სოფელი ასკანა
მდებარეობს გურიის მხარის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში _ თემის ცენტრია, თემში გაერთიანებულია სოფლები: მზიანი, დაბალი ეწერი.
მდებარეობს ზღვის დონიდან 173 მეტრზე. ოზურგეთიდან დაშორებულია 17 კილომეტრით. სოფელს სამხრეთიდან ჩამოუდის მდინარე გულეფა, რომელიც გამოყოფს მას სოფელ მთისპირისგან. გულეფაზე არის 11 მეტრი სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც ქმნის 5 მეტრი სიგანის ტბას. ამ ადგილს სოფლის მოსახლეობა ოჩოჩხას უწოდებს.
სოფლის ადრეული სახელწოდებაა გვაბრათი, ხოლო ასკანა ერქვა თემს, რომლის შემადგენლობაში, საკუთრივ გვაბრათის გარდა, შედიოდა: ფიჩხიჯვარი , ეწერი, მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი, უკანავა, ციხისუბანი. სოფლის სახელწოდება ერთი ვერსიით უკავშირდება ასკანის ციხეს, რომელისც სახელი „ასი კანის“ გამოცვლის, ანუ სიძველის გამო ეწოდა. არსებობს ლეგენდა, რომ გურიაში გავრცელებულ ეპიდემიის დროს ჯანმრთელი მხოლოდ ამ სოფლის მოსახლეობა დარჩა, რის გამოც მათ “ასკანიანები” უწოდეს. ასევე არსებობს ვერსია იმის შესახებ, რომ სოფლის მოსახლეობა მეფუტკრეობას მისდევდა, ხოლო სახელწოდების ფუძე არის სიტყვა სკა. სხვა ვერსიით სახელწოდება უკავშირდება ღვინის ღმერთ ბახუსის შთამომავალს, უნასის ძე ასკანოსს. ეს მოსაზრება ეყრდნობა სიტყვებს “ასკანისა” და”ასკანოსის” მსგავსებას, ასევე ტექსტს ხალხური სიმღერისა, საიდანაც ჩანს, რომ გურიაში ყურძნის მოსავლის მფარველი ღვთაება აგუნას ადგილსამყოფელი ბახვი და ასკანა იყო.
„აგუნა, აგუნა, გამეიარეო
ბახვი, ასკანა გადმეიარეო…“
1819 წელს აჰმედ ბეგ ხიმშიაშვილი ოსმალთა რაზმით თავს დაესხა სოფელ ასკანას და რამდენიმე მცხოვრები გაიტაცა. მათ დაედევნა მამია გურიელი. გურულების რაზმმა გზა მოუჭრა ოსმალებს, ბრძოლაში მოკლეს აღა და 34 კაცი და 90-მდე კი დაატყვევა, მათ შორის აჰმედ ბეგის ბიძაშვილი, ორ მოხელე 75 ჯარისკაცი 12 მედროშე, გატაცებულები კი სახლებში დააბრუნა. ასკანის თემს ეკუთვნოდა საძოვარი მთები გურია-აჭარის საზღვარზე, საიდანაც გურიელები იღებდნენ საქონლის ძოვებისთვის იღებდნენ ბაჟს – ყოველ 100 მოგებულ თიკანსა და კრავზე ერთ სულს და რამდენიმე ბათმან ყველს. გურიის სამთავროს გაუქმების შემდეგ, 1829 წლიდან, ამ ბაჟს იღებდა რუსეთის იმპერიის ხაზინა. 1841 წლიდან ბაჟის რაოდენობა იყო 2 ცხვარი, ერთი თხა და 60 ყველი.
1850-იან წლებში, 10-14 აპრილს სოფელში იმართებოდა ბაზრობა, რომელიც ერთ-ერთი იყო ოზურგეთის მაზრის ბაზრობებს შორის. 1872 წელს სოფელში გაიხსნა ორკლასიანი სკოლა. სასწავლებელში 1883-94 წლებში ასწავლიდა ცნობილი მეღვინე სოლომონ ჭეიშვილი. 1901-1904 წლებში სკოლაში ასწავლიდა ნოე ზომლეთელი.
1893 წლის 27 იანვარს ჭეიშვილისვე თაოსნობით სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკის სამოთახიანი შენობა მდებარეობდა ამჟამინდელი სოფლის ცენტრში, სასაფლაოს მიმდებარედ. ბიბლიოთეკის გახსნის მოთავეები ჭეიშვილთან ერთად იყვნენ ივლიანე შევარდნაძე და მღვდლები, ბესარიონ ჯაველიძე და ექვთიმე თალაკვაძე. 1898 წლისთვის გამოწერილი იყო რუსული და ქართული გამოცემანი სულ 142 მანეთისა. 1901 წლის 1 აგვისტოს აღწერის მიხედვით ბიბლიოთეკა 903 დასახლების წიგნს ითვლიდა, მათ შორის იყო როგორც მხატვრული, ასევე პედაგოგიური და ისტორიული ლიტერატურა. 1907 წელს, რეაქციის წლებში, მთავრობა ბიბლიოთეკა დახურა. მისი ხელახლა გახსნის უფლება ჭეიშვილს 1914 წლის 10 სექტემბერს მისცეს.
