რუბრიკებისტატიები

ერის სატკივარი _ „თუ ამოსწყდეს გლეხიკაცი, საქართველო დაძაბუნდა“.

საქართველოს მოსახლეობა 1254 წელს მონღოლების აღწერის მიხედვით 8 მილიონი ყოფილა. უკვე ოცი წლის შემდეგ გულანთებული ქართველი მემატიანე გულისტკივილით მიანიშნებდა, რომ ქართველი ერი დღითიდღე ილევაო. ძნელად, მაგრამ დღემდე მაინც მოვედით.

დღეს როგორი დემოგრაფიული მდგომარეობაა ქვეყანაში? ამ პრობლემებზე სასაუბროდ რედაქციაში მოვიწვიეთ დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე.


— ბატონო ანზორ, მე გულდასმით გავეცანი თქვენს ბოლოდროინდელ წიგნებს საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ და არ დაგიმალავთ, მოსვენება დავკარგე. ნუთუ ასეთი მძიმე მდგომარეობაა დღეს საქართველოში?

— მხოლოდ ფაქტებს მივყვები და თქვენ განსაჯეთ, რეალურია თუ არა ჩემი მოსაზრება როცა ვამბობ, ქვეყნის ფიზიკურ არსებობას საფრთხე ემუქრება! ამისთვის საკითხის განხილვას ცოტა შორიდან დავიწყებ.

საჭიროდ მიმაჩნია აღვნიშნო, რომ საქართველოს მოსახლეობა 1254 წელს იმდროინდელ საზღვრებში მართლაც 8 მილიონი ყოფილა. მონღოლთა ბატონობამ ძალიან მძიმე შედეგები გამოიღო, ქვეყანა აოხრდა და განადგურდა. გარეშე მტერთან გამუდმებულ ომებში ქვეყნის მოსახლეობა, რასაკვირველია, ილეოდა, რასაც ბევრჯერ სამეფოებად და სამთავროებად ქვეყნის დაშლის შემდეგ შინა ბრძოლებიც ემატებოდა.

პირსისხლიანმა მტარვალმა თემურ ლენგმა 8-ჯერ დალაშქრა ჩვენი მიწა-წყალი. სადაც ფეხი დადგა, სისხლის გუბეები დააყენა. გარდა ამისა მტერს ხშირად დიდძალი ქართველობა ტყვედ მიჰყავდა. მაგალითად, ხვჳ საუკუნეში შაჰ-თამაზ პირველმა საქართველოში ხუთგზის ლაშქრობის შემდეგ ათასობით ქართველი ირანში ტყვედ წაასხა, მაგრამ ამ მხრივ ყველაზე დიდი უბედურება ქართველ ხალხს შაჰ-აბასმა დაატეხა. მან მთლიანად მოაოხრა და უკაცრიელი გახადა ქართლ-კახეთი. რომ არა ურჯულოების ასეთი გამანადგურებელი ლაშქრობები, სულ სხვაგვარად შეიძლებოდა წარმართულიყო ჩვენი ქვეყნის ისტორია. ბრძოლებისა და შემოსევების შემდეგ უკვე 1770 წლისათვის მოსახლეობა 761 ათასამდე იყო შემცირებული, ხოლო 1800-1813 წლებში საქართველოში ე.წ. შავი ჭირის ეპიდემიის შედეგად, როგორც ისტორიული წყაროები გვამცნობენ, მოსახლეობა თითქმის განახევრდა. ამ სენმა მარტო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ იმერეთში 32 750 სული შეიწირა, მეზობელ პროვინციებში გაიხიზნა 745 კაცი, ხოლო ტყვედ გაიყიდა 2000 ყმაწვილი.

აღნიშნული მსჯელობიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ პერიოდში საქართველოში დაახლოებით 400 000-მდე კაცი ცხოვრობდა. ასეთი მცირე რაოდენობით მოსახლეობა საქართველოში მისი ისტორიის განმავლობაში არასოდეს ყოფილა. მაგრამ უკვე რუსეთის იმპერიის მოსახლეობის 1897 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით საქართველოში იმდროინდელ საზღვრებში 2109 ათასი კაცი ცხოვრობდა და 80 წლის განმავლობაში 5-ჯერ გაიზარდა.

— როგორია საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოსახლეობის ზრდის დინამიკა 1926-2010 წლებში?

როგორც ამბობენ ხოლმე — ციფრები თავად ყვირიან ერის სატკივარზე.

— საინტერესოა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოსახლეობის წილი კავკასიის მთელ მოსახლეობაში?

