დარგებიმებოსტნეობამემცენარეობა

სოია, ჯიშები, მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

 სოია ერთწლიანი მცენარეა, მიეკუთვნება პარკოსანთა ოჯახს. სოიას მარცვალი შეიცავს 30-40% ცილას, 20% ცხიმს, 30% სახამებელს, აგრეთვე ბ1 ვიტამინს, ამის გამო მას დიდი სახალხო სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. მისგან მზადდება ფქვილი, ნამცხვარი, მაკარონი, კონსერვები, რძე, ხაჭო, საკვები ზეთი, მარგარინი, ყავა, ხელოვნური ქსოვი-ლი, საღებავი წებო, ლაქი და სხვ.

სოიას დიდი გამოყენება აქვს მეცხოველეობაში, როგორც ცილებით მდიდარ საკვებს. სიმინდთან ერთად მისი მწვანე მასისგან მზადდება საუკეთესო ხარისხის სილოსი. სოია უხვფოთლიანი, სწრაფმზარდი მცენარეა, ამიტომ საუკეთესო სასიდერაციო კულტურაა. ის მოჰყავთ როგორც სუფთა სახით, ისე სიმინდთან შეთესილი. სოიას ფესვთა სისტემა მთავარღერძიანია, რის გამოც ღრმად ჩადის ნიადაგში, ფესვებზე კოჟრის ბაქტერიები სახლობენ, რომლებიც ნიადაგში აგროვებენ აზოტს.

ყვავილი ვითარდება ფოთლის იღლიებიდან, რომელთაც ლურჯი, თეთრი ან იისფერი აქვთ. პარკი შეიძლება იყოს: ბრტყელი, ცილინდრული, ნამგლისებრი და სწორი, შეფერვით – რუხი ყავისფერი ან ჩალისფერი. სოიას მარცვალი ფორმით მრგვალი, მომრგვალო, შავი, ყვითელი, ელიფსური ან მოგრძო თირკმლისებურია, ყავისფერი ან მოწითალო.

ჯიშები

საქართველოში გავრცელებული და დარაიონებულია: კოლხიდა 4, იმერული, გურული, ჭიათურული, ნატახტრის 1, მოწინავე 7, ადრეულა 6 და სხვ. ნიადაგის დამუშავება. ნიადაგი სოიასთვის ზუსტად ისე მუშავდება, როგორც სიმინდისათვის, ანუ ის მოიცავს ნიადაგის მზრალად დამუშავებას, წინამორბედის აღებისთანავე ნაწვერლის აჩეჩვას და სხვ.

განოყიერება

სოიას ნათესის გასანოყიერებლად გამოიყენება როგორც ორგანული, ისე მინერალური სასუქები. წმინდად ნათეს სოიაში ორგანული სასუქი ძირითადი ხვნის წინ უნდა იქნას შეტანილი, მინერალური სასუქები – მზრალად ხვნის დროს. ამასთან, გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს მცენარის დამატებითი გამოკვება აზოტით. დასავლეთ საქართველოში ჰექტარზე შეტანილ უნდა იქნას 3,5-5,0 ცენტნერი სუპერფოსფატი და 0,7-0,8 ც. კალიუმიანი სასუქი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარის პირობებში შეაქვთ 2,5-3,3ც. სუპერფოსფატი და 0,7-0,8ც. კალიუმიანი სასუქი.

ზოტიანი სასუქების მცირე დოზა კარგ ეფექტს იძლევა ზრდის დასაწყისში.

თესვა, თესვის წესი და თესვის ვადა

საქართველოში სოიას თესვის ვადად მიჩნეულია 10-დან 20 აპრილამდე. სოიას სიმინდთან შეთესვის დროს თესვის ნორმაა 8-10კგ ჰა-ზე. ხოლო სოიას სუფთად თესვის შემთხვევაში ჰა-ზე საშუალოდ 3040კგ თესლი ითესება. ფართო მწკრივებად თესვის დროს მწკრივებს შორის დაშორება 60-70სმ, ხოლო მცენარეებს შორის _ 18-20სმ-ია. იყენებენ ზოლებრივ თესვასაც, ზოლებს შორის მანძილი 60-70 სმ-ის, ხოლო ზოლში მწკრივებს შორის 15-45სმ დაშორებაა. სოია ითესება აგრეთვე კვადრატულ-ბუდობრივად 60×60 ან 70×70სმ-ის. დაცილებით, ბუდნაში 5-6 მცენარის დატოვებით.

სოია ითესება 4-5სმ სიღრმეზე. ნათესის მოვლა. სოიას ნათესის აღმოცენებამდე და აღმოცენების შემდეგ ნიადაგმა ქერქი თუ გაიკეთა, აუცილებელია მისი კბილებიანი ფარცხით დაფარცხვა. ამის შემდეგ, სარეველების გამოჩენისთანავე ტარდება I კულტივაცია და თოხნა და უნდა გამეჩხერდეს დადგენილ სიხშირემდე, ხოლო 15-20 დღის შემდეგ – II კულტივაცია და თოხნა.

მოსავლის აღება

სოია იჭრება მზიან ამინდში, ფოთლებისა და პარკების შეხმობისას, ცვენადი ჯიშები კი უნდა მოიჭრას შუა იარუსის პარკების მომწიფებისთანავე.
სიმინდში შეთესილი სოია სიმინდის მარცვლის აღების შემდეგ უნდა იქნას აღებული დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ.

სოიას გამოლეწვა შეიძლება ხორბლის სალეწი მანქანით. მარცვლის დამტვრევის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა შემცირდეს სალეწი აპარატის ბრუნვათა რიცხვის რაოდენობა.

რუსუდან ძიძიშვილი,

სმ მეცნიერების დოქტორი