სითბური სტრესი: მისი მოქმედება მეწველი ფურების პროდუქტიულობაზე[1]
მიმდინარე ზაფხული, ისევე როგორც ეს არც თუ იშვიათად ხდება, ბოლო წლებში მოსალოდნელია იყოს თაკარა, ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებლით. ცხელი დღეების დადგომიდანვე მეცხოველეობაში წარმოქმნება პრობლემები, რომლებს უნდა ვიბრძოლოთ ცხოველების პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად.
მონაწველსა და რძის ხარისხში გამოვლენილი სეზონური ცვლილებები შემთხვევითი არ არის. უმეტესწილად ისინი წარმოიქმნება კლიმატური ცვლილებების, ცხოველთა ჯიშობრივი თავისებურებების და მართვის მენეჯმენტის, ძირითადად კი საკვების ხარისხისა და აღწარმოების მიზეზით.
მოგების პერიოდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შემდგომი ლაქტაციისა და რძის შედგენილობისთვის. მაღალი მონაწველი, ჩვეულებრივ, აღინიშნება იანვრისა და თებერვლის მოგებების შემდეგ, მაშინ როდესაც დაბალი მონაწველი, უფრო ხშირად აღინიშნება აგვისტოსა და სექტემბერში მოგებისას. მონაწველის სეზონური ცვლილებები გამოწვეულია გარემო ფაქტორების პირდაპირი და არაპირდაპირი მოქმედებით.
პირდაპირი ეფექტი დაკავშირებულია მონაწველის ოდენობაზე ჰაერის მაღალი ტემპერატურის მოქმედებასთან, ხოლო ირიბი- სითბური სტრესის ნეგატიურ შედეგთან, რომლის მოქმედებით მოგებისწინა პერიოდში, როგორც დედის, ასევე ნაყოფის ნივთიერებათა ცვლაში ხდება ცვლილებები.
როგორც ჩანს (ნახ. 1), რძეში პროტეინის შემცველობის სეზონური ცვლილებები პირდაპირაა დაკავშირებული მონაწველის ცვლილებებთან, მაგრამ რძის ცილა უფრო მეტად განიცდის გარემოს ტემპერატურის მატებას, რაც, სწორედ რომ დამახასიათებელია ზაფხულის პერიოდისთვის. სითბური სტრესისას სარევე ჯირკვლის ეპითელური უჯრედების მიერ გამომუშავდება განსაკუთრებული პროტეინები, რომლებიც ამცირებენ რძის ცილის სინთეზს, მაშინ, როდესაც რძის გამოსავლიანობაზე მოქმედებს როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი ფაქტორები.
მონაწველსა და რძის შედგენილობაზე კლიმატის მოქმედების შესწავლის მიზნით ჩატარებულ მრავალირცხოვან გამოკვლევებში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ტემპერატურულ რეჟიმს, რამეთუ ფურები მეტად მგრძნობიარენი არიან გადახურებისადმი. გარემოს +20°С- ზე უფრო მაღალი ტემპერატურა მეწველ ფურებში იწვევს დისკომფორტს, რომელსაც თან სდევს სტრესი და განაპირობებს საკვების ჭამადობის შემცირებას, ფაშვში მისი ფერმენტაციის შენელებას და მონაწველის საგრძნობლად დაქვეითებას. სითბოსადმი ასეთი მგრძნობიარობა არის მეტაბოლური სითბოს აქტიურად გამომუშავების შედეგი (ამავე მიზეზით ფურები საკმაოდ მდგრადები არიან სიცივით გამოწვეული სტრესისადმი).
ფურებში სითბურ სტრესს თან სდევს რექტალური ტემპერატურისა და სუნთქვის სიხშირის მომატება, აგრეთვე და საკვების ჭამადობის დაქვეითება. –5 – დან +23,9°С ტემპერატურის შუალედში (რომელიც მერძეული ფურებისთვის ითვლება თერმონეიტრალურად) მონაწველისა და რძის შედგენილობაში მიმდინარე ცვლილებები უმნიშვნელოა. მაგრამ +23,9°С- ზე მაღალი ტემპერატურისას რძეში მცირდება ცხიმის, ცილისა და ლაქტოზის (რძის შაქრის) შემცველობა. ტემპერატურის ცვლილებები უფრო ნაკლებად მოქმედებენ რძეში ლაქტოზისა და მინერალური ნივთიერებების რაოდენობაზე, ვიდრე ცხიმისა და ცილის შემცველობაზე.
საშუალოდ, ტემპერატურის ცვლილების ფართო დიაპაზონის რეგიონებში, რომელსაც შეიძლება მიეკუთვნოს რუსეთის ცალკეული რეგიონები, ზაფხულის მონაწველში ცხიმის შემცველობა 0,4%- ით, ხოლო ცილის- 0,2% ნაკლებია, ზამთართან შედარებით.
