რეგიონებირუბრიკებისტატიები

ზოგჯერ თქმა სჯობს, არა თქმასა, ზოგჯერ…..

ჩვენი ქვეყნის ერის მამად და უგვირგვინო მეფედ წოდებული, ილია ჭავჭავაძე, თავის დროზე აღნიშნავდა: „რა სოფელი დაძაბუნდეს ქვეყანა დაიქცეს“.
მსგავს ბრძნულ შეგონებებს ყავლი არასოდეს გაუვა. პირიქით, რაც დრო გადის მის აქტუალობაში კიდევ მეტად ვრწმუნდებით და ეს ჭეშმარიტებაცაა, რადგანაც პური ჩვენი არსობისა და ბევრი სხვა რამ, რისი მოცემაც შეუძლია დალოცვილ მარჩენალ მიწას ადამიანისათვის, ერთნაირად საჭირო და სასიცოცხლოდ აუცილებელია, როგორც ცნობილი ადამიანებისთვის, ისე რიგითი მომაკვდავისთვის.

ღვთის წყალობით, ჩვენი ქვეყანა საქართველო, თავისი ბუნებრივ-კლიმატური პირობების წყალობით ყოველთვის იძლეოდა საშუალებას და კვლავაც შესაძლებელია ვაწარმოოთ სხვადასხვა სახისა და საჭირო რაოდენობის ბევრად უფრო მაღალი ხარისხის სასოფლო სამეურნეო პროდუქცია, გაცილებით უფრო მარტივად და ნაკლები ფინანსური და შრომითი დანახარჯებით, ვიდრე სხვაგან არის ეს შესაძლებელი. მაგრამ ბოლო 30 წელია, ვერ ვახერხებთ. მიზეზები სხვადასხვაგვარია, ორგანიზაციულ-პოლიტიკური საკითხებით დაწყებული, არასწორი დაგეგმარებითა და შესაბამისი კვალიფიციური კადრების გამოუყენებლობით დამთავრებული.  ყველა მიზეზთაგან ,ცალკეულის გაანალიზებისაგან, ამჯერად თავს შევიკავებ, რადგანაც მათ შესახებ, მეც და ბევრ სხვა კოლეგას არაერთხელ გვისაუბრია, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებითა და ამ ჟურნალის მეშვეობითაც.

თუმცა „ძლიერნი ამაო ქვეყნისანნი და ყველაფრის მცოდნენი“ არა თუ ითვალისწინებდნენ მსგავსს შეგონებებს, შთაბეჭდილება გრჩება, ხშირად საპირისპიროდაც კი იქცევიან. გვახსოვს ისიც, რომ სოფელზე და სოფლის მეურნეობაზე ცუდ ტონადაც, რომ აღიქმებოდა ქვეყანაში და ამის გამო მივიღეთ ის, რომ სოფლები და მთლიანად ქვეყანა დაცლილია პროფესიონალი, შრომისუნარიანი ხალხისაგან და სასოფლო სამეურნეო პროდუქციის იმპორტი, უმეტეს სახეობაში, მხოლოდ 70-75 %-ს აღწევს. არადა ოდითგანვე, საქართველო ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი ქვეყნების რიგებიდან მომხმარებელ ქვეყანათა რიგებს განეკუთვნება და გაურკვეველი წარმომავლობისა და ხარისხის პროდუქციის გასაღების ბაზრად არის ქცეული. ფაქტობრივად, როცა ქვეყანას თავისი წილი ვალდებულება გააჩნია, მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის შესაბამისად, თავისი წილი შეიტანოს.

