დარგებიმეცხოველეობა

საქართველოს მეცხოველეობა XXI საუკუნის პირველ ათწლეულში და მისი განვითარების პერსპექტივები

 

გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, ბუნებრივ-კლიმატური პირობებიდან და მოსახლეობის ისტორიული ტრადიციებიდან გამომდინარე საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი სოფლის მეურნეობას და, მათ შორის, მეცხოველეობას ეკუთვნის. ამის გათვალისწინებით, სპეციალისტებისთვის, ეკონომისტებისთვის და ბიზნესმენებისთვის, აგრეთვე უბრალოდ რიგითი მოქალაქეებისთვის, უინტერესო არ იქნება სასოფლო-სამეურნეო წარმოების ამ მიმართულების თანამედროვე მდგომარეობის შეფასება და მისი განვითარების შესაძლებლობებზე ინფორმაციის მიღება.

საგულისხმოა, რომ ზოგიერთი ექსპერტის და მაღალი თანამდებობის პოლიტიკური მოღვაწის აზრით სოფლის მეურნეობა ეკონომიკური თვალსაზრისით ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველია და, ამდენად, მის განვითარებაზე ზრუნვა ქვეყნის ხელისუფლების საქმიანობის ძირითადი მიმართულება არ უნდა იყოს. იმავდროულად, ქვეყნის შიდა ბაზრის სურსათით მომარაგების პრობლემებზე საუბრისას ისინი აღნიშნავენ, რომ ეს საკმაოდ ადვილია საზღვარგარეთიდან შემოტანილი პროდუქციით.

ასეთი მიდგომა, აგრეთვე სხვა ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებები, არის იმის მიზეზი, რომ დღეისათვის საქართველოში მეცხოველეობის დარგი, შეიძლება ითქვას, ბოლო 50 წლის მანძილზე ყველაზე სავალალო მდგომარეობაშია.

მივყვეთ თანმიმდევრულად:

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) 2012 წლის საანგარიშო მოხსენებაში აღნიშნულია რომ მსოფლიო გლობალურ პრობლემათა შორის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, გაეროს შესაბამისი სტრუქტურების წინაშე დაისვა საკითხი, ადამიანების უფლებების ნუსხაში შეტანილი იქნას „საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის უფლება“.

პრობლემის გადაწყვეტაში განსაკუთრებული ადგილი სასოფლო-სამეურნეო მეცხოველეობას უკავია, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, განიხილება, როგორც ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელი და ადვილად ათვისებადი სრულფასოვანი ცილების, ცხიმების, მიკრო და მაკროელემენტების, აგრეთვე ვიტამინებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების შემცველი საკვები პროდუქტების მწარმოებელი დარგი.

ამასთან, შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ მეცხოველეობა საქართველოში გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე ხარისხიანი და უსაფრთხო რძე, ხორცი და კვერცხი. საქმე ის არის, რომ ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი სოფლად ცხოვრობს და, ამდენად, მათი საქმიანობა და კეთილდღეობა დაკავშირებულია ამ დარგთან. ამის დასტურია ოფიციალური მონაცემები, რომლის თანახმად საქართველოში სოფლად მცხოვრები 729,5 ათასი კომლიდან თითქმის ყველას ჰყავს ცხოველი ან ფრინველი, სახეობების მიხედვით კი სურათი ასე გამოიყურება: ძროხა ჰყავს 54,8%-ს, ღორი — 33,6-ს, სხვადასხვა სახეობის ფრინველი — 68,8%-ს, ცხვარი და თხა კი — 10,3 %-ს, ხოლო ის ოჯახები, რომელთაც არ ჰყავთ არც ერთი სახეობის ცხოველი ან ფრინველი, როგორც წესი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან.

მეორეს მხრივ, საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ქვეყნის მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის, განურჩევლად მათი სოციალური მდგომარეობისა, რძის, ხორცისა და კვერცხის გადამუშავებით მიღებული ნაწარმი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებია.

დღეს ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო წარმოების თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ აქ დასაქმებულთა ძირითადი საქმიანობა და, მათ შორის ცხოველთა მოშენება, უფრო მეტად საკუთარი ოჯახის „შიმშილისაგან დაცვის“ საშუალებაა, ვიდრე ბიზნესის კეთებისკენ მიმართული მოღვაწეობა.

