აგროსიახლეებიმედია ფერმერებისთვის TVრუბრიკებისტატიები

სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ალტერნატიული სტრატეგიული პოლიტიკა (მოკლე თეზისური ვერსია) – ხედვა 

 დღეს აგრარული პოლიტიკა გადის განვითარების საინტერესო ფაზას, სადაც ერთის მხრივ მთავარ პრიორიტეტად გამოცხადებული სექტორი გრძნობს მის მიმართ გამორჩეულ ინტერესს, თუმცა დარგის სტიმულირება, სუბსიდირება, პროგრამული მხარდაჭერა  და ზოგადად გაზრდილი სახელმწიფო პროტექციონიზმი არ იძლევა იმ სასურველ შედეგს, რასაც  მისგან ქართული საზოგადოება ელოდება. ჩვენს ხელთ არსებობული მონაცემებით 2013 – 2025 წლებში სხვა და სხვა ტექნიკურ – ეკონომიკური შესაძლებლობებით დახარჯულია, დაახლოებით, 18 – 20 მილიარდი ლარი.

ასეთ მოცემულობაში ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, რომ სტატისტიკა ციფრობრივი მონაცემებით ვერ გვიფიქსირებს შესაბამის საპირწონე ეფექტებს დარგში, უფრო მეტი მთელ რიგ სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებაში გვაქვს კლების ტენდენციები, არასახარბიელო მდგომარეობა მეცხოველეობაში, სადაც საგრძნობლად მოიკლო სულადობამ და კვლავ ვითვლებით ვეტერინარულად არაკეთილსაიმედო ქვეყანად.

წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ალტერნატიული სტრატეგია პირველ რიგში ითვალისწინებს არსებული მიზეზ-შედეგობრივი შეუსაბამობების დადგენას და მოქმედი პოლიტიკურ – სტრატეგიული ვალდებულებების შესრულების პროგრესის ან რეგრესის სათანადო ინდიკატორებით შეფასებას. საწყის ეტაპზე მთავარი ფუნქციური მიზანი არის მდგომარეობის სრულფასოვანი შესწავლა, თემატური ანალიზი, პრობლემა – გამოწვევათა იდენტიფიცირება, მონიტორინგის   ინფორმაციების განხილვა და შეფასებითი ანგარიშების ანალიტიკური დამუშავება. მხოლოდ ასეთი სიღრმისეული, ყოვლისმომცველი და გაციფრულებული დიაგნოსტიკის შემდეგ იწყება დარგის კონცეპტუალური არქიტექტურის და მეთოდოლოგიური ჩარჩო – მიდგომების ჰოლისტურად, კომპლექსურად და სისტემურად  ფორმირება. ახალ სტრატეგიულ პლატფორმას აძლიერებს პროგრამულ – სცენარული მოდელირების პრინციპი, სადაც პროცესის განვითარების დონის მთავარი შემფასებელი დათვლადი და გაზომვადი ინდიკატორები ხდება, ამასთან მნიშვნელოვანი ინოვაციური ხედვაა მართვის და პროგნოზირების სისტემის გაძლიერება, პროგრამული მოქნილობის და კონტექსტის გააზრების ელემენტის გაჩენა და რაც დღეს ყველაზე მეტად აკლია პროგრამებს პროცესის განვითარების მიმდინარეობის ნებისმიერ ფაზაში სწრაფი ცვლილებების განხორციელება.

 სამუშაო თეზა _ ,,სასწაფო წესით შესაცვლელია დარგის სტრატეგიული განვითარების დაგეგმვა – პროგნოზირების, მართვის – განკარგვის, მონიტორინგი – ანალიტიკის და კონტროლის – შეფასების სისტემა’’.

