სოიას თესვა-მოყვანა სიმინდთან შეთესვით

მცენარეთა სამყაროში ძნელად მოიძებნება სხვა ისეთი კულტურა, რომელიც სოიას შეედრება ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალური მარილების, ვიტამინებისა და სხვა ნივთიერებათა შემცველობით და მათი უაღრესად ხელსაყრელი თანაწყობილი თავისებურებით.

სოიას ქიმიური შემადგენლობა სრულიად განსაკუთრებულია: ცილები 30-52%, ცხიმი 17-27% და ნახშირწყლები 20 %. სოიას მარცვლისაგან მიღებული ფქვილით ამზადებენ მარგარინს, რძეს, ყველს, კონსერვებს, სუფს, სოუსს, ყავის სუროგატს, კექსს და ბურღულს. იგი გამოიყენება ტექნიკური მიზნებითაც. საპნის, გლიცერინის, საღებავების, თესლის ძირითადი ცილა-გლიცინინი დამჟავებისას იჭრება (ხაჭოვდება). შროტი და კოპტონი გამოიყენება შოკოლადის და კანფეტების დასამზადებლად. სოია მნიშვნელოვან ნედლეულს წარმოადგენს ზეთსახდელი მრეწველობისათვის. მისგან დამზადებულ ზეთს იყენებენ არა მარტო საჭმელად, არამედ საპნის მრეწველობაშიც, ლაქ-საღებავების წარმოებაში. მცენარეული ზეთის მსოფლიო წარმოებაში სოიას პირველი ადგილი უკავია.

სოია ძვირფას საკვებად ითვლება ყველა სახის ცხოველისა და ფრინველისათვის, მისი მარცვლიდან, როგორც ცნობილია დაახლოებით 400-ზე მეტი სხვადასხვა სახის სასურსათო პროდუქტი მზადდება. როგორც ამბობენ სოიას ერთი ტონა მარცვალი იგივეა, რაც ერთი ტონა რძე ან ერთი ტონა ხორცი. სოია შეიცავს ვიტამინებს,რკინას, მანგანუმს, კალციუმს და სხვა. სოიას იყენებენ ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადებების,შაქრიანი დიაბეტის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ალერგიული დაავადებებისათვის სამკურნალოდ. სოიას პროდუქტები აპრობირებულია არა მარტო საკვებად, არამედ როგორც სამკურნალო-პროფილაქტიკურ საშუალებად.

სოია ჩინური წარმოშობის კულტურაა. მას ჩინეთში ხუთი ათასი წლის წინათ იცნობდნენ. საქართველოში იგი მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში იქნა შემოტანილი და იგი სწრაფად გავრცელდა მთელ ქვეყანაში, შემდეგ კი მთელ კავკასიაში.

საქართველოში გავრცელებული სოიას ჯიშებია: იმერული, გურული, „მოწინავე-7“, „კოლხიდა-4“, „ადრეულა-6“, სენაკის და სხვა.

მიუხედავად სოიას ასეთი დადებითი თვისებებისა, დღევანდელ რთული პირობების გათვალისწინებით, იგი არ არის ჩაყენებული მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფისა და მეცხოველეობისათვის მტკიცე საკვები ბაზის შექმნის საქმეში. არადა საქართველოში, კერძოდ დასავლეთ რაიონებში საუკეთესო ბუნებრივ-კლიმატური და ნიადაგობრივი პირობები არსებობს. სოია ტექნიკური, საკვები და სიდერალური კულტურაა.

საქართველოში სოია მისი შესწავლის დღიდან ლობიოსა და სხვა კულტურის მსგავსად სიმინდთან ერთად ნარევში ითესებოდა, სადაც ერთი და იგივე ფართობზე ორი განსხვავებული კულტურის სოიას და სიმინდის საკმაოდ მაღალი მოსავალი მიიღება და ამასთან ერთად ნიადაგის ნაყოფიერება სოიას გავლენით იზრდება.საქართველოში სოიას თესვის ვადები ემთხვევა სიმინდის თესვის ვადებს და 10-დან 20 აპრილამდე პერიოდი ოპტიმალურად ითვლება. ნიადაგის მომზადების წესი სოიასათვის ისეთივეა , როგორც სიმინდისათვის. სოია როგორც სათოხნი კულტურა, ითესება ფართო მწკრივებად. სოიას სუფთა თესვის დროს ჰექტარზე ითესება 30-40 კგ. თესლი. სიმინდთან შეთესვის დროს კი — 10-14კგ.

