სოფელი სამოქალაქო „სიკვდილისგან’’ უნდა ვიხსნათ!
სასოფლო პოლიტიკის (როგორც სახელმწიფო, ისე მუნიციპალური სასოფლო პოლიტიკისა) საწარმოებლად არსებითია სინამდვილეს თვალი გავუსწოროთ და სწორედ შევაფასოთ: ამჟამად ქართული სოფელი უმძიმეს, (იშვიათი გამონაკლისის გარდა) -დეპრესიულ მდგომარეობაშია; ყველაზე საბედისწერო ნიშანი ამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური დეპრესიისაა უკვე მხოლოდ სიღატაკე და განვითარების უკიდურესად შეზღუდული, მწირი შესაძლებლობები კი არა, არამედ უკვე სოფლებიდან მკვიდრი მოსახლეობის აყრა, სოფლების მასობრივი დაცლაა; ამ სავალალო მდგომარეობაში სასოფლო პოლიტიკის მიზანი ჯერ „განვითარება“ კი არა, არამედ სოფლის გადარჩენა უნდა იყოს!
უწინარეს ყოვლისა, სოფელში უნდა აღდგეს სოფლის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც მუნიციპალურ თვითმმართველობაში სასოფლო თემის მონაწილეობისა და ჩართულობის ეფექტიანი ინსტრუმენტი იქნება.
ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გამსხვილებით, მისი მუნიციპალურ (ყოფილი რაიონის) დონეზე „ატანით“ არა თუ შესაძლებელი, არამედ აუცილებელი იყო სოფლის, როგორც მუნიციპალურ თვითმმართველობაში მოქალაქეთა და თემის მონაწილეობით პირველადი ადმინისტრაციული დონის შენარჩუნება და ამ პირველადი ადმინისტრაციული დონის არათუ ფაქტობრივი გაუქმება, არამედ პირიქით, მისი გაძლიერება.
კარგი და მისაბაძი მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ ლიტვა, სადაც ასევე მართვის ეფექტიანობის მიზნით ანალოგიურად გამსხვილდა ადგილობრივი თვითმმართველობა, მაგრამ ეს ისე განხორციელდა, რომ იოტისოდენადაც არ შელახულა სათემო უფლებები. სასოფლო თემი ლიტვაში („სოლნცესტვო“ ეწოდება) მუნიციპალური თვითმმართველობის ადმინისტრაციულად მკაფიოდ გაფორმებული მონაწილეობითი დონეა და სოფლის ადმინისტრაცია არა მხოლოდ მუნიციპალური თვითმმართველობის, არამედ უშუალოდ მოსახლეობის, ადგილობრივი თემის წინაშეა ანგარიშვალდებული; ჩვენში კი სასოფლო თემი მთლიანად უფლებააყრილია და რაიმე სამოქალაქო ურთიერთობაში (აღარაფერს ვამბობთ თვითმმართველობაში ან სახელმწიფო პოლიტიკაში მონაწილეობაზე, თუმცა გამონაკლისია – ე.წ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც იმდენად ფრაგმენტული და მცირე მასშტაბისაა, რომ სავალალო მდგომარეობას ვერ შეცვლის) სუბიექტს დიდი ხანია, აღარ წარმოადგენს.
დეპრესიული, ფაქტობრივად – „სამოქალაქო სიკვდილის“ მდგომარეობიდან სოფლის გამოყვანა სხვაგვარად შეუძლებელი იქნება, თუ სასოფლო თემი – სამართალსუბიექტი (სანამ ჯერ კიდევ დროა) ვერ გახდება!
