სიმინდის მოყვანა მინიმალური დამუშავების (Mini-Till) სამანქანო ტექნოლოგიით

ნიადაგის მინიმალური დამუშავების ტექნოლოგია ტექნოლოგიური ოპერაციების კომპლექსს მოიცავს, რაც უზრუნველყოფს, როგორც ენერგეტიკულ, შრომით და მატერიალურ დანახარჯებს, ასევე მანქანათა ხშირი მოძრაობის შეზღუდვით ნიადაგის ნაყოფიერებაზე უარყოფით ზემოქმედებას ამცირებს. 

ნიადაგის დამცავ ტექნოლოგიებში, მათ შორის მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიაში სიმინდის მოყვანისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნიადაგის დატკეპნილი ქვედა ფენის პერიოდულ გაფხვიერებას და მის მიერ წყლის შეთვისების და აერაციის რეჟიმების გაუმჯობესებას. შესაბამისად, მინიმალური დამუშავების ტექნოლოგიის გამოყენებისას, ნიადაგის მოსამზადებლად უპირველეს ყოვლისა ნიადაგს 0,35-0,40 მ. სიღრმეზე ბელტის გადაუბრუნებლად ჩიზელური ან ბრტყლად მჭრელი კომბინირებული მანქანით პერიოდული მონაცვლეობით ამუშავებენ.

ჩიზელით დამუშავების შემდეგ, წინასწარ ჩატარებული აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე, ნიადაგი უნდა გამოიკვებოს ორგანო-მინერალური სასუქებით სათანადო დოზით.

აღნიშნული ოპერაციების ჩატარების შემდეგ აწარმოებენ ნიადაგის ზედაპირული ფენის გაფხვიერებას, რისთვისაც იყენებენ ექსცენტრულ დისკოებიან ფარცხებს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ნიადაგებისთვის, ან ფრეზებს – მძიმე ნიადაგებისთვის.

ზედაპირული ფენის გაფხვიერების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ღრმა ძირითად დამუშავებას ცვლიან ნიადაგის მცირე სიმაღლეზე დამუშავებით.

 

ამასთან, რიგთაშორისების დაუმუშავებლად მინდვრის მხოლოდ ის ზოლი მუშავდება, სადაც უშუალოდ სიმინიდის თესლი ხვდება ნიადაგში.

სიმინიდი ითესება Mini-Till-ის კომბინირებული სათესებით, რომელიც უზრუნველყოფს ერთი გავლით ნიადაგში სათანადო სიღრმეზე კვალის გახსნას, თესლის და სასუქის შეტანას, კვალის დახურვას და დატკეპნას.

თესვის შემდეგ ნაკვეთების რიგთაშორისებში სარეველებს ანადგურებენ არა მექანიკური, არამედ ქიმიური საშუალებებით.

სიმინდის მოსავლის აღებისას ჩალას აქუცმაცებენ სიმინდის ამღებ კომბაინზე დამონტაჟებული დამაქუცმაცებელი მექანიზმის მეშვეობით და მინდორში თანაბრად მულჩის სახით აბნევენ, რის შედეგადაც ნაკვეთი No-Till ტექნოლოგიის განხორციელებისათვის მზად არის.