსური სასუქები.

 ორგანული სასუქები ეწოდება ისეთ სასუქებს, რომელთა შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით ორგანული ნივთიერება. უკანასკნელის გახრწნის შედეგად მასში არსებული საკვები ელემენტები გადადის მცენარისათვის ადვილად შესათვისებელ ფორმაში. ორგანული სასუქები შეიცავს მცენარისათვის საჭირო ყველა ელემენტს. ისინი მცენარეული და ცხოველური წარმოშობისაა. მათ მიეკუთვნება: ნაკელი, ტორფი, წუნწუხი, მწვანე სასუქი, კომპოსტი და წარმოების ორგანული ანარჩენები. ორგანული სასუქები აუმჯობესებენ ნიადაგის სტრუქტურას, მის წყალმართვას, ჰაერობულ რეჟიმს.

ნაკელი. ნაკელში არსებული ნახშირბადი ასტიმულირებს ნიადაგის მიკროფლორას და ხელს უწყობს მის ცხოველმყოფელობას, რაც, თავის მხრივ, ნიადაგში მცენარის მიერ შეთვისებადი ნივთიერებების მარაგს ზრდის. ნაკელის შეტანა ხდება შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე და ნიადაგში იგი 3-4 წელი ინარჩუნებს ეფექტურობას. რეკომენდებული არ არის ახალი ნაკელის შეტანა, ვინაიდან აზოტის მაღალი შემცველობის გამო მცენარეები სწრაფად იზრდებიან, მაგრამ სუსტად ვითარდებიან. ასეთ პირობებში მცენარე ნაკლებ გამძლეა დაავადებებისა და მავნებლების ზემოქმედების მიმართ. გარდა ამისა, ახალ ნაკელს, როგორც წესი, მოჰყვება სარეველების თესლი, რაც ნათესის დასარევლიანებას იწვევს. ამასთან, შესაძლებელია ახალ ნაკელში ავადმყოფობათა გამომწვევი ან მავნებლის მოზამთრე ფორმაც იყოს. ნაკელი უნდა იყოს კარგი გადამწვარი, თუმცა შენახვის დროს სასარგებლო ნივთიერებების (აზოტი, კალიუმი, ნახშირბადი) ნაწილი შეიძლება დაიკარგოს. დანაკარგის შემცირებისათვის აუცილებელია ნაკელის შენახვა საგანგებოდ მოწყობილ სანაკელეში. სანაკელედ უნდა შეირჩეს გაშლილი ადგილი, რათა აერაცია უზრუნველყოფილი იყოს; მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და წვიმის დროს ნაკელის ჩარეცხვების თავიდან ასაცილებლად სასურველია სანაკელის გადახურვა. ნიადაგის განოყიერების გარდა, ნაკელს შეიძლება სხვა დატვირთვაც ჰქონდეს, კერძოდ, მას იყენებენ, როგორც ენერგიის ალტერნატიულ წყაროს. სპეციალური დანადგარის საშუალებით, რომელიც საკმაოდ მარტივი კონსტრუქციისა, შესაძლებელია საქონლის, ღორის ან ფრინველის ნაკელისაგან ბიოლოგიური გაზის (ბიოგაზის) მიღება. სოფლებში, სადაც მისდევენ მეცხოველეობას და ჯერ კიდევ არ აქვთ ბუნებრივი გაზი, ბიოგაზის აპარატის დამონტაჟება მნიშვნელოვან ეკონომიკურ ეფექტს იძლევა. გარდა ამისა, ნაკელის მასა, რომლისგანაც ბიოგაზი მიიღება, გარკვეული დროის შემდეგ აპარატიდან გამოდის კარგი ხარისხის თხევადი ორგანული სასუქის სახით — აპარატში გატარებისას ნაკელი გადაიწვება; ამასთან, თუ ნაკელს შეჰყვა დაავადების გამომწვევი, მავნებლის მოზამთრე ფაზა ან სარეველის თესლი, აპარატში მათი გაუვნებელყოფაც ხდება. პრაქტიკულად, აპარატიდან გამოდის „სტერილური“ ორგანული სასუქი.

ნაკელი ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებული ორგანული სასუქია, რომელიც მცენარის კვებისათვის საჭირო თითქმის ყველა ელემენტს შეიცავს, განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ნაკელში აზოტი და კალიუმი.

