სტატიებიფერმერი ფერმერს

იმპორტდამოკიდებული ქვეყანა _ როცა მარჯვენამ არ იცის, რას აკეთებს  მარცხენა

საქართველოს აგრარულმა დარგმა  დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე რთული, წინააღმდეგობით სავსე გზა გაიარა.
რა გვქონდა?

_ 1989 წლის ოფიციალური მონაცემებით საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების მოცულობა 18 მილიარდ მანეთს შეადგენდა, რაც იმდროინდელი მანეთის კურსით ეს ციფრი 30 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდა. ამაში შედიოდა ყველაფერი _ ცოცხალი ხილი და ბოსტნეული, რძისა და ხორცის პროდუქტები, გადამუშავება, კონსერვების წარმოება, წვენები, ტყავი, მატყლი და ა.შ.

ეს პოზიცია, რომ შეენარჩუნებინა ქვეყნის აგრარულ დარგს, თუ  პროდუქტებზე ფასთა ცვლილების და აშშ დოლარის ინფლაციასაც გავითვალისწინებთ, ეს ციფრი შესაძლოა, დღეს 50-100 მილიარდი დოლარიც კი ყოფილიყო.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ყოველივე ხდებოდა გეგმიური ეკონომიკის პირობებში, როცა საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ჰქონდა გასაღების გარანტირებული ბაზარი, ჰყავდა მყიდველი _ მომხმარებელი.

რა მოხდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ?

_ შექმნილი ვითარება მოკლედ შეიძლება აღვწეროთ, როგორც სისტემის სრული ნგრევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ  საწარმოო ურთიერთობების რღვევის პირველ ეტაპზე პროდუქტი იყო, მაგრამ აღარ არსებობდა ვალდებულებები _ გეგმიური ეკონომიკის მნიშვნელოვანი მექანიზმი და აღარც ამ პროდუქციის გაყიდვაზე ზრუნავდა ვინმე. მაგალითად მოკრეფილი და გამშრალი, დასაწყობებული ჩაი, ორგანიზებულად აღარავის მიჰქონდა, ამიტომ ამ და სხვა პროდუქტის ნაწილი გაფუჭდა, ნაწილიც დაიტაცეს… ამის გარდა გატარდა მიწის რეფორმა და იქ, სადაც ადრე არსებობდა მიწაზე კოლექტიური საკუთრება, გაჩნდნენ მიწის მესაკუთრენი, რომლებმაც გადაწყვიტეს რიგ სასოფლო სამეურნეო ფართობებზე გაეგრძელებინათ, ზოგან შეეწყვიტათ პროდუქციის წარმოება.

ვინ შეძლო განვითარება?

_ გარკვეული დრო გავიდა _  30 წლის შემდეგ გვაქს  შემდეგი ვითარება. ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანა დღეს 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას  აწარმოებს, რაც მთლიანი პოტენციალის სამ პროცენტს არ აღემატება.

ზოგადი სურათი ასეთია – ქართველი მწარმოებლების უდიდესი ნაწილი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ქართველი ფერმერი, წვრილი თუ მსხვილი მეურნე, მწარმოებელი ინფორმაციის გარეშეა დარჩენილი, ეს გამოწვეულია იმითაც, რომ გაუქმდა  სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და ქვეყანაში კვალიფიციური კადრის მწვავე დეფიციტია.

ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ ქვეყანა დარჩა საკუთარი წარმოებული საკვების გარეშე, რამაც, ბუნებრივია, ფართო გასაქანი მისცა იმპორტის განვითარებას, ანუ, სამამულო წარმოების ნაცვლად, აყვავდა იმპორტირებული პროდუქციის ბიზნესი და  ამ გარემოებამ ხელი შეუწყო ქვეყნის საგარეო ვალის ზრდას.

ფერმერების მდგომარეობა _  რას აწარმოებს დღეს ქართველი ფერმერი?