პლატფორმის ძირითადი იდეა

 კონსტიტუციის მე-5 მუხლი პირდაპირ ადგენს, რომ საქართველო სოციალური სახელმწიფოა და ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკა, სექტორული სტრატეგიები, მიზნობრივი მოქმედებები  და ზოგადი სამართლებრივი ჩარჩო უნდა უზრუნველყოფდეს ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების, სოციალური დაცულობის და ადამიანთა კეთილდღეობისთვის საუკეთესო პირობებს, რაც ჩვენს მიერ წარმოდგენილი პლატფორმის მთავარი იდეური წინაპირობა გახლავთ.   დღეს მსოფლიო ახალი წესრიგის მოლოდინში, მძიმე ტურბულენტურ მოცემულობაში და გლობალური გამოწვევების პირობებში გვმართებს მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობით გავიაზროთ პრობლემების  არსი, მაკრო დონეზე დიდ სურათში გავშალოთ სამოქმედო სტრატეგია     და რეგიონული ეკონომიკის პრინციპებით დავამუშავოთ არსებული მიკროზონული კონტექსტები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავაძლიეროთ კვლევა, რაციონალიზმი, პრაგმატიზმი და შედეგზე ორიენტირებულება. დღეს სახელმწიფოს მთავარი მიზანი აღარ უნდა იყოს მხოლოდ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ცალკეული პროექტების ფრაგმენტული დაფინანსება ან დაუსაბუთებელი მცდელობა მექანიკურად გააერთიანოს რამოდენიმე მოქმედი და თან შეუსწავლელ – შეუფასებელი პროგრამა. პოლიტიკამ  უნდა შექმნას მართვის ისეთი აგროსასოფლო-სამეურნეო სისტემა, რომელშიც მიწა, ფერმერი, კაპიტალი, სტრუქტურა, ცოდნა, ექსტენცია, ტექნოლოგია, ბაზარი, ლოგისტიკა და ინფრასტრუქტურა ერთიან ეკონომიკურ ჯაჭვად მუშაობს.

                 კონცეპტუალური არქიტექტურა.  სამი პოლიტიკური მდგენელი კოგნიტურ პროცესში

  კონცეპტუალური მოდელი და მისი არქიტექტურა წარმოდგენილი  უნდა იყოს სამი განსაკუთრებით საინტერესო ელემენტით: ჰოლისტური ხედვით, სისტემური მიდგომით და კომპლექსური გააზრებით, სადაც კოგნიტური რუკის აგების პრინციპი და პიაჟეს თეორიული სამოქმედო ფაზები შექმნიან სამუშაო -ფუნქციონალურ სინერგიულ ერთობას სახელმწიფოს მთავარი მიზნისთვის – ,, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა, სოციალურ – ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა სოფლად’’.

ჰ ო ლ ი ს ტ უ რ ი   ხ ე დ ვ ა — ა ს ი მ ი ლ ა ც ი ა

აგრარული რეალობის მთლიან სურათში აღქმა და არსებული ცოდნის კოგნიტურ რეჟიმში ინტეგრირება

 ს ი ს ტ ე მ უ რ ი   მ ი დ გ ო მ ა —  ა კ ო მ ო დ ა ც ი ა

მოდელის გარდაქმნის პროცესი, როდესაც ახალი ფაქტები არსებულ წარმოდგენებს ეწინააღმდეგება და ითხოვს გადამუშავებას

კ ო მ პ ლ ე ქ ს უ რ ა დ   გ ა ა ზ რ ე ბ ა — ე ქ ვ ი ლ ი ბ რ ა ც ი ა

ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესებისა და ფაქტორების შეჯერება და უფრო მდგრადი პოლიტიკური ხედვის ჩამოყალიბება

მიდგომა არის სამუშაო ჰიპოთეზა, სადაც სამი პოლიტიკური მდგენელი კოგნიტურ – ანალიტიკურ და მმართველობით – ადმინისტრაციულ  პროცესში მონაწილეობს. ასიმილაცია, აკომოდაცია და ექვილიბრაცია არ არის ერთმანეთისგან მკაცრად გამოყოფილი ერთჯერადი ფაზები, პიაჟეს თეორიაში ისინი ურთიერთდაკავშირებული პროცესებია და მეთოდოლოგიურად ციკლურ წარმოდგენებს და პოზიციებს აძლიერებს.