ტორფი პირვანდელი სახით სასუქად არ გამოიყენება, ვინაიდან მცენარისათვის ძნელად შესათვისებელი ფორმით არსებულ ნივთიერებებს შეიცავს. ამიტომ ტორფის გამოყენება ხდება ნაკელთან ან სხვა ორგანულ ნარჩენებთან დაკომპოსტებული ფორმით. სასურველია გამოყენების წინ ტორფი დაინამოს. ტორფიანი სასუქი უფრო ეფექტურია, ვიდრე ნაკელი — იგი აფერხებს ნიადაგში დაავადებათა კერების წარმოქმნას. ამდენად, ტორფი ძვირფასი სასუქია, მაგრამ ტორფი ბუნებაში ძნელად აღდგენადი ნედლეულია და რეკომენდებულია მისი შეზღუდული გამოყენება.

ტორფი დაკონსერვებული მცენარეული მასაა, რომელიც წარმოიშვა ჭაობიანი მცენარეების გახრწნის შედეგად ჭარბი ტენისა და ჰაერის ნაკლებობის პირობებში.

კომპოსტი. კომპოსტის დამზადებასა და ნიადაგში შეტანას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. კომპოსტი, ერთი მხრივ, აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და, მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მცენარეებს სასარგებლო ნივთიერებებით. მეურნეობაში, პრაქტიკულად, შესაძლებელია დაკომპოსტდეს ნებისმიერი ორგანული მასალა, რაც კი ნაგვის ყუთში იყრება ან დაიწვება — ჩამოცვენილი ფოთლები, ხეხილის, ბუჩქნარისა და ვაზის ანასხლავი, ნახერხი, ჩალა, მოთხრილი სარეველები, ბოსტნეულის (კარტოფილი, პამიდორი) ღერო-ფოთოლი, ნაკელი, მატყლი, ბუმბული, სამზარეულოს ნარჩენები, მაგრამ ორგანული ნარჩენების დაკომპოსტება არ ნიშნავს საოჯახო და ბაღის ნარჩენების უწესრიგო გროვას, რომელიც წვიმის შემდეგ იწყებს ლპობას და უსიამოვნო სუნის მასას წარმოქმნის. კომპოსტის გროვას შესაძლოა სხვადასხვა ფორმა ჰქონდეს. რეკომენდებულია ფენის ძირში მშრალი მცენარეული მასის დაფენა, შემდეგ კი უნდა მოდიოდეს მცენარის მწვანე მასა, სამზარეულოს ნარჩენები და ზემოდან — მიწა, ნაკელი, ნამჯა ან თივა. დაკომპოსტების პროცესის დაწყება მწვანე მცენარეული მასით გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მშრალი მასის გამოყენება. ვინაიდან მწვანე მცენარეულ მასაში შემავალი აზოტი იწვევს ხრწნის პროცესის დაჩქარებას. მართალია, მშრალ მცენარეულ მასაში დიდია ნახშირბადის შემცველობა, მაგრამ მიკროორგანიზმებს აზოტის საკმარისი რაოდენობის გარეშე უჭირთ მისი შეთვისება. აქედან გამომდინარე, დაკომპოსტების პროცესში აუცილებელია აზოტითა და ნახშირბადით მდიდარი ორგანული მასალების თანაფარდობის დაცვა. ტემპერატურის ძლიერი აწევა, რისი მიღწევაც შესაძლებელია აზოტის შემცველი მასალა (სამზარეულოს ნარჩენები, ნაკელი), ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. ამასთან, მაღალ ტემპერატურაზე იღუპება მავნე ორგანიზმები და სარეველების თესლი აღმოცენების უნარს კარგავს; მიკროორგანიზმების მეშვეობით მიმდინარე ხრწნის პროცესისათვის აუცილებელია ჟანგბადისა და ტენის რეგულირება: თუ ტენის შემცველობა 75%-ს აჭარბებს, ხდება ჟანგბადის გამოდევნა და მასალის ლპობა, ტენის უკმარისობა კი იწვევს ბაქტერიების ცხოველმოქმედების პარალიზებას და ფერხდება ხრწნის პროცესი.

კომპოსტი საუკეთესო ორგანული სასუქია. დაკომპოსტების მაგალითს თავად ბუნება გვაძლევს — ტყეში ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობს: ჩამოცვენილი ფოთლები, მცენარის გამხმარი ნაწილები და სხვ. ორგანული ნარჩენები ნიადაგის მიკროორგანიზმების ზემოქმედების შედეგად ნაყოფიერ ტყის მიწად გარდაიქმნება.

მინერალური სასუქები. იმის მიხედვით, თუ რა საკვებ ელემენტებს შეიცავენ, მინერალური სასუქები იყოფიან მარტივ და კომპლექსურ სასუქებად. მარტივ ანუ ცალმხრივ სასუქებს მიეკუთვნება ისეთი სასუქები, რომლებიც შეიცავენ ერთ საკვებ ელემენტს. მათ მიეკუთნებa: აზოტიანი, ფოსფორიანი, კალიუმიანი და მიკროსასუქები.

