აგროსიახლეებიმე და ჩემი სოფელისტატიები

გლეხის მომავალი თანამედროვე საზოგადოებაში

სადისკუსიო თემა
სოფლის მეურნეობა ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგია, რომელსაც სახალხო დოვლათის, მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, თუმცა იგი არ არის ის დარგი, რაზეც  ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კონცეფცია უნდა აიგოს.
სოფლის მეურნეობის როლსა და სტრატეგიაზე დღეს ბევრი კამათობს, თუმცა არის საკითხები, რაზეც თითქმის არავინ ლაპარაკობს, რადგან ეს პოპულარული თემა არ არის და არც ქულების დასაწერად არ გამოდგება. მაგრამ ეს გზა გასავლელია და რამდენადაც გავაჭიანურებთ ამ მიმართებით რეფორმების გატარებას, იმდენად გაჭიანურდება საბოლოო მიზნამდე მი-სასვლელი გზის გავლა.
ახლა სწორედ ერთ-ერთ ასეთ საკითხზე შემოგთავაზებთ დიალოგს კომპანია „აგროვიტას“ დამფუძნებელთან, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატთან კახა ხუციშვილთან.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ორი გზა არსებობს, მასობრივი და ნიშური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება — ძვირიანი ნიშის მოძებნა და ადგილის დამკვიდრება — ამბობს ბატონი კახა. როგორც იგი განმარტავს: — საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქციის მასობრივი წარმოება შეუძლებელია, რადგან არ გვაქვს საკმარისი მიწის რე-სურსი. ამიტომ, რა ტექნოლოგიაც არ უნდა შემოვიტანოთ, წარმოებული პროდუქტის ექსპორტზე მასობრივად გატანას და გაჯერებულ ბაზარზე მსხვილი მოთამაშეებისთვის კონკურენციის გაწევას ვერ შევძლებთ. რაც შეეხება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, ამაზე მუშაობა შეიძლება, რადგან ასეთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტზე განვითარებული ქვეყნების ბაზრებ-ზე დიდი მოთხოვნაა. თანაც ეს სეგმენტი სწრაფად მზარდია. მის წარმოებას არ სჭირდება დიდი ფართობები, აწარმოებ ცოტას — ყიდი ძვირად, მაგრამ სჭირდება მომზადებული კადრი, მკაცრი პირობების დაცვა, ცხოვრების წესის დამკვიდრება.

ასეთ საქონელზე საქართველოშიც არის მოთხოვნა. ბევრი ადამიანი ეძებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს: ჭარხალს, კარტოფილს, კომბოსტოს, სხვა სურსათს, მზად არის ძვირი გადაიხადოს, მაგრამ ვერ ყიდულობს, რადგან ასეთი პროდუქტი ბაზარზე არ არის, ან იმდენად მცირე რაოდენობითაა, რომ მომხმარებლისთვის საძებნელია. ეს ადგილობრივი მოხმარებისთ-ვისაც დიდი რესურსია.

ჩვენ ერთ-ერთ მთავარ შეცდომას იმით ვუშვებთ, რომ მიწების გაერთიანების პროცესი თავის ნებაზე გვაქვს მიშვებული; იგი თვითდინებით მიდის და თუ სახელმწიფო სერიოზულად არ ჩაერია ამ პროცესში, საბოლოო შედეგამდე მისვლას შეიძლება ათ-წლეულები დასჭირდეს.

სოფლის მეურნეობა გასართობი დარგი არ არის. მცირემიწიანი გლეხი თავს ვერაფერს მოაბამს, რადგან პირობითად სამი ა-თას კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენებული ვენახი შეუძლებელია სერიოზულ სამეურნეო მნიშვნელობის უძრავ კაპიტა-ლად განიხილებოდეს. აქ ოჯახის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებელ მოსავალს თუ მოიწევს გლეხი და მას არანაირი კო-მერციული მნიშვნელობა არ შეიძლება მიენიჭოს. ის არ არის და ვერც იქნება სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დამატებითი ღირებულების შემქმნელი.

საქართველოში ისეთი ხალხი, ვინც დასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, აქვს საკმარისი საშუალებები და მას განიხილავს ბიზნესად, ძირითად საქმიანობად, თითზე ჩამოსათვლელია. ამიტომ ფერმერს უნდა ჰქონდეს მიწის ფართობი, ტექნიკური საშუალებები, ცოდნა, როგორ გამოიყენოს მიწა, მაგრამ სოფლად მცხოვრებ კაცს — „გლეხს“, ვისაც უნდა ფერმერობა, განვითარება, არ აქვს მიწა. ამ მხრივ ქვეყანაში უკიდურესად ცუდი მდგომარეობაა, მიწები დაქსაქსულია პატარ-პატარა ნაკვეთებად. კოოპერაციული მოძრაობით თითქოს დაიწყო რაღაც პროცესი, მაგრამ კოოპერატივები გამოსავალი არ არის. ეს თავის მოტყუებაა. გამონაკლისია მხოლოდ მთიანი რეგიონები, სადაც ბუნებრივი პირობების გამო სერიოზული მიწათმოქმედების განვითარება შეუძლებელია. ასეთ რეგიონებში გათითოებული გლეხკაცი მხოლოდ გადარჩენისათვის იბრძვის და არა ჭარბი სოფლის მეურნეობის პროდუქტის შესაქმნელად. ასეთ რეგიონებში, რა თქმა უნდა კოოპერატივებში გაერთიანება, გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯია.

რატომ, რით ასაბუთებთ, რომ კოოპერატივები ვერ იქნება გამოსავალი?

— ქართველი კაცის მენტალობიდან გამომდინარე მივდივარ ამ დასკვნამდე. ჰკითხეთ გლეხსაც, ნახეთ რას ფიქრობს. ქართველს გლეხს საზიარო ცა არ უნდა. ასეთი მიდგომა შეიძლება ახლო ისტორიის გაკვეთილის შედეგია, როცა გლეხი ძალმომრე-ობით გააერთიანეს კოლექტივში. მე მაინც ვფიქრობ, რომ გლეხი ინდივიდუალისტია და მას უნდა მისცე საკუთარი შესაძლებლობების გამოვლინების საშუალება. თუ ასეთი პირობები შეექმნება, იგი საოცრებებს მოახდენს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს.

ჩემი აზრით პირველადი წარმოებისათვის კოოპერირება საჭირო არ არის, თუმცა იგი მეორადი წარმოებისთვის მართლაც კარგი საქმე იქნება.

სახელმწიფო კოოპერატივის წახალისებას დღეს 10—20 ათასლარიანი გრანტებით ცდილობს. რისთვის არის ეს გრანტი საკმარისი, რამდენიმე გლეხი რომ გაერთიანდეს კიდეც, რაში უნდა მოიხმაროს ეს თანხა?! მაგრამ მეორე მხრივ, ვთქვათ თითოჰექტრიანი ვენახის მქონე რამდენიმე მცირე მეურნე თუ გაერთიანდება და სახელმწიფოც მათ მცირე ღვინის საწარმოს აშენებაში დაეხმარება (რამდენად გაართმევენ ამას გლეხები თავს ეს კიდევ ცალკე თემაა, მათ სპეციალური მომზადება დაჭირდებათ), საკუთარი კოოპერატივის ღვინო რომ ჩამოასხან და ბაზარზე გაიტანონ, ასეთი კოოპერაცია იმუშავებს, რადგან, მართალია, ისინი კოოპერატივში თითო-თითო ჰექტარი ვენახით გაწევრიანდნენ, მაგრამ უკვე აერთიანებთ ქარხანა, რაშიც ძირითადი ეკონომიკური ინტერესი აქვთ ჩადებული. მაგრამ თუ გაერთიანდება 10 მევენახე გლეხი, შექმნის კოოპერატივს, რა ეფექტი ექნება ამ საქმეს, არ ვიცი. რას იზამენ — ერთად დაამუშავებენ ვენახს, იყიდიან პესტიციდებს, მოიყვანენ ყურძენს და მერე რა? ერთად ჩააბარებენ თუ ცალ-ცალკე მოწეულ ყურძენს, რა მნიშვნელობა აქვს, რა სარგებელი ექნებათ?! ამიტომ პირ-ველად წარმოებაში მათი გაერთიანების საჭიროებას ვერ ვხედავ. კოოპერაციის იდეა უნდა იყოს მეორადი წარმოება — გადა-მუშავება. გადამამუშავებელი საწარმოს შექმნა სერიოზულ დაფინანსებას მოითხოვს, სერიოზული დაფინანსება კი — დაფინან-სების მომზადებულ მიმღებს.

ჩვენ მუდამ მცირემიწიანობაზე ვჩივით, ამ დროს სასოფლოსამეურნეო სავარგულების ნახევარი გამოუყენებელი გვაქვს, არ ვამუშავებთ, ფართობების ნაწილი გატყიანდა, გაუდაბნოვდა. რით ახსნით, რატომ არის ამდენი მიწები გამოუყენებელი, მიტოვებული?

— წარმოიდგინეთ, კახეთში სავარგულები სოფლიდან უმეტესად 5 და ზოგჯერ 10 კილომეტრითაა დაშორებული. სოფლის მოსახლეობა ძირითადად კოლმეურნეობაში იყო გაწევრიანებული, „კოლექტივის“ მიწას უვლიდა და ყოველ დილით ორგანი-ზებულად, მანქანებით გადაჰყავდათ ამ ფართობებში სამუშაოდ. კოლმეურნეობების დაშლის შემდეგ ეს მიწები სოფლის მაცხოვრებლებზე გადანაწილდა. ზოგს ნახევარი, ზოგსაც თითო ჰექტარი შეხვდა, იმის მიხედვით რამდენი კომლი ცხოვრობ-და და რამდენი მიწის ფართობები ჰქონდა სოფელს. მიწა კი აიღო გლეხმა, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ნახევარი ჰექტარი ვენახი სახლიდან 5-10 კილომეტრითაა დაშორებული. მანქანები აღარ იყო, სარწყავი სისტემები და გზები გაფუჭდა, ფეხით ამხელა მანძილის გავლა იოლი არ არის, თანაც ვენახში ერთხელ მისვლა ხომ არ კმარა. შეუძლებელი, წამგებიანი გახდა მოვლა, ამიტომ მიატოვა ან აჩეხა ვენახი და დათესა სიმინდი, თუმცა იმასაც ვერ მიხედა, საერთოდ მიატოვა და ვითომ უკეთეს დროს დაელოდა. ეს უკეთესი დროის მოლოდინი დღემდე გაგრძელდა და კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

სად ხედავთ გამოსავალს, რა უნდა გაკეთდეს?

— სოფელში, რომელსაც 1000 ჰექტარი სავარგული აქვს და სადაც 200-300 კომლი ცხოვრობს, არ შეიძლება 4-5 ფერმერზე მეტი იყოს. ფერმერი ბიზნესმენია, რომელსაც შეუძლია დათვლა-რისგან რას მიიღებს. ის არ არის ნატურალური მეურნე, რო-მელიც მარტო საკუთარი ოჯახის გამოსაკვებად საჭირო მოსავლის მიღებაზე ზრუნავს. გლეხურ ნატურალურ მეურნეობაში შეუძლებელია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, გლეხი ამისთვის მზად არ არის. ფერმერი უკვე მომზადებულია, თუმცა ისიც ყოფილი გლეხია, ამ სოციალური ფენიდანაა დაწინაურებული. მიწა მის ხელში ერთ-ერთი იარაღია. მიწის გარდა მას სჭირდე-ბა ტექნიკა, ახალი ტექნოლოგიები და რაც მთავარია ჭკუა, მეურნეობის ხელმძღვანელობის უნარი.

გლეხს თანამედროვე განვითარებულ საზოგადოებაში პერსპექტივა არ აქვს. არც სოფლის მეურნეობას ექნება გლეხის ხელ-ში პერსპექტივა და დავრჩებით ნატურალურ მეურნეობაზე მიბმულ ჩამორჩენილ, ღატაკ ქვეყნად.

მაშ რა უნდა ქნან გლეხებმა, ვისაც საკმარისი მიწა არ აქვთ, აიკრიფონ გუდანაბადი სოფლიდან?

— უნდა ვიზრუნოთ სოფლის განვითარებაზე, უნდა გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, გლეხი სოფელში უნდა დამაგრდეს. სოფელში უნდა შეიქმნას წვრილ-წვრილი საწარმოები. ერთმა უნდა გახსნას, პირობითად ვამბობ, სამჭედლო, მეორემ შეკეროს ფეხსაცმელი, მესამემ გამოუშვას მურაბა და კომპოტი, მეოთხემ მწნილი, მეხუთემ უნდა აწარმოოს ამ პროდუქციის დისტრი-ბუცია, გაასაღოს, ვიღაც იქნება ბუღალტერი, ექთანი, კალატოზი, პედაგოგი და ასე შემდეგ. სოფელი „პატარა სახელმწიფოა“, დამოუკიდებელი, გარკვეულ დონემდე რა თქმა უნდა, თავისი ადმინისტრაციით.

მათგან ვიღაც ფერმერი, მიწათმფლობელი გახდება. მიწა ყველას არ სჭირდება. ვინც მიწას არ ამუშავებს, ე.ი. მას მიწა არ სჭირდება, არ უღირს ოფლისღვრად; არც ამუშავებს და არც ყიდის, რადგან მამა-პაპის ნაქონია, თუმცა არც ღირებულება აქვს ისეთი, გაყიდვა რამედ უღირდეს, და არის ასე წლობით დაუმუშავებლად მიტოვებული მიწები.

ამიტომ კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს, რომ თუ ფერმერი მსხვილდება და მის მომიჯნავედ, მეზობლად არის ასე-თი მცირე ნაკვეთები, რა თქმა უნდა წართმევის უფლება არავის აქვს, მოუცვალოს ანალოგიური ღირებულების ნაკვეთში ან საბაზრო ფასად მიყიდოს მეპატრონემ მიწა ფერმერს. ამით მეურნეობის გამსხვილებას ხელი შეეწყობა. პირობითად ვამბობ, ფორმა მოსაფიქრებელია, თუმცა წლობით მიწები რომ დაუმუშავებელი არ უნდა იყოს, ესეც კანონმდებლობით მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. ბუნებრივია, ლაპარაკი არ არის საკარმიდამო ნაკვეთზე, იმ 2000 თუ 2500 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობ-ზე, სადაც კაცს სახლი უდგას, ბაღ-ბოსტანი აქვს, ეს მისი საკუთრებაა და ხელშეუხებელია.

თუ გვინდა, რომ განვითარდეს სოფელი და სოფლის მეურნეობა, გლეხი მცირე მეწარმემ ან დაქირავებულმა მშრომელმა უნ-და ჩაანაცვლოს. თვითონ თუ ვერ შეძლებს საკუთარი მცირე ბიზნესის შექმნას, დასაქმდეს ფერმერთან ან სხვა წარმოებაში, რომელიც სოფლად გაიხსნება და ამ საქმეში სახელმწიფომ, მთავრობამ გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ და ამ ადამია-ნების უფლებები კანონმდებლობით უნდა იყოს დაცული და გარანტირებული.

როგორ ფიქრობთ, რა დრო დასჭირდება ამ, ასე ვთქვათ, სასოფლო რეფორმის გატარებას, როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი სოფლის სამომავლო განვითარება, ეს ხომ არ გამოიწვევს სოფლების დაცლას?

— არ მგონია, ამას დიდი დრო დასჭირდეს. სოფელი, როგორც ჩვენში დღეს ვხედავთ და წარმოგვიდგენია, ასეთ სოფლად აღარ იარსებებს. სოფელში სოფლის ტიპის დასახლება აღარ შეიძლება რომ იყოს. რაც უფრო გავაჭიანურებთ ამ რეფორმას, მით უფრო გავუხანგრძლივებთ მათ დუხჭირ ყოფას. ამასობაში კი სოფელი იცლება და გლეხები ქალაქში მიდიან სამუშაოს სა-ძებნელად, ნაწილი კი საერთოდ საზღვარგარეთაა გადახვეწილი.

ევროპაში ძველი ტიპის სოფელს ვერსად შეხვდებით. სოფელი ქალაქის ტიპის დასახლებაა, სადაც ყველა ის კომფორტი და სიკეთეა, რაც არის ქალაქში.

თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის 4-5 %-ია დასაქმებული. ჩვენთან, თუ არ ვცდები, მოსახლეობის 48%-ის ძირითადი საქმიანობა სოფლის მეურნეობაა. ეს ხალხი დასაქმებული კი არაა, რეალურად ნატურალურ მეურნეობაში თავის გადარჩენისთვის იბრძვის. თუ ჩვენ კიდევ ხელს შევუწყობთ და გადავუგდებთ ვითომ მაშველ რგოლს, ეს პროცესი უსაშველოდ გაგრძელდება და ეს ხალხი სიღატაკეს თავს ვერ დააღწევს.

ეს მტკივნეული პროცესია, მაგრამ თუ გვინდა განვითარება, ეს გზა უნდა გავიაროთ. სოფლის მეურნეობაში უნდა დასაქმ-დეს პროფესიონალი. როგორც არ შეიძლება საავადმყოფოში მოყვარული ექიმი მკურნალობდეს პაციენტებს, ისე სოფლის მეურნეობაში არ შეიძლება მოყვარული გლეხი მუშაობდეს.

ფერმერი უნდა იყოს პროფესიონალი, ნიადაგშიც ერკვეოდეს, ანალიზსაც კითხულობდეს, სასუქებშიც ერკვეოდეს, ვეტერინარიაშიც და მცენარეთა კარგი დამცველიც იყოს, სხვაგვარად დღეს ფონს გასვლა ვერ მოხერხდება.

შვეიცარიაში მაქვს ნანახი 10 კვ. მ. ოთახში ზის კაცი, რომელიც აკეთებს შვეიცარულ დანებს. მსოფლიოში არის საუკეთესო დანა და ღირს ძალიან ძვირი. ის კაცი სოფელში ცხოვრობს, მაგრამ იმას არც პამიდორი მოჰყავს და არც კომბოსტო, იმან იცის დანის კეთება, მერე რა, რომ სოფელში დაიბადა და გაიზარდა.

მე და თქვენ შევხედოთ საკუთარ თავს, არაფერი ადგილობრივი ნაწარმი არ გვაქვს, არც ჩასაცმელი, არც საათი, არც სათვალე, ღილიც კი არ არის ქართული. ვითომ არაფრის წარმოება არ შეგვიძლია?! შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ კიდეც.

ქვეყნის ყველაზე დიდი სიმდიდრე ოქროს და ნავთობის საბადოები კი არ არის — ადამიანი, და ამის მაგალითია თურქეთი.

ჩვენი შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყნიდან გასულია, ამ ხალხს უნდა შევუქმნათ დაბრუნების პირობა, რათა თავიანთი უნარი და ენერგია ჩვენთან ერთად დახარჯონ სამშობლოში და შედეგიც არ დააყოვნებს.

 

შოთა მაჭარაშვილი

2016 წ. თებევალი