სათიბ – საძოვრების არსებული მდგომარეობა აჭარაში
წვნიან საკვებთა ჯგუფიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საძოვარს, რომლის სწორი გამოყენება მყარი საკვები ბაზის შექმნის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. საძოვარი არის ბუნებრივი და ხელოვნური. აჭარაში უფრო მეტად გამოყენებული არის ბუნებრივი საძოვარი, რომელთა ფართობი 37759 ჰექტარია. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებს აქვთ 27386 ჰა საძოვარი, რაც მოიცავს მაღალმთიან/ზაფხულის საძოვრებს. ქედას, ხელვაჩაურსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ 10373 ჰა დაბალი ზონის საზაფხულო საძოვრები.
პირუტყვის 81% ხულოდან და 71% შუახევიდან გადადის თავიანთი მუნიციპალიტეტების ზაფხულის საძოვრებზე (ბეშუმი, ალმე, დიდაჭარა, თეთრობი, ზორტიყელი, სარიჩაირი, ჩირუხი, საბერწია, სანალია, ღომა, მერიაკელი,კარტიანი, ნაცარა), პირუტყვის 50% ქედის მუნიციპალიტეტიდან გადადის შუახევის და ხულოსზაფხულის საძოვრებზე (კესავრი, სარიჩაირი), ხელვაჩაურიდან 20 % გადადის ბეშუმში და ადიგენში. ქობულეთის პირუტყვის 8 % გადაინაცვლებს ბახმაროში.
საძოვრები არ არის რეგისტრირებული და არ არსებობს საძოვრების მართვის სისტემა. საძოვრების მოსავლიანობის გადიდების საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს მორიგეობით ძოვებას. ნაკვეთმორიგეობით ძოვება სადა ძოვების ტექნიკის დაცვის დროს თითოეულ ჰექტარს გაცილებით მეტი პირუტყვის გამოკვება შეუძლია, ვიდრე თავისუფალი მიშვებით ძოვებას. მიშვებითი ძოვების საძოვარი უყაირათოდ გამოიყენება, ბალახის საკმაოდ დიდი ნაწილი ფეხქვეშ ითელება და საძოვრის სრულად, თანმიმდევრულად გამოყენება შეუძლებელია.
საძოვრების მორიგეობით გამოყენება 30-35%-მდე ადიდებს მწვანე მასის მოსავალს, 25%-მდე წველადობას და 20-25 %-მდე ცხოველთა განსაძოვრის და ტვირთვის ნორმას.
საძოვრებისა და სათიბების მოსავლიანობის გაზრდაში უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას წარმოადგენს ადგილობრივი და მინერალური სასუქების გამოყენება, სადაც შესაძლებელია საძოვრების გადახვნა, ბელტების დაშლა-დამუშავება, ერთწლიანი და მრავალწლიანი მდელო-საძოვრული ბალახის თესვა, საჭიროებისამებრ მორწყვა და სხვა, რაც არ ხდება ნაწილობრივ იმის გამო, რომ არის დაბალი ცნობიერება და უნდობლობა საძოვრებიდან ეკონომიკური სარგებლის შესახებ.
მაღალმთიან რეგიონში მესაქონლეობის განვითარების ხელშეწყობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრებისა და სათიბების რაციონალურად ათვისების, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მაღალპროდუქტიული ჯიშების შერჩევისა და აპრობირების, წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებისა და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მიგრაციის შეჩერების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა პროგრამა ,,მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენებით მესაქონლეობის განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის მხარდაჭერის გზით.“
პროგრამის შესაბამისად სახელმწიფო პროექტით დაფინანსდებიან ის სასოფლოსამეურნეო კოოპერატივი ან კოოპერატივთა გაერთიანებები, რომელთა მეპაიეთა რაოდენობა შეადგენს არა ნაკლებ 11-ს, მეპაიეთა მფლობელობაში არსებული ფურების ან/და დეკეულების რაოდენობა ჯამურად უნდა შეადგენდეს 200 სულს და იდენტიფიცირებული უნდა იყოს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, ასევე რეგისტრირებული უნდ აიყოს პირუტყვთა სადგომები. პროგრამის გეოგრაფიული არეალი მოიცავს 24 მუნიციპალიტეტს, მათ შორის ხულოს იმ დასახლებებს, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიანი დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილება. ერთ მუნიციპალიტეტში ხდება მხოლოდ ერთი პროექტის განხორციელება. პროგრამით განსაზღრული ღონისძიებები 2017-2018 წლებში განხორციელდება. დაფინანსება განხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროგრამების ფონდიდან. პროექტის სავარაუდო ღირებულება 6 000 000 ლარია. აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად გარკვეული მუშაობაა ჩასატარებელი ხულოს მუნიციპალიტეტში მეცხოველე კოოპერატივთა გასაერთიანებლად და მოსამზადებელი სამუშაოების განსახორციელებლად.
წყარო: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (წლიური ანგარიში)