ჰოლისტური ხედვა არის აგრარული რეალობის მთლიანობის დანახვა, რომელიც პასუხობს კითხვას: რას წარმოადგენს მთლიანობაში ის აგრარული სისტემა, რომელშიც პოლიტიკა უნდა განხორციელდეს? მაგალითად, ფერმერის დაბალი შემოსავალი მხოლოდ წარმოების დაბალი პროდუქტიულობით არ აიხსნება. მას შეიძლება განაპირობებდეს მიწის ფრაგმენტაცია, ფინანსებზე წვდომა, შრომითი რესურსები, ლოჯისტიკა, ბაზრის სტრუქტურა, კლიმატური რისკები და ინსტიტუციური გარემო. ასიმილაციის ეტაპზე პოლიტიკის შემუშავება ამ ფაქტორებს არსებულ ცოდნასა და გამოცდილებას უკავშირებს და საწყის კოგნიტურ რუკას ქმნის. 

— მეთოდოლოგიური შედეგი: პრობლემის განსაზღვრა ისე, რომ მისი რომელიმე ცალკეული გამოვლინება მთლიან პრობლემად არ მივიჩნიოთ.

სისტემური მიდგომა არის ურთიერთკავშირებისა და უკუკავშირების დანახვა, რომელიც პასუხობს კითხვას: როგორ მოქმედებს აგრარული სისტემის ერთი ელემენტის ცვლილება დანარჩენ ელემენტებზე? მაგალითად, სუბსიდირებულმა კრედიტმა შესაძლოა გაზარდოს წარმოება, მაგრამ თუ ბაზარზე გასაღების შესაძლებლობები შეზღუდულია, მოიმატებს ჭარბი მიწოდება, შემცირდება ფასები და ფერმერის ეკონომიკური მდგომარეობა მოსალოდნელზე ნაკლებად გაუმჯობესდება.

ასეთ მოცემულობაში აკომოდაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:  ახალი მონაცემები ან მოულოდნელი შედეგები გვაიძულებს შეფასებითი ანგარიშის თემატური ინდიკატორების გამოყენებით შევცვალოთ  თავდაპირველი წარმოდგენა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების შესახებ და გადავაწყოთ კოგნიტური  რუკა მოთხოვნების შესაბამისობის პრინციპით. — მეთოდოლოგიური შედეგი: პოლიტიკის ღონისძიებების შეფასება არა იზოლირებულად, არამედ მათი პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების, უკუკავშირებისა და შესაძლო გვერდითი შედეგების გათვალისწინებით.

კომპლექსურად გააზრება არის ურთიერთდაკავშირებული ფაქტორების სინთეზი, რომელიც პასუხობს კითხვას: როგორ მივიღოთ დასაბუთებული გადაწყვეტილება, როდესაც ერთდროულად მოქმედებს მრავალი ფაქტორი, გაურკვევლობა და განსხვავებული ინტერესი? აქ საჭიროა ეკონომიკური ეფექტიანობის, სოციალური სამართლიანობის, გარემოსდაცვითი მდგრადობის, სურსათის უსაფრთხოებისა და პოლიტიკური განხორციელებადობის ერთობლივი შეფასება. ექვილიბრაცია ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ, როგორც ინტელექტუალური წონასწორობის აღდგენის პროცესი: თავდაპირველი ხედვა იცვლება, ახალი ცოდნა ინტეგრირდება და ყალიბდება უფრო თანმიმდევრული გადაწყვეტილების მოდელი.თუმცა ეს არ ნიშნავს ინტერესთა კონფლიქტების ავტომატურად გაქრობას ან სრულყოფილი წონასწორობის მიღწევას. ზოგჯერ შედეგი საუკეთესო შესაძლო კომპრომისია, რომლის შეზღუდვებიც მკაფიოდ არის გააზრებული.            == მეთოდოლოგიური შედეგი: გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე კრიტერიუმის, ალტერნატიული სცენარისა და შესაძლო კომპრომისის შეფასების საფუძველზე.