კომპლექსური, ანუ რთული (მრავალმხრივი) სასუქები ერთდროულად შეიცავენ ორ ან მეტ ძირითად საკვებ ელემენტს. საკვები ელემენტების შემცველობა სასუქებში გამოიხატება წონით პროცენტებში: აზოტიან სასუქებში N-ის ანგარიშზე, ფოსფორიანში P2O5- ზე, კალიუმიანში K2O –ზე და მაგნიუმიანში MgO –ზე. პირობით სტანდარტულ სასუქებად მიღებულია ამონიუმის სულფატი, მარტივი სუპერფოსფატი და კალიუმის მარილი. ნაკლებია ნიადაგის სასუქით დატვირთვა და შემცირებულია გარემოზე უარყოფითი გავლენა. რთულ სასუქებს განეკუთვნება: ამოფოსი (N-12%, P–52%), მონოამონიფოსფატი (N-12%, P–52%), დიამოფოსკა (N-10%, P–26%, K–26%), ნიტროამოფოსკა (N-16%, P–16%, K–16%) და სხვა. განსაკუთრებით აღსანიშნავია კრისტალონი. იგი ახალი თაობის უნიკალური სასუქია. შეიცავს აზოტს, ფოსფორს, კალიუმს და რვა დასახელების მეორად და მიკროელემენტს (Mg, Ca, Fe, Cu, Mb, Zn, Bo, Mo). იგი სწრაფად და მთლიანად იხსნება წყალში, მაღალია მცენარის მიერ საკვები ელემენტების ათვისება. მოსავლიანობის ზრდასთან ერთად უმჯობესდება პროდუქციის ხარისხი. ფოთლიდან გამოკვების მიზნით კრისტალონის შეტანა შესაძლებელია პესტიციდებთან ერთად. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროა ყველაზე შესაფერისი და ეფექტიანი სასუქის შერჩევა, რაც საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსა-ვლიანობა, გავაუმჯობესოთ პროდუქციის ხარისხი და შევამციროთ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება.

დაიმახსოვრეთ! რთული სასუქების გამოყენება უფრო ეკონომიურია.

ნიადაგზე და მცენარეზე მოქმედების ხასიათის მიხედვით სასუქებს ყოფენ პირდაპირ და არაპირდაპირმოქმედ სასუქებად. პირდაპირმოქმედ სასუქებს მიეკუთვნება ის სასუქები, რომლებიც შეიცავს მცენარისათვის საკვებ ელემენტებს და უშუალოდ მოქმედებს მათ კვებაზე. ასეთებია: აზოტიანი, ფოსფორიანი, კალიუმიანი სასუქები და მიკროსასუქები. არაპირდაპირმოქმედ სასუქებს, ძირითადად, იყენებენ ნიადაგის გასაუმჯობესებლად, ნიადაგის ხსნარის რეაქციის შესაცვლელად, ნიადაგის ფიზიკური და ბიოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლად და, აგრეთვე, საკვები ელემენტების მობილიზაციისათვის. ასეთ სასუქებს მიეკუთვნება კირი, თაბაშირი, ბაქტერიული სასუქები და სხვ.

მიკროელემენტები. მიკროელემენტებს მცენარე მცირედ მოიხმარს და უმეტესად ნიადაგში ისინი საკმარისი რაოდენობითაა. მაგრამ თუ ნიადაგი ღარიბია მიკროელემენტებით, აუცილებელია, მათი გარედან შეტანა, ვინაიდან დეფიციტი მცენარეში მთელ რიგ დარღვევებს იწვევს: ქლოროზს (რკინის ნაკლებობისას), ფოთლების დეფორმირებას (ბორის ნაკლებობისას), ზრდის შეფერხებას (მოლიბდენის ნაკლებობისას), ფოსფორის შეთვისების გაძნელებას (სილიციუმის ნაკლებობისას) და სხვ.

მიკროსასუქები. მიკროელემენტების ნიადაგში ნაკლებობის შესავსებად გამოიყენება მიკროსასუქები. არსებობს ბორის, სპილენძის, თუთიის, მარგანეცის, კობალტისა და მიკროსასუქები. მიკროსასუქებად გამოიყენება მიკროელემენტების მარილები, მრეწველობის ნარჩენები (წიდები). მიკროსასუქები შეაქვთ თესვისას, თესლთან ერთად, მწკრივებში ან ბუდნებში ან არაფესვური გამოკვებისას (ფესვგარეშე). შესაძლებელია, აგრეთვე, მიკროსასუქებით თესლის თესვამდე დამუშავება.

