სკის ტიპები
გეზრულის საჯარო სკოლის ეკოკლუბი აგრძელებს მეფუტკრეობის პოპულარიზაციას და ამჯერად „აგრონიუს ჯი“ წარმოგიდგენთ პრაქტიკოსი მეფუტკრის კობა ბახტურიძის სტატიას სკის ტიპების შესახებ.
უხსოვარი დროიდან ფუტკარი საცხოვრებლად კლდის ნაპრალებს ან ხის ფუღუროს ირჩევდა, სადაც შეეძლო შესაფერისი მიკროკლიმატი შეექმნა არსებობა-გამრავლებისთვის. ფუტკრის ადრეული ხელოვნური ბინიდან აღსანიშნავია კოდი (გეჯა, ბუკი), საფეტი (ბალახის, წკნელით მოწნული პატარა გოდორი, გარედან თიხით შელესილი, მათი საერთოდ ახასიათებთ მოვლის სირთულე, თაფლის მცირე პროდუქტიულობა.
პირველი ასაწყობი სკები ცნობილია ძველი საბერძნეთიდან, სადაც ჩარჩოს ფუნქციას ხის ჰორიზონტალური თამასები ასრულებდა, მაგრამ ფიჭა სკის კედელზე და ზედა ჰორიზონტალური ხის თამასაზე იყო მიმაგრებული და სპეციალური დანით ამოჭრა სჭირდებოდა.
პირველი ჩარჩოიანი სკა 1789 წელს შვეიცარიაში გუბერმა შექმნა.
ამ ტიპის სკას, ჩარჩოების დაწყობის სტილის გამო, წიგნისებრი სკა დაერქვა.
1814 წელს პროკოფოვიჩმა რუსეთში დაამზადა ოთხსართულიანი, ჩარჩოიანი სკა.
1851 წელს ამერიკაში მეფუტკრე ლორენც ლორენ ლანგსტროტმა შექმნა შედარებით თანამედროვე სკა, გაარკვია ფუტკრის „სივრცე“ (8 მმ), პირველმა გამოიყენა ჩარჩოს ზემოდან ამოღების მეთოდი (მანამდე სკები გვერდიდან იხსნებოდა), ჩარჩო გვერდითი თასმებით ეკიდა კორპუსის ზედა ნაწილზე, სკაში 10 ჩარჩო თავსდებოდა, ზომა 441×232 მმ. ლანგსტროტის შემდეგ ბევრი ტიპის სკა შეიქმნა, სხვადასხვა ფორმის, ზომის, კედლის სისქით, ჩარჩოს ზომით, მაგრამ პრინციპულად ახალი არაფერი დაუმატებიათ, თუმცა, ზოგიერთმა სერიოზული კვალი დატოვა სკის განვითარებაში, ასეთებია კვინბი, დადანი, ბლატი და ასე შემდეგ.
დროთა განმავლობაში სკები ორ ტიპად დაიყო:
ვერტიკალურად, რომელიც ფართოვდება ზემოდან ერთი ან რამდენიმე კორპუსის დამატებით;
ჰორიზონტალურად, რომლის გაფართოება გვერდზე არსებულ თავისუფალ სივრცეში ასათვისებელი ჩარჩოების დამატებით ხდება.
შემდგომში რუტმა ლანგსტროტის სკა გაამარტივა, დაამატა რამდენიმე კორპუსი (ხშირად არსებულთან უფრო დაბალი) სასაქონლო თაფლის დასაგროვებლად, რომელსაც ლანგსტროტ-რუტის სახელით იხსენებენ. ამ ტიპის სკები დღეს ყველაზე გავრცელებულია, განსაკუთრებით დიდ მეურნეობებში.
ასევე შვეიცარიელმა მეფუტკრემ ბლატმა დადან-კვინბის ჩარჩო სიგანეში ლანგსტროტის ჩარჩომდე შეამცირა, მაგრამ კვინბის სიმაღლე დატოვა, მიღებული სკა დადან-ბლატის სახელით არის ცნობილი და ძირითადად ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში არის გავრცელებული.