_ დღეს ქვეყანაში 800 ათასზე მეტი მიწის  მსხვილი და მცირე მესაკუთრეა. მაგრამ, ჩვენი შეფასებით, მათგან მხოლოდ 25% -ა რეალურად  სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებით დაკავებული. ქვეყანა დღესაც თითქმის იმავე სახის პროდუქტს აწარმოებს, რასაც _ 1989 წლამდე, თუმც ბევრად ნაკლები მოცულობით.  იმ დროისგან განსხვავებით, დღეს ფერმერებს შორის პრაქტიკულად, ერთი და იგივე კულტურის მწარმოებლებს შორისაც კი, არ არსებობს კოორდინაცია. მაგალითად, რეგიონში ან სოფელში ფერმერებს მოჰყავთ რამდენიმე სახეობის კიტრი. ეს ნიშნავს, იმას რომ შიდა ბაზარზეც კი ძალიან რთული ვითარება გვაქვს და ამ დროს, საექსპორტო პროდუქტის წარმოებაზე  ლაპარაკი ძალზე ძნელია.

როგორ ყიდის დღეს ფერმერი წარმოებული პროდუქციას. როგორც წესი, ეს სპონტანური პროცესია. ფერმერი აწარმოებს პროდუქციას ისე, რომ მას ამ ამ პროდუქტის რეალურ ფასად გაყიდვის არანაირი გარანტია არ აქვს. სინამდვილეში კი მდგომარეობა ამგვარია – ფერმერს და მყიდველს შორის ორი-სამი შუამავალი რგოლია. მცირე გადამზიდავი (მიკროავტობუსის მძღოლი), მცირე საბითუმო მოვაჭრე, ქუჩის გამყიდველი ან მაღაზიათა ქსელი. თუ განვიხილავთ ქუჩის საბითუმო მოვაჭრეს ან მაღაზიათა ქსელს, მათთვის სულ ერთია ქართულ პროდუქციას გაყიდიან თუ იმპორტირებულს, მთავარ როლს პროდუქციის სასაქონლო სახე და ფასი თამაშობს. ამ დროს მყიდველს საერთოდ არ აქვს არჩევანი. მას შეუძლია შეიძინოს მხოლოდ ის, რაც თაროზეა. ფერმერს კი აქვს არჩევანი, სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლის  დახმარებით გაყიდოს თავის პროდუქცია. ეს არის დღევანდელი რეალური სურათი.

ხილისა და ბოსტნეულის ბაზრის აღწერა.

_ ახლა ვნახოთ, რა ხდება მსოფლიოში ბაზრებზე. სინამდვილეში, დღეს მსოფლიო ბაზარზე საკვები პროდუქტების სიჭარბეა. მძაფრი კონკურენცია მხოლოდ მწარმოებლებს, მთავარ მოთამაშეთა შორის კი არა, სახელმწიფოებს შორისაც არის გაჩაღებული,  რომლებიც თავიანთ მწარმოებლებს ეხმარებიან სუბსიდიების, რეგულაციების და მრავალი სხვა საშუალებით, მაგალითად, სამთავრობო  შეთანხმებებით, რაც მიზნად ისახავს თავიანთი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვას.

დღეს მსოფლიო ბაზარზე პროდუქტის ფასები დამალული არ არის, ყველაფერი ცნობილია, ცნობილია ისიც, რომ მოთხოვნა იზრდება ხარისხიან პროდუქტზე, მიღებულია ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები და სხვა.

ამრიგად, ჩვენი მცირე, არაორგანიზებული ფერმერისთვის გასაღების ბაზრებისთვის მსოფლიოში მიმდინარე „ომების“  პირობებში  ძნელია, ან თითქმის შეუძლებელია, ადგილის გამონახვა.

რა პროდუქტზე იზრდება მსოფლიოში მოთხოვნა და რატომ. განვიხილოთ,  რა ტენდენციებია  მსოფლიოში.

_ აი, რამდენიმე ფაქტი, რაც დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებისა და თანამედროვე მსოფლიოში დაავადებების ზრდის ტემპთან.