მწვანე სასუქები (სიდერატები). სიდერატებს უმეტესად ისეთ პირობებში იყენებენ, სადაც ნაკელის დეფიციტია. მწვანე სასუქად (სიდერატებად) გამოყენებული მცენარეები ორ ჯგუფად იყოფა: აზოტფიქსატორი მცენარეები (პარკოსნები), რომლებიც ფესვებზე არსებული კოჟრის ბაქტერიების მეშვეობით ჰაერის აზოტს აფიქსირებენ და მცენარისათვის შესათვისებელ ფორმად გარდაქმნიან, და ე.წ. “აზოტშემნახველი” მცენარეები (ძირითადად, ერთწლიანი, არაპარკოსანი მცენარეები), რომლებსაც ვეგეტაციის შედარებით მოკლე პერიოდში დიდი რაოდენობით მწვანე მასა უვითარდებათ.

მიკროორგანიზმებისა და ბაქტერიების ზემოქმედების შედეგად, მწვანე მასა იშლება და ჰუმუსით ამდიდრებს ნიადაგს. ამავე დროს სიდერატების ფესვები ნიადაგის ღრმა ფენებიდან ითვისებენ მინერალურ ნივთიერებებსა და საკვებ ელემენტებს, რომლებიც მინერალიზაციის შემდეგ მცენარისათვის შესათვისებელ ფორმაში გადადის. მწვანე სასუქად არჩევენ ისეთ პარკოსან მცენარეებს, რომლებიც მოკლე დროში, დიდი რაოდენობით, იძლევა მწვანე მასას. სიდერატებად იყენებენ ხანჭკოლას, ცერცველას, ბარდას და სხვა. სიდერატების შერჩევას ახდენენ ადგილობრივი პირობების შესაბამისად. ზოგჯერ სიდერატების თესვას ჩართული სახით აწარმოებენ როგორც სანაწვერალო კულტურის, ისე საშემოდგომო კულტურის სახით. ამ შემთხვევაში ჩახვნას ან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე აწარმოებენ.

ნაცარი. ხის ნაცარი მცენარისათვის კალიუმის მნიშვნელოვანი წყაროა. აზოტის გარდა იგი მცენარისათვის საჭირო ყველა ნივთიერებას შეიცავს.

ვერმოკომოსტი. აწარმოებენ ჭიაყელები ნიადაგში არსებული ორგანული ანარჩენების გადამუშავებით. ვერმიკომპოსტი საუკეთესო სტრუქტურისაა და შეიცავენ საკვებ ელემენტებს მცენარისათვის ხელმისაწვდომ ფორმაში.

საძოვრისაგან განსხვავებით, მიწათმოქმედებაში ნიადაგი ყოველთვის არ არის ბალახით დაფარული. თხევადი ნაკელის გამოყენებისას მიწათმოქმედებაში გასათვალისწინებელია შემდეგი საკითხები:

თხევადი ნაკელის განაწილება მიზანშეწონილია თესვის ან კულტურის საწყისი განვითარების პროცესში; მოსავლის აღების შემდეგ თხევადი ნაკელის განაწილება მიზანშეწონილია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ისევ უნდა მოხდეს კულტურის ვეგეტაცია, როცა მცენარეს ხელეწიფება მთელი არსებული აზოტის შეწოვა;

თხევადი ნაკელი საკმაოდ ზუსტად და თანაბარზომიერად ნაწილდება;

არ არის სასურველი ნიადაგის ღრმად დამუშავების შემდეგ მძიმე ნაკელის შემტანი მანქანის გამოყენება.

საბურავებთან დაკავშირებით არსებობს დილემა: მართალია, განიერი საბურავები იცავს ნიადაგს, მაგრამ აზიანებს მოშენებული მცენარეების გარკვეულ ნაწილს.

ნაკელის გამანაწილებლების უმრავლესობა ეწყობა ერთი და იმავე პრინციპით: მისაბმელის ძირზე დამაგრებულია განივი ღერძები მოძრავი ჯაჭვებით, რომლებიც გადააადგილებენ ნაკელს მისაბმელის ბოლოში, სადაც ის თანაბარზომიერად ნაწილდება მინდორზე გამანაწილებელი სატკეპნით ან დისკით. გამანაწილებელი სატკეპნი მაგრდება ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად.

ორგანული სასუქების შეტანის დროს გასათვალისწინებელი გარემოებები: ნაკელი არის ნელა მოქმედი დამატებითი საკვები ნივთიერება — ორგანული სასუქი, რომლის მოქმედებაც შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში. ნაკელის თავისებურება მდგომარეობს ორგანული ნივთიერებების დიდ რაოდენობაში, რომელიც ხელს უწყობს ნიადაგში წყლის შემცველობის შენარჩუნებას და მნიშვნელოვანია განიავებისა და ბელტების სტაბილიზაციისათვის.