აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებირუბრიკებიფერმერი ფერმერს

ქვიშის საკუჭნაო _ რა როგორ შევინახოთ ქვიშის საკუჭნაოში

თუ წელი ნაყოფიერი შემოდგომა გაქვთ, ბევრი სტაფილო, კარტოფილი, ხახვი და სხვა ძირხვენიანი ბაღჩეული მოიწიეთ, თუ გრილი სარდაფი ან სპეციალური სათავსო არ გაქვთ, ბოსტნეულის საღად შენახვა გაგიჭირდებათ და შეიძლება მოსავლის დიდი ნაწილი გაგიფუჭდეთ კიდეც.
ამ პრობლემის მოგვარებაში კარგი დამხმარეა ჩვეულებრივი ქვიშა.

ამისთვის საჭიროა მოიძიოთ პლასტმასის ან ხის კასრი, ყუთი თუ სხვა ჭურჭელი, რომელიც მიწაში, ამოთხრილ ორმოში უნდა ჩაიდგას და გარედან შემოვაფინოთ ჩალა, ფოთლები, ნახერხი ან სხვა ნარჩენები.  

ასევე აუცილებლად საჭიროა შემავსებელი _ ჩვენს შემთხვევაში, ქვიშა.

ქვიშის საკუჭნაო და ქვიშაში ხილ-ბოსტნეულის შენახვა ახალი ამბავი არ არის,  ამ მეთოდს დიდი ხნის წინათ წარმატებით იყენებდნენ ჩვენი წინაპრები.

ქვიშაში ბოსტნეულისთვის საჭირო ტენის შენარჩუნება იოლია. მომატებული ტენიანობა (70-90 პროცენტი) ხელს უშლის ბოლქვის გამოშრობას და ის არც ისეთი მაღალია, რომ ლპობის ბაქტერიების გამომწვევი პათოგენების განვითარებას შეუწყოს ხელი.

წმინდა და გარეცხილი ქვიშის შოვნა ჩვენთან რთული არ არის. თუ ძალიან მშრალია, ჩაყარეთ რაიმე ჭურჭელში, დაასველეთ, სასურველია მდუღარე წყლით, აურიეთ რათა ტენი თანაბრად გადანაწილდეს ქვიშაში.

ქვიშა ჩაყარეთ ბოსტნეულის შესანახად გამზადებულ კასრში ან ყუთში, ისე რომ ძირი დაიფაროს 3 სმ. სისქეზე, ჩაალაგეთ ბოლქვები თანაბრად და ზემოდან კვლავ დაფარეთ 3 სანტიმეტრიანი ქვიშის ფენით, ვიდრე სათავსო ბოლომდე არ აივსება.

გაითვალისწინეთ, რომ ბოლქვების, ძირხვენების ბოლო წყება  3-4 სმ. ქვიშის ფენით უნდა შეივსოს.

სტაფილო, ჭარხალი, კარტოფილი, თალგამი, ექვს თვემდე  შესანიშნავად ინახება ქვიშაში, თუმცა შენახვის ხარისხი დამოკიდებულია იმაზეც, როგორ  ფრთხილად იღებთ მარაგს  საკუჭნაოდან.

კარტოფილის შენახვა ქვიშის საკუჭნაოში

ვიდრე კარტოფილის ამოთხრას დაიწყებთ  კარტოფილის მიწისზედა ღეროები და ფოთლები მთლიანად ჩამჭკნარი და გამხმარი უნდა იყოს, ამის შემდეგ საჭიროა დაელოდოთ კიდევ ორი კვირა. ამ პერიოდში მცენარე ბოლო ენერგიას ახმარს ტუბერების ზრდას და კანის გასქელებას.

კარტოფილი ამოიღეთ ფიწლით ან სპეციალური ამოსათხრელი ხელსაწყოთი, ისე რომ ტუბერები არ დაზიანდეს. ამოღებული ტუბერები რამდენიმე დღით გაშალეთ გადახურულ ფარდულში, რომ წვიმამ არ დაასველოს, ზემოდან შეგიძლიათ მუყაო ან ტილო გადააფაროთ, შემდეგ გაწმინდეთ და ჩააწყვეთ ზემოთ მითითებული წესით ქვიშის საკუჭნაოში.

 კარტოფილს შესანახად დამატებითი ტემპერატურის კონტროლი ესაჭიროება, ამიტომ კარგი  იქნება თუ კარტოფილის შესანახ ქვიშის საკუჭნაოს ორმოში, გარშემო შემოვაფენთ ჩალას, ნახერხს, ფოთლებს, დაქუცმაცებულ ქაღალდს და სხვა. სახურავს უნდა დავატანოთ სავენტილაციო ხვრელები  ჭარბი ტენის დაგროვების თავიდან ასაცილებლად.

ასევე საჭიროა იცოდეთ, შესანახად კარტოფილის რომელი ჯიშები შეარჩიოდ. მაგალითად, წითელი კარტოფილი ისე კარგად არ ინახება, როგორც თეთრი ან ყვითელი. თხელკანიანი კარტოფილის ჯიშებიც (მაგ. ყვითელი კარტოფილი) ცუდად ინახება, ვიდრე სქელკანიანი ჯიშები (მაგ. მოწითალო ყავისფერი). საერთოდ კი საგვიანო ჯიშები უფრო კარგად ინახება, ​​ვიდრე საადრეო.

 სტაფილოს და სხვა ძირხვენიანი ბაღჩეულის შენახვა ქვიშის საკუჭნაოში

კარტოფილის მსგავსად, ეცადეთ,  ძრიხვენები მშრალ და მზიან დღეს ამოიღოთ მიწიდან და მზეზე გასაშრობად რამდენიმე საათის განმავლობაში დატოვოთ.

არ გარეცხოთ, შერჩენილი მიწა შემოაცალეთ ბოლქვებს და ძირხვენებს,  ფოჩები  შეაჭერით 3 სანტიმეტრამდე, მაგრამ არ მოაჭრათ წვერი. კარგად შეამოწმეთ, რომ ძირხვენები და ბოლქვები დაზიანებული არ იყოს, თორემ ძალიან სწრაფად დაიწყებს ლპობას და მთელ მოსავალს გააფუჭებს.

ძირხვენიანი ბოსტნეული, როგორიცაა სტაფილო და ოხრახუში, შეიძლება ქვიშაში  ჩალაგდეს ვერტიკალურად (ბუნებრივის ზრდის შესაბამისად), იმავე წესით, როგორც სხვა ბოსტნეული.

 ხახვის შენახვა

ხახვის მოსავალი აღების და გადახურულ სათავსოში გაფენის და კარგად გაშრობის (1,5-2 კვირა)  შედეგ ქვიშის საკუჭნაოში შესანახად მზად არის.

ხახვს უნდა შეეჭრას გამხმარი ფოჩები და საკუჭნაოში ჩალაგდეს ისე, რომ ბოლქვები ერთმანეთს არ ეხებოდეს. შემდეგ ფენა-ფენა, როგორც ზემოთაა აღწერილი.

 ასეთი სახით შენახული ბოლქვები მთელი ზამთარი კარგად ინახება და ნაკლებად ლპება.