გარდა ამისა, ამ სამართალსუბიექტმა – სასოფლო თემმა, აუცილებლად უნდა დაიბრუნოს უპირობო და წარუვალი უფლება საკუთარ სამკვიდროზე; ეს უწინარეს ყოვლისა იმას ნიშნავს, რომ საერთო, სათემო სარგებლობის მიწა – საძოვარი, სათიბი, წყლის ფონდის მიწა, ტყის ფონდის მიწა (და არამარტო!) იურიდიულად უნდა დაბრუნდეს თემის მუდმივ და უსასყიდლო მფლობელობას და სარგებლობაში (დღეს ამ თვალსაზრისით მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ სოფლის ტერიტორიული საზღვრებიც კი სრულიად ბუნდოვანი და გაურკვეველია!); ეს მიწა არა სახელმწიფო, არამედ მუნიციპალური საკუთრებისა უნდა იყოს და თემის, რომელიც მისი ერთადერთი ლეგიტიმური მფლობელი და მოსარგებლეა, დაუკითხავად შეუძლებელი უნდა გახდეს ამ მიწის, ე.ი. სოფლის სამკვიდროს, სამართლიანი და ეფექტიანი მართვა – მისი განკარგვა, რაციონალური გამოყენება, სასოფლო-სამურნეო წარმოების თუ მიწის, როგორც ძირითადი საწარმოო საშუალების გამოყენებით სოფლის ტერიტორიაზე სხვა ეკონომიკური საქმიანობის სწორედ ორგანიზება, საბოლოო ანგარიშით – სასოფლო სამკვიდროს დაცვა და სოფლის გადარჩენის შემდეგ მის განვითარებაზე ზრუნვა;
მუნიციპალური თვითმმართველობის ეფექტიანობა არსებითად, სასიცოცხლოდ არის დამოკიდებული მოქალაქეთა და ადგილობრივი თემის უშუალო, პირდაპირ მონაწილეობაზე; ასეთი, თანამედროვეობის შესაბამისი მონაწილეობითი ინსტრუმენტები მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა ადგილობრივ სასოფლო თემში აუცილებლად უნდა შეიქმნას და სწრაფად განვითარდეს;
ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია, რომ თავად თემს, პირდაპირი, უშუალო დემოკრატიის სხვადასხვა ფორმით მიეცეს შესაძლებლობა მუნიციპალიტეტის კომპეტენციაში შემავალი ადგილობრივი მნიშვნელობის სასოფლო საკითხები თავადვე გადაწყვიტოს და ამ მიზნით ძირითად ინსტრუმენტად გამოიყენოს მის წინაშე ანგარიშვალდებული სასოფლო ადმინისტრაცია; სასოფლო თემი, როგორც სრულფასოვანი სუბიექტი, რომელიც უფლებებს დაიბრუნებს, სწორედ ამ გზით თავადვე გახდება უმთავრესი პასუხისმგებელი საკუთარ განვითარებაზეც; ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მუნიციპალური თვითმმართველობა და სახელმწიფო სოფლის განვითარებაზე პასუხისმგებლობას მოიხსნის, პირიქით – მათი ვალდებულებაა სუბსიდიარობის დაცვით სოფლის განვითარების სწორედ დაგეგმვა და რაც ყველაზე მთავარია, ეფექტიანი ინსტრუმენტების შექმნა თავად თემის ეკონომიკური თუ სოციალური აქტივობისთვის.
სოფელი – პირველყოვლისა, არის სახლობის ტერიტორიული ერთეული და არა მეურნეობისა. სოფლის განვითარების ძირითადი მიზანია სოფლის მოსახლეობის ყოფითი (სოციალურ-კულტურული) სტატუსის მიახლოებით გათანაბრება ქალაქის მოსახლეობის სტატუსთან, რასაც სოფლად ადამიანთა რესურსების შენარჩუნება-განვითარებისთვის და ამგვარად, სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო წარმოების ზრდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
სოფლის განვითარება არის მრავალგანზომილებიანი, მრავალდონიანი, მონაწილეთა ფართო სპექტრის ჩართულობით მოქმედი პროცესი და ეს ყოველივე მიუთითებს მის სირთულეზე, შესაბამისად არ არსებობს მკაფიოდ შემოსაზღვრული პარადიგმა ამ თემაში.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ისევე, როგორც ეს ევროპაშია, საქართველოშიც ჩამოყალიბდეს სისტემური მიდგომა ზოგადად ტერიტორიების და განსაკუთრებით, სასოფლო ტერიტორიების მიმართ, რაც შესაბამისი პოლიტიკის კონცეპტუალურ, პროგრამულ თუ სამართლებრივ უზრუნველყოფას უნდა დაეყრდნოს.