ასეთი მნიშვნელობის მიუხედავად, საქართველოს მეცხოველეობაში დღეისათვის შექმნილი მდგომარეობა მეტად მძიმეა, ყველაფერი კი სათავეს გასული საუკუნის 90-ანი წლების დასაწყისიდან იღებს, რაც მრავალმა ფაქტორმა განაპირობა. კერძოდ, სამოქალაქო ომმა, შემდგომ კი საზოგადოებრივი ქონების (მიწის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო ცხოველების და სხვ.) გაუაზრებელმა პრივატიზაციამ ფაქტობრივად გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო მეცხოველეობა და მისი განვითარების შესაძლებლობები შეზღუდა.

ჯერ კიდევ 1996 წელს ჟურნალ „კვალში“ გამოქვეყნებულ საკმაოდ ვრცელ წერილში (გ. გოგოლი, როდის მივხედოთ მეცხოველეობას, #1, გვ.29-33) დეტალურად არის აღწერილი სამოქალაქო ომით გამოწვეული ზარალი, აგრეთვე საზოგადოებრივი საკუთრების განკერძოებისას დაშვებული შეცდომების გამოუსწორებელი შედეგები და შექმნილი მდგომარეობა დახასიათებულია, როგორც კატასტროფული. ამავე პერიოდში ანალოგიური შეფასება გაკეთდა სხვა მკვლევარების მიერ სამეცნიერო ჟურნალებსა და პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებულ წერილებშიც; სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ ყურთ არ იღო პროფესიონალთა რჩევები და ახალი ათასწლეულის დასაწყისისთვის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეს მიმართულება, ძირითადად, უსისტემო, წვრილი საოჯახო მეურნეობების „საქმიანობის“ სფეროდ გადაიქცა;

ახალი ათასწლეულის დასაწყისისთვის მდგომარეობა რამდენადმე გამოსწორდა, რაც სულადობის (გარდა ცხვრისა) ზრდასა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების მოცულობის მატებით გამოიხატა. ასეთი მდგომარეობა, ჩვენი აზრით, 2004 წლამდე „ინერციით“ გრძელდებოდა, შემდგომ წლებში კი ყველა მიმართულებით, მ.შ. სულადობის, საშუალო პროდუქტიულობისა და მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების მიმართულებით, აშკარა უკუსვლა აღინიშნება.

ასე, მაგალითად, სტატისტიკური მონაცემების ანალიზი გვიჩვენებს, რომ 1995-დან 2005 წლამდე პერიოდში ქვეყანაში აღინიშნება ყველა სახეობის ცხოველების სულადობის ზრდის ტენდენცია; კერძოდ, ძროხეულის (ძროხა + კამეჩი) სულადობა 22,4%- ით გაიზარდა, ღორის — 28,1%-ით, ცხვრისა და თხის ერთად — 12,5%-ით (ცხრილი 1). მნიშვნელოვანია ის, რომ ამ პროცესს თან სდევდა ცხოველთა ხარისხობრივი გაუმჯობესება, რაც მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების ზრდასა და ნაწილობრივ პროდუქტიულობის ამაღლებაში გამოიხატა.

უნდა ითქვას, რომ მიღწეული შედეგები მაქსიმალურია, რაც შესაძლებელი იყო სასოფლო-სამეურნეო ცხოველების გენეტიკური პოტენციის, აგრეთვე არსებული კვებისა და მოვლა-შენახვის ტექნოლოგიის პირობებში. პროცესის სტიმულირების მიზნით, ამ ეტაპზე, ჩვენი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელი იყო შესაბამისი ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედება, მიზანმიმართული პროექტების განხორციელება, ინვესტიციების წახალისება და სხვ.

მაგრამ მოხდა პირიქით; ზოგადად აღმასრულებელი ხელისუფლების არასწორი აგრარული პოლიტიკა, უფრო სწორად, ასეთი პოლიტიკის საერთოდ არარსებობა და აგრარულ სფეროში პროცესის თვითდინებაზე მიშვება, აგრეთვე სასურსათო პროდუქტების იმპორტის ლიბერალიზაცია იყო კიდევ ერთი, ასე ვთქვათ, „წელს ქვემოთ“ დარტყმა, რამაც ფაქტობრივად ათეული წლებით უკან დასწია საერთოდ სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით კი მეცხოველეობა.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არარსებობის, აგრეთვე მცირემიწიანობის, საირიგაციო სისტემების მწყობრიდან გამოსვლის, საწვავ-საცხები მასალების სიძვირის და სხვ. გამო, მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფმა ფერმერებმა ვერ შესძლეს ხელოვნური საკვებწარმოების, აგრეთვე სხვა ზოოტექნიკური, სამეურნეო და ორგანიზაციული ღონისძიებების გატარება, რამაც, თავისთავად, ცხოველთა პროდუქტიულობის ზრდა და წარმოების გაფართოება შეაჩერა.

