დარგებიმეფუტკრეობა

სკების დამზადება, უვნებელი სურსათის წარმოება

აჭარის ნისლიანი მთები მშვიდ, მწვანე ხეობას გადაჰყურებენ ტყიან ხულოში, სადაც ზებურ იაკობაძის ელექტრო ხერხი ზუის. ზებური სოჭის ფიცრებს ჭრის ხის სკების ასაწყობად, ის წინაპრების საქმიანობას აგრძელებს და მეფუტკრეობის ტრადიციას ახალ სიცოცხლეს სძენს. ზებური მუსლიმური თემის წარმომადგენელია და ტრადიციული ოჯახი ჰყავს. თაფლის წარმოებაში, ფუტკრების მოვლასა და სკების წარმოებაში ზებურის მეუღლე, მამა და ვაჟიც აქტიურად არიან ჩართულები.
FAO და ევროკავშირი, ENPARD და EU4Business პროგრამების ფარგლებში ზებურსა და მის ოჯახს მეფუტკრეობის განვითარებაში დაეხმარა თანამონაწილეობრივი გრანტითა და მომხმარებლებთან და ბიზნეს სექტორთან დამაკავშირებელი პლატფორმით. ასევე, ზებურს საშუალება ჰქონდა დასწრებოდა აღნიშნული პროგრამების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებს.

ფინანსურ რესურსების სიმწირისა და თანამედროვე სადურგლო ტექნოლოგიების უქონლობის  გამო, ზებურს ფუტკრების გამრავლება უჭირდა. მან მეფუტკრეობა ორი სკით დაიწყო და მალევე აღმოაჩინა, რომ ახალი სკა ძალიან ძვირი ჯდებოდა. „რადგანაც თანხა არ მქონდა,“ მეუბნება ზებური, „ჩემით მომიწია გაკეთება, ეს კი დიდ დროს მოითხოვდა. სანამ მე სკა დავასრულე ფუტკრებიც გამიფრინდნენ.“ ზებურს არ ჰქონდა ელექტრო სადურგლო დანადგარები და თითო სკის დამზადებას ორი-სამი დღე უნდებოდა სახელდახელოდ მოწყობილ  სასაწყობე სივრცეში, რომელიც ახლა უკვე სახელოსნოდაა გარდაქმნილი. თუმცა, მანამდე ზებურს რამდენიმე სკის ყიდვაც დასჭირდა და მიხვდა, რომ ეს მისთვის ფინანსურად გაუმართლებელი იყო, რადგან მათი შეძენა და ბათუმიდან ტრანსპორტირება ძალიან ძვირი იყო. ზებური ბიზნესგამოწვევის წინაშე დადგა და პრობლემის გადასაჭრელი გზების ძიება დაიწყო.  სკების აწყობა საუკეთესო გამოსავლად მიაჩნდა მეფუტკრეობის განსავითარებლად, თუმცა, ამისთვის თანამედროვე სადურგლო დანადგარები სჭირდებოდა. 

გამოსავლის ძიებისას, ზებურმა ინტერნეტით შეიტყო თანამონაწილეობრივი გრანტების შესახებ, რომელსაც FAO გასცემდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. საქართველოში მცხოვრებ 350 სხვა ფერმერთან ერთად, გრანტი მანაც მიიღო და თანამედროვე დანადგარებიც შეისყიდა.

ამგვარად, ზებურს წარმოების ჯაჭვში არსებული პრობლემის აღმოფხვრის საშუალება მიეცა და მის სასაწყობე სივრცეში ერთმანეთზე გადალაგებული, გამოუყენებელი ხის მასალის გამოყენება შეძლო. ახლად შეძენილმა ელექტრო ხერხებმა ბზრიალი დაიწყო და ფიცრებიც სწრაფად იჭრებოდა და სკებიც სწრაფად ეწყობოდა.

დღეს ზებური ამაყად დასეირნობს  სკებით სავსე ეზოში, სადაც გაზაფხული ყვავილების, კვირტების და უამრავი ფოთლის ფერად ექსპოზიციად იფეთქებს ხოლმე, ხოლო ზამთარში მონოქრომულ, თოვლით დაფარულ პეიზაჟად გარდაიქმნება. სკებს გასწორება და გაწმენდა ყოველთვის ესაჭიროება და ზებური და მისი ოჯახის წევრებიც დაუღალავად უვლიან საკუთარ ხის კონსტრუქციებს.

ზებურის 18 წლის ვაჟი, უჩა, ყოველთვის ჩართულია სკების აწყობასა და შეკეთებაში. მისი მამა ხშირად სკების გაწმენდისა და ჩარჩოების მოვლას ითავსებს. ზებურის მეუღლე კი ძირითადად თაფლის აღებით, დახარისხებითა და ქილებზე ეტიკეტის მიწებებით არის დაკავებული.