სამწუხაროდ, დღევანდელი სინამდვილე ძალზე შორს დგას სოფლის მიმართ რაიმე სისტემური დამოკიდებულებისგან და მძიმე გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ: ქვეყანაში სახელმწიფო ან თუნდაც მუნიციპალური სასოფლო პოლიტიკა, როგორც ასეთი – ფაქტობრივად აღარ არსებობს! ეს „ეგზისტენციალურად კრიზისული“ ვითარება რამდენიმე სავალალო გარემოებით თვალნათლივ დასტურდება, კერძოდ:
1.მას შემდეგ, რაც პირველი დონის ადგილობრივი თვითმმართველობა 2006 წლიდან გაუქმდა, სოფელი, ე.ი. მისი ადგილობრივი საზოგადოება – სასოფლო თემი, აღარავითარი ფორმით სამართალსუბიექტს აღარ წარმოადგენს, გამომდინარე – ყოვლად შეუძლებელია მის უფლებრივ მდგომარეობაზე საგნობრივი საუბარი; უდავო
2. იურიდიული ფაქტია – სოფელი დღეს უფლებააყრილია და რაღა გასაკვირია, რომ მოკლებულია ყველა შესაძლებლობას, ქვეყნის წინაშე საკუთარი ვალდებულებები, როგორც ეს ხდებოდა საქართველოს მრავალათასწლოვან ისტორიაში, ისევე პირნათლად აღასრულოს;
3. სოფელი, მას შემდეგ, რაც „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ მისი ტერიტორიული ორგანო ფაქტობრივად გაუქმდა 2014 წლიდან, ალბათ, ყველაზე უცნაური, ადმინისტრაციული ერთეულია (ისეთი ადმინისტრაციული ერთეული, რომელსაც არ ჰყავს საკუთარი ადმინისტრაციული ორგანო!?) სამართლის ისტორიაში; გამომდინარე, პრაქტიკულად წარმოუდგენელია სოფლის ტერიტორიული განვითარების რაიმე პოლიტიკაზე საგნობრივი საუბარი, ვინაიდან ამ პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტრუმენტი – სოფლის ადმინისტრაცია, სამართლებრივად აღარც არსებობს!
4. უფლებააყრილი და შესაბამისად – ვალდებულებებისგანაც დაცლილი სოფელი, რომელსაც სამართლებრივად თავისი ადმინისტრაციული ორგანოც კი აღარ შერჩენია, დე იურეცა და დე ფაქტოც – მოკლებულია საკუთარ სამკვიდროს: სოფლის სასიცოცხლო სივრცე – სათემო მიწა (თუნდაც საძოვარი და სათიბი მაინც, მაგრამ -არა მარტო), სათემო ტყე, წყალი, ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა ბუნებრივი რესურსები, საერთო სარგებლობის სამეურნეო თუ კომუნალური ინფრასტრუქტურა და სხვ. და სხვ. რაც თემის საერთო მფლობელობას და სარგებლობაში უნდა იყოს, უმრავლეს შემთხვევაში მუნიციპალურ საკუთრებაშიც კი არ არის და ისევ, თითქოს გუშინ გამოიცა ლენინის მიწის დეკრეტი, კვლავაც დესპოტური სახელმწიფოს მიერ მიტაცებულია; ტრადიციული ქართული სამართლის თვალსაზრისით სოფლის დღევანდელი მაცხოვრებელი, ვინაიდან მას ყოველგვარი სათემო უფლება აყრილი აქვს, საკუთარი ბედის გამომჭედავი სოფლის ქედმოუხრელი და ამაყი მკვიდრი გლეხკაცი კი არა, არამედ ოდენ სხვისი ხელის შემყურე, და ბეჩავი, ამიტომაც, უპასუხისმგებლო – ხიზანია!
სასოფლო ტერიტორიების უდიდესი ნაწილი ღრმად დეპრესიულია და სრული დაცლის საფრთხე უკვე გარდაუვალი! დღევანდელი ამოცანა და სასოფლო პოლიტიკის მთავარი მიზანიც, თუკი საბოლოოდ არ ვამბობთ უარს სოფელსა და სასოფლო პოლიტიკაზე, ჯერ მისი ხიზნობიდან, ანუ სამოქალაქო სიკვდილისგან დახსნაა! რაიმე განვითარება სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნება, თუკი სოფელი, როგორც უფლებრივი და ამავდროულად, რაც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეკონომიკური და სამეურნეო სუბიექტიც, ფაქტობრივად მკვდრეთით არ აღდგა.
სოფელი – პირველყოვლისა, არის სახლობის ტერიტორიული ერთეული და არა მეურნეობისა. სოფლის განვითარების ძირითადი მიზანია სოფლის მოსახლეობის ყოფითი (სოციალურ-კულტურული) სტატუსის მიახლოებით გათანაბრება ქალაქის მოსახლეობის სტატუსთან, რასაც სოფლად ადამიანთა რესურსების შენარჩუნება-განვითარებისთვის და ამგვარად, სოფლის მეურნეობისა და აგროსასურსათო წარმოების გაფართოებული აღწარმოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
პაატა კოღუაშვილი, პროფესორი, ექსპერტი აგროეკონომიკაში
დავით ზარდიაშვილი, ექსპერტი მუნიციპალურ სამართალში