ჭეიშვილი აგრეთვე იყო ასკანის სცენისმოყვარულთა დასის დამაარსებელი. დასმა პირველი წარმოდგენა სოფელში 1895 წელს გამართა. 1896-1897 წლებში დასმა დადგა ვ. გუნიას „და-ძმა“, რომელშიც მონაწილეობდნენ გრიგოლ გუგუნავა ძიმითიდან და აპოლონ წულაძე აკეთიდან. 1899 წელს განხორციელებულ დადგმებში მონაწილეობდა შალვა შარაშიძე ბახვიდან. სცენისმოყვარეთა დასი გააქტიურდა 1921 წლიდან, მას შემდეგ, რაც შეიქმნა კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება. 1921 წლის 10 ივნისს წარმოდგენილი იქნა ტრ. რამიშვილის „დედინაცვალი“ (რჟ. ვიქტორ ნინიძე). იმ წლის სეზონზე 10 ფასიანი სპექტაკლი გაიმართა, რომელთაგან აღსანიშნავი იყო გედევანიშვილის „თავისუფლების მსხვერპლი“, „და-ძმა“, შიუკაშვილის „მორევში“, დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“. დასი წარმოდგენებს მართავდა მეზობელ ფიჩხისჯვარსა და ვანისქედში. 1922 წელს დასის რეჟისორად მიიწვიეს ახალგაზრდა მხატვარი შალვა-შევარდნაძე, რომლის რეჟისორობით დაიდგა „თოლია“, „ბოიკოტი“, ა. ცაგარელის „ციმბირელი“. დასის დეკორაციები და ფარდა 1921-22 წლებში მოხატეს მამა-შვილმა მოსე და ირაკლი თოიძეებმა. სოლომონ ჭეიშვილის გარდაცვალების შემდგომ (1924) დასს სათავეში ვიქტორ ნინიძე ჩაუდგა.
1926 წელს დაიხურა გვაბრათის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც თეატრს გადასცეს.
1951 წელს სოლომონ ჭეიშვილის ოჯახი რეპრესიებს ემსხვერპლა. მისი ცოლ-შვილი ყაზახეთში გადაასახლეს. ჭეიშვილის ნასახლარზე აშენდა სოფლის ადმინისტრაციული შენობა და საბავშვო ბაღი. 1956 წელს მოხდა სოფლის ელექტრიფიკაცია. 1959 წელს აშენდა 450 ადამიანზე გათვლილი კულტურის სახლი. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეჩაიეობა.
სოფელში გავრცელებული გვარებია ასათიანები, ნინიძეები, თალაკვაძეები, ჭეიშვილები, შევარდნაძეები, ჯაველიძეები, ჩხაიძეები, მეგრელაძეები, ვასაძეები.
სოფელში არის საჯარო სკოლა, დგას ამაღლების სახელობის ეკლესია. ყოველ 30 აგვისტოს იმართება სოფლის დღესასწაული ”ასკანობა”, რომელიც აღინიშნება დოღით, სხვადასხვა სპორტულ სახეობებში შეჯიბრებებით, კონცერტით და ა.შ.
სოფელში დაიბადნენ:
ლადიკო დოლიძე — მომღერალი, ლოტბარი;
სოლომონ ჭეიშვილი — მეღვინე და მეცენატი;
დათიკო შევარდნაძე — ფირალი;
კირილე ნინიძე (1878) — პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი;
ალექსანდრე ჭეიშვილი (1903) — კრიტიკოსი;
დიმიტრი დოლიძე (1908) — ინჟინერი;
თედო ნინიძე (1950) — საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
ასკანის ციხე, თამარის მეფის ციხე — ფეოდალური ხანის ციხესიმაგრე. მდინარე ბახვისწყლის მარცხენა ნაპირზე, სოფელ მთისპირში, გურიაში. ციხეზე გამოიყოფა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი IV საუკუნისაა, უახლესი — XIX საუკუნისა. სამეცნიერო ექსპედიცია ციხეზე არასდროს ყოფილა და ის დღედმე შეუსწავლელია. ციხეს ასკანისა ეწოდება, რადგან სოფელი მთისპირი ისტორიულად შედიოდა ასკანის თემში.
https://www.facebook.com/photo/?fbid=890616868068644&set=a.248291018967902
https://www.facebook.com/hashtag/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90