კოგნიტური რუკა მოდელის ცენტრალური ინსტრუმენტი

კოგნიტური რუკა საშუალებას გვაძლევს, სამივე წარმოდგენილი მდგენელი არ დაგვრჩეს მხოლოდ თეორიულ ჩარჩო – განმარტებად.          მას შეუძლია პროცესი გადააქციოს პოლიტიკის გააზრების, დაგეგმვის და ანალიზის პრაქტიკულ ინსტრუმენტად, შექმნას მიზნობრივ-პროგრამული ციკლურობა და დახვეწოს პოლიტიკის შემუშავებისას განახლებადი ინტელექტუალური მოდელი, სადაც  რუკაზე აღირიცხება არა მხოლოდ ფაქტორები, არამედ მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, აქტორთა ინტერესები, გაურკვევლობები და მტკიცებულების სანდოობის დონე.

მონიტორინგის სისტემის შეფასების ხუთი სამუშაო ფაზა

     (მნიშვნელოვანი ელემენტი დარგის პროგრამულ მართვაში)

  1. დიზაინი == სტრატეგია – მიზნები – ამოცანები – ინდიკატორები
  2. მონაცემი == მონაცემთა ბაზა – შეგროვება – ფორმირება -ხარისხი
  3. მონიტორინგი == გეგმა – ფაქტი – ანგარიშების შეფასება – გადახრა
  4. შემოწმება == თემატური გადამოწმება-აუდიტი-მონაცემთა სანდოობა
  5. მართვა == ანალიზი – პროგნოზი – გადაწყვეტილება – კორექტირება

                   ახალი მეთოდოლოგიური  ჩარჩო 

დიაგნოსტიკა →  პრიორიტეტი →  ინსტრუმენტი →  შედეგი

აგრარული პოლიტიკის ახალი პროგრამა გადის ოთხ საფეხურიან თემატურ კვლევით – შეფასებით ხაზს და ფილტრაციული გაციფრულების ანალიტიკურ ფაზებს.

პირველი ეტაპი — მდგომარეობის დიაგნოსტიკა

რა პრობლემა გვაქვს რეალურად – სისტემური და სტრუქტურული გაურკვევლობა, მიწის დაურეგისტრირებლობა, ფრაგმენტაცია, პარცელაცია, დაუმუშავებლობა, დაბალი პროდუქტიულობა, რენტაბელობის მიუღებელი დონე, სარწყავი ინფრასტრუქტურის არარსებობა ან გაუმართავობა, ფინანსებზე დაბალი ხელმისაწვდომობა ან ძვირი ფული, ტექნოლოგიური ჩამორჩენა ან ჯიუტი კონსერვატიზმი, ექსტენციური პრობლემა თუ  ცოდნის დეფიციტი, მმართველობის ადმინისტრაციული და სტრუქტურული გაურკვევლობა, მოუქნელობა  ან დუბლირების მიუღებელი ფორმები, კოოპერაციის დაბალი დონე და გათითოკაცებული ფერმერული მეურნეობა, არასაკმარისი გადამუშავება ან ნედლეულის სიმწირე, ბაზარზე წვდომის პრობლემა თუ დაბალი ხარისხი.

მეორე ეტაპი — პრიორიტეტიზაცია

 პრობლემების გააზრება – იდენტიფიცირება, გამოწვევების მნიშვნელობის განსაზღვრა – შეფასება და  მინიმუმ ოთხი კრიტერიუმით კვლევა:

ეკონომიკური ეფექტი – სოციალური დაცულობა – ტერიტორიულ – სივრცითი განვითარების მნიშვნელობა  და ჭკვიანი სპეციალიზაცია – სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობა და ჩარევის აუცილებლობა

მესამე ეტაპი — შესაბამისი ინსტრუმენტის შერჩევა

ლოგიკურად შემდეგ ეტაპზე ვიღებთ გადაწყვეტილებას: სუბსიდია, თანადაფინანსება, შეღავათიანი კრედიტი, გარანტია, საგადასახადო ინსტრუმენტი, ინფრასტრუქტურული ინვესტიცია, ტექნიკური დახმარება, რეგულაცია, დაზღვევა, ცოდნისა და ტექნოლოგიის გადაცემა.