— საქართველოს მოსახლეობის წილიც თანდათანობით მცირდება. აღსანიშნავია, რომ 1965 წლამდე საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა აჭარბებდა აზერბაიჯანის მოსახლეობას. ამის შემდეგ აზერბაიჯანის მოსახლეობა სწრაფად გაიზარდა და 2009-2010 წლებში უკვე 8900 ათასი კაცი იყო, ხოლო იმავე პერიოდში საქართველოში მხოლოდ 4385 ათასი, ანუ 4,512 ათასი კაცით ნაკლები იყო.

— როგორია პროგნოზული გაანგარიშება, არავითარ იმედს არ გვიტოვებს?

— სამწუხაროდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1170 ათასი კაცით შემცირდება და 3300 ათასი კაცი იქნება. სომხეთის მოსახლეობა 7 პროცენტით მოიმატებს და იქაც 3300 ათასი კაცი იცხოვრებს, ხოლო აზერბაიჯანის მოსახლეობა 9 მილიონიდან 11 მილიონამდე გაიზრდება.

საქართველოში ქართველი ერის პერმანენტული შემცირების შედეგად თანდათანობით საფრთხე შეექმნება ეროვნულ ინტერესებს და ეროვნული ეკონომიკის განვითარება გაძნელდება, სახელმწიფო ენას უკიდურესად გაუჭირდება თავის ფუნქციის შესრულება, ერისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები თანდათან დაკარგავენ თავიანთ მიმზიდველობას. ასეთ ვითარებაში გარდაუვლად მოსალოდნელია ეროვნული ცნობიერების ცვლილება.

— ე.ი. ჩვენი ქვეყნისათვის მოსახლეობის რაოდენობის შემცირება განსაკუთრებით საშიშია?

— რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა, რადგან ჩვენი ქვეყანა უნიკალურ, მრავალგანზომილებიან რეგიონში მდებარეობს, სადაც მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოების ინტერესთა გადაკვეთის წერტილები საკმაოდ ბევრია და ამდენად საკუთარი ინტერესების დაცვა გაძნელდება.

— საინტერესოა, როგორია ჩვენთან მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობა?

— ბუნებრივი მოძრაობა ძირითადად გულისხმობს შობადობასა და სიკვდილიანობას. არსებული მონაცემებით საქართველოში ყველაზე მეტი ბავშვი 1961 წელს დაიბადა — 104 ათასი. 1961-1990 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 93 ათასი ბავშვი იბადებოდა, 1991-2010 წლებში კი საშუალოდ მხოლოდ 55 ათასი დაიბადა. შობადობის განსაკუთრებული შემცირება 1992 წლიდან დაიწყო. მაგალითად, 2005 წელს მხოლოდ 46 ათასი ბავშვი დაიბადა.

აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია მესამე და მეოთხე ბავშვის წილი მთლიანად დაბადებულებში გარკვეულწილად ამაღლდა, რაც, უპირველესად, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია ჳჳ -ის დიდი დამსახურებაა.

— სოფლად ალბათ უფრო მწვავე მდგომარეობაა შობადობის მხრივ?

— რასაკვირველია, სოფელში მდგომარეობა გაცილებით მძიმეა ქალაქთან შედარებით. შობადობის შემცირებისა და სიკვდილიანობის მატების შედეგად საგრძნობლად შემცირდა ბუნებრივი მატებაც. მთელ რიგ რეგიონებში სოფლად გარდაცვლილთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე შობადობა, მხოლოდ აჭარაშია მატება. დანარჩენ ქართველებით დასახლებულ სოფლებში ყველგან უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რაც ძირითადად გამოწვეულია უმუშევრობითა და ელემენტარული საცხოვრებელი პირობების უქონლობით, უკანასკნელ წლებში უაღრესად ინტენსიური გახდა არამარტო გარემიგრაციული, არამედ შიდამიგრაციული პროცესებიც. 2002 წლის აღწერის მონაცემებით წინა 9 წლის განმავლობაში 437232 პირმა შეიცვალა ქვეყანაში საცხოვრებელი ადგილი. ამ რაოდენობიდან 437 ათასი (96,8 პროცენტი) ქართველი იყო. ამრიგად, უნდა ითქვას, რომ სოფლები ქართველი მოსახლეობისგან იცლება. გარდა ამისა, მრავალი სოფელია ისეთი, სადაც თითო-ოროლა ოჯახია დარჩენილი, ზოგან მხოლოდ ერთი ან ორი კაცი ცხოვრობს. ამ პერიოდშივე საქართველოში საცხოვრებელი შეიცვალა 4039 აზერბაიჯანელმა (შიდა მიგრაციის მონაწილე მოსახლეობის მხოლოდ 1 პროცენტი) და 3967 სომეხმა (0,9 პროცენტი). ხომ გასაგებია ყველაფერი?

— ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე — რას ურჩევდით ხელისუფლებას? მით უმეტეს სურათი მართლაც საგანგაშოა?

— ქართველი მეფეები და ქართული საზოგადოებაც განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდნენ სოფლის განვითარებისა და აღორძინებისათვის, რადგან კარგად იცოდნენ, რომ ქვეყნის კეთილდღეობა გლეხობაზე იყო დამოკიდებული. მეფე-პოეტ არჩილს გლეხობის ამოწყვეტა დიდ ეროვნულ ტრაგედიად მიაჩნდა: „თუ ამოსწყდეს გლეხიკაცი საქართველო დაძაბუნდა.“ გაუკაცრიელებული („კახეთი იყო უკაცო“) და აოხრებული სოფლების გამო სასოწარკვეთილი მეფე თეიმურაზ პირველი კი ამბობდა: „სახელმწიფო დამეკარგაო“. მე-19 საუკუნეში და მე-20-შიც კი თითქმის ყველა გამოჩენილი მეცნიერი, მწერალი, პოეტი, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწე წარმოშობით სოფლიდან იყო. არადა, 2002 წლის აღწერის მონაცემებით 162 სოფელში მოსახლეობა უკვე არ ცხოვრობს.

აქედან გამომდინარე აუცილებელია ყოველმხრივ გააზრებული, აწონილ-დაწონილი და ეფექტური დემოგრაფიული ღონისძიებების შემუშავება და რაც მთავარია — უსწრაფესად განხორციელება, რათა ქართული სოფელი ყველა იმ სიკეთით შევინარჩუნოთ, რასაც იგი ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს და რაც ასე იდეალიზებულია ქართველი ხალხის მიერ. ასე რომ, საქართველოს, როგორც ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ხსნა სოფლის ეკონომიკურ და შესაბამისად მის დემოგრაფიულ აღორძინებაში მდგომარეობს.

— ამ მხრივ არაფერი კეთდება ქვეყანაში?

— კიდევ მინდა გავიმეორო, უმწვავესი დემოგრაფიული მდგომარეობაა საქართველოში როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. სამწუხაროდ, საზოგადოებრივი სოლიდარობა არ იგრძნობა. წლების განმავლობაში არც ხელისუფლება ზრუნავდა ვითარების გამოსწორებისთვის, ამიტომ ყველაფერი მიშვებული იყო…

გადაუჭარბებლად ვამბობ: ძალიან კარგი საქმე გააკეთა ქვეყნის ახალმა ხელმძღვანელობამ. მხედველობაში მყავს პირადად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. სწორედ უშუალოდ მისი ინიციატივით ჯანდაცვის ბიუჯეტი ერთ მილიარდამდე გაიზარდა, მშობიარობა გახდა უფასო, ასევე 30 პროცენტით გაეზარდათ ხელფასი სოფლის ექიმებსა და ექთნებს. დემოგრაფიული ბალანსის გაუმჯობესების მიზნით იმ რაიონებში, სადაც შობადობის მაჩვენებელი დაბალია, გაიცემა ფინანსური დახმარება ყოველ მესამე და შემდეგ შვილზე. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ კიდევ მეტია გასაკეთებელი. სახელდობრ: აუცილებელია სასწრაფოდ შეიქმნას ქვეყნის დემოგრაფიული განვითარების მეცნიერულად დასაბუთებული პროგრამა, მართვის სრულყოფილი მექანიზმის გამოყენებით შეიძლება გარკვეულწილად კრიზისის გაღრმავების შეჩერება, შემდგომში კი ვითარების გაუმჯობესება, რასაც ადასტურებს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის პრაქტიკა.

ასევე აუცილებლად მიმაჩნია ფიზიკური გადაშენების რეალური საფრთხის წინაშე მდგარი ერის გადარჩენისათვის გამოცხადდეს საგანგებო კრიზისული დემოგრაფიული ვითარება და შემუშავდეს ვითარების განმუხტვის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროგრამები, სადაც მთავარი აქცენტი მიმართული იქნება შობადობის ამაღლებაზე. ორიენტირი იქნება პირველ რიგში სამბავშვიანი ოჯახი.

და ბოლოს — განგაშს ვტეხთ იმისთვის, რომ საფრთხე ემუქრება ქვეყნის ფიზიკურ არსებობას. ისე, როგორც ყოველგვარი მწვავე პრობლემა, დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაც შესაძლებელია ხელისუფლებისა და ხალხის ერთობლივი ძალისხმევით. ღრმად მწამს, რომ ჩვენი ახალგაზრდა ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ესაუბრა:

ნაზი იმნაიშვილი