ცხოველებზე სითბური სტრესის მოქმედების ხარისხის დასადგენად ფართოდ გამოიყენება სპეციალური ინდექსი THI (Temperature Humidity Index[2]), რომელიც წარმოადგენს ორი ცვალებადის, სახელდობრ გარემოს ტემპერატურისა და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის კომბინაციას[3]. ეს ინდექსი უფრო ზუსტია, ვიდრე ცალკე ტემპერატურის მაჩვენებელი და საშუალებას იძლევა სარწმუნოდ შეფასდეს ცხოველის მოთხოვნილება გაგრილებაზე და სითბური სტრესის ნიველირებისთვის მიღებული იქნას აუცილებელი ზომები (ნახ. 2).
ნახ. 2. ტემპერატურულ-ტენიანობის ინდექსი (THI) მეწველი ფურებისთვის
ეკონომიკური დანაკარგების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ ტემპერატურის ცვლილებებს და მივიღოთ ზომები ცხოველებისთვის კომფორტული პირობების შესაქმნელად.
პროდუქტიულობის მატებასთან ერთად იზრდება ფურების მგრძნობიარობა სითბური სტრესისადმი, ამიტომ წველადობის შემცირების შემთხვევაში საჭიროა ცხოველის შენახვის ტემპერატურის შემცირება.
THI ინდექსის გამოყენება საშუალებას იძლევა განვსაზღვროთ, როდის უნდა დავიწყოთ პრევენციული ზომების მიღება. ბუნებრივია, რაც უფრო ადრე მივიღებთ გაგრილების ზომებს, მით უფრო მეტი შესაძლებლობაა შევინარჩუნოთ წველადობა სათანადო დონეზე.
კვლევების მიმდინარეობისას ნახეს, რომ მონაწველის მაქსიმალური ცვლილება აღინიშნება სითბური სტრესის შემდგომ 24-48 საათის შუალედში (Collier et al., 1981; Spiers et al., 2004). მაშასადამე, თუ მივიღებთ ზომებს და თავიდან ავიცილებთ რძის გამომუშავების (სეკრეციის) შემცირებას 48 საათიან პერიოდში, მაშინ ავტომატურად შეიძლება თავიდან ავიცილოთ მონაწველის შემცირება 2 კვირის მანძილზე.
THI ინდექსის გამოყენების ეფექტურობა, ცხოველების გაგრილების გადაწყვეტილების სწრაფად მიღების მიზნით, 8 სხვადასხვა ცდაში ისწავლებოდა 3 წლის მანძილზე. კვლევის მიზანი იყო მინიმალური, საშუალო და მაქსიმალური THI- ის გავლენის შესწავლა, აგრეთვე მათი მოქმედების ხანგრძლივობის დადგენა მაღალპროდუქტიულ ფურების მონაწველზე.
არიზონას უნივერსიტეტის უილიამ პაკერის კვლევით ცენტრში (William Parker Agricultural Research Center at the University of Arizona) ჩატარებულ ცდაში გამოკვლეული იქნა ჰოლშტინური ჯიშის 100 მეწველი ფური.
ყოველდღიურად ისაზღვრებოდა ისეთი მაჩვენებლები, როგორებიცაა მონაწველი, საკვების ჭამადობა, დალეული წყლის რაოდენობა, სხეულის ტემპერატურა, რექტალური ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე, ოფლდენის ინტენსივობა.
მიუხედავად იმისა, რომ გაგრილების თანამედროვე სტანდარტებში ამ პროცესის დაწყების საწყის წერტილად ითვლება ინდექსის რაოდენობა THI = 72; კვლევებმა უჩვენეს, რომ ფიზიოლოგიური პარამეტრები და მონაწველი იცვლება THI = 72- ზე დაბლა მაჩვენებლის შემთხვევაშიც. ამის გამო, სარწმუნო ინფორმაციის მისაღებად საწყისად აღებული იქნა დიაპაზონი 65-72, რა დროსაც აღინიშნებოდა მონაწველის შემცირება 2,2 კგ/დღეში/ფურზე რაოდენობით.
მიღებულმა მონაცემებმა უჩვენეს (ნახ. 3), რომ სხვადასხვა დღეებში, თუნდაც ტემპერატურულ-ტენიანობის ინსექსის მინიმალური დონისას (THI = 65) რძის დანაკარგები საგრძნობია ნებისმიერ დღეს. THI- ს 65- დან – 73- მდე შემთხვევაში მონაწველის დანაკარგებმა შეადგინა 2,2 კგ/დღეში/ფურზე. მონაწველის ასეთივე დანაკარგები აღნიშნული იყო დღე-ღამის 17 საათის განმავლობაში ინდექსის 68 საშუალო მაჩვენებლისას (THI = 68).