თესვის დროს ყველაზე მაღალი მარცვლის მოსავალი მიიღება იმ დროს, როცა ფართობის ერთეულზე სიმინდი სოიას ნარევში დაითესება 1:1. ამ შემთხვევაში კი მართალია შესამჩნევად მცირდება როგორც სიმინდის, ასევე სოიას მარცვლის მოსავალი სუფთად ნათესთან შედარებით, მაგრამ ორივე კულტურის(სიმინდი+ სოია) მოსავლის ჯამით მნიშვნელოვნად აღემატება სუფთად ნათესი სიმინდისა და სოიას მოსავალს. სოიას მარცვალი ცილების მაღალი შემცველობის გამო წარმოადგენენ მთავარ და პრაქტიკულად შეუცვლელი ნედლეულის წყაროს ცილოვანი დანამატისას სიმინდის მარცვლისათვის, რომლებიც ცილის დაბალი შემცველობით ხასიათდებიან. სიმინდი მონოკულტურაა. ამ შემთხვევაში აუცილებელია სიმინდის ნათესებში პარკოსანი მცენარეების შეთესვა (სოია, ლობიო). ფესვები მოახდენს კოჟრის ბაქტერიებით ნიადაგის გამდიდრებას და სასარგებლო მიკროორგანიზმების ცხოველმყოფელობის გაძლიერებას (კოჟრის ბაქტერიები ახდენენ ატმოსფეროს ფიქსაციას ნიადაგში). სოია კარგი კომპონენტია სიმინდთან ერთად, რადგან ისინი ამაღლებენ სიმინდის კვებით ღირებულებას, ადიდებენ რა მონელებად ცილას სიმინდის მწვანე საკვებში, თივაში და სილოსში.მრავალ დადებით თვისებებთან ერთად სოია საუკეთესო წინამორბედია ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურისათვის. მაგალითად, სიმინდის მარცვლის მოსავალი 5-6 ცენტნერით იზრდება, თავთავიანების მოსავალი — 3-4 ცენტნერით. სოიას აქვს დიდი აგროტექნიკური მნიშვნელობა. ისინი აუმჯობესებენ ნიადაგის აზოტის ბალანსს,ხელს უწყობენ თესლბრუნვის პროდუქტიულობის ამაღლებას. სოიას ფესვებზე ვითარდებიან კოჟრის ბაქტერიები, რომლებიც ითვისებენ ჰაერის თავისუფალ აზოტს და მისით ამდიდრებენ ნიადაგს. სოიას შეუძლია ფიქსაცია უყოს 50-300კგ-მდე ჰაერის აზოტს ჰა-ზე.

სოია საუკეთესო კომპონენტია კომბინირებულ საკვებში. მისგან დამზადებული ვიტამინოვანი ფქვილი საუკეთესო ხარისხისაა სოიას მწვანე მასის დასამზადებლად. სოიას მწვანე მასის აღება უნდა დავიწყოთ დაპარკების ფაზაში და გაგრძელდეს მარცვლის რძისებრ-ცვილისებრი სიმწიფის ფაზამდე.

მინერალური სასუქების ინტენსიურმა გამოყენებამ , თესლბრუნვების და ორგანული სასუქების უგულვებელყოფამ გამოიწვია ნიადაგის ნაყოფიერების დაქვეითება და პროდუქციაში ტოქსიკური ნივთიერებების დაგროვება. ქიმიურმა პრეპარატებმა და პესტიციდებმა დაარღვია წონასწორობა ეკოლოგიურ სისტემაში „მცენარე-ნიადაგი-ადამიანი“, მოსპო სასარგებლო ენტემოფაგები და ცხოველები, შეამცირა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხი, გამოიწვია ადამიანის ათასგვარი დაავადებები. სოფლის-მეურნეობის წარმოება მიწათმოქმედების ამ სისტემაში წარმოდგენილია, როგორც მთლიანი ორგანიზმი, სადაც ბუნებრივ პირობებსა და წარმოებას შორის მყარდება მყოფადი წონასწორობა. აქ მთავარი დევიზი ნიადაგის კვებაა და არა მცენარის. მისი სტრუქტურა ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის ნარჩენების უტილიზაციას, გამოთიშავს მინერალური სასუქების გამოყენებას და სხვა ქიმიურ საშუალებებს. ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება ხდება საკუთარი რესურსების ხარჯზე. ამ საქმეში მთავარი ადგილი უჭირავს პარკოსან კულტურებს, კერძოდ სოიას.

სოიას დაავადებების წინააღმდეგ (ასკოხიტოზი, ფუზარიოზი, რუხი სიდამპლე, ანთრაქნოზი, ბაქტერიოზი) მავნებლებთან ბრძოლაში (კოჟრის ცხვირგრძელები, ალურები) და ვეგეტაციის პერიოდში უნდა გამოითიშოს მინერალური სასუქების გამოყენება და სხვა ქიმიური საშუალებები. ჩვენი მიზანია გამოვიყენოთ მხოლოდ ბიოლოგიური პრეპარატები: „ორგანიკა,“„ბიოკატენა,“„ლეპიდინი“ და სხვა რომლებიც დამზადებულია მცენარეული ნარჩენებისაგან. ბიოპრეპარატების გამოყენებით მიიღება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება უნდა მოხდეს საკუთარი რესურსების ხარჯზე. ამ საქმეში მთავარი ადგილი უჭირავს პარკოსან კულტურას, კერძოდ სოიას, რომელიც იქნება ადგილობრივი ჯიში და არა გენმოდიფიცირებული.

ზეინაბ სარალიძე,

ზურაბ ბილანიშვილი

Comments are closed.