არაერთხელ გვითქვამს და კვლავაც აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ქვეყანა თავისი გეოგრაფიულ-ისტორიული თვალსაზრისით, მიწადმოქმედებასთან არის გაიგივებული და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში რიგი სიახლეები კარგია, მაგრამ გააჩნია რა შემთხვევაში. ჩვენისთანა წალკოტი ქვეყნისთვის, ძირითადი სტრატეგიული კულტურების წარმოებაზე (ჩაი, ციტრუსი, ხორბალი, სიმინდი, სხვა მარცვლეული, აბრეშუმის პარკი და ა.შ) ნაკლები ყურადღების მიქცევა და ძირითადი აქცენტის, ტურიზმის უპირატესობაზე, ან კენკროვნების წარმოებაზე დიდი დროისა და ფინანსების ხარჯვა, თავიდანვე არასწორი იყო და მსოფლიოში განვითარებულმა ბოლო დროინდელმა მოვლენებმაც, ეს თვალნათლივ დაგვანახა. კრიზისს ვერ გადაურჩება, ტურიზმის თვალსაზრისით, მსოფლიოში ჩვენს ქვეყანაზე ბევრად უფრო მიმზიდველი ქვეყნები და, რა თქმა უნდა, ამ მხრივ ჩვენც ვერ ვიქნებით გამონაკლისნი.

უნდა ვირწმუნოთ, რომ ტურიზმის სფერო ერთნაირად შემოსავლიანი და მომგებიანი ვერ იქნება ქალაქად, თუ სოფლად მაცხოვრებელი, უმეტესი ნაწილისთვის და მთლიანად ქვეყნისთვისაც. ამის დამადასტურებელი, არა ერთი მაგალითები შეგვიძლია მოვიყვანოთ მსოფლიოს ბოლოდროინდელი ისტორიიდან, რასაც მსოფლიოში გაჩენილი პანდემიის გამო, წარმოქმნილი სერიოზული პოლიტიკურ-ეკონომიკური გარდაქმნებიც დაემატება უდაოდ. დესერტის მირთმევა დანაყრებულ ადამიანს შველის და არა, შიმშილის დასაოკებლად. დღემდე ისიც ვერ მოგვიხერხებია ქვეყნის მასშტაბით, რომ მიწის ინვენტარიზაცია ჩაგვეტარებინა. აჭარის რეგიონში კი მიწის რეფორმა, აღარაფერს ვამბობთ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარების კონცეფციის შემუშავება-მიუღებლობაზე და ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის უგულებელყოფაზე.

ჩვენი ქვეყანა, ოდითგანვე ვაზისა და ხორბლის სამშობლოა და ასეთ დროს, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ისეთი მდგომარეობა, როცა ხორბლის, სიმინდისა და ბევრი სხვა მარცვლეულის წარმოების შესაძლებლობას, მხოლოდ 20-25 %-ით, რომ ვიყენებთ და ამას რომ ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, მხოლოდ საერთო ძნელბედობის ჟამს გვახსენდება.

როდემდე შეიძლება, ახალი ველოსიპედის გამოსაგონებლად მილიონებს ვხარჯავდეთ, არ ვითვალისწინებდეთ სხვებისა და საკუთრივ შეცდომებს და ამაზე ფიქრს მხოლოდ გაჭირვების დროს ვიწყებდეთ? მერწმუნეთ, ჩემი ასაკიდან და განვლილი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, საკმაოდ ბევრს ვიცნობ სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების მხრივ განათლებულ, პროფესიონალსა და კვალიფიციურ ადამიანებს, სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე ხანგრძლივი მუშაობით და რაოდენ გულსატკენია და ქვეყნისთვის საზიანო, როცა მათ აზრს, პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას, ხშირად ყურად არავინ იღებს და უპირატესობას, ახალგაზრდა  ექსპერტებსა (საინტერესოა ვიცოდეთ სად მზადდება ექსპერტები) და უცხოეთში მიღებული განათლების მქონე სპეციალისტებს ვანიჭებდეთ.

