რუბრიკებისტატიები

შაქარი პირველადი მოთხოვნილების პროდუქტია…

ბერძნებმა ქართველებს მიწის დამმუშავებელი ხალხი გვიწოდეს, რაც მარტო იმას კი არ ნიშნავს, რომ კერამიკის პირველი მწარმოებლები ვიყავით, არამედ პირველ რიგში გულისხმობდნენ ჩვენს  უნარს და მუყაითობას ყველანაირი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანაში. შემთხვევითი არაა, რომ საქართველო, არა მარტო ვაზის, ღვინის და ხორბლის სამშობლოა, არამედ, მრავალი ჯიშის ხილის, პარკოსანთა, ყველის და სხვა მრავალი სასმელ-საჭმელის სამშობლოცაა, ანუ მსოფლიოს ჩვენ ბევრი ისეთი რამ მივეცით, ურომლისოდაც დღეს კაცობრიობის განვითარება წარმოუდგენელია.

საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობები საშუალებას იძლევა ღია გრუნტში მოვიყვანოთ თითქმის ყველა კულტურა, რომლითაც დღეს მდიდარია მსოფლიოს გენოფონდი, რაც ქვეყნის ეკონომიურ სიძლიერეს უნდა ნიშნავდეს.

ჩვენდა სამწუხაროდ, ასეთი პოტენციის მქონე ქვეყანა, დღემდე 80%-ითაა დამოკიდებული იმპორტულ სასოფლო-სამეორნეო პროდუქციაზე, რაც მაშინაა გამართლებული თუ მათი წარმოების საშუალება არ გაქვს, სამაგიეროდ მრეწველობაში ხარ ძლიერი და სასოფლოში გაცემულს სამრეწველო პროდუქციიდან მიღებულით ივსებ. ჩვენ კი ათეული წლებია, ათობით მილიარდის დახმარებას და სხვადასხვა ბანკებიდან აღებულ სესხებს ვჭამთ და იმის მაგიერ, რომ სოფლის მეურნეობა ან მრეწველობა გაგვევითარებია და მით გვეცხოვრა, ქვეყანა დღემდე, დასავლეთში მიგრირებულ თანამემამულეთა გამოგზავნილ დოლარებით ცხოვრობს.

ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალმა ქვეყნებმა ის, ეკონომიკური თუ სხვა კრიზისი, რაც მსოფლიოს ამ ვირუსის გამო შეიძლება მოელოდეს სსრკ-ას დაშლის შემდეგ გაიარა, ანუ მაშინ წარმოებასთან ერთად ამ ქვეყნებში მოიშალა ფულად-საკრედიტო – საბანკო სისტემა.

ამ დროს ყაზახეთში ვცხოვრობდი, ბიზნესით ვიყავი დაკავებული, რადგან ფული აღარ მოძრაობდა, ბიზნესი საქონლის მიმოცვლაზე იყო აგებული. ღმერთმა ქნას და ეს ვირუსი მალე დავამარცხოთ, მაგრამ, ასე რომ არ მოხდეს, ეს ლარის და დოლარების გროვები ხომ ფარატინა ქაღალდად იქცევა;  რა აქვს დღეს საქართველოს, პირველადი მოთხოვნილების პროდუქტიდან, თუნდაც მეორადი მოთხოვნილების, რომ მისთვის საჭირო სხვა საქონელზე გაცვალოს?

დღეს, როგორც იქნა, გაიღვიძა ჩვენმა მთავრობამ და ნახა, რომ დაკეტილი შაქრის ქარხანა გვქონია და გადაწყვიტა მისი ამუშავება და ქვეყანაში შაქრის წარმოების აღდგენა. ამას წლებია ვიხვეწებოდი და ვასაბუთებდი, რომ ქვეყანას აქვს რ. გახოკიძის ბიოაქტივატორი „ბიორაგი“, რომელსაც წლების განმავლობაში ვცდიდით სოფ. კუმისში შავნაბადას მონასტრის მეურნეობაში და ფენომენალური შედეგები იყო მიღებული, როგორც მოსავლიანობის ამაღლების, ისე ჭარხალში შაქრის მომატების კუთხით. მაშინ, როცა მსოფლიო შაქრის ჭარხლის წარმოება, შაქრიანობის 2%-მდე ზრდაზე ოცნებობდა ჩვენ 25-30%-იანი ზრდა გვქონდა, ანუ ჩვენ, ჰექტარი პლანტაციიდან ორჯერ მეტი სასაქონლო ჭარხლის მიღება შეგვიძლია, ვიდრე, დანარჩენ მსოფლიოს. ქვეყანას კარგად ახსოვს აგარის ქარხნის მუშაკთა პროტესტები ქარხნის დახურვასთან დაკავშირებით და ისიც ახსოვთ, რომ იმის მაგიერ, რომ საკუთარი ნედლეულის მოყვანაზე ეზრუნა ხელისუფლებას და მთელი შიდა ქართლი დაესაქმებინა, მეორად ნედლეულზე მომუშავე ქარხნის დახურვაც დაუშვა და როგორც მაშინ ამბობდნენ 600 კაცი უმუშევარი დატოვეს.

ქართული ანდაზა ამბობს: „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო“, მაგრამ ამ საქმის დაწყების წინ, ერთი ასეთი ფაქტი უნდა გაითვალისწინოთ: დღეს, მიწა, კერძო საკუთრებაშია და მესაკუთრემ ჭარხლის წარმოებაში მეტი თუ არ მიიღო, ვიდრე, დღეს ხილიდან ან სხვა კულტურებიდან იღებს, ჭარხლის მოყვანას ხელს არ მოჰკიდებს. ასევე, გახსოვდეთ, რომ დღეს ბევრ ფერმერს შიდა ქართლში, ხორბალი მოჰყავს, ხორბალი კი გაცილებით დაბალშემოსავლიანი კულტურაა, ვიდრე, შაქრის ჭარხალი, ამიტომ მიატოვებენ ხორბლის მოყვანას და ჭარხალზე გადავლენ, რაც ასევე, დიდ პრობლემად შემოგვიბრუნდება. ანუ წინასწარ უნდა ვიცოდეთ სად მოვიყვანთ ჭარხალს. რაც შეეხება მეორადი ნედლეულის გადამამუშავებელ საწარმოს აღდგენას ვფიქრობთ ამას აზრი არ აქვს, რადგან არა მგონია, თუ კრიზისი იქნა ვინმემ მეორადი ნედლეული გაჰყიდოს.

რა თქმა უნდა, კორონავირუსი დიდი უბედურებაა მსოფლიოსათვის, მაგრამ, როგორც ერთი ქართული ანდაზა ამბობს: „შარი ხეირად ექცა“, იქნებ ამ ვირუსს მსოფლიოს გონზე მოყვანაც შეუძლია, თუ დაგვრჩა ეს გონება, გააჩნია, ვინ როგორ გაკვეთილს გამოიტანს აქედან, ანუ უფალმა გვაჩვენა რა უნდა ვაკეთოთ და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, ჯერი ახლა ხელისუფლებებზეა და ჩვენს მთავრობაც, რადგან გაშიშვლდა ჩვენი ყველა არასწორად გადადგმული ნაბიჯი, თუ გამოსწორების სურვილი გვაქვს, ღმერთის წყალობით, ეს დროც მალე დადგება.

ჟორა გაბრიჭიძე