სათბურების ალტერნატიული საშუალებებით გათბობა
ბოსტნეულის მწარმოებლებმა და სასათბურე მეურნეობების მეპატრონეებმა კარგად იციან, რომ ზამთარში ზაფხულთან შედარებით მათ პროდუქციაზე ფასები გაცილებით მაღალია. ყველა ფერმერი ფიქრობს, როგორ მოახერხოს პროდუქციის ძვირად რეალიზე-ბა, ცნობილია რომ ამის ერთ-ერთი გზა ზამთარში სათბურში ბოსტნეულის წარმოებაა. თუმცა სასათბურე სისტემის ხელმისაწვდომ ფასად მოწყობა და საწვავით უზრუნველყოფა საკმაოდ დიდი პრობლემაა. სათბურის გათბობის სისტემის უზრუნველყოფის ყველაზე გავრცელებული მეთოდი ბუნებრივი გაზის, ნახშირის, დიზელის საწვავის ან ელექტროენერგიის გამოყენებაა.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ელექტროსადგურები და სასათბურე მეურნეობები ისეთი განახლებადი ენერგიის წყაროებით სარგებლობენ, როგორიცაა ხის მასალის ნარჩენები, ბრინჯის ქერქი, ქაღალდის ფაბრიკის ნარჩენები, ზეთისხილის კურკები, ხეხილის ნასხლავი, შაქრის ლერწმის ბოჭკო და სხვა მრავალი ნედლეული. კალიფორნიაში რამდენიმე ელექტროსადგური არსებობს, რომელიც საწვავად 50 სახეობის სასოფლო-სამეურნეო ან სხვა გადამმუშავებელი მრეწველობის ნარჩენებს იყენებს. კანადაშიც ნახერხზე ბევრი ელსადგური მუშაობს.
მაღალი ენერგეტიკული პოტენციალის ბიომასა რამდენიმე კატეგორიად იყოფა:
1) სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ნარჩენები _ საწვავი, რომელიც ბაღების განახლების ან ყოველწლიური გასხვლის შედეგად მიიღება;
2) ურბანული ნარჩენები _ მშენებლობაზე გამოყენებული დამხმარე ან ძველი შენობების დანგრევის შედეგად დარჩენილი ხის მასალა და სხვა ნარჩენები;
3) ქაღალდის მრეწველობისათვის უვარგისი ტყეებში მოპოვებული კუნძები, ტოტები, ფიჩხი და სხვა;
4) სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ნარჩენი: თხილის ნაჭუჭი, ჭაჭა, ხილის კურკები და სხვა;
საქართველოში ზემოთმოყვანილი საშუალებებიდან პირველი სამის გამოყენება ამ ეტაპზე არარეალურია, რადგან ეს ნედლეული უკვე გამოიყენება საცხოვრებელი სახლების გასათბობად და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, თუმცა მეოთხე ტიპის ნარჩენების გამოყენება სავსებით შესაძლებელია სათბურების, სახლებისა და სხვა ნაგებობათა გასათბობად. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ნარჩენების მეშვეობით სითბოს მისაღებად შესაძლებელია ალუბლისა და ბლის, ატმის, გარგარისა და ქლიავის კურკების გამოყენება ნახერხთან, თხილის ნაჭუჭთან და ხის მასალის ნარჩენებთან ერთად (შერევით). ამ შემთხვევაში, გათბობაზე გაწეული რეალური დანახარჯები ზემოთჩამოთვლილი ნედლეულის შეგროვე-ბისა და ტრანსპორტირების ხარჯებით შემოიფარგლება. ეს ნედლეული საკმაოდ ხელმისაწვდომია და მომხმარებლისთვის სერიოზული ფინანსური სარგებლის მოტანა შეუძლია. ასე მაგალითად, ხილის გა-დამმუშავებელ საწარმოს თვითონვე აქვს გათბობისათვის საჭირო იაფი ნედლეული.
ნარჩენებზე მომუშავე გათბობის სისტემის ღირსებების გასაცნობიერებლად მისი მუშაობის მექანიზ-მის შესწავლაა საჭირო. ასეთი თანამედროვე მოწყობილობები მაღალი მარგიქმედებიანობით ხასიათდება, როცა მერქნისა და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების წვა მაღალი ეფექტიანობის მქონე წვის კამერებში ხორციელდება. წვის შედეგად მიღებული ენერგია წყლის გასაცხელებლად გამოიყენება. წყალი სათბურში განთავსებულ მილებში მოძრაობს და მას სითბოთი უზრუნველყოფს.
წვის კამერები ოთხი ძირითადი სექტორისგან შედგება: დამქუცმაცებელი ბუნკერი, კონვეიერი, წვის კამერა და სითბოს მიმღები ბოილერი. თავდაპირველად სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები დამქუცმაცებელ ბუნკერში იყრება. ძრავის მეშვეობით კონვეიერული სისტემა ნელა მოძრაობს და ნარჩენები ბუნკერიდან თანდათანობით წვის კამერაში გადააქვს. ნარჩენების წვის შედეგად მიღებული სითბო სპეციალური გამწოვის მეშვეობით ბოილერისკენ მიემართება, სადაც წყლით სავსე მილებია განთავსებული. შემდგომში გაცხელებული წყალი მილების მეშვეობით სათბურში ცირკულირებს და მას საჭირო რაოდე-ნობის სითბოთი უზრუნველყოფს.
ნარჩენებზე მომუშავე გათბობის სისტემების მოწყობა, მაღალი პირველადი აუცილებელი დანახარჯების მიუხედავად, საბოლოო ჯამში გათბობის სხვა ალტერნატიულ საშუალებებზე იაფია. ამასთან ბიომასის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და სამუშაოდ გაღებული კაპიტალი (საბრუნავი რესურსები) ადგილობრივ ეკონომიკაში რჩება და მცირდება იმპორტირებულ ნახშირწყალბადებზე დამოკიდებულე-ბის დონე. გათბობის ამგვარი სისტემა საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ნახერხი, ხილის კურკები და სხვა ნარჩენები, რომლებიც ნახშირსა და ნავთობზე იაფია. ნარჩენების მასობრივად სათბობად გამოყენება გათბობის იაფი საშუალებასთან ერთად დასაქმების ახალ პოტენციალსაც ქმნის.
ასეთი გათბობით უზრუნველყოფილ სასათბურე მეურნეობას ზამთარში ზაფხულის მინიმალურ ფასთან შედარებით _ კიტრის 130%-ით, ხოლო პომიდვრის _ 230%-ით ძვირად რეალიზაციის საშუალება ეძლევა. ამგვარად მყიდველისთვის ზამთარში შედარებით იაფად ახალი ბოსტნეულის მოხმარების შესაძლებლობას სასათბურე მეურნეობებში საწვავის იმგვარი ნედლეულის გამოყენება ქმნის, რომლის ღირებულება მხოლოდ მისი შეგროვების დანახარჯებით შემოიფარგლება.
დენის ზიდაიკი