ზებურმა და მისმა ოჯახმა დაახლოებით 150 სკა უკვე შექმნა და აქედან 100 მეზობლად მცხოვრებ მეფუტკრეებს მიყიდა. ასე, ხულოს მშვიდ სოფელში სულ უფრო მეტად ისმის ელექტრო ხერხებისა და ფუტკრების მუდმივად მზარდი ოჯახების ზუზუნი.

„FAO-ს და ევროკავშირის დახმარებამ დრო დამაზოგინა“, ამბობს ზებური, „როდესაც ხელით ორი-სამი დღე ვუნდებოდი ერთი სკის დამზადებას, სამ და ოთხ საათზე ჩამოვიდა ეს ყველაფერი. ამ დრომ განსაზღვრა ფუტკრის რაოდენობის ზრდაც – სკა რომ გამიჩნდა, ფუტკარიც გავამრავლე. ფუტკარი რომ გავამრავლე, ნატურალური პროდუქტის წარმოებაც დავიწყე“.

მართლაც, თაფლის გაზრდილმა წარმოებამ, რასაც ხელი დიდწილად ახალმა სადურგლო დანადგარებმა შეუწყო, ზებურის ოჯახს საკუთარ საქმიანობაში სურსათის უვნებლობის კონცეფციების გამოყენებაზე ფიქრის შესაძლებლობა მისცა, რაშიც მას ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ FAO-ს ტრენინგებზე სურსათის უვნებლობის შესახებ მიღებული ცოდნა და გამოცდილება დაეხმარა. სწორედ ამ საგანმანათლებლო სესიებზე შეისწავლა წარმოების საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც მაღალი ხარისხის და მეტად უვნებელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებას უზრუნველყოფს.

სურსათის უვნებლობის მიღმა, FAO-სა და ევროკავშირის ტრენინგებზე ზებურმა გაიგო მეტი მარკეტინგზე, ბიზნესის მართვასა და გაყიდვებზე. შემდეგ, დაახლოებით 70 ნიშური პროდუქტის მეწარმესთან ერთად, მას მიეცა საშუალება დაკავშირებოდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და მომხმარებლებს.

ევროკავშირის ხელშეწყობით, FAO-მ აგრობაზარი „უნიკალური ქართული გემო“ თბილისში, ქუთაისსა და მესტიაში რვაჯერ გამართა. ზებურსა და ღონისძიების სხვა მონაწილეებს ტრენინგებზე მიღებული ცოდნა აგრობაზარზე გამოადგათ განსაკუთრებით მომხმარებელთან და სტუმარმასპინძლობისა და საცალო ვაჭრობის სექტორების წარმომადგენლებთან ურთიერთობისას. ზებურმა საცალო მოვაჭრეებთან თანამშრომლობაც დაიწყო და საკუთარ პროდუქტს დღეს ბათუმშიც ყიდის.

„ბევრჯერ ვიყავი თბილისში აგრობაზრებზე, ქუთაისშიც ვიყავი, და გაიზარდა ცნობიერება ჩემი პროდუქტის შესახებ“, აღნიშნავს ზებური, „გაყიდვებიც საგრძნობლად გაიზარდა. აგრობაზრიდან რომ ვბრუნდებოდი, ვინც გასინჯა თაფლი და დააგემოვნა, მერე კიდევ დამირეკეს და სულ სხვადასხვა შეკვეთებს ვაგზავნიდი“.

ზებურის ოჯახის თაფლი ახლა მოთავსებულია შუშის მოხუფულ გამჭვირვალე ქილებში, რომლებიც სივრცეებს ღია სტაფილოსფერი ანარეკლებით ალამაზებენ. ბრენდირებული ქილები მუდმივად ტრანსპორტირდება სოფლიდან პირდაპირ მომხმარებელთან ან მაღაზიებში. ზებურის ოჯახი მუდმივად აფართოებს სკებისა და თაფლის წარმოებას. მათი სახლის პირველ სართულზე გამოყოფილი სივრცე მალე თაფლის შესანახ სივრცედ გარდაიქმნება, ხოლო სახელოსნოს სადურგლო დანადგარები შეემატება.

 

FAO და ევროკავშირი მცირე, საშუალო და დიდ ფერმერულ ინიციატივებს მხარს ENPARD და EU4Business პროგრამების ფარგლებში უჭერენ. EU4Business ინიციატივა „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ მიზნად ისახავს ქართველი მეწარმეების მხარდაჭერას იურიდიული გარემოს გაუმჯობესების, ფინანსებთან წვდომისა და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით. ENPARD პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გასაძლიერებლად და საქართველოში სიღარიბის შესამცირებლად. ENPARD პროგრამის პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო ქვეყნის სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ფაზები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენაზე სოფლის მეურნეობასა და მის მიღმა.2023 წლიდან, პროგრამა უფრო მეტ აქცენტს აკეთებს ქვეყანაში სურსათის უვნებლობის გაუმჯობესებაზე.

წყარო: https://www.fao.org

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.