სოფელში დაბრუნებულს უნებურად აზრები მომეძალა _ ჩვენ, ახალგაზრდები შევცვლით ქვეყანას!
დიდი ხანია სტატია არ დამიწერია, მაგრამ ჩემი „ბრალი“ ნამდვილად არ არის. უნივერსიტეტის ფინალური გამოცდები მქონდა ჩასაბარებელი და ამბების მოყოლა ცოტა არ იყო დროში გამეწელა, რადგან სწავლა უპირატეს საქმედ მიმაჩნია, მეპატიება. სამაგიეროდ ყველა გამოცდა წარმატებით ჩავაბარე და მესამე კურსიც უკან მოვიტოვე. შესაბამისად, ამოვწურე ქალაქის თავგადასავლები და ახლა უკვე შეძლებისდაგვარად სოფლის ფაცი-ფუცს ვუერთდები.
ერთ-ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხი, რაც ჩემ სოფელს, ბზვანს აწუხებს დღეს, ფაროსანა და მასთან დაკავშირებული პრობლემებია. კი ვიცი, რაც ხდება, დედას ხშირად ველაპარაკებოდი ტელეფონით და ამ ამბითაც ვინტერესდებოდი, მაგრამ ნანახი, გაგონილზე სარწმუნოა. სანამ არსებულ ვითარებაზე მოგიყვებით, ცოტა საწინასიტყვაოდ გეტყვით, აქამდე რა ზარალი მიაყენა ჩემს სოფელს აზიურმა ფაროსანამ. უკვე რამდენიმე წელიწადია, ეს მწერები უმოწყალოდ ანადგურებენ ბოსტნეულსა თუ ხილს და მოსვენება დაუკარგა სოფელს.
ვანის რაიონში მოსახლეობას საკმაოდ დიდ ტერიტორიებზე აქვს თხილი გაშენებული. რამდენიმე წლის წინათ თხილი საკმაოდ კარგ შემოსავალს იძლეოდა, ჩასაბარებელი ფასი 5-12 ლარი იყო. აზიური ფაროსანას ზემოქმედების შედეგად კი თხილი ისე დაზიანდა, რომ მისი ფასი 50 თეთრამე დაეცა. წლების წინათ, თხილის მოსავლიდან მიღებული შემოსავლიით მეურნეს შეეძლო მთელი წელიწადი ერჩინა თავი, დღეს ჩემი მეზობლების ნაწილი თვლის, რომ მოსავლის აღებას ამ პირობებში აზრიც აღარ აქვს.
საბედნიეროდ, წლევანდელ წელს სახელმწიფომ დაიწყო ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება. ვერ ვიტყვით, რომ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, მაგრამ თანდათან ისევ იზრდება მავნებლის რაოდენობა. ჩემი აზრით, აუცილებელია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, შეწამვლა კიდევ უნდა გაგრძელდეს, რადგან ერთი და ორი შეწამვლით ფაროსანების ის რაოდენობა ვერ განადგურდება, რაც სოფელში არის, ვფიქრობ წამლის გაფრქვევა ისე უნდა მოხდეს, რომ წერტილიც არ დარჩეს შეუწამლავი და არა ისე, რომ მავნებლებს მხოლოდ დასახლებულ ტერიტორიებზე ვებრძოლოთ, ფაროსანებმა კი ტყეებს შეაფარონ თავი…
იქნებ მომავალ წელს მაინც გახდეს ხარისხიანი მოსავლის აღება შესაძლებელი.
ვანს, მოგეხსენებათ, რა წვლილი მოუძღვის საქართველოს ისტორიაში. აქაურები ძალიან ვამაყობთ ამით, მაგრამ მარტო სიამაყე რას უშველის სტუმრად ჩამოსულ ქართველს თუ უცხოელს?! არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი სიძველეების თანამედროვე მუზეუმია საჭიროო. 2012 წელს დაიწყეს მშენებლობა, რომელსაც ჯერ კიდევ არ უჩანს ბოლო. არადა, ისეთი ზარ-ზეიმით დაგვპირდნენ, მალე დავასრულებთ და ტურისტები არ მოგაკლდებათო.