მეოთხე ეტაპი — შედეგის გაზომვა

ყველა პროგრამა დამუშავებულია წინასწარი სცენარული განვითარების მოდელირებით: საბაზისო მონაცემები, სამიზნე მაჩვენებლები, ვადა და სამოქმედო ფაზები, დაგეგმილი – მოსალოდნელი ეკონომიკური ეფექტი,  პროგრამის ბიუჯეტური ღირებულება, მონიტორინგის გამართული სისტემის ფუნქციონალური ჩარჩო-მოდელი და კვლევის ინდიკატორთა შერჩევის სპეციფიკები, შეფასებითი ანალიზი და მისი ხუთი მდგენელი – შესაბამისობა, ეფექტურობა, ეფექტიანობა, მდგრადობა და გავლენა.

კარდინალურად ვცვლით ძველ მიდგომას – ,,ვაფინანსებთ პროექტს’’ ახლით –„მხარს ვუჭერთ, ვაფინანსებთ პროგრამას გაზომვადი შედეგით“.

 მნიშვნელოვანი სამუშაო თემატიკა

  •  მიწის ეკონომიკური გამოყენების გაზომვადი ინდიკატორი;
  • პროდუქტიულობის მოძრავი სქემატური მოდელირება;
  • სტრუქტურულ – ორგანიზაციული მმართველობის სისტემა;
  • ფერმერის შემოსავალი და ინკლუზიურობის ელემენტი;
  • ღირებულებათა ჯაჭვი, მისი ციკლური მექანიზმების გონივრული მართვა და მულტიპლიკატორული ეფექტები რეგიონებში;
  • იმპორტდამოკიდებულება და სასურსათო უსაფრთხოება;
  • მიკროზონული უპირატესობები და საექსპორტო პოტენციალი;
  • კონკურენტული უპირატესობის სისტემურ – პროგრამული მოდელი,  სადაც სახელმწიფოს, თვითმმართველობის და კერძო სტრუქტურის თანამშრომლობის მასტიმულირებელ – მარეგულირებელი თანაცხოვრება ყალიბდება სამმხრივი ვალდებულებებით;
  • ბონიტეტის სისტემის გაძლიერება მიწის გადასახადში და ასევე ფისკალური პოლიტიკის გრძელვადიანი რეჟიმის ფორმირება;
  • განათლება, ცოდნის გადაცემა – ექსტენცია და ციფრული ანალიტიკა;
  • რამდენად გაუმჯობესდა სოფლის ტერიტორიების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა, დასაქმება, ცხოვრების ხარისხი;
  • რამდენად ეფექტიანად გამოიყენება სახელმწიფო რესურსი. ინოვაციურობის და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა;

ალტერნატიული სტრატეგია აქტიურად იყენებს ზემოთ ხსენებულ თეორიულ – მეთოდოლოგიურ ჩარჩოს, ცენტრიდანული სტიმულირების და ცენტრისკენული ინიციატივების სინერგიულ ერთობას, რეგიონული ეკონომიკის მიკროზონულ კვლევებს და რესურსულ შესაძლებლობებს, კონსტიტუციაში აღიარებულ სუბსიდიარობის პრინციპს, სადაც  უპირატესი ფუნქციონალური დელეგირება, როგორც მიღებული წესი მოდის ,,ზემოდან ქვემოთ’’, ხოლო სამოქმედო პროგრამული ხაზი მუშაობს პირიქით ,,ინიციატივა ქვემოდან ზემოთ’’. პლატფორმის მიზანი არის მრავალპროფილური და მულტიფუნქციური„აგროინდუსტრიული განვითარების მოდელის შექმნა“, რომელიც თავის მხრივ შეგვიძლია ხუთ ურთიერთდაკავშირებულ დონეთ წარმოვადგინოთ:

ყველა ტიპის რესურსი →  წარმოება →  ღირებულებათა ჯაჭვი  →  ბაზრის სპეციფიკა →  ტერიტორიული განვითარება

ძირითადი სამოქმედო ხაზი = მიწის მართვის პოლიტიკა

მიწის მართვის პოლიტიკა უნდა გახდეს პლატფორმის ცენტრალური ბირთვი. მიწა არის აგრარული ეკონომიკის ფუნდამენტური კაპიტალი, ხოლო მისი პოლიტიკა არის ის მექანიზმი და საშუალება, რომელიც ამ კაპიტალს ეკონომიკურ ღირებულებად გარდაქმნის.“

მიწის ახალი პოლიტიკის ოთხი კომპონენტი:

  1. მიწის სრულყოფილი კადასტრი. საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემა;
  2. მიწის კონსოლიდაცია. ვალდებულება – სტიმულირების მოდელირება;
  3.  დაუმუშავებელი მიწები და ადმინისტრირება – რეგულირების პროგრამა;               
  4. მიწა როგორც ეკონომიკური აქტივი, მდგრადობა, ეკ – პროდუქტიულობა.

მთავარი თემა = სისტემურ – სტრუქტურული რეფორმა

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს როლი აგრარულ სექტორში არ უნდა განისაზღვროს იმით, რამდენ პროგრამას ახორციელებს. მისი ეფექტიანობა უნდა გავზომოთ იმით, რამდენად ქმნის იგი ისეთ ინსტიტუციურ და ეკონომიკურ გარემოს, სადაც ფერმერს დამოუკიდებლად შეუძლია ზრდა, ინვესტირება და კონკურენცია.“

პროცესი ეფექტიანად ვმართოთ პოლიტიკის შემუშავებიდან დაწყებული, რეგულაცია – დერეგულაცის სისტემით გაგრძელებული და დასრულებული ახალი ინსტიტუციური წესრიგით. მნიშვნელოვანია გვქონდეს პასუხი ლეგიტიმურ კითხვაზე – რომელი ინსტიტუტი რა კონკრეტულ ეკონომიკურ შედეგზეა პასუხისმგებელი? ამასთან უნდა შევამციროთ დუბლირება და შევქმნათ აგრარული პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგის, შეფასების და მართვის ერთიანი მულტიფუნქციური არქიტექტურა.

ძლიერი ხაზი = სექტორის სრული დიაგნოსტიკა

საჭიროა არა ზოგადი სტატისტიკური ანგარიში, არამედ აგრარული სექტორის ეროვნული დიაგნოსტიკა.„არასწორი დიაგნოზით სწორი აგროპოლიტიკა ვერ შეიქმნება. ამიტომ სექტორის მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი, სისტემური დიაგნოსტიკა და პოლიტიკის შედეგების დამოუკიდებელი შეფასება უნდა გახდეს აგრარული პოლიტიკის სავალდებულო პირველი ეტაპი და არა პროგრამის დასრულების შემდეგ მომზადებული ფორმალური ანგარიში.

 ჩვენი პლატფორმის სამუშაო პრინციპი და საჯაროდ გაცხადებული თეზა:  „რაც არ არის გაზომილი, ვერ იქნება სწორად მართული; რაც არ არის გაანალიზებული, ვერ იქნება სწორად დაფინანსებული; ხოლო რაც არ   არის შეფასებული, არ გაგრძელდება ავტომატურად.“