მთავარია სპეციალისტს საქმე და საგანი ესმოდეს საფუძვლიანად, თორემ ამა თუ იმ მოვლა მოყვანის ტექნოლოგიაც და ტექნიკაც, ყველგან მსოფლიოში და ჩვენთანაც, გარემო პირობების გათვალისწინებით, რომ უნდა ხდებოდეს ეს პროფესიონალებისთვის ჩვეულებრივი ამბავია. ამით იმას გვინდა გავუსვათ ხაზი, რომ ორჯერ რომ ორი, ქართულადაც და უცხოურადაც ერთიდაიგივე მაჩვენებელს იძლევა და საჭირო არ არის, მაინცადამაინც საყოველთაო საფრთხე დაგვემუქროს, რომ უფროსი თაობის პროფესიონალიზმი, გამოცდილება ვირწმუნოთ და გამოვიყენოთ. გარდა მედიცინის მუშაკებისა, ქვეყნის სახალხო მეურნეობის სხვა დარგებშიც, კიდევ ბევრია გამოცდილი და პროფესიონალი კადრია და ნურავინ იფიქრებს, მათ დროზე ადრე „ჩამოწერას“. რადგანაც, ვინც ასე ფიქრობდა, თავად ჩაირეცხებიან ცხოვრების ავანსცენიდან.

გამოსავალი? ერთადერთია მხოლოდ – პურს მეპურე უნდა აცხობდეს და ყველა თავისი საქმით დაკვდეს. უნდა ვირწმუნოთ, რომ ყველა ერთნაირად კარგი ვერც სახელმწიფოს მმართველი, ვერც პოლიტიკოსი, კარგი მეცნიერი, ჟურნალისტი და სხვა სახელმწიფო მოხელე ვერ იქნება, ისევე როგორც, არ შეიძლება ყველა კარგი აგრონომი, ეკონომისტი, ვეტერინარი, ზოოტექნიკოსი, მენეჯერი, ფერმერი და ა.შ იყოს.

საზიანო და სავალალოა, რომ ხშირად სპეციალისტებს, დღემდე სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევთ. ეს კი არა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, მისი ნამდვილი წევრების რჩევა-რეკომენდაციებიც, რომლებიც კონსტიტუციით მთავრობის მრჩეველია, ზოგჯერ უგულვებელყოფილია. კონკრეტულად, კიდევ ბევრი ფაქტებისა და რეკომენდაციების ხაზგასმაა შესაძლებელი, მაგრამ ერთ სტატიაში, ვფიქრობთ, ამის გაკეთება შეუძლებელიცაა და არც არის საჭირო. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ საყოველთაო წარმატებისათვის ყველა  რეზერვი უნდა იქნას გამოყენებული, მეტი ყურადღება დაეთმოს კადრების კომპეტენტურობას, გამოცდილებასა და შესრულებული პროექტებისა თუ ქვეპროგრამების ეკონომიკურ ანალიზსს, რომლის გარეშე ამა თუ იმ დარგში, განხორციელებული ღონისძიების ავკარგიანობაზე საუბარი, რომელიც არც თუ ისე იშვიათია, დღევანდელი გადმოსახედიდან რბილად, რომ ვთქვათ უხერხულადაც კი გვეჩვენება.

ამიტომ, თავს უფლებას მივცემ მივმართო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას და ჩვენი ქვეყნისა და ბევრი სხვა ქვეყნის ისტორიაში დღემდე უცნობ ამ დონის მეცენატსა და თავის ქვეყანაზე მზრუნველ, უბადლო ადამიანს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებში გაკეთდეს ბოლო 15 წლის განმავლობაში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტებისათვის დახარჯული ფინანსების ეკონომიური შეფასება. დადგინდეს, გახარჯული საკმაოდ სოლიდური თანხების უკუგება და ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, სამომავლოდ ქვეყანაზე მორგებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ავკარგიანობაზე. დარწმუნებული ვართ ანალიზისა და შეფასების სფეროში, თქვენი ცოდნა და გამოცდილება სასიკეთოდ წაადგება, არამარტო სოფლის მეურნეობის, არამედ მთელი ქვეყნის მყარ განვითარებას.

ბედნიერი ვიქნებოდი, ჩემს მიერ დასმულ აქცენტებში ვცდებოდე. მაგრამ ვაი, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა დაკვირვებისა და შესაბამისი ანალიზის შედეგები, სხვა გზას არ მიტოვებს.

ნუგზარ ოქროპირიძე,

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ა(ა)იპ აგროსერვისცენტრი,

სწავლული  აგრონომი, 

სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეკონომისტ- ორგანიზატორი,

ზოოტექნიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი.