აგრარული განათლებავეტერინარიარუბრიკები

სითბური დაკვრა_მზის დაკვრა, ნერვული სისტემის აშლილობა ცხოველებში

ზაფხულის სიცხე შინაური ცხოველებისთვის საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ცხოველთა ნერვული სისტემის დაავადებები, როგორიც არის მზის დაკვრა, სითბური დაკვრა.
მზის დაკვრა – Hiperinsolatio

დაავადება წარმოიშვება თავის ქალის არეზე მზის პირდაპირი სხივების (უხილავი, სითბური გრძელტალღიანი ინფრაწითელი სხივების კონა) ზემოქმედების შედეგად და თან სდევს თავის ტვინის გადახურება და მისი ფუნქციების მოშლა. იწვევს თავის ტვინის სისხლძარღვების ჰიპერემიასა და შეშუპებას. იზრდება ქალის შიდა წნევა, ყალიბდება სუნთქვის მამოძრავებელი ცენტრის დამბლა, რაც  ცხოველის სიკვდილის მიზეზი ხდება. უმეტესად ავადდება წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხენი, სახედარი, ღორი, ძაღლი, კატა, ნაკლებად -ძროხა.

როგორც აღვნიშნეთ, დაავადების მიზეზია მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ყოფნა, ზაფხულში შუადღისას საძოვრებზე საჩრდილავი ფარდულების, ხეების არარსებობა. მზის დაკვრას ხელს უწყობს სასმელი წყლის ნაკლებობა, აქტიური მოძრაობის შეზღუდვა, ცალკეული ცხოველების არამდგრადი თბორეგულაცია.

კლინიკური ნიშნები

დაავადება მიმდინარეობს მწვავედ. თავიდან აღინიშნება სისუსტე, გახშირებული სუნთქვა, ოფლიანობა, ჩონჩხის კუნთების ტონუსის დაქვეითება, მცირე აღგზნებულობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ფეხის არევა. ტემპერატურა ნორმის ზედა ზღვარზე ან უფრო მაღალია. თუ დროულად მივიღებთ სამკურნალო ზომებს, დაავადების სიმპტომები ქრება 3-4 საათში, მაგრამ საერთო სისუსტე შეიძლება შენარჩუნდეს რამდენიმე დღეს. მძიმე შემთხვევებში ხდება გონების დაკარგვა ან დგება კომატოზური მდგომარეობა რეფლექსების დაკარგვით, გუგების გაფართოებით და ცხოველის წაქცევით. პროგრესირებადი გულ-სისხლძარღვთა უკმარისობისას და ასფიქსიის ფონზე შეიძლება დადგეს სწრაფი სიკვდილი.

დიაგნოზს სვამენ ანამნეზისა და კლინიკური ნიშნების გათვალისწინებით. დიფერენციალური დიაგნოსტიკისას გამორიცხავენ მწვავე ინფექციებს და ინტოქსიკაციას შხამიანი მცენარეებით, შხამიანი ქვეწარმავლებისა და მწერების ნაკბენით.

მკურნალობა

ცხოველები გადაჰყავთ ჩრდილში, ათავისუფლებენ აღკაზმულობისაგან (ცხენები), შეუზღუდავად აძლევენ გრილ სასმელს. ვენაში შეჰყავთ გლუკოზა კოფეინით. ძლიერი აღგზნებისას იყენებენ ქლორალჰიდრატს, ბარბიტალს და ა.შ. ფილტვების შეშუპებისას (აღინიშნება სველი ხიხინი)  რეკომენდებულია  სისხლის ზომიერი გამოშვება სხეულის მასის 1 კგ-ზე 5-10 მლ სისხლის ანგარიშით, რის შემდეგაც კალციუმის ქლორიდი 10%-იანი ხსნარი შეყავთ ვენაში. მკურნალობის მეთოდსა და მიმდევრობას კლინიკური ნიშნების მიხედვით განსაზღვრავს ვეტერინარი ექიმი.

სითბური დაკვრა – Hiperthermia

დაავადება ხასიათდება, ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის მოშლით, რაც გამოწვეულია ორგანიზმის ზოგადი გადახურებისა და არასაკმარისი თბოგაცემით, რომელიც იწვევს ცხოველის ორგანიზმში სითბოს შეკავებას. ავადდება ყველა სახის ცხოველი: ძროხა, ცხვარი, ღორი, ცხენი, ძაღლი, კატა და ა.შ.

ეტიოლოგია

ცხოველებში სითბური დაკვრის მიზეზი შეიძლება იყოს დახუთულ სადგომში მათი ყოფნა. ნესტიანი, არასაკმარისი ვენტილაციის მქონე სადგომები, განსაკუთრებით სადგომის გარეთ ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის დროს. დაავადებას ხელს უწყობს სეირანების არარსებობა, სივიწროვეში შენახვა, წყლის მიცემის რეჟიმის დარღვევა, გადასუქება, ფილტვების დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, დახურული ძარით ტრანსპორტირება. სითბური დაკვრის შემთხვევები არც ისე იშვიათია დიდ ჯგუფებად ცხოველების ხანგრძლივი გადარეკვისას. ცხელ ამინდში გადახურებისადმი ყველაზე მგრძნობიარენი არიან ახალგაზრდა და ასაკოვანი ცხოველები.

პათოგენეზი

გარემოს მაღალი ტემპერატურისას და მაღალი ტენიანობისას იქმნება ორგანიზმის მიერ თბოგაცემის გაძნელებული პირობები, შედეგად სხეულის საერთო ტემპერატურა მატულობს, იზრდება სისხლის სიბლანტე, ხდება ვენებში სისხლის შეკავება, შემდგომში თავის ტვინსა და ფილტვებში შეშუპებების განვითარებით, ცენტრალური ნერვული სისტემისა და გულის ფუნქციის მოშლით, ვითარდება ჰიპოქსია.

ჰიპერთერმია ორგანიზმში აჩქარებს მეტაბოლიზმის პროცესების მიმდინარეობას, კერძოდ, ორგანიზმში ძლიერდება ცილების დაშლა (სისხლში იზრდება ცილების რაოდენობა,  იზრდება ნარჩენი აზოტი). მიმოცვლითი პროცესების აქტივიზაციის დაწყება, პროგრესირებადი ჰიპოქსიისა და მარილოვან-წყლოვანი წონასწორობის დარღვევისას, ცხოველის ორგანიზმში მიმდინარეობს აუტოინტოქსიკაცია. ამგვარად, ცხოველის ორგანიზმის საერთო გადახურება იწვევს თავის ტვინის ტემპერატურის გაზრდას, ნივთიერებათა ცვლის მძიმე მოშლით და უჯრედების ჟანგბადის უკმარისობით, რაც საბოლოოდ გამოიხატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და სისტემების, პირველ რიგში, თავის ტვინის ვეგეტატიური ცენტრების ფუნქციური მდგომარეობის მოშლით.

ძაღლებსა და კატებში, ოფლწარმოქმნისა და ოფლდენის არარსებობის გამო, სხეულის ტემპერატურის შემცირება ხდება გახშირებული სუნთქვის შედეგად სინოტივის აორთქლების ხარჯზე სუნთქვის ორგანოებიდან (ნორმაში მყოფი ძაღლი წუთში აკეთებს 20-40 სუნთქვით მოძრაობას). ამ დროს მაღალი ტემპერატურისას სუნთქვითი მოძრაობების რაოდენობა ადის 300-400-მდე წუთში. ძაღლებსა და კატებში უმნიშვნელო თბოგაცემა ხდება ფეხის ბალიშებისა და ყურის ნიჟარებიდან.

კლინიკური სურათი

დაავადება მიმდინარეობს მწვავედ. ცხოველებში შეიმჩნევა აღგზნებადობა, წყურვილი, ქოშინი, საერთო სისუსტე. სხეულის ტემპერატურა იზრდება 1-2°C-ით, გუგები ფართოვდება. მძიმე შემთხვევებში შეინიშნება ლორწოვანების ციანოზი, კუნთების ფიბრილური კანკალი, რეფლექსების დაქვეითება, მტკივნეულ გამაღიზიანებლებზე შემცირებული რეაქცია, გარემოზე რეაქციის დაკარგვა, წაქცევა. კომატოზური მდგომარეობის ფონზე შეიძლება დადგეს სიკვდილი ასფიქსიისაგან.

დიაგნოზს სვამენ ანამნეზისა და კლინიკური ნიშნების საფუძველზე. დიფერენციალური დიაგნოსტიკისას გამორიცხავენ მწვავედ მიმდინარე ინფექციურ დაავადებებს (ციმბირული წყლული, პასტერელოზი და სხვა) და ინტოქსიკაციას.

პროგნოზი

დროულად მიღებული სამკურნალო და პროფილაქტიკური ზომების მიღებისას ცხოველთა უმრავლესობა ნელ-ნელა ჯანმრთელდება, შესაძლოა გამწვავება ნეფრიტით, მიოკარდიტით და ჰეპატიტით. სხეულის მაღალი ტემპერატურისას და გამოხატული ნერვული მოვლენებისას პროგნოზი არასასიკეთოა.

მკურნალობა

თავიდან იცილებენ გადახურების ფაქტორებს (ანიავებენ სათავსს, ცხოველები გამოჰყავთ დახურული სივრციდან და სხვა), უხვად აძლევენ სასმელს, ასხამენ გრილ წყალს, ცხენებს უხდებათ ცივი ოყნები. გულის მუშაობის ნორმალიზებისათვის იყენებენ გლუკოზას კოფეინით. მკურნალობა იგივეა რაც მზის დაკვრის დროს, ფილტვების შეშუპებისას (სველი ხიხინების წარმოშობისას) ნაჩვენებია  სისხლის ზომიერი გამოშვება, კალციუმის ქლორიდის ვენაში შემდგომი შეყვანით.

პროფილაქტიკა

 მაღალი სიცხეებისა და ტენიანობის დროს ცხოველების მფლობელებმა უნდა დაიცვან ტემპერატურული და ტენიანობის რეჟიმი და ცხოველების სადგომებში განთავსების ნორმები, უზრუნველყონ ცხოველები საკმარისი რაოდენობის სასმელი წყლით, შეზღუდონ ცხოველების ყოფნა მზეზე. ძაღლები არ ასეირნონ დიდხანს ზაფხულის ცხელ დღეებში, ძაღლები და კატები გადაიყვანონ მხოლოდ ღია, მავთულბადიანი გალიებით. ცხოველების გადაყვანისას არ დაუშვან მათი შემჭიდროვება,  გადასაყვანი ცხოველები უზრუნველყონ სასმელი წყლით. წლის ცხელ პერიოდში ცხოველების გადარეკვას ახორციელებენ დღე-ღამის ყველაზე გრილ დროს,  გათვალისწინებული უნდა იქნას დასვენება და დარწყულება. სასმელ წყალს სასარგებლოა  დავუმატოთ სუფრის მარილი (0,5-1 გ მარილი 1ლ წყალზე), რადგან მარილიანი წყლის დალევა ხელს უწყობს ორგანიზმში სითხის შეკავებას. არ უნდა დავუშვათ ძაღლებისა და კატების გადახურება შენობებში. ზაფხულის ცხელ დღეებში ძაღლები რეგულარულად უნდა დავბანოთ და ვასხუროთ გრილი წყალი შხაპით.

ცხოველების მფლობელებმა დაავადების შემთხვევაში უნდა უზრუნველყონ თავიანთი ცხოველების დროული მკურნალობა ვეტერინარი ექიმის ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარება ბევრად ეფექტინია.

მიხეილ ჭიჭაყუა,
ბიოლოგიის დოქტორი,  აგრო ექსპერტთა ასოციაცია