აგროსიახლეები

შეღავათიანი აგროკრედიტი – რა გვჭირდება პროცესის მარტივად გასავლელად?

ფერმერობა და ფერმერული მეურნეობები თანდათან უფრო ერგებიან ბიზნეს მოდელს და დარგიც სხვადასხვა კულტურების, გადამმუშავებელი თუ შემნახველი საწარმოების განვითარებისთვის სახელმწიფოსგან და კერძო სექტორისგან აქტიურ ჩართულობას ითხოვს.
2013 წელს სახელმწიფომ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი დაიწყო და დღემდე აქტიურად ახორციელებს. პროექტის არსი, მოკლედ რომ ვთქვათ, ფერმერისთვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდაა. საფინანსო ინსტიტუტები, ბანკები და მიკროსაფინანსოები პროექტის მეორე მხარეა, რომლისგანაც ფერმერი მხარდამჭერი პირობების შეთავაზებას ელოდება.

ჩვენ ვესაუბრეთ „ბაზისბანკის“ წარმომადგენელს, აგრობიზნესის კოორდინატორს, შმაგი ბრეგაძეს, თუ თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ფერმერი, რათა პროგრამით სარგებლობა შეძლოს.

როგორც ვიცი, გაქვთ ცალკე პროდუქტი, შეღავათიანი აგროკრედიტი, რას მოიაზრებს ეს პროდუქტი და გარდა სახელმწიფო პროგრამის შეღავათებისა, თქვენი ბანკი დამატებით რას სთავაზობს მომხმარებელს?

– შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში სესხებს გავცემთ სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. შეღავათიანი სესხები გულისხმობს სესხის საპროცენტო განაკვეთში სახელმწიფოს თანამონაწილეობას მაქსიმუმ 11%-ის ოდენობით და მაქსიმუმ 66 თვის ვადით. მსგავსი სესხების მიზნობრიობა მრავალფეროვანია, შეღავათიანი სესხით შესაძლებელია მრავალწლოვანი ბაღების გაშენება, სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შეძენა,  ერთწლოვანი კულტურების მოყვანისთვის საბრუნავი საშუალებების დაფინანსება და სხვა. ბაზისბანკი ყველა ფერმერებს სთავაზობს მის საქმიანობაზე მორგებულ სპეც გრაფიკებს, რომელთაც.  ემსახურებიან აგროსფეროში გამოცდილი ანალიტიკოსები.

ტექნიკურ მხარეზე რომ ვისაუბროთ, სესხის აღებისას, რა ძირითადი დოკუმენტაცია სჭირდება ფერმერს განაცხადის გაკეთებისთვის? რაიმე კონკრეტული კრიტერიუმები თუ გაქვთ, რომელსაც ფერმერი უნდა აკმაყოფილებდეს?

– ბანკის მომხმარებელს უნდა გააჩნდეს შემოსავლები სოფლის მეურნეობიდან ან ნებისმიერი სხვა ტიპის ბიზნესიდან. სტარტაპ პროექტების შემთხვევაში, უნდა ფლობდეს პირად გამოცდილებას სოფლის მეურნეობის იმ მიმართულებით, რომლის დაფინანსების სურვილიც გააჩნია. შესაძლებელია მას ჰყავდეს თანამშრომელი (მენეჯერი, აგრონომი, ზოოლოგი), რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს სოფლის მეურნეობაში. ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ბიზნეს გეგმა და განსახორციელებელი პროექტის ხარჯთაღრიცხვა.

ყველა პროექტს ვუდგებით ინდივიდუალურად და თანხის კონკრეტული ლიმიტი არ გაგვაჩნია. ჩვენთვის პრიორიტეტულია როგორც მცირე ფერმერული მეურნეობები, ასევე მსხვილი გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსება.

თუ შეგიძლიათ დაგვიზუსტეთ რას შეიძლება მოიცავდეს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები?