რა თქმა უნდა, ჩვენ ერთი ხელის დაკვრით ვერ შევძლებთ არსებული მდგომარეობის შეცვლას. მოდით განვიხილოთ ტენდენციები:

 დღეს  განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის 15% -ზე მეტი უკვე ორგანულ პროდუქტებს მოიხმარს. ორგანული პროდუქტების გარდა, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა მომეტებული ხარისხის, ქიმიკატებით ნაკლებად დაბინძურებული ხილსა და ბოსტნეულზე, ამ მიზნით, შემოღებულია პროდუქციის ხარისხის განსაზღვრის ახალი რეგულაციები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მყიდველს სულ უფრო მეტი შანსი უჩნდება პროდუქცია მხოლოდ ფასით და გარეგნული სასაქონლო სახით კი არა, ხარისხის მიხედვითაც აირჩიოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი. ორგანული პროდუქტებისა და გაუმჯობესებული ხარისხის პროდუქტებზე, მოთხოვნა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მიწოდება. უნიკალური შემთხვევაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი პროდუქციის ფასი გაცილებით მაღალია იმ პროდუქტებთან შედარებით, რომელიც მსოფლიო ბაზრები ასე მსუყედ არის გაჯერებული.

მსოფლიო სასურსათო ბაზარი, ქართველი ფერმერის შანსი ამ ბაზრებზე.

_ დავუბრუნდეთ ქართველ ფერმერს (მაგრამ ეს აქტუალურია მსოფლიოს ყველა სოფლის მეურნეობის მწარმოებლისთვის). მსოფლიო ბაზარზე შექმნილი დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენი ფერმერისთვის არანაირი აზრი არ აქვს ისეთივე ხარისხის პროდუქცია აწარმოოს, რომლის მსგავსითაც გაჯერებულია ეს ბაზრები. ჩვენი ფერმერი ასეთ ვითარებაში არათუ ვერ შეძლებს გლობალურ ბაზრებზე თავის პროდუქციის შეტანას, არამედ გლობალურ მწარმოებლებს ადგილობრივ ბაზარზეც კი ვერ გაუწევს კონკურენციას, რასაც დღესაც ვაკვირდებით ჩვენს ბაზარზე.

თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარების კიდევ ერთი გზა არსებობს. ეს არის ორგანული და გაზრდილი ხარისხის პროდუქციის წარმოება. მსოფლიოში ამ პროდუქტებზე მოთხოვნა იზრდება, მომხმარებელი კი თანახმაა ასეთ პროდუქტში უფრო ძვირი გადაიხადოს.

 საქართველოს ბაზარზე არსებული მოთამაშეთა შორის ურთიერთობის  და როლების დარეგულირება. რა უნდა გაკეთდეს ამისათვის?

_ უპირველესად  გასათვალისწინებელია რა არის ამისათვის საჭირო: მიწა, წყალი, კლიმატური პირობები, სამუშაო ძალა, სამუშაო იარაღები, ტექნოლოგიები, დამხმარე საშუალებები (ორგანული სასუქები და მცენარეთა დაცვის პროდუქტები). ეს ყოველივე გვაქვს.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დასარეგულირებელია, ფერმერთა ინტერესთა გაერთიანება, ერთობლივი ძალით და ძალისხმევით საქმიანობის ორგანიზებაა. ეს მოიცავს კულტურების, ჯიშებს, დარგვის დროის შერჩევა-ორგანიზება-შეგროვებას.

რეგიონების პოტენციალის ანალიზს, ფერმერთა ინფორმირებას, მსხვილ სავაჭრო პარტნიორებთან კავშირის ორგანიზებას უზრუნველყოფს კომპანია „აგროცენტრი“, საინფორმაციო მხარდაჭერას კი ტელეკომპანია „საფერავი TV“,  ჟურნალი „ახალი აგრარული საქართველო“ და აგროპროტალი agronews.ge.

კომპანია „აგროცენტრი“