მეორეს მხრივ, 2005 წლიდან სახელმწიფომ უარი თქვა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხარისხობრივი გაუმჯობესების ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალის, სანაშენე-სასელექციო სამსახურის მხარდაჭერაზე. ეს გამოიხატა სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების ცენტრალური და რაიონული სამსახურების, მოგვიანებით კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სანაშენე საქმის დეპარტამენტისა და კანონის „სანაშენე მეცხოველეობის შესახებ“ გაუქმებაში (2006 წ.); პროდუქტიულობის შემცირებასთან და სხვა უარყოფით მხარეებთან ერთად ეს გახდა იმის მიზეზი, რომ გაქრობის პირამდე მივიდა ქართველი გლეხკაცის მრავალსაუკუნოვანი შემოქმედებითი შრომით შექმნილი სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა უნიკალური ჯიშები, რომელთაც ბიოლოგიური თუ სამეურნეო თვისებების ანალოგები არ გააჩნიათ და ამ თვისებების წყალობით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სპეციალისტების მხრიდან ყურადღებას იმსახურებენ.

მეცხოველეობის განვითარებაზე ოცნების ბოლო ძაფის გაწყვეტა იყო საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის აგრარულ უნივერსიტეტთან შეერთების მოტივით განხორციელებული „ოპტიმიზაცია“, რაც გამოიხატა კვლევითი სექტორის დახურვაში, არა ერთი ცნობილი მკვლევარის სამსახურიდან დათხოვნასა და ლაბორატორიული მოწყობილობა-ინვენტარის განადგურებაში; შედეგად, ქვეყანა დარჩა ერთ-ერთი მნიშვნე-ლოვანი სამეცნიერო ცენტრის გარეშე. მომდევნო წლებში აგრარულ უნივერსიტეტს შეუერთეს მიხეილ რჩეულიშვილის სახელობის მეცხოველეობის ბიოლოგიური საფუძვლებისა და საკვებწარმოებისა და მეცხოველეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, რომლებშიც ასევე მოხდა თანამშრომელთა მასობრივად დათხოვნა და რომელთაც დღეს ნომინალურად თუ შეიძლება ეწოდოს კვლევითი დაწესებულებები.

საჯარო სამსახურებში მეცხოველეობის მიმართულების სპეციალისტებზე მოთხოვნის არარსებობამ და მხოლოდ ერთეულ კერძო საწარმოში დასაქმების პერსპექტივამ განაპირობა ის, რომ ფაქტიურად შეწყდა ამ მეტად საჭირო და საინტერესო სპეციალობის დაუფლებისკენ ახალგაზრდობის ლტოლვა, რაც, ასევე, აისახება დარგის მომავალზე.

ამას დაემატა ადგილებზე სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურების ლიკვიდაცია, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული იგნორირებით საზღვრებზე ვეტერინარულ-სანიტარული კონტროლის სამსახურის გაუქმება და სხვა, რაც მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების მიზეზი გახდა. შედეგები კი სახეზეა: ქვეყანაში საგრძნობლად გაიზარდა დაავადებების მიზეზით ცხოველების იძულებითი წუნდებისა და სიკვდილიანობის შემთხვევები.

ასე, მაგალითად, 2000 წელთან შედარებით, 2011 წლისთვის ძროხეულის სიკვდილიანობა 43,7 ათასი სულით გაიზარდა, ანუ — 2,5- ჯერ, ღორისა — 15,2 ათასით, ანუ — 1,6-ჯერ, ცხვრისა და თხის — 18,4 ათასით, ანუ — 1,97- ჯერ, ფრინველების კი — 1393,1 ათასი ფრთით, ანუ — 3,3- ჯერ (ცხრილი 2).

ყველაფერი ეს არის მოვლა-შენახვის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და ელემენტარული წესების უგულვებელყოფით, კვების პირობების შეუსაბამობითა და საკვების დაბალი ხარისხით, აგრეთვე მძიმე ეპიზოოტური-ზოონოზური სიტუაციიდან გამომდინარე, რის შედეგადაც ქვეყნის ამა თუ იმ რეგიონში ხშირია მწვავე ინფექციური დაავადებების „აფეთქების“ შემთხვევები; ამ მხრივ განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს მეღორეობაში შექმნილი მეტად მძიმე მდგომარეობა, რაც დაკავშირებულია 2006-2007 და 2010 წლებში ღორის აფრიკული ჭირის ეპიზოოტიის ორ „ტალღასთან“ და, რა დროსაც 260,1 და 90,1 ათასი სული დაიხოცა. შესაბამისად, არც თუ ისე იშვიათია თურქულის, ჯილეხის და სხვა მწვავე ინფექციური დაავადებების ეპიზოოტიის შემთხვევებიც.

სათანადო კონტროლის გარეშე ქვეყანაში აღინიშნება სადედე სულადობის ნაყოფიერების დაქვეითება, რაც, ხშირ შემთხვევაში, ბრუცელოზით, აგრეთვე გამრავლების ორგანოების სხვა გადამდები დაავადებებით არის გამოწვეული. დანაკარგებზე სრული წარმოდგენა რომ შეგვექმნას, მოვიტან 2005-2011 წლების მონაცემებს, რომლის თანახმად ჩვენში ყოველი 100 სული ფურიდან მიღებულია მხოლოდ 76 ხბო, ამავე რაოდენობის ნეზვიდან — 805 გოჭი, ხოლო ნერბიდან და/ან დედალი თხიდან — 97 ბატკანი/კრავი; ნაყოფიერების კიდევ უფრო შემცირების საშიშროება მაღალია, რამდენადაც საოჯახო (სოფლის ნახირებში) და ფერმერულ მეურნეობებში სადედე სულადობის განაყოფიერება ხდება ე.წ. თავისუფალი დაგრილებით.

ნაკლებად თვალსაჩინოა, მაგრამ არანაკლები ზარალი მოაქვს საკვებ ულუფაში ამა თუ იმ ნივთიერებების დეფიციტით, შეუსაბამო სადგომებში მიკროკლიმატის პარამეტრების დარღვევით, ბაგურიდან საძოვრულ შენახვაზე და პირუკუ არასწორად გადაყვანით, აგრეთვე პარაზიტული დაავადებების მიზეზით გამოწვეულ დანაკარგებს, რაც პროდუქტიულობის 20-30%-ით შემცირებისა და წარმოების თვითღირებულების გადიდების მიზეზია.

ასეთ სიტუაციაში შედეგი ვერ გამოიღო სახელმწიფოს მხრიდან მდგომარეობის გამოსწორებისაკენ მიმართულმა, ჩვენი აზრით, კოსმეტიკურმა ღონისძიებებმა. კერძოდ, როგორც ცნობილია, 2006 წლიდან ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩამოყალიბდა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო სამსახური, სადაც, ზედამხედველობის მიზნით, გათვალისწინებული იყო სახელმწიფო ვეტერინარი ექიმის შტატი. სამწუხაროდ, მცირე ადამიანური რესურსებისა და სათანადო აღჭურვილობის უქონლობის გამო ამ სამსახურმა სრულფასოვნად ვერ შეასრულა თავისი ფუნქციები. ასეთ პირობებში კი ერთეული კერძო ვეტერინარი-ექიმების მხრიდან სიტუაციის გაჯანსაღებისკენ მიმართული ყველა მცდელობა, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ერთეული „ჩარევები“ ნაკლებად ეფექტური გამოდგა.

გასაგებია, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო ნებისმიერი ზოოტექნიკური თუ სხვა ღონისძიებათა გატარებით რამდენადმე ხელშესახები ეფექტის მიღწევის შესაძლებლობაზე საუბარიც კი არ შეიძლებოდა. არადა მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, კატასტროფულია, რაზეც შემდეგი სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს:

2005 წელთან შედარებით 2011 წლისთვის სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა სულადობა შემცირდა: ძროხეულის — 8,6%-ით, ღორის — 4,3-ჯერ, ცხვრისა და თხის ერთად — 23,7%-ით, ხოლო ფრინველების —18,7%-ით (ცხრილი 1). ამავე პერიოდში რძის წარმოება შემცირდა — 23%-ით, ხორცის — 52,9%-ით, კვერცხის — 4,2%-ით, ხოლო მატყლის — 13,4%-ით (ცხრილი 3).

