აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიმემცენარეობა

ნიადაგის დამუშავება სიმინდის დასათესად  აღმოსავლეთ საქართველოში

ნიადაგი აღმოსავლეთ საქართველოში  მუშავდება ზონისათვის რეკომენდებული წესით, ნიადაგის თვისებების, წინამორბედი კულტურების თავისებურების, ნაკვეთის დასარევლიანების და ეროზიისაგან ნიადაგის დაცვითი ღონისძიებების გათვალისწინებით.

აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც წესი, სიმინდი ითესება მზრალზე. მზრალად ხვნა ბარში უნდა დამთავრდეს არა უგვიანეს 1 დეკემბრისა, ხოლო შემაღლებულ ზონაში — 15 ნოემბრამდე.

თავთავიანი კულტურების ნაწვერალი, თუ მასზე სანაწვერალო კულტურების თესვა არ არის გათვა-ლისწინებული, აიჩეჩება 6-8 სმ. სიღრმეზე ნამჯისაგან ნაკვეთის გათავისუფლებისთანავე და იხვნება მზრალად 22-25 სმ-ზე.

სანაწვერალო კულტურებისაგან გათავისუფლებული მინდორი უნდა მოიხნას მაშინვე სრულ სიღრმეზე.

შუალედური ნათესების ადრე გაზაფხულზე გათიბვისთანავე (არა უგვიანეს მაისის პირველი ნახევრი-სა), ნაკვეთი უნდა მოიხნას 14-16 სმ. სიღრმეზე.

თუ წინამორბედი მრავალწლიანი ბალახია, მაშინ მწვანე მასის გათიბვის შემდეგ (აგვისტოში) შეიტანება ჰერბიციდით, ნიადაგი მუშავდება მძიმე დისკოებიანი ფარცხით და 25-27 სმ. სიღრმეზე მოიხვნება წინმხვნელიანი გუთნით.

სუსტი ბიცობიანი და დაწიდული ნიადაგები 3-4 წელიწადში ერთხელ ზაფხულში უნდა მოიხნას 35-40 სმ-ზე, ხოლო მზრალად ხვნის პერიოდში გადაიხნას 18-20 სმ. სიღრმეზე.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, შალაფით ძლიერ დასარევლიანებულ ნაკვეთებზე, ნაწვერალი უნდა აიჩეჩოს მინდორში შალაფის აღმონაცენის გამოჩენის შემდეგ საოში გუთნით 10-12 სმ. სიღრმეზე. აჩეჩვიდან ორი კვირის შემდეგ ტარდება კულტივაცია თათებიანი კულტივატორით, თანმიყოლებული ფარცხით, ხოლო 10-12 დღის შემდეგ მინდორი გადაიხვნება საოში გუთნით 15-17 სმ-ზე, პირველი და-მუშავების გარდიგარდმო. მზრალად ხვნა ტარდება წინმხვნელიანი გუთნით 25-27 სმ. სიღრმეზე.

აღმოსავლეთ საქართველოს ბიცობიანი ნიადაგების გაუმჯობესების მიზნით (მარნეულის, სიღნაღის, გურჯაანის, გარდაბნის, საგარეჯოს რაიონები) 7-8 წელიწადში ერთხელ მზრალად ხვნის წინ ნიადაგში შეაქვთ 7-14 ტონა/ჰა გაცრილი გაჯი. შეტანის შემდეგ ხნული გადაიხვნება, გადახვნის წინ კი შეაქვთ 4-5 ცენტნერი სუპერფოსფატი. პირველ წელს ითესება იონჯა მრავალსათიბი კოინდრის ნარევი. ორი წლის სარგებლობის შემდეგ კორდი მოიხვნება საშემოდგომო ხორბლისათვის, ხოლო შემდგომ წლებში კულტურების მორიგეობა ხდება თესლბრუნვების მიხედვით.