საჭირო და საპასუხისმგებლო საქმე
მევლუდ ბახტურიძე ვეტერინარის პროფესიას კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ „აისში“ ეუფლება და ფიქრობს, რომ სწორი არჩევანი გააკეთა, ძალიან საინტერესო საქმეა, ხედავს, თუ კარგ სპეციალისტად ჩამოყალიბდება, მატერიალურადაც კარგად იქნება და ხალხისთვისაც ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებს.
მევლუდი ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ახალბედა სპეციალისტებს ხელი უნდა შეუწყოს, რომ კოლეჯში შეძენილი თეორიული ცოდნა პრაქტიკაში დახვეწონ და დასაქმდნენ მსხვილ ფერმებსა თუ კლინიკებში.
ვეტერინარია ყოველთვის საჭირო და საპასუხისმგებლო საქმე იყო, განსაკუთრებით დღეს, როცა ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ვეტერინარის როლი სულ უფრო იზრდება.
„დარგი ყოველდღიურად ვითარდება, გამოდის ბევრი ახალი პრეპარატი, ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები და მიდგომები, საჭიროა მათ ფეხი ავუწყოთ. დღეს საკმარისი კადრები არ არიან და ძირითადად უფროსი თაობის სპეციალისტები გვყავს. თუ ახალგაზრდები ამ პროფესიით არ დაინტერესდებიან, ძალიან გაგვიჭირდება.
სოფელში გავიზარდე და ბოლო 10 წელია სოფელში ვცხოვრობ. მამაც პროფესიით ვეტერინარია და სულ დაკავებულია, უამრავი ადამიანი აკითხავს დასახმარებლად. პირუტყვში ავადმყოფობები ხშირია. მეც ხშირად მიწევს მეზობლების დახმარება. პრაქტიკული საქმიანობა პირველად საკუთარ მეურნეობაში დავიწყე, შემდეგ მეზობლებსაც ვუწევდი დახმარებას. რაც იცი, იმ საქმის გაკეთება არასდროს არაა შეუძლებელი. ძნელია, როცა ცხოველს ვეღარ შველი, დროულად ვერ ეხმარები, მეპატრონე კი მას, როგორც შემოსავლის წყაროს, შეჰყურებს და ზარალდება.
ხშირად ადამიანებიც სცოდავენ, სათანადო არ უვლიან, არ უფრთხილდებიან საკუთარ პირუტყვს, არ მიმართავენ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, დროულად არ მიმართავენ ვეტერინარს, რაც ზოგჯერ ცუდად მთავრდება. მოსახლეობამ ცხოველთა მოვლა-პატრონობის უფრო მეტი კულტურა უნდა გამოიჩინოს, რადგან მათ ჯანმრთელობაზე დიდად არის დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობაც.
კოლეჯ „აისში“ ყველანაირი პირობაა იმისათვის, რომ ცოდნა გაიღრმავო და პროფესიონალად ჩამოყალიბდე.
ახლახან ვეტფარმაციაში „მომავლის ფერმერის“ ინტენსიური გადამზადების კურსი გავიარე. გავეცანი ვეტპრეპარატების წარმოების, ხარისხის კონტროლის, ლაბორატორიული კვლევების, დისტრიბუციის, გაყიდვებისა და კონსულტაციის ეტაპებს როგორც თეორიულ, ისე – პრაქტიკულ დონეზე. დავესწარი ჩრდილოეთ კაროლინის (აშშ) პროფესორის, მეფრინველეობის სპეციალისტ აბრაამ ვოლდერ გაბრიელის ტრენინგს და მივიღე საჭირო ინფორმაცია, რომელიც პრაქტიკული მუშაობისას მნიშვნელოვნად დამეხმარება“,- ამბობს მევლუდ ბახტურიძე.
ეს ძალიან საინტერესო საქმე და ამიტომ ვურჩევ ახალგაზრდებს აირჩიონ ვეტერინარის პროფესია, რომელიც ცხოვრებაში გამოადგებათ, ბევრ სასიკეთო საქმესაც გააკეთებენ და მატერიალურადაც უზრუნველყოფილინი იქნებიან.
თეონა ნოზაძე