განვითარების ხაზი = პროგრამული სტიმულირება

სახელმწიფო მხარდაჭერის შინაარსი  უნდა გადავიდეს უნივერსალური პროტექციონიზმი – სუბსიდირებიდან და საგრანტო – ფრაგმენტულობიდან მიზნობრივ შედეგზე ორიენტირებულ სტიმულირებაზე. ასეთ მოქმედებებს პრაქტიკაში უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ ფულის გაცემის და პროცესიდან დისტანცირების მექანიზმი, არამედ უნდა გაძლიერდეს პირველ რიგში პოლიტიკური მდგენელების  ჰოლისტურ რეჟიმში გააზრების სტრატეგია და ყველა გაცემულ დახმარებაზე პასუხისმგებლობის ფორმატში დარჩენა. კიდევ უფრო მკვეთრად ამ საკითხის სათქმელი შეიძლება ჩამოვაყალიბოთ შინაარსობრივად ახლებრურად გადამუშავებულ პროგრასულ თეზაში:

„სუბსიდია უნდა იყოს არა მხოლოდ ფერმერისთვის ფულის მიცემის შესაძლებლობა, არამედ იგი უნდა გახდეს ფერმერის ეკონომიკური ქცევის და პასუხისმგებლობის შეცვლის მძლავრი ინსტრუმენტი.“

სტრატეგია ამუშავებს რამდენიმე მნიშვნელოვან მიზნობრივ სამოქმედო პროგრამას, რომლის მეთოდოლოგიური ხაზი მკაცრად იცავს გაცხადებულ პრინციპებს და აძლიერებს მკვეთრად რეფორმატორულ ტრაექტორიას, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია დღევანდელი ევოლუციური რეჟიმის გაუმჯობესება. თემატური სამუშაო ჩარჩო:

სტრატეგიული დაგეგმვა, მართვა, მონიტორინგი და შეფასებაა

მიწის ეკონომიკური ფაქტორი. ინსტიტუციური პროგრამირება.

პროდუქტიულობის ზრდა და ინოვაციური ტექნოლოგიები.

ღირებულებათა ჯაჭვი-პროგრამულ-ფუნქციური მოდელირება.

ბაზრების კვლევა და კონკურენტული უპირატესობის სისტემა.

ახალი თაობის მდგრადი სოფელი და ჭკვიანი სპეციალიზაცია.

დღეს დროის მოთხოვნაა საქართველოს აგრარული პოლიტიკა სასწარაფოდ გადავიდეს მართვის ახალ ინსტიტუციურ წესრიგზე, სადაც სახელმწიფოს ადგილი და როლი  მმართველობითი პასუხისმგებლობის მაღალ ნიშნულზე გადავა. დიდ სურათში დანახული გამოწვევები ცალსახად მიგვანიშნებს დარგში შექმნილ მძიმე  ვითარებაზე და გამოკვეთილ სტაგნაციურ ტენდენციებზე, რაც  თავის მხრივ ამძიმებს მოსახლეობის სოციალურ ფონს და დემოგრაფიული კოლაფსის წინაპირობებს ქმნის. თემატურად მასშტაბური და შინაარსობრივად მულტიფუნქციურია, შესაბამისად უპირობოდ უნდა იმართებოდეს ჰოლისტური ხედვით, სისტემური მიდგომით და კომპლექსური გააზრებით. დროა სოციალური მხარდაჭერის ფრაგმენტული და თვითდინებაზე მიშვებული პროგრამული სისტემა შეცვალოს ფორმულამ სადაც ჩვენ გეგმაზომიერად ვიყენებთ ქვეყნის რესურსულ პოტენციალს და ვქმნით კონკურენტული შესაძლებლობების ან უპირატესობის მოცემულობას, როდესაც რენტაბელობა, პროდუქტიულობა და ხარისხი ყველა სამეურნეო სტრუქტურის განვითარების მთავარი ღერძია და სახელმწიფო მართვის სისტემა თავის მნიშვნელოვან მასტიმულირებელ და მარეგულირებელ ფუნქციას ასრულებს.

გოჩა ცოფურაშვილი,

ეკონომიკის დოქტორი,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნერებათა აკადემიის

ინოვაციების კომისის თანათავმჯდომარე