ერთადერთი წინსვლა, რაც მეცხოველეობის სტატისტიკურ მაჩვენებლებში არის აღნიშნული, ეს არის ხხჳ საუკუნის პირველი ათწლეულის დასაწყისთან შედარებით ფურის საშუალო მონაწველის 375 კგ-ით ზრდა, თუმცა

პროდუქტიულობის ეს დონე დაახლოებით 500-600 კგ-ით ნაკლებია 90-ანი წლების დასაწყისისთვის საქართველოში მიღწეულ შედეგზე და, ასევე, 5-8- ჯერ ჩამოუვარდება ევროპის ქვეყნების შესაბამის მაჩვენებელს.

რაც შეეხება საშუალოდ ერთი სულიდან წარმოებული ხორცისა და მატყლის ნაპარსს, ის ბოლო ათწლეულში ხასიათდება კლების ტენდენციით და 2-3-ჯერ და უფრო მეტად ჩამორჩება ევროპის ქვეყნების მაჩვენებლებს. კერძოდ, მე-4 ცხრილში მოტანილი მასალების ანალიზი გვიჩვენებს, რომ საშუალოდ 1 სულიდან წარმოებულია 20 კგ-მდე ძროხის ხორცი, რაც 2-ჯერ ნაკლებია, ვიდრე 2000 წელს, ხოლო იმავე პერიოდში 1 სული ცხვრიდან გაპარსული მატყლის რაოდენობა 10 %-ით შემცირდა.

არ იქნება სწორი, თუ არ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებენ მეცხოველეობის ისეთი საწარმოები, რომლებშიც დანერგილია მსოფლიო დონის ტექნიკური აღჭურვილობები და ტექნოლოგიური ხაზები, ხოლო პროდუქტიულობის დონით ისინი რამდენადმე მნიშვნელოვნად არ ჩამოუვარდებიან ევროპის მოწინავე ქვეყნებს. ზოგიერთი მათგანი დაფუძნებულია ქართული ინვესტიციებით, უმეტესი კი, უცხოელების მიერ. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ სარძეო მეძროხეობის ფერმები სენაკისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, მოქმედი და მშენებარე მეღორეობის 3 მეურნეობა საგარეჯოს, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში და, აგრეთვე მეკვერცხული და სახორცე მეფრინველეობის ათზე მეტი ფაბრიკა, რომლებშიც გვხვდება როგორც „გიგანტები“, ასევე საშუალო და მცირე ზომის საწარმოები (10-30-დან 180-280 ათასი ფრთა კვერცხმდებლით ან სახორცედ გამოზრდილი ბროილერით).

მიუხედავად ასეთი მიღწევებისა, გასაგები მიზეზების გამო, ეს საწარმოები ქვეყანაში ვერ ქმნიან ამინდს, რაც თავის ასახვას პოულობს შიდა ბაზრის სურსათით მომარაგებასა და მოხმარებული ცხოველური პროდუქტების რაოდენობაზე. ასე მაგალითად, 2011 წელს საშუალოდ 1 კაცის მიერ მოხმარებულია 135 კგ რძე, 27 კგ ხორცი და 100 ცალი კვერცხი, რაც FAO -ს და WHO -ს ექსპერტების მიერ რეკომენდებულ ნორმების მხოლოდ 38,6, 42,2 და 41,7%-ს შეადგენს, შესაბამისად. ასე მაგალითად: 2011 წელს საშუალოდ 1 კაცის მიერ მოხმარებულია 135 კგ. რძე — 27 კგ. ხორცი და 100 ცალი კვერცხი, რაც FAO -ს და WHO -ს საერთაშორისო ექსპერტების მიერ რეკომენდებული ნორმების 38,6; 42,2 და 41,7%-ს შეადგენს, შესაბამისად.