– ბაზისბანკის მიერ ხდება ყველა ტიპის მიზნობრიობის დაფინასება. ძირითად საშუალებებში მოიაზრება ბაღების გაშენება, მათი აღჭურვა სარწყავი სისტემებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების აშენება და დანადგარებით აღჭურვა, ფერმების აშენება და აღჭურვა, სანაშენე პირუტყვის და ფრინველის შეძენა, სათევზე მეურნეობების და ტბორების მოწყობა და სხვა.

საბრუნავ საშუალებში ვაფინანსებთ ყველა იმ მიმდინარე ხარჯს, როგორიცაა სათესი მასალების, სასუქების, შხამ ქიმიკატების, ტექნიკისათვის საწვავის, ცხოველთა საკვების შეძენა და სხვა. ასევე ფინანსდება მოსავლის მოვლა/აღების ხარჯები, მეცხოველეობის ფერმის შემთხვევაში ცხოველთა საკვების, მათი მოვლის, მომსახურე პერსონალის მომსახურების ხარჯები და სხვა.

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, ძირითადად, რა ტიპის პროდუქტებზე გაიცემა სესხი?

– სესხებს გავცემთ ყველა ტიპის მეურნეობებზე. ყველაზე დიდი მოთხოვნაა შეღავათიან აგრო კრედიტებზე. შემოდგომიდან ძირითადად იზრდება მოთხოვნა ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენებასთან დაკავშირებით. ამ პროექტის ფარგლებში ფინანსდება როგორც  ბაღების გაშენება, ასევე ამ ბაღების მოვლისათვის საბრუნავი საშუალებების დაფინანსება, იმ პერიოდამდე, სანამ ბაღი გახდება მსხმოიარე. ასეთი ტიპის სესხებზე სახელმწიფოს თანადაფინანსება შეადგენს 11%-ს, 66 თვის განმავლობაში, რაც ფერმერისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.

როდესაც ფერმერი ჩართულია საგრანტო პროექტში და თანამონაწილეობის თანხის ჩვენება სჭირდება, რათა მიიღოს პროექტისგან დაფინანსება, ამ შემთხვევაში თუ მოგმართავენ და თქვენი მეშვეობით თუ შეუძლიათ ამ თანამონაწილეობის თანხის მოზიდვა?

– რა თქმა უნდა, გრანტის მოპოვების შემთხვევაში, ბაზისბანკი მზადაა დააფინანსოს ფერმერი, თუ მის მიერ წარმოდგენილი ბიზნეს პროექტი აკმაყოფილებს ბანკის კრიტერიუმებს.

თქვენი სტატისტიკის მიხედვით, რა ტენდენციები იკვეთება რეგიონების მიხედვით და რომელ კულტურებზეა დაფინანსების მოთხოვნის ზრდა?

– ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტიურად ხდება ახალი მრავალწლოვანი ნარგავების გაშენება. რეგიონების მიხედვით კულტურები რა თქმა უნდა განსხვავებულია. მაგ. დასავლეთ საქართველოში (გურია, სამეგრელო, იმერეთი) ამ ეტაპზე ყველაზე ხშირად შენდება მოცვი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში (ქართლი, კახეთი) უფრო ხშირია ნუშის გაშენება. ასევე საკმაოდ ხშირია შემნახველი საწარმოების დაფინანსება.

რა ხელისშემშლელი ფაქტორი იკვეთება, რომელიც ფერმერს დროში უფერხებს კრედიტის აღებას და რომლის მოგვარებაც განაცხადის გაკეთებამდეა სასურველი?

– სასურველია განაცხადის გაკეთებამდე ფერმერს გააჩნდეს ჩამოყალიბებული ხედვა და ცოდნა სამომავლო საქმიანობაზე. ჰქონდეს კარგად გაწერილი ხარჯთაღრიცხვა, ასევე გააჩნდეს ბიზნეს გეგმა. საერთოდ არ არის აუცილებელი ბიზნეს გეგმა მომზადებული იყოს საკონსულტაციო კომპანიების მიერ, ჩვენთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ საკუთრივ მისი ხედვა სამომავლო ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენი გამოცდილი თანამშრომლების მიერ დეტალურად ხდება პროექტის შესწავლა და შეფასება, ასევე კონსულტაციების გაწევა მომავალი თუ არსებული მომხმარებლებისთვის.