რუტის სკა
ლანგსტროტ-რუტის, ან შემოკლებით რუტის სკა 22 მილიმეტრიანი სისქის ფიცრისგან მზადდება, აქვს ერთი ან ორი ბუდის და რამდენიმე სასაქონლო თაფლის დასაგროვებელი კორპუსი. მისი დამზადებისას ნარიმანდი არ გამოიყენება, ძირიც მარტივია: 22 მმ-იანი სიმაღლის ხის თასმები სამი მხრიდან იმეორებს კორპუსის პერიმეტრს, ქვემოდან 22-მმ იანი ფიცრითაა შეკრული, მეოთხე ვიწრო მხარე ღიაა და საფრენის როლს ასრულებს, შესაბამისად საფრენის სიმაღლე 22 მმ-ია, რაც ავტორის ახირება არ იყო, არამედ ეს მინიმალური სიმაღლეა, რათა ფუტკარი ფრთების დაუზიანებლად, მისაფრენი დაფის გამოუყენებლად სკაში თავისუფლად შეფრინდეს.
სახურავი ასევე მარტივია, ძირითადად გამოიყენება კალიფორნიული ტიპის: კორპუსს წინა-უკანა მხრიდან ეცმება 50 მმ. სიმაღლის ხის ჩარჩო, ზემოდან საღებავით დამუშავებული ფანერით. ასევე გამოიყენება ოთხმხრივი 50 მმ-იანი ფიცრის, ზემოდან ფანერით დაფარული სახურავი, თუნუქი და ლითონი არ გამოიყენება.
ჩარჩო 232×441 მმ-ია, ზედა ქვედა თამასა მზადდება 12 მმ ის სისქის 25 მმ-ის სიფართის ხის თამასისგან, გვერდითი თამასა 12 მმ ის სისქის, აქვს 34-37 მმ სიფართის გოფმანის გამყოფი.
დადან-ბლატის სკა
დადან-ბლატის სკა შეიძლება იყოს – ერთი ძირითადი და რამდენიმე მცირე კორპუსით, 2 ერთნაირი ძირითადი კორპუსი, ან კიდევ 2 ძირითადი და რამდენიმე მცირე კორპუსით. ძირი არ იხსნება, მიჭედებულია ყრუდ ძირა კორპუსზე, საფრენი 350/9 მმ ის, კორპუსის წინა მხარეს არის ამოჭრილი. კორპუსის სიმაღლე 315 მმ-ია, ნარიმანდის სიმაღლე 7 მმ, ჩარჩოს ზომა 300×435 მმ., ეტევა 12 ჩარჩო. დამატებით მცირე კორპუსის სიმაღლე 155 მმ ია, საკუჭნაო ჰქვია და ძირითადად სასაქონლო თაფლის შესაგროვებლად გამოიყენება.
ჰორიზონტალური, ანუ წოლელა სკაში 20 -28 ჩარჩო ეტევა, ორი ან მეტი საფრენი აქვს, ძირი ყრუდაა მიჭედებული, მისაფრენი დაფა 20-50 მმ ია, გამოიყენება გადასაფარებელი და ბალიში, სახურავი სწორი და დახრილია, დიდი ზომის და მასის გამო ძირითადად სტაციონალურად გამოიყენება, მოსახერხებელია ასევე ფუტკრის რძის მისაღებად.
წლების მანძილზე ბევრი გამოცდილი მეფუტკრე თავის პირობებს მორგებულ სკის ტიპს ქმნიდა, ცვლიდნენ კორპუსის მოცულობას, ჩარჩოს ზომას, საფრენის მდებარეობას, იყენებდნენ ერთ ან ორ დედიან სისტემას, ასეთი სკების უმრავლესობა დავიწყებას მიეცა, თუმცა უნდა აღინიშნოს -ფარარი, დელონი და კიდევ რამდენიმე ავტორი, რომლებმაც საკმაო მიმდევარი შეიძინეს.
საბჭოთა კავშირმა თავისი წვლილი შეიტანა სკის ახალი ტიპების შექმნაში, თუმცა ეს უფრო იდეოლოგიური ცვლილებები იყო, რადგან პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, სამაგიეროდ გამოიწვია სკის ჩარჩოს ზომების ცვლილება და ხშირი გაუგებრობა ტერმინოლოგიაში. ასეთი სკებია- მრავალკორპუსიანი 230 მმ-იან ჩარჩოზე, ორ კორპუსიანი 290 მმ ჩარჩოზე და სხვა ტიპები, რომლებიც შემორჩნენ ყოფილ სოც. ქვეყნებში და დღესაც წარმატებით იყენებენ.