ასეთმა მდგომარეობამ განაპირობა, რომ საქართველოს მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი საკვებიდან მიღებული ენერგიის უკმარისობასთან ერთად ცხოველური ცილების მწვავე დეფიციტს განიცდის; ეს დაკავშირებულია საკვები პროდუქტების შიდა წარმოების სიმცირით გამოწვეულ მაღალ ღირებულებასთან. ეს არის იმის მიზეზი, რომ ქვეყანაში მცხოვრებთა საერთო რაოდენობის 13,3,% ანუ 600 ათასი ადამიანი შიმშილობს, ბავშვების 12%-ში გამოვლენილია ზრდის შენელება, ხოლო მოზარდთა 3%-ში აღინიშნება ასაკთან შედარებით ნაკლები წონა.

ამ მონაცემების გარდა, ვფიქრობთ, სპეციალისტებისა და ფართო საზოგადოების საგანგებო განსჯის საგანი უნდა გახდეს ის, რომ მოხმარებულ სასურსათო პროდუქტებში წლების მანძილზე დაბალია ადგილზე წარმოებულის ხვედრითი წილი. კერძოდ, მოხმარებული ცხოველური პროდუქტების საშუალო წლიური იმპორტი შეადგენს: ხორცისა და ხორცპროდუქტების 26%-ზე მეტს, რძისა და რძის პროდუქტების 15,7%-ს და კვერცხის 10,4%-ს. საყურადღებოა ისიც, რომ იმპორტის მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება.

ასეთი მდგომარეობა მეტად დამაფიქრებელია არა მარტო ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და ვალუტის მნიშვნელოვანი რესურსების გადინებასთან დაკავშირებით, არამედ შიდა რესურსების მიზნობრივად გამოყენებისა და სოფლად მცხოვრებთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალთახედვიდან გამომდინარე.

ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა, აგრეთვე მსოფლიო სასურსათო ბაზარზე არსებული არასტაბილური მდგომარეობა და საკვებ პროდუქტებზე ფასების ძნელად პროგნოზირებადი მერყეობა გვაფიქრებინებს, რომ ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად აუცილებელია მეცხოველეობის პროდუქტებზე ქვეყნის მოსახლეობის მოთხოვნილების სრულად დაკმაყოფილება.

ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, სწორი აგრარული პოლიტიკა, რაშიც ზოგადად სასოფლო-სამეურნეო წარმოების მხარდაჭერასა და სტიმულირებასთან ერთად ვგულისხმობთ არსებული ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების გზების გამონახვას, შესაძლებლობას მოგვცემს 5-8 წელიწადში რძის წარმოება 1,2-2,5 მლნ ტონამდე გაიზარდოს, ხორცის — 2,3-2,5-ჯერ და კვერცხის — 7-9 მლნ ცალამდე. წარმოების ასეთი დონე ქვეყნის შიდა მოთხოვნილებას მეცხოველეობის პროდუქტებზე პრაქტიკულად დააკმაყოფილებს.

ამის განხორციელების რეალური შესაძლებლობები დასტურდება როგორც საქართველოში ცალკეული ფერმერული მეურნეობების მიერ მიღწეული შედეგებით, ასევე მრავალი განვითარებადი ქვეყნის მაგალითზე, სადაც წარმატებების გარანტია მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების სფეროში შეხედულებებისა და ღირებულებების გააზრებულად და მიზანდასახულად გადაფასება გახდა;

ამ მიმართულებით შეუძლებელია ფერმერებისთვის რაიმე უნივერსალური რეცეპტის ან კიდევ ერთიანი რეკომენდაციის შეთავაზება. ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის უნდა ვიხელმძღვანელოთ ადგილობრივი პირობების გათვალისწინებითა და მსგავსი ეკოლოგიურ-ეკონომიკური პირობების ქვეყნების გამოცდილებით; ჩვენი აზრით, საქართველოში, იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არის, აუცილებელია მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების ტრადიციული სისტემის თანამედროვე ინდუსტრიული ტექნოლოგიებით ჩანაცვლება, ხოლო ბუნებრივი საკვები სავარგულებით მდიდარ რეგიონებში წარმოების მაღალი ეფექტურობის მისაღწევად უნდა მოხდეს ტრადიციული ტექნოლოგიების მოდიფიცირება, რაშიც სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ადგილობრივი ჯიშები თავის ადგილს დაიკავებენ.

გიული გოგოლი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;

ავთანდილ ჩაგელიშვილი,

სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი;

ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ №27,  2013 წელი