ზემოთმოტანილი მაჩვენებლები გვეუბნება იმაზე, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ცხოველთა გაგრილება უნდა დავიწყოთ THI = 65- დან, ან კიდევ, როდესაც საშუალო დღეღამური ინდექსი შეადგენს 68- ს.
კვლევებისას განსაზღვრული იქნა მონაწველის დანაკარგების დაწყების ინტერვალი. დადგენილია, რომ დანაკარგები საგრძნობი იყო საშუალო დღეღამური ინდექსის THI = 68 დაწყებიდან 17 საათის შემდეგ, რაც უტოლდება 2,2 კგ/დღეში/ფურზე რძის დანაკარგს. ამდენად, კვლევები უჩვენებენ, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია მეწველი ფურების დამატებით გაგრილება ინდექსის მინიმალური მაჩვენებლის THI = 65- ის შემთხვევაში, ან კიდევ როდესაც დღე-ღამის 17 საათის მანძილზე საშუალო მაჩვენებელი THI = 68- ის ტოლია.
მაგრამ არ არის აუცილებელი ველოდოთ, როდის მიაღწევს თერმომეტრისა და ჰიგრომეტრის მაჩვენებლები კრიტიკულ ზღვარს. იმისათვის, რომ არ დავუშვათ ცხოველის ზედმეტად გადახურება, გამაგრილებელი ზომები უნდა მივიღოთ რამდენადმე ადრე.
გარდა გარეგანი გაგრილებისა, სითბური სტრესის უარყოფითი მოქმედების შესამცირებლად პაპანაქება სიცხისას მეტად მნიშვნელოვანია ცხოველის დაბალანსებული ულუფებითა და სწორად შერჩეული საკვებით კვება. მაგალითად, საკვები დანამატები, რომლებიც შეიცავენ ორგანულ მჟავებს, ამცირებენ საკვების მიკროორგანიზმების აქტიურობას და თავიდან გვაცილებენ მის გაცხელებას. ამ გზით შესაძლებელი ხდება საკვების არასასურველი სუნის თავიდან აცილება, მისი გემოვნებითი თვისებების შენაჩუნება და სათანადო ჭამადობის უზრუნველყოფა, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ზაფხულობით.
წყლის ბალანსის შენარჩუნება ხელს უწყობს საკვებ დანამატებში ბეტაინის არსებობას, რამეთუ ის გროვდება უჯრედებში და იცავს მათ ოსმოსური სტრესისა და გაუწყლოებისგან, რითაც უზრუნველყოფს ნორმალურ ფუნქციონირებას. უჯრედებში წყლის ბალანსის შენარჩუნება ენერგოტევადი პროცესია, მაგრამ ულუფაში ბეტაინის არსებობა უზრუნველყოფს ღვიძლის, ნაწლავების ეპითელის და სხვა ორგანოების ნორმალურად ფუნქციონირებას და ცხოველის ზრდისთვის ინარჩუნებს მიმოცვლით ენერგიას.
ავტორი: ნ. პოლხოვსკაია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კომპანია Biochem – ის მარკეტინგის მენეჯერი,
წყარო: http://www.kombi-korma.ru/2/6_16/06_2016_52-55.pdf
ლიტერატურა
Barash, H. Interrelationships among ambient temperature, day length, and milk yield in dairy cow under a Mediterranean climate / H. Barash, N. Silanikove, A. Shamay, E. Ezra // J. Dairy Sci. — 2001. — 84:2314–2320.
Bernabucci, U. Metabolic and hormonal acclimation to heat stress in domestic ruminants / U. Bernabucci, N. Lacetera, L.H. Baumgard, R.P. Rhoads, B. Ronchi, A. Nardone // Animal. — 2010. — 4:1167–1183.
Collier, R.J. Shade management in subtropical environment for milk yield and composition in Holstein and Jersey Cows / R.J. Collier, R.M. Eley, A.K. Sharma, R.J. Pereira, D.E. Buffington // J. Dairy Sci. — 1981. — 64: 844–849.
Spiers, D.E. Use of physiological parameters to predict milk yield and feed intake in heat-stressed dairy cows / D.E. Spiers, J.N. Spain, J.D. Sampson, R.P. Rhoads // J. Thermal Biol. — 2004. — 29:759–764.
[1] გიული გოგოლის თარგმანი და კომენტარები
[2] ტემპერატურულ-ტენიანობის ინდექსი;
[3] უფრო სწორად გარემოს ტემპერატურისა და კონკრეტულად ამ ტემპერატურისა და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის პირობებში ნამის წერტილის ტემპერატურის მაჩვენებლის კომბინაციას; ფორმულა გამოიყურება შემდეგნაირად: სადაც: THI არის ტემპერატურულ-ტენიანობის ინდექსი; tdt – ჰაერის ტემპერატურა, ხოლო – haeris tdp – ნამის წერტილი მოცემულ ტემპერატურასა და ტენიანობისას.