აღარ მინდა ვთქვა, მაგრამ ეს დაპირებაც ტყუილი აღმოჩნდა… ისედაც გაღატაკებულ სოფლებს თუ რაიონის ცენტრს ამდენი ხნით რომ ამ საზრდო არტერიას გადაუკეტავ, რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულია. უამრავი ტურისტი მოდიოდა მუზეუმის მოსანახულებლად, შემდეგ ვანის ღირსშესანიშნაობებით დატყვევებული, ღამესაც იქვე მოსახლეობაში ათენებდა, საოჯახო მეურნეობასაც ეცნობოდა, ოჯახებს კი გარკვეულ შემოსავალაც იღებდენ, რაც არცთუ უმნიშვნელო წყარო იყო ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის. ახლა ესეც აღარ არის. მუზეუმის დასრულებას თუ მოვესწარით, იმედი მაქვს ვანს თავის სიმდიდრეს დაუბრუნებენ და ორიგინალური ნივთების საკუთარი თვალით დაკვირვების საშუალება მოგვეცემა, მათთან ერთად რომ ვიმოგზაუროთ წარსულში და არა თანამედროვე მჭედლის მიმსგავსებული ნამუშევრის დახმარებით. ჩემთვის, მაგალითად, ეს არის მუზეუმებში სიარულის სტიმული, ალბათ ასეა სხვებისთვისაც.
ბარემ, ტურიზმის ინფრასტრუქტურის კიდევ ერთ მტკივნეულ თემასაც შევეხები, რაც მართლა ძალიან გვაღელვებს. ალბათ ბევრმა არც კი იცის, რომ ვანის რაიონის ტერიტორია მდიდარია თერმული წყლებით. გასულ საუკუნეში სოფელ ამაღლებაში წარმატებით ფუნქციონირებდა ბალნეოლოგიური კურორტი. აქ 400 მინერალური თერმული წყალი ჩაედინება, რომელიც შეიცავს ნატრიუმს, ქლორს, ნახშირორჟანგს და კაჟმჟავას და წარმატებით კურნავს: ქრონიკულ ართრიტს, ჰიპერტონიულ დაავადებებს, ათეროსკლეროზს, რადიკულიტს, კარდიოსკლეროზს და სხვა. ახლა ეს სიმდიდრე მიტოვებული და გავერანებულია. ვანის რაიონის ტურისტული და საკურორტო პოტენციალის 5 %-იც კი არ არის გამოყენებული. ამაზე თუ იზრუნებს ადგილობრივი ხელისუფლება, როგორც იტყვიან, სანთელ-საკმეველი თავის გზას გაიგნებს, ჰოდა, ხალხს საარსებო მინიმუმი თუ გაუჩნდება, მერე კუთხის უკეთესად მოწყობის სტიმულიც მოემატებათ და რაღაცას დავემსგავსებით, არა? უცხოეთის გამოცდილებას თუ გადავხედავთ, აქ ძალიან ფასობს საკურორტო ზონები, სადაც ერთმანეთთან შეთავსებულია დასვენება და მკურნალობა. არადა, რომ ვათვალიერებდი ამ კურორტების ფოტოებს, გულში ვფიქრობდი, იქნებ ვნახო რაიმე კომპონენტი, რომლითაც ჩვენი მხარე იქაურობას ჩამოუვარდებათქო, ვერაფერი ვიპოვე ერთის გარდა, იმათ ქვეყნის წინსვლის სურვილის მქონე მთავრობა ჰყავთ, მათდა საბედნიეროდ. მართალი გითხრათ, ჯერ კიდეც მაქვს რაღაცის იმედი, თუმცა ბავშვობიდან მახსენდება _ დედა და მამაც ასე ამბობდნენ, მაგრამ მაინც. ჩვენ, ახალგაზრდები შევცვლით ამ ქვეყანას!
ქალაქიდან სოფელში დაბრუნებულს, უნებურად ეს აზრები მომეძალა და გაგიზიარეთ. უშუალოდ სოფელის სხვა ამბების შესახებ მომდევნო ბლოგში მოგიყვებით.
ნათია პაიკიძე, სტუდენტი,
სოფელი ბზვანი